"ქალს მზითვში უნდა წაეღო 40-50 წყვილი წინდა-ხელთათმანი"
თინა ნაყეური-დათაშვილი უკვე 30 წელია, უანგაროდ ემსახურება ხალხური რეწვის მივიწყებული დარგების აღდგენის საქმეს. ტრადიციული რეწვითაა დაინტერესებული, ულამაზეს ფშაურ ქსოვილებს ამზადებს. როგორც თავად ამბობს, ხელსაქმე მის ოჯახს თაობებია მოსდევს. 23 წელია, რაც თავის გამოცდილებას სხვებსაც უზიარებს, რითაც ტრადიციებსაც ინარჩუნებს და ფშაური რეწვის მეთოდებსაც აღადგენს. 2007 წელს საკუთარი საწარმო დააარსა და რამდენიმე ქალი დაასაქმა. მათ ტრადიციული ორნამენტების ქსოვას და ფერებთან მუშაობას ასწავლის. ძაფებს ბუნებრივი საღებავებით ღებავს და მართლაც საოცარ ფერებს იღებს. ამის შესახებ წაიკითხავთ წიგნში "მცენარეული საღებავები ფშაურ ტრადიციულ რეწვაში", რომელიც პირველად 16 სექტემბერს წარუდგინა დაინტერესებულ ადამიანებს. ამ დღეს არაგვის ფშავში, სოფელ მაღაროსკარში ეთნო-ფოლკლორული ცენტრი "ფშაური სახლი" გახსნა, რომლის სულისჩამდგმელიც სწორედ ქალბატონი თინა გახლავთ.
- პროფესიით ინჟინერი ვარ, მაგრამ ძირითადად ტრადიციულ რეწვას მივდევ, ტრადიციული რეწვის ასოციაციის სრული წევრი ვარ. ფშავში დავიბადე და გავიზარდე. ოჯახის თითქმის ყველა წევრი ხელსაქმის ოსტატი მყავდა - დედა, ბებიები, მამიდები. რთული პირობების გამო, იქ ისე ვერ იცხოვრებდი, ხელსაქმე რომ არ გცოდნოდა. ამიტომ იცოდა იქ ყველამ ქარგვა-ქსოვა. დედამ, ქეთევან ჭამაურმა მაღაროსკარის სკოლაში ხელსაქმის პირველი სკოლა დააარსა, ძალიან კარგ ნაქარგებს აკეთებდა. თუ ვინმემ კარგად იცის ხელთათმნის ან წინდის ქსოვა, დედამ ასწავლა. იტყვიან ხოლმე, ქეთო მასწავლებელს რომ არ ესწავლებინა, ასე კარგად არ გვეცოდინებაო. არადა, ქიმია-ბიოლოგიური აქვს დამთავრებული, სკოლიდან 3 წლის წინ წამოვიდა. ამჟამად 87 წლისაა, ღმერთმა დიდხანს აცოცხლოს და ასეთი მშრომელია დღესაც.
გასაკვირი არ არის, რომ ამ საქმიანობით მეც ბავშვობიდანვე დავინტერესდი. პირველი წინდა 5 წლისამ მოვქსოვე. ძაფებს თითებზე ვიხვევდი და ვითომ ვქსოვდი. ერთხელ ბებომ მითხრა, - მოდი აქ, გოგო და დაიჭირე ეს ჩხირებიო. მართალია, ხან თვალი ჩამივარდა, ხან რაღაცას ისე ვერ ვაკეთებდი, როგორც საჭირო იყო, მაგრამ ვისწავლე. ახლა უკვე თვალდახუჭულსაც შემიძლია ქსოვა. ჩემმა ქმარ-შვილმა გადამიღო ორჯერ, როგორ ჩამეძინა და თან გამწარებული ვქსოვ. მერე შეამოწმეს და ერთი თვალიც არ მქონდა ჩავარდნილი. გული მწყდება, რომ თანდათან უფრო ნაკლები დრო მრჩება ხელსაქმისთვის, რადგან გამოყენებითი ხელოვნების სკოლაშიც ვასწავლი.
- რას აღმოაჩენენ ახალს ხელსაქმით დაინტერესებულები თქვენს წიგნში "მცენარეული საღებავები ფშაურ ტრადიციულ რეწვაში"?
