"იმ დროსთან დაკავშირებული ადამიანების წასვლა, ჩემთვის ძალიან დიდი ტკივილია" - გზაპრესი

"იმ დროსთან დაკავშირებული ადამიანების წასვლა, ჩემთვის ძალიან დიდი ტკივილია"

28 ოქტომბერს, 91 წლის ასაკში გარდაიცვალა საქართველოს დამსახურებული არტისტი თენგიზ არჩვაძე. დიდია მისი ღვაწლი ქართული თეატრისა და კინოს წინაშე. არაერთი დასამახსოვრებელი და საინტერესო როლი აქვს მას შექმნილი, ამიტომაც გამორჩეულად უყვარდა ის მაყურებელს.

თენგიზ არჩვაძე დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალეს. სამოქალაქო პანაშვიდი დიდუბის ღვთისმშობლის ეკლესიაში გაიმართა, სადაც არტისტის ხსოვნას პატივი მიაგეს მსახიობებმა, მომღერლებმა, მწერლებმა, პოლიტიკოსებმა და საზოგადოების სხვა სფეროს წარმომადგენლებმა. უკანასკნელ გზაზე ის აპლოდისმენტებით გააცილეს.

თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ, სიცოცხლის ბოლომდე, თენგიზ არჩვაძე კოტე მარჯანიშვილის სახელობის თეატრის მსახიობი იყო. 1967-1973 წლებში მუშაობდა რუსთავის დრამატულ თეატრშიც. 2011 წელს მარჯანიშვილის თეატრის წინ გაიხსნა მსახიობის სახელობის ვარსკვლავი. 2017 წელს ხელოვნების განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის მას კულტურის სამინისტროს სპეციალური ჯილდო - "ხელოვნების ქურუმის" წოდება მიენიჭა და იმავე წელს გამოიცა წიგნი "სახალხო არტისტი - თენგიზ არჩვაძე", რომელიც მსახიობის ცხოვრებასა და შემოქმედებას ეძღვნება.

გასულ წელს ჟურნალისტმა ნანული ზოტიკიშვილმა მასთან შეხვედრა მოახერხა და საინტერესო ინტერვიუც ჩაწერა. გთავაზობთ ამონარიდებს მსახიობის მიერ ჩვენთვის მოცემული უკანასკნელი სტატიიდან:

"ეგ "ავადმყოფობა" - წიგნის დიდი სიყვარული ბავშვობიდან მქონდა. მამა წიგნიერი კაცი იყო. მშობლებს შვილებისთვის არჩეული ბიბლიოთეკა სახლში ჰქონდათ, შერჩევა არ გვინდოდა. ზეპირად ვიცოდი მიხეილ ჯავახიშვილი, ტიციან ტაბიძე... ამ და სხვა კლასიკოსებს სკოლაში სხვანაირად მასწავლიდნენ. იმ იდეოლოგიას ჩვენ არ ვიღებდით. ერთი რამ ვიცოდი, რასაც სახლში წავიკითხავდი, იქ არ ვამბობდი. აგერ მიდევს უბრწყინვალესი წიგნი, "საქართველოს ისტორია" - ახალი გამოცემა, რამდენიმე აკადემიკოსის შედგენილია. ერთ-ერთი ჩემი მეგობარია, დათუნა მუსხელიშვილი. ეს წიგნი ყველამ უნდა შეიძინოს...

მწერლებთან ახლოს ვიყავი. ერთი კარგი ფოტო კოწია გამსახურდიასთან ერთად მაქვს გადაღებული, მერე ჟურნალში დაბეჭდეს... ჩემი მეგობარი იყო დიდებული მწერალი არჩილ სულაკაური. მეგობარი იმას ნიშნავს, რომ ცხოვრების ერთნაირი წესი გვქონდა, ჩვენი ქვეყნის მთა და ბარი ერთად მოვიარეთ. უბრწყინვალეს პროზაიკოს რეზო ინანიშვილთან ერთად თუშეთი მაქვს შემოვლილი. ლევან გოთუა უმცროს მეგობრად მთვლიდა. ბატონი ლევანის პიესაში "მეფე ერეკლე" ვთამაშობდი და ჩვენი მეგობრობაც იქიდან დაიწყო. ჩემი მეგობრები იყვნენ: ძმები ჭილაძეები, ელგუჯა მაღრაძე, მურმან ლებანიძე, მუხრან მაჭავარიანი... მეტი რაღა უნდა გითხრათ?!"

"ჩემი პირველი პედაგოგი თეატრალურ ინსტიტუტში ლილი იოსელიანი იყო. პროფესიას საფუძველი სწორედ პირველ კურსზე ჩაეყარა. მერე ისე მოხდა, რომ რაღაც მეწყინა და გადავწყვიტე, მსახიობობისთვის თავი დამენებებინა. პირველი კურსის დასრულების შემდეგ თეატრალურში სწავლა შევწყვიტე და უნივერსიტეტში ფილოლოგიურზე ჩავაბარე. მისაღებ გამოცდებზე ყველა საგანში ფრიადი მივიღე და მაინც გარეთ დავრჩი - ვისაც "ლიმიტები" ჰქონდა, ისინი მიიღეს. ადგილები შეზღუდული იყო. იმ დროს ნიკო კეცხოველი უნივერსიტეტის რექტორობიდან გაათავისუფლეს და ახალი რექტორის დანიშვნამდე სრული არეულობა იყო. უნივერსიტეტში ვერ მოვხვდი და თეატრალურში დავბრუნდი..."

