"დარდს არ შევეჭმევინები. დარდმა თვითონ მოიჭამოს თავი"
ქალბატონ ნუნუ გრიგალაშვილზე, რომელსაც ნაცნობები "სიკეთის დედოფალს" ეძახიან, ადრეც დავწერეთ, მაგრამ ახლა რედაქციაში წერილი მისმა მეგობრებმა გამოგვიგზავნეს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ (სტილი დაცულია):
თამო:
"2007 წელი. ბენ-გურიონის აეროპორტი. მომლოცველთა 30-კაციანი ჯგუფი ისრაელის აეროპორტში დავეშვით და კარგა ხანს მოგვიწია იქ ყოფნამ და ავტობუსის ლოდინმა. დაღლილები, მშივრები ვსხედვართ ჩვენ-ჩვენს ჩემოდნებზე, მჟავე სახეებით. ამ დროს ჩემთვის უცნობი ქალბატონი ხსნის თავის ჩანთებს და ისეთ პურმარილს ალაგებს, დანარჩენი მგზავრები ცოტა არ იყოს გაკვირვებულები ვუყურებთ და თვალებით ვეკითხებით ერთმანეთს: "ვინ არის ეს ქალი?" ერთ-ერთმა ჩუმად ჩაილაპარაკა, რესტორნის მეპატრონეაო... იქ პურმარილი გაიშალააა... გოჭი და მწვადი, ხაჭაპური და ლობიანი... ჰოდა, მხიარულმა შეძახილებმაც არ დაახანა. მოკლედ, იმ დღეს ამ ქალბატონმა დაუვიწყარი დღე გვაჩუქა და თავი ასე დაგვამახსოვრა...
ჩამოვედით ისრაელიდან და ჯგუფის ერთ-ერთმა წევრმა თქვა, - არ დავიკარგოთ, აუცილებლად შევხვდეთ ერთმანეთსო. აქაც ყველას დაასწრო ქალბატონმა ნუნუკამ და თავის რესტორანში მიგვიწვია, სადაც ზღაპრული სუფრა დაგვახვედრა. მას შემდეგ ჩვენი გზები ნატახტარში გადაიკვეთა, როცა იერუსალიმის ბაღი გავაშენეთ ერთ-ერთი ტაძრის ეზოში. იმ დღის შემდეგ მოვდივართ ერთად. ცხოვრების ამ მძიმე ჟამს ერთმანეთს ვუხალისებთ მეგობრობით, სიყვარულით, პოზიტიური დამოკიდებულებით. ერთი სიტყვით, ის ჩვენი სამეგობროს ანტიდეპრესანტია.
ჰო, მართლა, იერუსალიმში ყოფნისას ქალბატონ ნუნუკას მეგობარი ახლდა, ახალგაზრდა ქალბატონი მანანა. ცეცხლის გადმოსვლისას ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე მოვხვდით ერთად. ნუნუკა მაშინ ჩვენ გვერდით არ იყო. ეს არაჩვეულებრივი ახალგაზრდა ქალი მოწყენილი ჩანდა. ამის მიზეზიც გავიგეთ, საშინელი სენით ყოფილა დაავადებული. თავადაც იცოდა, რომ დღეები დათვლილი ჰქონდა. ენა ჩაგვივარდა იქ მყოფებს, რით უნდა გვენუგეშებინა?.. მანანამ გვიამბო: დიდი ხანია, ცხოვრებაზე ხელი ჩავიქნიე. თითქოს შევეგუე ბედს და ამ დროს ტელეფონმა დამირეკა. ნუნუკა იყო: გაემზადე, მანანა, ხუთშაბათს იერუსალიმის მოსალოცად მივდივართო. არ ვიცი, იმ დღეს რა ვიგრძენი, მაგრამ აი, უკვე აქ ვარ. მადლობა ღმერთს, რომ ისე არ გამიყვანა ამ ქვეყნიდან, რომ ეს სასწაული არ მენახა. ვეზიარე კიდეც, მოვილოცე რაც შევძელი და აწი აღარ მეშინია სიკვდილისო. საქართველოში დაბრუნებიდან მალევე გარდაიცვალა. დიდი პატივით დაკრძალა მეგობარი, ყველა ხარჯი ქალბატონმა ნუნუკამ გაიღო - ეს გადმოცემით ვიცი. აი, ასეთი მეგობრობა იცის მან. თუმცა, არ აქვს მნიშვნელობა, მეგობარია თუ არა, კარგად იცნობს თუ არა, უჭირს ადამიანს? - აუცილებლად მხარში ამოუდგება. ღამე არ სძინავს, თუ ვინმე ედარდება... უსასრულოდ შემიძლია მის სიკეთეებზე გიამბოთ...
