კაცი, რომელიც არ მემეტება სიკვდილისა და დავიწყებისთვის
საიდან დამეწყო, რა უფრო მეტად გამეხსენებინა... ორიოდე წლის წინ ისევ ავედი უშგულში და ბუნებრივია, დიდი ჯგუფით. ეს ჩემი ტრადიციაა - სვანეთის დათვალიერება მხოლოდ საჩემთვალოდ არ მემეტება და ყველა, ვინც კი "შეცდება", ენგურის სათავისკენ მიმყავს. უშგულში ივდითი ნიჟარაძის სახლში უნდა მივიდე აუცილებლად. ეს ის ქალია, გურამ თიკანაძე რომ დაიტირა საარაკოდ და მერე ლებანიძეს ათქმევინა:
"ისიც ლოგინში მომკვდარა, ოღონდ - ყინულის ლოგინში!"
ეს ის ივდითია, თოიძემ რომ დახატა გრძელი ნაწნავებითა და ცივი, აზრიანი სახით.
ჰო, ორიოდე წლის წინ რომ ავედი, ივდითის ვაჟი - ზაურ ნიჟარაძე დამხვდა და გულში ჩამიკრა მსუბუქი საყვედურით: რას შვრები, აღარ ქორწინდები? განა ტყუილად დაგპირდი ევროპის ყველაზე მაღალ წერტილში ქორწილის გადახდასო?! გამეცინა და სახლის მეორე სართულზე თანმხლებებს ავყევი გიდისა და მასპინძლის ფუნქციით. დერეფანი, რომელიც იმ წოწლოკინა კოშკს უყურებს, სადაც თვალლურჯი თიკანაძე დაასვენეს, მზით იყო გაცისკროვნებული. შუშაბანდიდან ჰორიზონტი თამარის კოშკებს უყურებს და მე მაინც იმ კუთხეში მიმირბის თვალი, სადაც გურამის საწოლი დგას: ვიწრო, ნიკელისთავებიანი, "სეტკიანი" და დრო-ჟამზე გაძლებული! პირველად, როცა ნიჟარაძეებს ვეწვიე, არ ვიცი, რად დამაფასეს ასე: ეს გურამის საწოლი იყო და ახლა შენი იყოს, თუ არ გეუხერხულებაო. ბავშვური აღტაცებით დავიძინე იმ ღამით გურამისეულ საწოლში და მერე, კარგა ხნის შემდეგ გავიგე, თურმე იმ საწოლში გურამი არ წვებოდა, იქვე, იატაკზე იძინებდა. საოცრად შემრცხვა და მის მერე მეც იატაკზე დავწექი, მაგრამ მაინც მღრღნიდა განცდა, რომ თავს ვუყადრებდი ენგურის ხეობისგან ერთხმად დატირებულ, კაცობისა და ადამიანობის ეტალონ მარადიულ ჭაბუკს!
მერე უკვე საძინებლებში ვირჩევდი ადგილს. ნიჟარაძეების სახლში ბევრი საძინებელია და სადაც თითს დავადებდი, ის იყო ჩემი მოსასვენებელი. ისევ მაგრამ... აქ ყველა ოთახში ვიღაც დიდ ადამიანს მოუსვენებია: აკაკი შანიძეს, შოთა ძიძიგურს, კონსტანტინე გამსახურდიას, ზვიადს...
იმ დღეს ზაურმა შემომჩივლა, ამ სარკესთან მედო "გზა", სადაც ჩემზე გქონდა წერილი დაბეჭდილი და ვიღაცამ ხელს გააყოლა. როგორი ძვირფასი იყო ჩემთვის, შენ არ იცი ის ჟურნალი, განა იმის გამო, ყდაზე რომ ვიყავი გამოსახული ან კიდევ რომელიღაც გვერდზე დაბეჭდილი, რაღაცნაირად, მამაშვილურად გეწერა ჩემზე და მათბობდა მისი დანახვაო. ის ნომერი დიდი ხნის გაყიდული იყო და ვეღარ ვიშოვეთ, ვერც ვერავის აღმოვუჩინე არქივში, თორემ ზაურს გულს როგორ დავწყვეტდი...
