„აბასთუმნის ობსერვატორია პატარა ქალაქი იყო“ - გზაპრესი

„აბასთუმნის ობსერვატორია პატარა ქალაქი იყო“

აბასთუმნის ობსერვატორიაში გაატარა მთელი ბავშვობა ვერიკო კაპანაძემ და მისთვის იქაურობა დღესაც საყვარელი ადგილია. მისი მშობლები იქ მუშაობდნენ, პენსიაზე გასვლის შემდეგ კი აბასთუმანთან ახლოს, სოფელ ვარხანში ცხოვრობდნენ. ვერიკო ამბობს, რომ ობსერვატორია ჰგავდა პატარა ქალაქს მთელი თავისი ინფრასტრუქტურით. კიდევ რას იხსენებს და დღეს რა სირთულეებს აწყდება იქ შესაღწევად, ამას ინტერვიუდან გაიგებთ.

- როგორია თქვენი თვალით დანახული აბასთუმნის ობსერვატორია?

- ის პირდაპირ ტყეშია გაშენებული. ობსერვატორიიდან ერთ ნაბიჯს გადადგამ და უკვე დაბურულ ტყეში ხარ. მთა ყანობილზე მდებარეობს ტელესკოპები, იქვეა სახლები და სასტუმროები. თავის დროზე, როცა დირექტორი ევგენი ხარაძე იყო, ეს სასტუმროები მხოლოდ სტუმრებს იღებდა ან როცა კონფერენციები ტარდებოდა, მასპინძლობდა უცხოეთიდან ჩამოსულ ხალხს და ასევე, თანამშრომლებს თბილისიდან. პირდაპირი სატელეფონო ხაზი გვქონდა თბილისთან, შეგვეძლო დაგვერეკა მოსკოვშიც.

მინდა აღვნიშნო, რომ აბასთუმანი იყო პატარა ქალაქივით, სადაც გვქონდა საკუთარი ცხელი წყალი და გათბობა, საბაგირო - ყანობილის მთიდან აბასთუმნამდე, საკუთარი კინოთეატრი, კლუბი - სადაც იდგა ჩოგბურთისა და ბილიარდის მაგიდები. პატარა მოედანზე ვთამაშობდით ფეხბურთს და კალათბურთს (ფარიც ეკიდა). საახალწლო ზეიმებზე ბავშვებს საჩუქრებს გვირიგებდნენ. ზამთარი ლამის ნახევარი წელი გრძელდებოდა. ისეთი დიდი თოვლი მოდიოდა, რომ გზას ტრაქტორი წმენდდა. ბავშვები გადაბმული ციგებით ვსრიალებდით ხოლმე. ერთხანს ობსერვატორიას, სახლებიდან ცოტა მოშორებით ჰქონდა თავისი საქონლის ფერმაც. საერთოდ ობსერვატორიის ტერიტორია ჩაკეტილი იყო, ჭიშკარში დაცვა იდგა და უცხოს არ უშვებდნენ. თუმცა ჩვენ, ბავშვები ვერ ვგრძნობდით, რომ დახურული ზონა იყო. ობსერვატორიას სასაფლაოც აქვს, იქ არიან დაკრძალული ცნობილი მეცნიერები. ევგენი ხარაძე დიდად არ მახსოვს. როცა წამოვიზარდე, ხშირად აღარ ჩამოდიოდა, მაგრამ მახსოვს, გვიან ქუჩაში თუ შეგვხვდებოდა, დაგვაკვირდებოდა და იკითხავდა: ესენი ჩვენები არიანო? დედაჩემი ძალიან ემადლიერებოდა ხარაძეს. ჩემს ძმას ზურას (მე ჯერ დაბადებული არ ვიყავი) ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა და თითქმის ნახევარი წელი იწვა თბილისში საავადმყოფოში, მაშინ ბატონი ევგენი დედას ძალიან დახმარებია. საერთოდ, თანამშრომლებს ყოველთვის მხარში ედგაო, - მეუბნებოდა დედაჩემი.

- სკოლაში სად სწავლობდით?

