"ისევ მომეცა სცენაზე დგომისა და ჩემი ბავშვური ოცნებების ასრულების საშუალება"
ქუთაისში ერთი თვის წინ "სამოქალაქო თეატრი" შეიქმნა. ამ იდეის ავტორი ჟურნალისტი და ბლოგერი ზეკო ხაჩიძეა, რომელმაც კოლეგები ახალ ამპლუაში წარმოგვიდგინა. "ქუთაისური ისტორიები" - ასე ჰქვია სპექტაკლს, რომელიც უკვე რამდენჯერმე ითამაშეს. სპექტაკლში ქუთაისში თეატრის მოყვარულთა დასის დამაარსებლის, ეფრო ყიფიანი-კლდიაშვილის და მისი უმცროსი ვაჟის, ქიმიის ქართული სახელმძღვანელოს ავტორის, საბა კლდიაშვილის ცხოვრების ისტორიებია გაცოცხლებული.
ავტორის თქმით, კლდიაშვილების ოჯახზე საზოგადოებას ბევრი ინფორმაცია არა აქვს, ამიტომ მისი სურვილი იყო ხალხს გაეცნო ეს ოჯახი. სოფელ ქვიშხეთიდან იყო საბას დედა. გამორჩეული მსახიობი ეფრო (ეფროსინე) ყიფიანი-კლდიაშვილისა, დიმიტრი ყიფიანის ძმისწული, რომელმაც კარგად იცოდა რუსული და ფრანგული ენები, ამ ენებიდან თარგმნიდა კიდეც. გარდა ამისა, წერდა წერილებს ჟურნალ-გაზეთებისთვის. მრავალშვილიანმა დედამ გიმნაზიაში შესვლამდე შვილებს თავად შეასწავლა წერა-კითხვა. საბა მერვე შვილი გახლდათ. მისი უფროსი ძმა, სიმონ კლდიაშვილი პირველი ქართველი პროფესიონალი არქიტექტორი იყო, რომლის პროექტითაც ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსი აიგო. მეორე ძმა, ანდრეა გახლდათ ერთ-ერთი პირველი ელექტროინჟინერი. მისი გამოგონებაა პურის ელექტროსაცხობი... უნივერსიტეტში, სხვა ცნობილ პროფესორებთან ერთად, საბას მასწავლებლები იყვნენ ვასილ პეტრიაშვილი და პეტრე მელიქიშვილი. ქართველი მეცნიერი 1905 წელს ოდესაში, მეფის რუსეთის ჟანდარმერიის მიერ ებრაელთა თემის დარბევას შეეწირა. მაშინ მან დარბევას გადაარჩინა ოდესელ ებრაელთა ოჯახი, რის გამოც შავრაზმელებმა მოკლეს. მისი დაკრძალვის ცერემონიალი - ოდესიდან საქართველომდე - სახალხო გლოვის ჭეშმარიტი საჯარო გამოვლინება იყო. სამოქალაქო თეატრის დასმა სწორედ ეს და სხვა საინტერესო ეპიზოდები გააცოცხლა და ქეთევან მამუკელაშვილის წიგნისა და საარქივო მასალებზე დაყრდნობით შექმნა ეს პერფორმანსი, სადაც განსაკუთრებით გამოყოფილია საბა კლდიაშვილის ცხოვრების ამბები. პირველი პერფორმანსი არა მარტო წარმოდგენა, სამოქალაქო აქტიც იყო და ებრაელი ხალხის სოლიდარობას მიუძღვნეს. საზოგადოება აღფრთოვანებით შეხვდა ამ სპექტაკლს. ბევრი მაყურებელი ჰყავდათ ასევე კვირას, 5 ოქტომბერს. ამ დღეს ორი საქველმოქმედო სპექტაკლი დაიდგა და შემოსული თანხა მთლიანად ჩვენი კოლეგის, ჟურნალისტ ქეთი ბერძენიშვილის ჯანმრთელობას მოხმარდება. სცენაზე ჟურნალისტების: ეკა ფხაკაძის, ირაკლი ვაჩიბერაძის, დათო ლიკლიკაძის, ია იაშვილის, ხვიჩა ვაშაყმაძის, ნესტან ჩაგელიშვილის, ნათია მკერვალიშვილის, მარიამ ირემაძის, გეგი ნემსიწვერიძის, ზეკო ხაჩიძის გვერდით დგანან ახალგაზრდა, ნიჭიერი მოხალისეები: ლუკა სვანიძე, გიო ჩუბინიძე და მუსიკოსი გიორგი არაბიძე. ასევე ტექნიკურ საკითხებში ჩართულია ზეკოს შვილი ნიტა ხაჩიძე თავის მეგობრებთან ერთად.
