"სანამ საკუთარი თავისუფალი დროის დაფასებას არ ვისწავლით, გაგვიჭირდება ფსიქიკურად, მენტალურად" - გზაპრესი

"სანამ საკუთარი თავისუფალი დროის დაფასებას არ ვისწავლით, გაგვიჭირდება ფსიქიკურად, მენტალურად"

"მიეცი ცოდნას საშუალება შეცვალო შენი ცხოვრება უკეთესობისკენ, რადგან ფიქრები შენი ცხოვრების ანარეკლია", - ვალეოლოგი და კვების ფსიქოლოგი მიხეილ შანი ჟურნალის "გზა" მკითხველებს საინტერესო და სასარგებლო მოსაზრებებს უზიარებს... მიხეილის აზრით, გონებისა და სხეულის კვება პირდაპირ კავშირშია ჩვენს ჯანმრთელობასთან, დამოკიდებულებებთან, განწყობასთან და რაც მთავარია, ეს აისახება ჩვენს პროდუქტიულობაზე, სიცოცხლისუნარიანობაზე.

- ვალეოლოგია არის მეცნიერების ერთ-ერთი მიმართულება, რომელიც დაფუძნებულია 4 მნიშვნელოვან თემაზე: სუნთქვა, აზროვნება, მოძრაობა, კვება. სამწუხაროდ, დღეს საქართველოში ვალეოლოგია არ ისწავლება, თუმცა წლების წინ ჩვენს უნივერსიტეტში ღრმად იყო გაშლილი ეს სფერო და კარგი ვალეოლოგებიც გვყავდნენ. ამ თემით 12-14 წლის წინ დავინტერესდი, როცა ხალხური მედიცინის კვლევა დავიწყე და მკვლევრის სტატუსი მაქვს დღემდე...

- თქვენ ხშირად საუბრობთ საკვების 4 ტიპზე. შეგიძლიათ ამ თემასთან დაკავშირებული მოსაზრებები გაგვიზიაროთ?

- კი ბატონო. არსებობს 4 ტიპის საკვები: 1. ფიზიკური, მატერიალური საკვები, ანუ ის, რასაც ჩვენ მივირთმევთ; 2. არამატერიალური საკვები, რომელსაც გრძნობის ორგანოების საშუალებით ვიღებთ (მაგალითად თვალებით, ყურებით, ცხვირით და სხეულით...); 3. ნების აქტები, რომელიც აღძრავს ჩვენში სურვილებსა და მოთხოვნილებებს; 4. მენტალური საკვები. ინდივიდუალური ცნობიერება, რომელიც დამოკიდებულია კოლექტიურ ცნობიერებაზე. ამ საკვებთა ერთიანობა იძლევა სიჯანსაღეს, მაგრამ თუ ადამიანს ემოციური საკვები აკლია, მისი ქცევები აისახება თუნდაც სხეულზე.

ყველა ტიპის საკვებს აქვს 2 მხარე, სასარგებლო და საზიანო.

- ვისაუბროთ იმაზე, თუ რატომ და როდის არ მუშაობს დიეტოლოგიური მიდგომა?

- დიეტოლოგია ძალიან მნიშვნელოვანი მეცნიერებაა და იმ კონკრეტული ზომის თუ წონის ნივთიერების მიღებას გულისხმობს, რაც ადამიანის ორგანიზმს სჭირდება. მაგალითად, როცა თქვენ აიღებთ ანალიზს და ის გვიჩვენებს, თქვენს შემთხვევაში სად არის პრობლემა, რა იწვევს ვთქვათ ცხიმის დაგროვებას, დიეტოლოგი პრობლემის მოგვარებას უნიკალურად უზრუნველყოფს, მით უმეტეს, როცა სპეციალისტი ძლიერია, მაგრამ მეორე მომენტიც არსებობს: შეუძლებელია მისი დანიშნულება ზუსტად დაიცვა მაშინ, როცა თქვენ გარემოში არის სტრესული მდგომარეობა. მაგალითად, როცა მეუღლე ან მეგობარია ტოქსიკური, როცა სამსახურში გაქვს პრობლემა და ა.შ. თუ მენტალური და ემოციური საკვები გაკლია, ამ შემთხვევაში ფსიქიკა ისეთ დონეზეა მორყეული და შინაგანი კონფლიქტი ისეა გაღვივებული, შეუძლებელია ინსტრუქცია დაიცვა. როცა ადამიანი გაღიზიანებულია, მას უბრალოდ ჩახუტება სჭირდება, რომელიც რეალურად მისცემს იმ საკვებს, რაც მას განტვირთავს, მაგრამ ასეთ დროს ჩვენ როგორ ვიქცევით?