"ერთ-ერთ გადაღებაზე ფეხზე ნერვის ანთება დამემართა, ჩამოვედი თბილისში და გამაკავა, ვერ ვინძრეოდი. მსახიობმა საშა გომელაურმა კალინინის ქუჩაზე ფიზიოთერაპიის ინსტიტუტში წამიყვანა. იქ გვითხრეს, ადგილი არ გვაქვსო. საშამ დაიწყო: ეს არჩვაძეა - ნახეთ, რა ბიჭია! ამას წიგნის კითხვა უყვარს... ადგილი არ არისო, გაიმეორა დირექტორმა. საშამ გააგრძელა: მერე სტუმრები რომ მოვლენ მის სანახავად (დირექტორმა ისევ ახსენა ადგილი...), ჩვენ მოვალთ თეატრიდან, ყოველდღე ვიღაცა მოვა, ხომ უნდა დახვდეს, პირობებია საჭირო, მაგიდაც უნდა იდგესო... იმდენი ელაპარაკა, იმ კაცმა თავისი კაბინეტი დაგვითმო და იქ დამაწვინეს. ახალგაზრდა ვიყავი და ყველანი მეფერებოდნენ. თეატრში რომ მივედი, როგორც წესი იყო, მცირე ხელფასი დამინიშნეს. ჟორა შავგულიძის გარდაცვალების შემდეგ მისი ხელფასი მე მომცეს..."

"- თქვენი როლების ამსახველი ფოტოები არ გაქვთ კედლებზე გამოფენილი, მხოლოდ ილიას როლში პორტრეტს ვხედავ...

- ეგ ფოტო, 85 წლისა როცა გავხდი, თეატრიდან მომიტანეს საჩუქრად. ფოტოებს არ ვაგროვებ. აი, ჩემი ფოტოები არის მამა-პაპა, მშობლები... 51 წლის ბაბუაჩემი დავით არჩვაძე 1907 წელს, თბილისში სასაფლაოზე დახვრიტეს სოციალ-დემოკრატებმა. 5 შვილი ობლად დარჩა, ბებიაჩემი ნატო (ნატალია) ბოჭორიშვილი 28 წლისა დაქვრივდა. ის მამაჩემია (ფოტოზე მიმითითებს), 9 წლისაა ამ სურათზე, წერა-კითხვა უკვე იცოდა. ბაბუას ჩოხა აცვია, უყვარდა ჩოხა... ჩემს გვარში "ვ"-ს ნაცვლად ადრე "უ" იწერებოდა, თუ "უ"-ს თავზე "პწიჩკა" ჰქონდა, "ვ"-დ იკითხებოდა, თუ არა - "უ"-დ. ქართული ანბანის რეფორმის შედეგად, რამდენიმე ასო ამოვარდა და მივიღეთ ზუსტი ფორმა, "არჩვიდან" გამომდინარე. "ჯიხვი და არჩვი მეყოფა, ხორცი აქვს მარილიანი", - გუდამაყარშია ნათქვამი..."

"მიხეილ კალატოზიშვილის ფილმში კინოს ვარსკვლავები მონაწილეობდნენ: შონ კონერი, კლაუდია კარდინალე, პიტერ ფინჩი... ფილმის ერთ ნაწილს ჩრდილოეთ პოლუსზე, ფრანც იოზეფის მიწაზე ვიღებდით. წარუშლელი შთაბეჭდილება დატოვა ჩემზე იმ თვეებმა. შონ კონერი წარმოშობით შოტლანდიელია, სადაც ბევრი მთაა; ჰოდა, მეც ვიფიქრე, საქართველოში ორი კვირით ჩამომეყვანა. რეჟისორსაც შევუთანხმდი... ორი კვირა კა-გე-ბეში დაკითხვებზე დავდიოდი და შონ კონერიც ვეღარ ჩამოვიყვანე. ამის ნაცვლად, უცხოელ კოლეგებს, შონ კონერისა და პიტერ ფინჩს, მოსკოვის რესტორან "არაგვში" ვეპატიჟებოდი ხაშზე კვირა დილით. კონერის ხაში ისე მოეწონა, მეკითხებოდა: დილის გარდა, სხვა დროსაც რომ ვჭამო, რატომ არ შეიძლებაო?.. ერთხელ პიტერ ფინჩმა მითხრა: ვიცი, რომ თქვენ არა გაქვთ იმხელა ხელფასი, რამდენიც ჩვენ; მე კუნძულებიც მაქვს და დანახარჯს კი სულ შენ იხდიო... ასე ვუპასუხე: კი ბატონო, შენ კუნძულები გაქვს და მე ქართველი ვარ-მეთქი!"

tengizi-e1438642896108-1699203049.jpg

"არაფერს ვინახავდი, იმიტომ, რომ ნებისმიერ ჩანაწერს შეიძლება ეჭვი გამოეწვია. სახალხო არტისტი ისე გავხდი, არც კომკავშირელი ვყოფილვარ და არც პარტიული...

...აგარაკის ფული სად მქონდა?!. როცა საგზურებს გვაძლევდნენ, ჩემი მეუღლე და ქალიშვილები ერთად მიბრძანდებოდნენ ბიჭვინთაში, ქვიშხეთში... მე მიშვებდნენ ბაზარში..."

"ზოგ რამეზე არ ვლაპარაკობ. ბევრი ისეთი ამბავია, რისი გახსენებაც მე თვითონ მაწუხებს, სული უნდა ააფორიაქო. იმ დროსთან დაკავშირებული ადამიანების წასვლა, ჩემთვის ძალიან დიდი ტკივილია. ემოციური ვარ და ყოველთვის მძიმე განცდები მქონდა. ყველაფერი კიდევ, სალაპარაკო არ არის...

ღმერთმა სიყვარულით გატაროთ ყველა!"