ირაკლი ვაჩიბერაძე, ჟურნალისტი:
- სამოქალაქო თეატრის შექმნისა და დაარსების იდეა ჩემს ძალიან ნიჭიერ კოლეგას, ზეკო ხაჩიძეს ეკუთვნის. როგორც აღმოჩნდა, თურმე ბოლო წლებში აქტიურად ფიქრობდა, რომ განსხვავებული პროფესიის ადამიანები ერთად შეეკრიბა და სცენის მოყვარულებს წარმოდგენები გაემართათ. ამ შემთხვევაში კი ფაქტობრივად, მედია პერფორმანსი გაიმართა, სადაც დასის აბსოლუტური უმრავლესობა ჟურნალისტია. თან აქტიური ჟურნალისტები ვართ, დილიდან საღამომდე გადაღებებზე გახლავართ სხვადასხვა ქალაქსა და სოფელში. გადაღებებიდან დაბრუნებულები, დაღლილები, გვიან ღამით ვიკრიბებოდით და რეპეტიციებს გავდიოდით. დღის ბოლოს თითქოს გვეზარებოდა შეკრება, მაგრამ როგორც კი რეპეტიციები იწყებოდა, ასე მეგონა, ახალი დღე მქონდა და ახალი ენერგიით ვივსებოდი.
- როგორ შეიკრა ეს გუნდი?
- რადგან სამოქალაქო თეატრის დამაარსებელიც ჟურნალისტია, ეს იდეა და სურვილი ჯერ მედიის წარმომადგენლებს გაგვიზიარა. აღვფრთოვანდით, ისე მოგვეწონა. რატომღაც მგონია, რომ ბავშვობაში ყველა ჟურნალისტი ოცნებობდა მსახიობობაზე, თან ჩვენ იმ თაობის წარმომადგენლები ვართ, რომლებსაც ქართული ფილმის - "იმერული ესკიზების" მსგავსად დაგვიდგამს ღრმა ბავშვობაში წარმოდგენები მეზობლებისთვის, მშობლებისა და ახლობლებისთვის, ჩვენც გაგვიყიდია ბილეთები. როცა დიდობაში ისევ მომეცა სცენაზე დგომის და ჩემი ბავშვური ოცნებების ასრულების საშუალება, ამაზე უარს ნამდვილად ვერ ვიტყოდი.
- როლს თავად რეჟისორი გირჩევთ?