- ობსერვატორიას ჰქონდა დაწყებითი განათლების სკოლა და 4 წელი იქ ვსწავლობდით. ძალიან მიყვარდა ჩვენი მასწავლებელი, საყვარელი პიროვნება თენგიზ ტაბატაძე, ერთადერთი მამაკაცი იყო პედაგოგებს შორის. მეოთხე კლასის დამთავრების შემდეგ სწავლას აბასთუმანში ვაგრძელებდით. ხომ პატარა დასახლება იყო, მაგრამ სკოლას სამი სექტორი ჰქონდა: ქართული, რუსული და სომხური. ობსერვატორიაში სხვადასხვა ეროვნების ხალხი მუშაობდა, იყვნენ დუხობორებიც. მათ რელიგიურ მრწამსზე არავინ საუბრობდა, კომუნისტების დრო იყო. მეც, მაგალითად, 13 წლის ასაკში მოვინათლე აბასთუმნის ეკლესიაში (პატარა ზარზმა ჰქვია), მაშინ მოქმედი არ იყო, მაგრამ მღვდელი ჩამოვიდა სოფელში, რომელიც ჩვენების ნაცნობი აღმოჩნდა. ჯერ ჩემმა მშობლებმა დაიწერეს ჯვარი და მერე მე მომნათლეს. მახსოვს, იმ დღეს რამდენიმე წყვილმა დაიწერა ჯვარი. მამაჩემმა თავისი ცერემონიის დროს ისე ინერვიულა და განიცადა, რომ ცოტა ხანს ჰაერზე გამოიყვანეს.

evgeni-xaraze-da-tengiz-tabataze-moscavleebtan-ertad-copy-1699203948.jpg

- თქვენს მშობლებზე ვისაუბროთ.

- ერთმანეთი აბასთუმანში გაიცნეს, დედა - ალექსანდრა (შურა) ცხოვრებაძე ასტრონომი იყო, მამა ფიზიკოსი - გიორგი (ბიჭიკო) კაპანაძე. ორივე განაწილებით მივიდა და პენსიაში გასვლამდე მუშაობდნენ. 1960 წელს დაქორწინდნენ, ოთხივე შვილი იქ შეეძინათ. მე ვარ ნაბოლარა. და მყავს 16 წლით უფროსი, ერთი ძმა - 14 წლით დიდია ჩემზე, მომდევნო ძმა - 8 წლით. ყველას დაბადების მოწმობაში გვიწერია - ადიგენის რაიონი, მთა ყანობილი. ჩემი ძმა მივლინების დროს, პასპორტს როცა წარადგენდა, უკვირდათ ხოლმე, როგორ შეიძლება მთა იყოს ადამიანის მისამართიო. ამან ხელი შეგვიშალა იმ მხრივ, რომ ჩვენ იქ აბონენტებად არ ვითვლებით, საერთოდ არაფერი ვართ, ჰაერშია გამოკიდებული ეს საკითხი...

მამაჩემი დილის 8 საათზე მიდიოდა სეისმურ სადგურში, სარდაფში იყო მისი სამუშაო ოთახი და დაახლოებით 40 წუთის სამუშაო ჰქონდა დილით. მერე ყოველ ორ საათში ერთხელ ჩადიოდა სარდაფში, სადაც მუდმივად ნესტის სუნი იდგა, რომელიც ძალიან მიყვარდა და ჩემს შვილებსაც უყვართ (ვერიკოს 5 შვილი ჰყავს. - ავტ.). მთელი დღეები მამაჩემის გვერდით ვიყავი სამსახურში, რადგან არ მიყვარდა ბაღში წასვლა. მამა მასწავლიდა კითხვას, წერას... დედა მზის ტელესკოპზე მუშაობდა - მზის ლაქებს და ამოფრქვევებს აკვირდებოდა, სურათებს იღებდა მინის ოთხკუთხა ფირფიტებზე და ამჟღავნებდა. ტელესკოპით რამე სასწაულს ვერ დაინახავდი, ჩანდა დიდი წითელი ბურთისხელა მზე, რომელზეც ამოფრქვევების დროს მკვეთრი ადგილები გამოიკვეთებოდა. როცა წამოვიზარდე, ტელესკოპთან სურათებს ხშირად ვიღებდით თანამშრომლების შვილები, დედაჩემი გასაღებს მათხოვებდა და ფოტოებს ვამჟღავნებდით. ეს პროცესი მომწონდა, მაგრამ რამდენჯერმე იქაურობა რომ ავუწეწეთ, დედა გვეჩხუბა და გამოგვყარა (იცინის).

- ვარხანში სახლი იყიდეთ?