- ფშავში რეწვა განვითარებული მეცხვარეობის მდიდარი ტრადიციების ნაწილია. ეს საკმაოდ გრძელი პროცესია, მატყლის გარეცხვიდან დაწყებული, მოქსოვით დამთავრებული. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი კი ბუნებრივი საღებავების მიღებაა. სწორედ ეს ფერები განსაზღვრავს ფშაური ხელსაქმის ხარისხსა და სილამაზეს. უნდა ვიცოდეთ, რომ საღებავი მცენარეები გროვდება ივლისიდან ყინვების დაწყებამდე. დიდი მნიშვნელობა აქვს ნედლეულის შეგროვების, შრობისა და შენახვის ტექნოლოგიას. მცენარე ინახება 1-3 წელი, შემდეგ ფერის ინტენსივობა იკლებს. საუკეთესო შედეგი მიიღება ახალმოკრეფილი ნედლეულის შეღებვით. გრძელია იმ მცენარეების სია, რომლითაც შალი, აბრეშუმი და მატყლი იღებება. მაგალითად, ანწლი, რომელიც საქართველოს თითქმის ყველა კუთხეში ხარობს, ღებავს ლურჯად და რუხად, ბროწეული - შავად, გვირილა - ღია ყვითლად, დეკა - ჟანგისფრად. ენდრო - წითლად, ვირისტერფა - ღია მწვანედ, კაკალი - ყავისფრად, ყაყაჩო - რუხად, ჭინჭარი - მწვანედ და ა.შ. ვისაც აინტერესებს, ჩემს წიგნში ნახავს ყველა რეცეპტს და ინფორმაციას, თუ რა რაოდენობით უნდა გამოვიყენოთ.
წიგნის დაწერა ფშავის, ქართული ტრადიციებისა და კულტურის სიყვარულმა განაპირობა. მთავარი მიზანი მომავალი თაობებისთვის ქართული რეწვის იმ საამაყო გამოცდილების შენარჩუნება იყო, რომელსაც ფშავი ინახავს. რეწვისა და ბუნებრივი საღებავების შესახებ მასალების მოძიება დავიწყე, ყველა უხუცესი ადამიანი მოვინახულე და რაც ახსოვდათ, ყველაფერი ჩავწერე. მამასთან, მიხეილ ნაყეურთან ერთად ხანგრძლივი ექსპერიმენტის შედეგად მივიწყებული რეცეპტები თითქმის აღვადგინე.
- რაც შეეხება ფშაურ სამოსს, რით განსხვავდებოდა მთიელთა სამოსისგან?
- გამორჩეულად საინტერესო იყო ფშაველთა ჩაცმულობა. ვაჟას დროინდელი ფშაველი ქალი თავისი ჩაცმულობა-მორთულობით გამოირჩეოდა მეზობელი მთიელი ქალებისგან. ფშავში დაბადებულსა და გაზრდილს, ფშაური სამოსი რომ მეცვა, მომწონდა და სულ მინდოდა უფრო მეტი მცოდნოდა ამის შესახებ; აღმედგინა, რაც მივიწყებული იყო. 2010 წელს უნდა ჩატარებულიყო ფესტივალი "თანამედროვე ქართული სამოსი ტრადიციული ელემენტებით". გადავწყვიტე მონაწილეობა და სამოსის შექმნა ფშაური მოტივებზე. საბოლოოდ ეს ფესტივალი აღარ ჩატარდა, მაგრამ მე ფშაური სამოსის აღდგენის მიზნით შევისწავლე შემორჩენილი მასალა, შემოვიარე სოფლები და დავაგროვე გარკვეული ინფორმაცია. შევისწავლე ეთნოგრაფიული მასალაც. საბოლოოდ კი შევადგინე ესკიზები ფშაური სამოსის ტრანსფორმაციის გათვალისწინებით. ტრანსფორმაცია ასეთია: თავდაპირველად იყო ჯუბა, იგივე კაბა, პერანგი, ფაფანაგი (ქალის ჩოხა, დაბალსაყელოიანი) და ფასტამელა, ანუ წინსაფარი. შემდეგ ჯუბა შეცვალა მხრიანმა, ანუ წელიანმა კაბამ, შემდეგ იყო მხრიანი კაბა, კოსტიუმი და ფასტამელა, ბოლოს კი კოსტიუმი, "რუბაშკა", ანუ ჟილეტი, ბოლოკაბა და ფასტამელა. მამაკაცის ტანსაცმელს, ვაჟა-ფშაველას აღწერილობით, შეადგენდა მოკლე შალის შავი ჩოხა, შალისავე განიერი შალვერი, წითელი დარაიას ახალუხი, მკერდზე ასხმული აშურმა, ანუ ვერცხლის ბალთები ერთმანეთზე აკინძული, შიბიანი და მათრახი, რომელიც ჩხუბისთვის ჰქონდათ გამზადებული.