- სიტყვა "რეჟისორი" არ მოსწონს ზეკოს და ამბობს, დადგმის ორგანიზატორი ვარო. ზეკო ხაჩიძემ მართლა დიდი შრომა გასწია იმისათვის, რომ ეს წარმოდგენა ასეთი შთამბეჭდავი და ემოციური ყოფილიყო. წარმოდგენის სახელწოდება ასეთია: "ქუთაისური ისტორიები". პირველი პერფორმანსი დასმა ისრაელის თავისუფლებისთვის ბრძოლას მივუძღვენით. ახალგაზრდა საბა კლდიაშვილის ისტორიაც, რომელიც სამოქალაქო თეატრმა მაყურებლის წინ ვითამაშეთ, ებრაელების დევნას უკავშირდება. მე-20 საუკუნის დასაწყისში, ქუთაისში "თეატრის მოყვარეთა დასის" დამაარსებლის, ეფრო კლდიაშვილის უმცროსი შვილი, ახალგაზრდა მეცნიერი საბა კლდიაშვილი ოდესაში პოგრომის დროს ებრაელ ხალხს გადაეფარა და სასიკვდილოდ დაიჭრა. პერფორმანში ასევე ვსაუბრობთ საბას საოცარ დედმამიშვილებზე, პირველ მევიოლინე ქალზე, პირველ არქიტექტორზე, პირველ კონსტრუქტორ-გამომგონებელზე. თვითონ საბა კლდიაშვილი მეცნიერი და ქიმიკოსი გახლდათ. მისი დედა, ეფრო კლდიაშვილი კი ქართული ლიტერატურის და ზოგადად, მწიგნობრობის დიდი მოყვარული ყოფილა. ქუთაისის თეატრის სცენაზე წლების განმავლობაში თამაშობდა. იმდროინდელ საქართველოში ქალის სცენაზე გამოსვლა გამბედაობას მოითხოვდა და საზოგადოებაში დამკვიდრებულ წარმოდგენებთან დაპირისპირებას ნიშნავდა, მაგრამ ამას ეფროსთვის ხელი არ შეუშლია, რომ მთელი შეგნებული ცხოვრება ქართული თეატრისთვის მიეძღვნა. ეს პერფორმანსი კი ერთგვარი შემეცნებითი ხასიათის იყო. მიხარია, რომ მაყურებელმა ეს მიიღო. რაც შეეხება ჩემს როლს, მე ვასახიერებ პეტრე მელიქიშვილს, რომელიც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთ-ერთი დამფუძნებელი და პირველი რექტორია. ასევე ის იყო საბა კლდიაშვილის პედაგოგი. პერფორმანსი ორი ეპიზოდისგან შედგება, მეორე ნაწილში შაჰის როლი მქონდა, ნაწყვეტიდან "სამშობლო". ეს პიესა წლების წინ, სწორედ ეფრო კლდიაშვილმა დადგა.
- ხომ არ ღელავდით სცენაზე? მართალია მაყურებელთან ურთიერთობა თქვენთვის უცხო არ არის, მაგრამ სცენაზე ყოფნა ალბათ სულ სხვაა.
- საოცარი განცდა ყოფილა. უკვე მესმის იმ ადამიანების, რომლებიც ამბობენ, სცენის მტვერი ჩავყლაპე და ვეღარ ვშორდებიო. ალბათ როცა პირდაპირი ეთერები მაქვს, ტელევიზორთან უფრო მეტი ადამიანი ზის და მიყურებს, მაგრამ ეს ცოცხალი, ბუნებრივი პროცესია და კიდევ უფრო საპასუხისმგებლო. ბუნებრივია, ღელვაც ახლავს ამ ყველაფერს, რადგან პირიდან ამოსულ ვერც ერთ სიტყვას ან არასწორად შესრულებულ მოძრაობას უკან ვერ დააბრუნებ. პლუს, შესაძლოა შენმა ცუდად შესრულებულმა როლმა სასცენო პარტნიორზეც იმოქმედოს და მისი მოტივაციაც გააფუჭო.
- გიფიქრიათ მსახიობობაზე?
- მსახიობობა ყველა ბავშვის ოცნება მგონია. იშვიათად მინახავს ადამიანი, ვისაც ბავშვობაში მაინც არ უთამაშია სოფელში და არ გაუმართავს წარმოდგენები. მსახიობობა ნამდვილად იყო ჩემი ბავშვობის ოცნება და მიხარია, რომ დღეს უკვე ჩემს ყველაზე საყვარელ ორ საქმეს ვაკეთებ. ვარ ჟურნალისტი და ძალიან სოლიდარული, შთამბეჭდავი სამოქალაქო თეატრის დასის წევრი.
- საქველმოქმედო სპექტაკლი ჩვენს კოლეგას, ქეთი ბერძენიშვილს მიუძღვენით. როგორ ჩაიარა?