- როგორც მრავალშვილიან ოჯახს მოგვცეს მანქანა, მაგრამ არც ჩემმა ძმებმა, მით უმეტეს, არც მამაჩემმა მართვა არ იცოდნენ და მანქანა გავყიდეთ. მშობლებს უნდოდათ, აბასთუმანთან ახლოს სახლი მოეძებნათ. მამა ამბობდა: მიყვარს, როცა ფეხი ასფალტზე კი არა, მიწაზე მიდგასო. მართლაც, ვარხანში გამოჩნდა ერთი ძველი სახლი, რომელიც იყიდეს. დიდ ეზოში იდგა ხეხილი და დიდი კაკლის ხე. მამას ძალიან უყვარდა მიწაზე მუშაობა და საერთოდ სოფლის საქმე. როცა ობსერვატორიის ფერმა დაიშალა და დადგა გაჭირვების წლები, ცალკეულმა ოჯახებმა და მათ შორის ჩვენც გავიჩინეთ ქათმები, ძროხები, ბოსტანიც გვქონდა. მახსოვს, საქონელი საბალახოდ საკმაოდ შორ მანძილზე მიჰყავდათ. ვარხანში ხარებიც კი გვყავდა. მამა პატარა ნაკვეთს ამუშავებდა, ბალახს თიბავდა საქონლისთვის. გამხდარი კაცი იყო, მაგრამ ძალიან ჯანიანი, ამას ყველა აღნიშნავდა. ჰქონდა უამრავი წიგნი... სტუდენტობის დროიდან ყიდულობდა არა მხოლოდ წიგნებსა და ტომეულებს, ლიტერატურულ ჟურნალებს (იქიდან ამოღებული მოთხრობები აკინძული ჰქონდა), ფიზიკის წიგნებს ცალკე აგროვებდა. ისტორია უყვარდა. ბოლოს იცით, რამ გაიტაცა? ტელევიზიის მეორე არხზე გადიოდა ლექციები აბიტურიენტებისთვის, მამა უსმენდა ამ გადაცემებს, რვეულში იწერდა ამოცანებს და ხსნიდა. სპეციალური დღიური გახსნა ყოველდღიური დაკვირვებებისთვის, სადაც ეწერა: მზე რომელ საათზე ამოვიდა, როდის ჩავიდა, ღრუბლიანი დღე იყო თუ ქარიანი და ა.შ. ამას თავისთვის აკეთებდა. მამა სამწუხაროდ, ავტოავარიაში (მანქანა დაეჯახა) დაიღუპა, 7 წლის მერე დედაც გარდაიცვალა. ორივე ვარხანში, სოფლის სასაფლაოზე დავკრძალეთ. ახლა, იმ სახლს ხელის შევლება სჭირდება და ამ საქმეს ჩემმა უმცროსმა ძმამ ირაკლიმ მოჰკიდა ხელი.

verikos-mshoblebi-copy-1699203937.jpg

- შვილებიდან ვინმემ გააგრძელა მშობლების გზა?

- უფროსი და-ძმა, ნათელა და ზურა მუშაობდნენ ობსერვატორიაში. ნათელა ფიზიკოსია, ზურა - ტექნიკური ინჟინერი. ამჟამად იქ არც ერთი აღარ მუშაობს, ხელშეკრულებებს ვადა რომ გაუვიდა, აღარ გაუგრძელეს.

- ბოლოს როდის იყავთ აბასთუმანში?

- შარშან და მხოლოდ რამდენიმე დღით. იქ ახლა დაძაბული სიტუაციაა და ცოტა ჭირს ჩასვლა შენს ნებაზე. საცხოვრებელს ღობე შემოავლეს და ნებართვა გვჭირდება შესასვლელად. ჯერ უნდა დარეკო, მერე განცხადება დაწერო, სადაც უნდა მიუთითო: რამდენი კაცი ჩადის და რამდენი დღით, შენი მანქანის და პირადი ნომერი. გვეუბნებიან, ბინები თქვენი არ არის, დაწესებულების კუთვნილებააო. ჩემი მშობლები როცა დაქორწინდნენ, ჯერ ერთი ოთახი ჰქონდათ, მერე სხვაგან გადაიყვანეს და საბოლოოდ, სამოთახიან ბინაში ცხოვრობდნენ - იქ, სადაც მე დავიბადე. როგორ დასრულდება ეს საქმე, არ ვიცი.

ნანული ზოტიკიშვილი