ყოველ ასვლაზე ხელს ჩაიქნევდა, - ღმერთო, რა ჟურნალი მომპარესო... მე ვპირდებოდი, კიდევ დავწერ, კიდევ და თან უკეთესს-მეთქი. მის სიცოცხლეში ვერ დავწერე - დრო გამექცა და ახლა ზაური ბიძია აღარაა ცოცხალი. უშგულის ლამარია დაჰყურებს მის საფლავს და საღამოს, როცა დევისებრი მთების ზორბა ჩრდილები გადაწვება დაქანცული კაცივით, ენგურის ხეობა ჩუმად ამოიქვითინებს კიდევ ერთი კაცის გარდაცვალებას; იმ კაცისას, სტუმარი რომ უყვარდა და ხელგაშლილობაც საარაკო ჰქონდა! იცოდა ზაური ბიძიამ, ხელი, რომელიც გასცემს, არასდროს რჩება ცარიელი და სიყვარულზე უფრო მეტი არაფერია ამქვეყნად! არავინ იცის, რამდენი კაცი გაუსტუმრებია დაპურებული და გახარებული.
ერთი ამერიკული გამოცემის მიხედვით ჩემი მხლებელი ჰყვებოდა, როგორ გაუჭირდა კარავულად უშგულს ასულს. ფარფატა კარვის კალთები ვეღარ იკავებდა წვიმასა და სიცივეს, კანის შავი ფერი გადალურჯებული რომ ჰქონდა ტურისტს, თან გაჩენის დღეს იწყევლიდა, ზაურს დაუნახავს და შინ წაუყვანია. დიასახლისის ცხელ კერძებსა და ღუნღულა საწოლს გადაურჩენია ამერიკელი. მერე, ბუნებრივია, მადლიერება არ იკარგება და ოკეანის გადაღმა დაუწერია სამადლობელი ძია ზაურზე! ჩემი თვალით ვნახე, მაკარონის სიმსხო ფეხებზე შემდგარი უკრაინელი როგორ მიიწვია სუფრაზე ჩემმა მასპინძელმა და ცხელი წვნიანის შემდეგ პიტნაში გადაზელილი სულგუნიც გემრიელად მიირთვა ლვოვიდან ჩამოსულმა ახალგაზრდამ, თან თითებს იფშვნეტდა, რა გემრიელია, რა გემრიელიაო და როცა ფულის დატოვება გადაწყვიტა, ზაური ბიძიამ შეიცხადა, ერთ ჯამ წვნიანში ფულს როგორ გამოგართმევ, ადამიანოო! უკრაინელის თვალებში იმხელა სიხარული გაჩნდა, სინათლით მთის გადაღმა გადაპარვაზე მიმდგარი მზე დაიჩრდილა!
მახსოვს, თვალისჩინის შესანარჩუნებლად შვილებმა ზაური ბიძია თბილისში ჩამოიყვანეს. ნაოპერაციევი ვნახე. ტირილი აკრძალული ჰქონდა, მაგრამ ნაოპერაციევი თვალებიდან ცრემლები ტყუპად დაუგორდა და ორივე ცრემლში ის სიწრფელე და სისუფთავე იყო, ჩემი და სამყაროს ბიწიერების შემრცხვა...
ჩემმა ახალგაზრდა მეგობარმა "სხვა სად არის" უმღერა ზაური ბიძიას და უხაროდა მოხუცს, გახსოვართ, გიყვარვართ და მეტი ნეტა რაღაა ბედნიერებაო?! ძალა მოიკრიბა და მკითხა, ჩემი "ლილეო" მოგისმენიაო? არა-მეთქი და წამოდგა სამღერლად! იცით, ეს მარტო ჩემთვის იმღერა და ვიცი, რომ მთელი თავისი შესაძლებლობა ჩადო "თეთრ მზეში"...
"ო, თეთრო მზეო, დიდება შენდა!
შენ ხარ იმედი პირმშოთა შენთა!
სინათლის დედავ, ნუ ჩახვალ დარჩი!
მსხვერპლად შეგწიროთ ჯიხვი და არჩვი.