- ამ წარმოდგენაზე მუშაობა რამდენიმე თვის წინ ჩვენთან ერთად ქეთი ბერძენიშვილმაც დაიწყო. მოხდა ტექსტების გადანაწილება, სამაგიდო რეპეტიციები, ხასიათების პოვნა. მახსოვს, ჩივილების გამო ერთი დღით თბილისში წავიდა და საღამოს რეპეტიციაზე რომ არავინ ველოდით, ზურგჩანთით მოგვადგა, - თბილისიდან პირდაპირ თქვენთან მოვედი, არ მინდოდა რეპეტიციის გაცდენაო. შემდეგ დიაგნოზი გაიგო და იძულებული გახდა, სპექტაკლში მონაწილეობაზე უარი ეთქვა. მისი ტექსტები დროებით ჩვენ, მისმა მეგობრებმა გადავინაწილეთ. ახლა კი მედია და მთელი საზოგადოება ქეთისთვის გავერთიანდით. მას საზოგადოების დახმარება სჭირდება. კვირას ჟურნალისტებმა ორი სპექტაკლი ვითამაშეთ. ორივეზე დასწრება უფასო იყო, უბრალოდ სიმბოლურად, იქვე ყულაბა გვედგა და ვისაც სურვილი ჰქონდა, თანხას აგდებდა ყუთში. სოლიდური თანხა შეგროვდა, 5.000 ლარზე მეტი და ქეთის ოჯახის ანგარიშზე გადავრიცხეთ.
- საინტერესოა, რა ხდება კულისებში, როცა ამდენი ჟურნალისტი ხართ შეკრებილი.
- დიდი ჟრიამულია. საოცარი ხალხი ვართ მედიის წარმომადგენლები. აზრიანები, პლუს გვაქვს იმპროვიზაციის უნარი, პრობლემის დროულად გამოსწორების ალღოც. მიუხედავად იმისა, რომ დაღლილები და დაქანცულები მივდიოდით, მაინც საოცრად საინტერესო დღეები და კვირები გავატარეთ ერთად.
- თქვენთან ერთად არის ჟურნალისტი დათო ლიკლიკაძე, რომელსაც სამსახიობო გამოცდილება აქვს. რჩევებს გაძლევთ?
- დათო ამბობს, თეატრის ვერიკო ვარო. მას აქვს სასცენო გამოცდილება და ხუმრობს: ღმერთო, რა მინდოდა ამდენ არაპროფესიონალთან?.. ჩემი დონის არტისტი აქ არც ერთი არ ხართო. რჩევებს ნაკლებად გვაძლევს, უფრო საკუთარი თავის ქებით არის დაკავებული, თუმცა მას აქვს ის უნარები, რომ ეს ყველაფერი გამაღიზიანებელი არ იყოს და პირიქით, იუმორში გაატაროს.
- მსახიობობა და ჟურნალისტიკა, ხომ არ შეადარებთ ამ ორ პროფესიას?
- მსახიობსაც და ჟურნალისტსაც აქვს ამბიცია, ჰყავდეს მაყურებელი, მკითხველი, მსმენელი, ზოგადად აუდიტორია და მისი ნათქვამი მივიდეს საზოგადოებამდე. ამ ორ პროფესიას ბევრი საერთო აქვს, რაღაცნაირად მონათესავე პროფესიებია. ჩემთვის ორივე ძალიან ძვირფასია, ანუ ჟურნალისტიკას ვერ დავთმობ, მაგრამ მსახიობობაც მომეწონა. სპექტაკლის დასრულების შემდეგ, ქუთაისში ერთ-ერთი ძალიან ცნობილი ადამიანი მოვიდა და მითხრა, - შენ რა გინდა ჟურნალისტიკაში, შენი ადგილი სცენაზეაო. თითქოს ეს ფრაზა გულწრფელად კომპლიმენტად მითხრა, მაგრამ ცოტა უცნაურად გამოუვიდა.
- როგორ ხვდებიან ქუთაისელები სცენაზე ჟურნალისტებს?
