"ტრადიცია, რომელიც ადამიანს ზიანს აყენებს, უარყოფილი უნდა იყოს" - გზაპრესი

"ტრადიცია, რომელიც ადამიანს ზიანს აყენებს, უარყოფილი უნდა იყოს"

2014 წელს საქართველოში 18 წლამდე მიუღწეველ გოგონებს შორის 14% დაქორწინებული იყო, ხოლო 15 წლამდე ასაკის - 1%, 2011-დან 2013 წლის იანვრამდე 7367-მა გოგონამ მე-7-9 კლასში განათლების მიღება შეწყვიტა, დიდწილად, ადრეული ქორწინებისა და მასთან დაკავშირებული პრობლემების გამო. სახალხო დამცველის ოფისი მიიჩნევს, რომ ადრეულ ასაკში ქორწინება განხილულ უნდა იქნეს, როგორც ძალადობა. სახალხო დამცველისა და ქალთა მოძრაობის აქტივისტების აზრით, ნაადრევი ქორწინება ნამდვილი სისულელეა, რადგან კარგავ წლებს, რომელიც სწავლას უნდა დაუთმო; კარგავ მეგობრებს, ურთიერთობა გიფუჭდება მშობლებთან, იმედი გიცრუვდება გრძნობებზე და ხვდები, რომ ვერ გააცნობიერე ის პასუხისმგებლობა, რაც ოჯახის შექმნას ახლავს.

ნაადრევი ქორწინება ხშირად იძულებით ან გარიგებით ხდება სხვადასხვა ეთნიკური თუ რელიგიური კუთვნილების თემებში. რთულია ვისაუბროთ იმაზე, რატომ ვერ (თუ არ) ივიწყებენ ეს ადამიანები ტრადიციებს და კიდევ, რამდენი გოგონა უნდა გახდეს მსხვერპლი ან რას აკეთებს სახელმწიფო ამის საწინააღმდეგოდ?

ჩვენ შევეცადეთ გაგვერკვია, რას ფიქრობენ ევროპაში ამ ტრადიციაზე, რა მდგომარეობაა ევროპულ ქვეყნებში ნაადრევ ქორწინებასთან დაკავშირებით. ჩვენი რესპონდენტი ესპანელი ფსიქოლოგი ანა-მარია ლოპესია, რომელიც ამბობს, რომ ბავშვებს სკოლის ასაკშივე აუცილებლად უნდა მივაწოდოთ ინფორმაცია ქორწინებასთან დაკავშირებით.

- ნაადრევი ქორწინება ხელს უშლის როგორც გოგონას, ასევე ბიჭს განათლების მიღებაში. როდესაც გოგონა თხოვდება, მათი უმეტესობა წყვეტს სკოლაში სიარულს, ქორწინებას მოსდევს ორსულობა. ეს კიდევ უფრო აშორებს მას განათლების მიღებისგან. ასეთი გოგონების 80% ძალადობის მსხვერპლი ხდება, რადგან მას არ აქვს განათლება და მისი მსოფლმხედველობა სხვანაირია.

წარმოიდგინეთ ეს ორი გოგონას მაგალითზე - ერთი დაოჯახდა 15 წლის ასაკში, მეორე - 30 წლის. თხუთმეტი წლის გოგონამ ვერ მოასწრო სამყაროს შეცნობა. სათამაშოებს მოწყვიტეს და პირდაპირ ოჯახი და ქმარი ჩააბარეს. მისი დაჩაგვრა ძალიან იოლია, ხოლო ოცდაათი წლის ქალბატონს, რომელმაც ისწავლა სკოლაში, მიიღო უმაღლესი განათლება და სამყარო გაიცნო, შეუძლია საკუთარი თავის დაცვა.

395138294-677408814360222-7096768054233721071-n-1699204400.jpg

- რა გავლენას ახდენს ნაადრევი ორსულობა არასრულწლოვნის ჯანმრთელობაზე?

- განათლება უშუალოდ უკავშირდება ჯანმრთელობას. ღარიბ, განვითარებად ქვეყნებში მშობიარობასა და ორსულობასთან დაკავშირებული გართულებები ერთ-ერთი მთავარი მიზეზია მოზარდთა სიკვდილიანობისა. როდესაც მოზარდს არა აქვს ინფორმაცია და სქესობრივი განათლება, არ იციან, როგორ მოიქცნენ დაუგეგმავი ორსულობისას, როდის მიმართონ ექიმს. ეს, თავის მხრივ, სხვა პრობლემებს წარმოშობს. მაგალითად, ერთ-ერთი პრობლემაა ინფექციები და მათი მკურნალობა, რომელიც ორსულობის დროს სრულყოფილად არ ტარდება გარკვეული მედიკამენტების უკუჩვენების გამო. როგორც წესი, ადრეული ქორწინების დროს გოგონას პარტნიორი ასაკით გაცილებით დიდია, მეტი სქესობრივი გამოცდილება აქვს და შესაბამისად, დიდია რისკი ჰქონდეს სხვადასხვა ინფექციური დაავადება, რითაც გოგონას დაასნებოვნებს. მათი აღმოჩენა კი მაშინ ხდება, როდესაც ის ორსულადაა. შესაბამისად, მკურნალობა ხშირად არასრულყოფილია. მერე ხდება სანაყოფე გარსების დაინფიცირება, საშვილოსნოს ანთება, იშვიათად სეფსისი და ა.შ. დაუგეგმავი ორსულობისას თავს იჩენს სტრესიც.

- რა მდგომარეობაა ესპანეთში ნაადრევ ქორწინებასთან დაკავშირებით?

- ჩვენ ვცდილობთ სკოლის ასაკშივე მივაწოდოთ ბავშვებს ინფორმაცია ქორწინებაზე. გასულ წლებში ნაადრევი ქორწინების რიცხვი ბევრად მაღალი იყო დღევანდელთან შედარებით, ახლა ეს რიცხვი ესპანეთში მინიმუმამდეა დაყვანილი. ყველა არასრულწლოვნის ქორწინება კიდევ ერთ დაკარგულ ბავშვს და მოპარულ ბავშვობას ნიშნავს.

- რა არის გამოსავალი, როგორ შევამციროთ არასრულწლოვანთა ქორწინება?

- გამოსავალი მხოლოდ მეტ განათლებაშია. მშობლის ვალდებულებაა, შვილს ბევრი ესაუბროს, ინფორმაცია მიაწოდოს ნაადრევ ქორწინებასთან დაკავშირებით. გამოსავალი მხოლოდ შვილების მხარდაჭერაშია. კიდევ, იმ ტრადიციებზე უარის თქმაში, რომლებიც XXI საუკუნეში წესით, აღარც უნდა არსებობდეს. ტრადიცია, რომელიც ადამიანს ზიანს აყენებს, დავიწყებული და უარყოფილი უნდა იყოს.

ფიქრია რობაქიძე,

"გზის" სპეციალური წარმომადგენელი ბარსელონიდან