- ასეთ დროს ადამიანების უმრავლესობა და მათ შორის მეც, საკვებს გაუცნობიერებლად ვიღებთ, ამას გულისხმობთ?

- დიახ და ასე იქცევით იმიტომ, რომ ადვილია საკვების მოპოვება, ხელმისაწვდომია. ადამიანები ლამის დაბადების წუთიდანვე ვცდილობთ, ყოველთვის და ყველაფრისგან სიამოვნება მივიღოთ. ჩვენი ცხოვრება სიამოვნებაზე გადის. ასეა მოწყობილი ჩვენი ეგოც - ვისწრაფვით სიამოვნებისკენ და ვცდილობთ განვიზიდოთ უსიამოვნება. როდესაც ემოციური ფონი გვაქვს, ჩვენ ამას ფიზიკური ასპექტით ვინაზღაურებთ და რაც ხელში მოგვხვდება ან მოგვიხერხდება, მივირთმევთ, რომ სიამოვნების მინიმუმი დავიკმაყოფილოთ.

- ხომ არიან ადამიანები, რომლებიც ნერვიულობის დროს საერთოდ ვერ ჭამენ...

- ეგეთები ცოტანი არიან. ისე კი ყველაფერს განსაზღვრავს გენეტიკა და ორგანიზმი.

- მათ სად მიაქვთ ეს უარყოფითი ემოცია?

- ფსიქოემოციური აშლილობა ყველა ადამიანში სხვადასხვაგვარად წარიმართება. ეს ინდივიდუალურია. ყველაფერი დამოკიდებულია ჩვენს ფიქრებზე, ფიქრი კი განსაზღვრავს ქმედებას. ემოციური თუ მენტალური კონფლიქტი მავნე ფიქრებს აღძრავს.

- სტრესი როგორ ვმართოთ ისე, რომ საკვებისკენ არ გაგვექცეს ხელი - შეგიძლიათ რაიმე გვირჩიოთ?

- ზოგადად, რჩევის მიცემას ვერიდები, რადგან რჩევა არის ძალიან სუბიექტური, ინდივიდუალური. სტრესი გლობალური პრობლემაა, მაგრამ გარემო არ გვაქვს ისეთი, რომ ეს მენტალური პრობლემა დავიბალანსოთ. გვერდით არ გვყავს ადამიანი, რომელსაც რაღაცას გავუზიარებთ, რომელიც კი არ გაგვკიცხავს, უბრალოდ მოგვისმენს და ჩაგვეხუტება - აი, ეს გვაკლია. რეალურად, ყველამ ვიცით, რას ნიშნავს ჯანსაღი და არაჯანსაღი საკვები, მაგრამ ვერ ვიცავთ ჯანსაღი კვების წესს, რადგან სტრესულ გარემოს არავინ გვინეიტრალებს. როდესაც ადამიანი გაღიზიანებულია, მაქსიმალურად სწრაფად იღებს მაგალითად, ტკბილეულს - ეს ცხადია, ცუდია. ამის ნაცვლად კარგი იქნება, თუ სუფთა ჰაერზე ცოტას მაინც გაისეირნებს. ამ მომენტში ჩვენი გონება მაქსიმალურად გადატვირთულია და ადამიანი ცდილობს სწრაფი სიამოვნება მიიღოს. ითხოვს, ცოტა მაინც დამშვიდდეს. ამ დროს კარგია ადამიანებთან საუბარი. უნდა გავაცნობიეროთ, რომ პრობლემას თუ არ მოვაგვარებთ, ის სულ იქნება. როცა რაღაც გვაწუხებს, შფოთვის დაძლევაში სეირნობა, მოძრაობაც დაგვეხმარება.