ქალისა და მამაკაცის სამოსის ერთ-ერთი მთავარი კომპონენტი იყო საგულე, რომელიც საგულდაგულოდ დაქარგულ-დაგვირისტებული გახლდათ. ზოგჯერ 2-3 საგულესაც იცვამდნენ ახალუხის ქვეშ, ყველა საყელო უნდა გამოჩენილიყო. რაც მეტი საყელო უჩანდა კაცს, მით მეტად შეძლებულად ითვლებოდა. მამაკაცის აქსესუარებიდან საინტერესო იყო საფულე-სათამბაქოე, რომელსაც შეყვარებული, დედა, საცოლე ან დობილი უკერავდა, ნაირფრად მოურთავდა და ინიციალებს უქარგავდა.
გარდა სამოსისა, განთქმული იყო ფშაური ფარდაგები. მატყლის დამუშავება ერთ-ერთი ძირითადი საქმიანობა იყო ფშაველი ქალისთვის, ქმარ-შვილის მოვლასა და პირუტყვზე ზრუნვასთან ერთად. ფშაურ სახლში აუცილებლად ნახავდით საქსოვ დაზგას. მასზე ქსოვდნენ ფარდაგს, ხალიჩას, ხურჯინს. "მთის ფარდაგებისთვის დამახასიათებელია მდუმარე, მუქი ფერები, სჭარბობდა ყავისფერი, შავი, თეთრი, ბორდოსფერი, მწვანე, ლურჯი სოსანისფერი. ფშავში ქალს თავიდანვე ასწავლიდნენ ხელსაქმეს და ის იქამდე ვერ გათხოვდებოდა, ვიდრე წინდა-ხელთათმანი, რამდენიმე ფარდაგი და ხალიჩა, საჩოხე, ხურჯინი არ ექნებოდა თავისი ხელით მოქსოვილი და სამზითვოდ გამზადებული. ქალს მზითვში უნდა წაეღო 40-50 წყვილი წინდა-ხელთათმანი და ქორწილში მაყრებისთვის დაერიგებინა. ყველაზე მეტად მომწონს ფარდაგ-ხალიჩები, ე. წ. ჯეჯიმები, სულ სხვანაირად იქსოვება. ერთი ქალბატონიღაა შემორჩენილი, ვინც იცის, ამიტომ წელს მინდა დავქსელო მასთან ერთად და თან სიტყვიერად ჩავწერო. ღმერთმა დიდხანს აცოცხლოს, მაგრამ ასეთი ადამიანები რომ მიდიან, ყველაფერი იკარგება.
სხვათა შორის, ყველაზე მოთხოვნადი დღესაც წინდა და ხელთათმანია, განსაკუთრებით - ხელთათმანი. ფშაური სახლის გახსნაზე უამრავი სტუმარი მყავდა და ერთი წყვილიც აღარ დამრჩა.
- "ფშაური სახლის" გახსნის იდეა როგორ აქციეთ რეალობად?
- თბილისში რამდენიმე სკოლაში ვასწავლიდი, მაგრამ 20 წელია, რაც თავი დავანებე. წლების განმავლობაში ვაგროვებდი ძველ საყოფაცხოვრებო ნივთებს სხვადასხვა სოფელში, თან ჩანაწერებს ვაკეთებდი. ჩვენ ხომ ადრე ხელსაქმით ვარსებობდით, გადასახადებსაც კი ხურჯინებით, ფარდაგებით, ხალიჩებით იხდიდნენ უწინ, ბარტერს ეწეოდნენ, ყველ-ერბოში ცვლიდნენ თავიანთ ნაწარმს. ასევე, ხეზე კვეთის დიდი კულტურაც იყო ფშავში, ხის ნივთებს კახეთში ყიდდნენ. რადგან მწირი ინფორმაცია გახლდათ შემორჩენილი, ამიტომაც დავისახე მიზნად, აღმედგინა ძველი ტრადიციები. ეს დღე ემოციური აღმოჩნდა, ამდენი წლის ჩანაფიქრი რეალობად ვაქციე და თითქოს სიმშვიდემ დაისადგურა, რაკი ეს შევძელი.
ნინო ჯავახიშვილი