სამთის ფერხულით გაგიძღვეთ წინ და,
ფიქალის კოშკი აგიგოთ წმინდა,
რომ მისი მსგავსი არ იყოს არსად,
ქორ-შევარდენი უვლიდეს გარსა,
არწივი კრავდეს კამარას მაღლა,
შუნი და ჯიხვი წვებოდეს დაბლა!
მთელი სვანეთი შეკრებილა,
მთლად საქართველო შეკრებილა,
შხარასთან ღრუბელივით მომდგარა..."
მოდიოდა სიხარულის ცრემლები და მიხაროდა, რომ წილად მხვდა ამ კაცის სითბო, სიყვარული და ყურადღება... სვანეთში უნდა დავბრუნდე მალე, იქ ჩემი შხარაა, ენგურის ჩხრიალი და ჩემი თვალის ჩინიც უშგულიაო!
დაკრძალვის დღეს ვერ წავედი. არნახული იყოო სვანური ზართა სიხშირე, "მთელი სვანეთი შეკრებილა, მთლად საქართველო შეკრებილა, შხარასთან ღრუბელივით მომდგარა..." და უტირიათ ერთად დიდსა და პატარას, ქალსა და კაცს, მოსულსა და დამხვდურს. მერე, როგორც ხდება ხოლმე, "მიწა ხარ და მიწად იქეც", ლოდების ყრუ ბრახუნი, ოჯახის წევრების სიმწრით ჩაკვნეტილი ბაგეები და ჯგრააგისკენ გამოწალიკებული მტირალები... გამახსენდა, ოჭანარაშ (იმედია, არ მეშლება!) ჰქვია ასე სიარულს, სვანებს ჰქონდათ გამოთქმა "ქუთაშე ოჭანარაშ" - ორკვირიან გზაზე ერთად რომ მიდიოდნენ ქუთაისისკენ მარილის საყიდლად, მარილი ხომ მთავარია სვანში და სვანეთში!
კაცი-მარილი დაკარგა უშგულმა და საქართველომ, ცალკე საფრანგეთიდან შემოსტირეს ჭირისუფლებს, რომ არა ზაურის დაჟინება, ჩვენ გზას დავადგებოდით და ზვავი წაგვიღებდაო იმ დროს, თქვენ რომ შეგვიფარეთო. ცალკერძ - ყველა მისი ნაცნობი მოთქვამდა, ნუთუ შეიძლება ასეთი ადამიანის გარდაცვალებაო?!
რაღა უნდა დავწერო?!
მგონია, როცა ავალ სვანეთში, უზარმაზარი სახლის კარიბჭესთან დამხვდება ზაური ბიძია და დამიძახებს, - მოდი, კაცო, მოდი, რად დააგვიანე? არ მითხრა, მეჩქარება წასვლაო!.. წასვლა კი მეჩქარება, მაგრამ თანმხლებებს უნდა ვაჩვენო თხა-ჯიხვთა ფიტულები, ათეულობით წლის წინ რომ მოამზადა ზაური ბიძიამ, სამუზეუმო სვანური ქუდები, ჭუნირი, ძველისძველი გარმონი თუ აკორდეონი, საბიჯგელები, წრიაპები, ბეღურის ღაბუა ბუდე, კევრი და ათასი მსხვილმან-წვრილმანი!
რეალობა კი ისაა, აღარავინ მიმღერებს "ლილეოს", არც "რიჰოს", არც ძველი ფოტოების რუდუნებით აღმწერი დამხვდება უზარმაზარი, იმ ყავისფერი მთის ძირში, რომლის ნაფლეთებითაც ძველები აგებდნენ დროსთან შერკინებულ მურყვამ-მაჩუბებს...
ვარსკვლავი ვარსკვლავებს მომწყდარხარ ზაური ბიძია...
ჯიუტად ვაჯერებ ჩემს თავს, როცა წამოვალ ისევ უშგულიდან, შენი ხმა გამომაცილებს, - ისევ მალე მოდი, მალე, გელოდებიო. მეც დავაჯერებ თავს, რომ ძველებურ "კუშეტკაზე" შენ და მარეხს შუაში ჩაგიჯდებით, მიმთვისებელი სახით ვიტყვი, - ჩემია ზაური ბიძია, ძალიან ჩემი და ვერ მეთმობა სიკვდილისა და დავიწყებისთვის...
როლანდ ხოჯანაშვილი