- რას მოიცავს ჯანსაღი კვება?

- თუ მატერიალურზეა ლაპარაკი, ის მოიცავს ბუნებასთან სინქრონიზაციას. ჯანსაღია საკვები, რომელიც ბუნებრივი, ნატურალური, მსუბუქიa ჩვენი ორგანიზმისთვის და რა თქმა უნდა, ზომიერების დაცვაა საჭირო. დღესდღეობით, რაც უფრო გაიზარდა სტრესული ფონი, ვაკვირდებით, რომ ადამიანებს სხვადასხვა დაავადება აწუხებთ და ეს არ არის იმის გამო, რომ არაჯანსაღად იკვებებიან, არამედ ბევრს მიირთმევენ. უკვე დიეტურ ნაწილში და კვების პირამიდებშიც საკმაოდ გაიზარდა ულუფა. არადა, ადამიანს არ სჭირდება ბევრი საკვები, სჭირდება ცოტა და ხარისხიანი! თან, უმეტესობა ძალიან სწრაფ-სწრაფად მიირთმევს, არადა, თითოეული ლუკმა უნდა გადაიღეჭოს 40-45-ჯერ.

79831079-578402882951251-2326247136116604928-n-1699857823.jpg

- თქვენ ასე იკვებებით?

- დიახ (იღიმის). როდესაც ადამიანი ჩქარა მიირთმევს, მეტ საკვებს იღებს, რადგან გაუაზრებლად ჭამს. კვება ერთგვარი მედიტაციაა. ჩვენ უნდა ვიცოდეთ რას და როგორ მივირთმევთ, ამ დროს არც გაჯეტებში უნდა ვიყურებოდეთ, არც ვილაპარაკოთ. არაფრისკენ არ უნდა გვქონდეს ყურადღება, გარდა იმის, რას და როგორ ვჭამთ - ეს არის ერთ-ერთი უძველესი რიტუალი. რასაც მივირთმევთ, იმას უნდა ჩავუღრმავდეთ: რა გემოსია? რას ვგრძნობთ ამ კონკრეტული საკვების მიღებისას? როდესაც სწრაფად მივირთმევთ, საკვების გააზრებას ვერ ასწრებს ორგანიზმი, მაგრამ თუ ბევრჯერ გადავღეჭავთ, ეს მის მარტივად გადამუშავებაშიც დაგვეხმარება.

- ემოციურ საკვებზე რას გვეტყვით?

- დღის განმავლობაში უამრავ ემოციურ, არასაჭირო, ნეგატიურ საკვებს ვაგროვებთ, მაგალითად, თვალების დახმარებით. დააკვირდით, რამდენ ინფორმაციას ინახავს თვალი დღის მანძილზე. ის არ არის მხოლოდ ოპტიკური საშუალება, გონებასთან კავშირშია და გონება თვალით დანახულ ინფორმაციას აგროვებს. გვინდა თუ არა, არასაჭირო ამბებსაც ვიმახსოვრებთ და ეს ყველაფერი არასაჭირო საკვებია. რატომ არის, რომ შვებულების დროს, ბუნებაში ყოფნისას, ჩვენი გონება დამშვიდებულია და ამ დროს საჭმელზეც ნაკლებად გვეფიქრება? იმიტომ, რომ ბუნებამ მოგვცა ემოციური საკვები.

- ნების აქტებიც ახსენეთ...