ჩემთვის ვინ არის? არც კი ვიცი, რა გითხრათ. ის მეგობარია, უფროსი და... ძალიან მიყვარს და ვუფრთხილდები. მინდა დიდხანს იყოს და ერთად ბევრი კარგი მოგონება დაგვიგროვდეს. ჩემმა შვილებმაც იციან, რომ ამ ქალბატონის სახით დიდი დასაყრდენი მყავს და ხვალინდელი დღის არ მეშინია. მინდა თქვენი ჟურნალის ფურცლებიდან ვუთხრა, რომ ჩვენ ყველას, ჩვენს სამეგობროს ძალიან გვიყვარს და გვჭირდება. ის ჩვენთვის სტიმულია, მაგალითია მისი განვლილი, სიკეთით სავსე ცხოვრება. იმედია, ნუგეშია, პოზიტივია. საიდან ამ ქალს ამხელა მუხტიო? - ხშირად მსმენია მასზე ნათქვამი ეს სიტყვები. მას უყვარს ღმერთი, ადამის მოდგმა, სამყარო და... აპლოდისმენტები! ალბათ ეს აძლევს ძალას, რომ მუდამ პოზიტივი ასხივოს..."
მარიკა:
"რამდენიმე წელია, რაც ნუნუკას ვიცნობ, მაგრამ მანამდეც ბევრი რამ მსმენოდა მის შესახებ. ერთ დღესაც მის დაბადების დღეზე მოვხვდი და მას მერე ერთი დღეც კი წარმოუდგენელია მის გარეშე. უამრავი ყოველდღიური პრობლემის მიუხედავად, მას შეუძლია ყველაფერი გვერდზე გადადოს და გაგილამაზოს, გაგიმხიარულოს დღე თავისი იუმორით, გაჩუქოს სიურპრიზებით სავსე მოგონებები. გვაქვს ერთად გადაღებული უამრავი სურათი და როცა ძალიან მოწყენილი ვარ, გავხსნი ხოლმე ტელეფონს, მერე კი თითოეული ფოტო "მიცოცხლებს" კონკრეტულ დღეს, კონკრეტულ მომენტს და უკვე კარგ განწყობაზე ვდგები. აი, ასეთი ჯადოსნური ნუნუკა გვყავს მეგობრებს, რომელსაც წარმოუდგენლად ლამაზი სიტუაციის შექმნა, მხარში დგომა, ყურადღების გამოჩენა შეუძლია. მისთვის არ არსებობს მანძილი, როცა ამას მეგობრობა ითხოვს. ის იქაა, სადაც მისი მხარდაჭერაა საჭირო. თქვენი მეშვეობით, მინდა მას ვუთხრა, რომ მეგობრებს გვჭირდება მისი პოზიტივი".
მზია:
"თამოს დაბადების დღეზე გავიცანი ნუნუკა, 2022 წელს. დიდი დრო არ გვაკავშირებს, მაგრამ დანახვის და გაცნობის დღიდან მგონია, რომ მთელი ცხოვრებაა ვიცნობ. უზარმაზარი პოზიტივი მოაქვს ადამიანების ცხოვრებაში. ყველაზე მეტად რომ სჭირდება სულიერი დახმარება, ვიხსენებ ხოლმე მის სიტყვებს: "დარდს არ შევეჭმევინები. დარდმა თვითონ მოიჭამოს თავი" (იღიმის). ცდილობს მხოლოდ კარგზე დაგვაფიქროს, აკეთებს მხოლოდ სიკეთეს, ურთიერთობაში შემოაქვს სილაღე, უყვარს მხარში დგომა და ზრუნავს მეგობრებზე. ბევრჯერ მიგრძნია მისგან მხარდაჭერა, მიუხედავად მცირეხნიანი მეგობრობისა და ეს განსაკუთრებით მაშინ ვიგრძენი, როცა დედა გარდამეცვალა და სრულიად მარტო, მეგობრების ამარა დავრჩი. ამის დიდოსტატია - იცის, როგორ გადაიყვანოს ადამიანი ერთიდან მეორე მდგომარეობაში. სიკეთეს თესავს არა მარტო ნაცნობებში, უცნობებშიც. აი, რამდენიმე დღის წინაც, მთელი თვის შემოსავალი ტაძრებს ჩამოურიგა, იმერეთიდან თბილისამდე. სასწაულები მხოლოდ ღვთის რჩეულებს შეუძლიათ და ღვთის გამორჩეული შვილია ჩვენი ნუნუკა. მადლობა ღმერთს, რომ გვიან, მაგრამ მაინც შეგვახვედრა ერთმანეთს ამქვეყნიურ ცხოვრებაში".
მაია:
"ქალი სრულყოფილება - ასე შევაფასებდი ქალბატონ ნუნუკას. სიტყვა "დედაკაცი" მხოლოდ ქართულ სიტყვიერებაში გვაქვს და ის აღნიშნავს ქალს, რომლისთვის არც მძიმე შრომაა სათაკილო და არც ის, რომ უცებ გარდაიქმნას უმშვენიერეს ლედიდ - სწორედ ასეთია ნუნუკა. ერთგულების, სიყვარულის, მეგობრობის მაგალითი, სანიმუშო დედა, ოჯახის მყარი დედაბოძი, ღვთისმოშიში და მოყვარული. მადლობა მეგობრობისთვის..."