- ნების საკვები აღძრავს ჩვენს სურვილებს. თითოეული ადამიანი უნდა დაუკვირდეს, რა სურს რეალურად? ხშირად ვამბობთ რაღაცაზე, რომ გვინდა, მაგრამ ხშირად, ეს სურვილები ჩვენი არ არის. არ ვუფიქრდებით, საიდან გაგვიჩნდა ამ რაღაცის ქონის სურვილი და ის ნამდვილად გვჭირდება თუ არა? როცა ადამიანი სურვილს გარდაქმნის "მინდად", მიზნის მისაღწევად შეიძლება ბევრი ენერგიის დახარჯვა მოუხდეს და მერე აღმოჩნდეს, რომ ეს რაღაც მისი არ ყოფილა. აბა, დაფიქრდით, დღის განმავლობაში რაღაც რეკლამა ბევრჯერ რომ შეგხვდებათ, უნებურად xom არ ფიქრობთ, მეც ხომ არ ვიყიდოო? ან მეგობრები როცა ოცნებობენ ბაზარზე ახალშემოსულ ტელეფონზე, მისი ქონის სურვილი თქვენშიც აღიძვრება. მთელი ნეირომარკეტინგი ასეა მოწყობილი და ვფიქრობ, ესეც არასაჭირო საკვებია. ყოველთვის კარგად უნდა გავაცნობიეროთ, რაში გვიღირს რეალურად ენერგიის ხარჯვა.

- მენტალურ საკვებზე რას გვეტყვით?

- ჩვენი ცნობიერება კოლექტიურ წრეზეა მიბმული. გარემო ყოველთვის ახდენს ადამიანზე ზეგავლენას და ხშირად, ნეგატიურს. ჩვენ ის ფუფუნება არ გვაქვს, რომ გარშემო მხოლოდ ჯანსაღად მოაზროვნე, დადებითი მუხტის მქონე ადამიანები გვყავდეს, რომლებსაც ჩავეხუტებით, ვისთან ურთიერთობის დროსაც ნეგატივისგან გავთავისუფლდებით. კოლექტივი ხშირად გვიგზავნის იმ ფიქრებსა და ემოციებს, რომლებიც ასევე არასაჭიროა, მაგრამ ჩვენზე უნებურად აისახება. ამიტომ არის მნიშვნელოვანი იმის გაგება, რომ ჩვენი ცხოვრება ფიქრების ანარეკლია. ჩვენი სხეული რეზულტატიa ჩვენი ფიქრისა და ქცევის. ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ ვისწავლოთ ყოველგვარი საკვების გაფილტვრა - რომ არასაჭირო არ დავიტოვოთ. დიეტა ადამიანს გონებრივi ასპექტisTvis უფრო სჭირდება. თუ ის ფიქრები და მავნე დამოკიდებულებები არ "გადაყარე", რთულია თუნდაც, წონაში დაკლება მოახერხო და თუ ეს მაინც მოახერხე, შედეგი დროებითi იქნება.

- გონებით შეიძლება ტკივილი ვმართოთ?

- გურჯიევს ჰქონდა ასეთი გამონათქვამი: სხეული სამზარეულოა, გონება მზარეულია, კერძი არის სული. ყველაფერი ამ სამ რაღაცაზეა დამოკიდებული. ადამიანმა სხეულზე ზრუნვით უნდა დაიწყოს. სხეული უნდა გიწყობდეს ხელს, რომ შენი ფიქრების სწორი და ჯანსაღი ტრანსფორმირება მოხდეს. ჩვენ თუ არ ვიცით, რა შესაძლებლობები გვაქვს, ის ვერ ვიქნებით, ვინც ვართ...

- როდესაც ადამიანი ეწევა, ალკოჰოლზე ან საკვებზე დამოკიდებული ხდება, ის რეალობას გაურბისო, მითხარით...

- დიახ. სიამოვნება ერთგვარი ტრანსპორტია, რომელსაც გადაჰყავხარ წარსულში ან მომავალში. უბრალოდ, წარსულში გაქცევა ბევრს იმიტომ მოსწონს, რომ იქ ინახება ჩვენი სასიამოვნო მომენტები, ბედნიერი წუთები. ამიტომ, როგორც კვლევისას დავაკვირდი, ადამიანები ხშირად წარსულით ვიკვებებით. არ გვიყვარს ახალი რაღაცების ათვისება, მომზადება და მირთმევა. როდესაც თქვენ ვიღაც ახალი კერძის რეცეპტს გიზიარებთ, იწერთ, მაგრამ მომზადება გეზარებათ. იცით რატომ? ამ საკვებს "ლინკები" არ აქვს, ანუ ის, რაც რაიმე ასოციაციას გაგიჩენდათ. მაგალითად, თუ მე მოგიმზადებთ რაიმე ახალ კერძს, დააგემოვნებთ და მოგეწონებათ, ჩემთან დაკავშირებული "ლინკები" გაგიჩნდებათ და იტყვით, რომ მე, პოზიტიური ადამიანი ვამზადებ რაღაც გემრიელს და როდესაც მსგავს საკვებს სხვაგან მიირთმევთ, ყოველთვის ჩემთან დააკავშირებთ ისევე, როგორც ვთქვათ, ბევრს ბებიის მომზადებული კერძის გემო ამახსოვრდება. მოკლედ, ადამიანს ყოველთვის ურჩევნია წარსულით იკვებოს.

copy-of-dsc-0184-1699857811.jpg

- რაღაცაზე დამოკიდებულება როგორ უნდა დავძლიოთ?

- არ არსებობს არც საკვებზე დამოკიდებულება, არც ალკოჰოლზე თუ ნაკროტიკზე. ეს არის რეალობიდან გაქცევა. ნებისმიერი გაურბის რეალობას, ოღონდ ზოგი ამას საკვების დახმარებით ახერხებს, ზოგი ნარკოტიკით... მნიშვნელობა აქვს მხოლოდ იმას, ამით რამდენად აზიანებ სხეულს. სიამოვნება ტრანსპორტია, მაგრამ გააჩნია, მას სად მიჰყავხარ. ვინც ოცნებობს, ისიც გაურბის აწმყოს, მომავალშია. რეალურად კი, თუ გინდა ოცნება ახდეს, რაღაცას მიაღწიო, სწორედ ახლა, აწმყოში უნდა დაიწყო მოქმედება. ანუ შენ თუ ვარჯიშის დაწყება გინდა, ახლავე თუ არ გააკეთებ 20 ბუქნს, ხვალ შეიძლება ერთიც არ გააკეთო.

- არადა, ჩვენც ყველაფერს ორშაბათიდან ვიწყებთ...

- მესმის, ასეა მოწყობილი ჩვენი გონება. როგორც იტყვიან, ქართველი სუპერგმირი ყველაფერს გააკეთებს, ოღონდ ხვალ.

- თქვენი დაკვირვებით, კიდევ რა აწუხებთ ადამიანებს ყველაზე მეტად?

- ადამიანის მთავარი პრობლემა არის შინაგანი სიმშვიდის დარღვევა და ყველა პრობლემაც აქედან მოდის. დაავადება ის სიავეა, რომელიც შემოდის ჩვენში და სიმშვიდეს გვირღვევს. ადამიანს, რომელსაც საკუთარი თავისთვის დრო არ აქვს, მონაა. სანამ საკუთარი თავისუფალი დროის დაფასებას არ ვისწავლით, გაგვიჭირდება ფსიქიკურად, მენტალურად. ვიმეორებ, შინაგანი სიმშვიდის დარღვევიდან მოდის პრობლემები. ამიტომ უნდა გვახსოვდეს, რომ დასვენების უფლება აუცილებლად უნდა მივცეთ საკუთარ თავს.

ლიკა ქაჯაია