- ძალიან მოსწონთ, გვანებივრებენ კომპლიმენტებით და ჩვენც ვიფერებთ. ჩემს ქალაქსა და ზოგადად იმერეთში, მის ფარგლებს გარეთაც ადამიანების ნაწილი მიცნობს, როგორც კრიტიკულ, უკომპრომისო ჟურნალისტს. ზოგს ალბათ არ ვუყვარვარ, ზოგს ეშინია, ზოგს ვაღიზიანებ. ცხადია, არიან ისეთები, ვისაც ვუყვარვარ, მაგრამ სცენაზე სულ სხვანაირი დამინახეს, მოსწონთ და მეც ხიბლში ვარ.
- ქუთაისური იუმორი საყოველთაოდ ცნობილია. ალბათ როგორც ჟურნალისტს, ბევრი საინტერესო ამბავი გადაგხდენია. ხომ არ გაიხსენებ?
- უამრავი ასეთი შემთხვევა ყოფილა, ალბათ მოყოლით უფრო სახალისო იქნება, ვიდრე წაკითხვით. უცებ ერთი გამახსენდა, სასაფლაოების კორუფციაზე ვაკეთებდი მასალას. ერთ-ერთი სასაფლაოს მეპატრონემ კონკრეტული მიწის ნაკვეთი ორჯერ გაყიდა, ანუ ორი ოჯახი ვერ იყოფდა საფლავს. ბუნებრივია, მივედი ადმინისტრაციასთან და ვუთხარი, რომ აღნიშნულ თემაზე ვამზადებდი რეპორტაჟს. მეპატრონე მეუბნება, - ოღონდ ეს თემა არ გაახმაურო და ერთი საფლავი ჩემზე იყოს, მე გეპატიჟები და გჩუქნი სასაფლაოს უმაღლეს ადგილზეო. არ ვიცი, რამდენად სასაცილოა, მაგრამ მისმა ამ გულწრფელმა და დაუფიქრებელმა პასუხმა ძალიან გამახალისა (იცინის).
- რეგიონში ჟურნალისტებს ხშირად გიწევთ შემთხვევის ადგილზე ერთად გასვლა, იქ კონკურენტები ხართ თუ ეხმარებით ერთმანეთს?
- ცენტრალური ტელევიზიის რეგიონული კორესპონდენტობა ძალიან რთულია. დავიწყოთ იმით, რომ რეგიონში ხარ ჩვენი კომპანიის ერთადერთი ჟურნალისტი. შესაბამისად, გევალდებულება გააშუქო კრიმინალიც, სპორტიც, კულტურაც, ეკონომიკაც და პოლიტიკაც. შესაბამისად, ყოველთვის ფორმაში უნდა იყო, ყოველთვის ყველაფერზე წარმოდგენა გქონდეს, რადგან ჟურნალისტებს არ პატიობენ და არც გვეპატიება ისეთ საკითხზე მუშაობა, რაც არ ვიცით. სამუშაო გრაფიკიც ოდნავ უფრო რთულია, დედაქალაქისგან განსხვავებით, რადგან არ გვყავს შემცვლელი. რაც შეეხება კონკურენციას, აქაც რთულად არის საქმე: უახლოესი მეგობრები ვართ და ძალიან რთული დილემის წინაშე ვდგებით, როდესაც ექსკლუზივი გვაქვს: წახვიდე და ჩუმად გადაიღო თუ გაუმხილო კოლეგებს? პროფესიულად ცხადია, გინდა მხოლოდ შენ გქონდეს, მაგრამ როცა იცი, ამის გამო შენს მეგობარს, რომელიც კონკურენტ არხზე მუშაობს, საყვედურს ეტყვიან, მერე უკვე არჩევანს აკეთებ, რა უფრო მნიშვნელოვანია შენთვის.
- კიდევ რა არის თქვენი გატაცება?
- მიყვარს ფეხით სიარული, ამ დროს თითქოს ყველაზე პროდუქტიულად ვფიქრობ. ამ დროს ვსახავ გეგმებს. თავისუფალი დრო ცოტა მაქვს, თუმცა შეუძლებელია კვირა გავიდეს და ჩემი მეგობრები არ ვნახო, ოღონდ არც მსახიობები და არც ჟურნალისტები, ბავშვობის მეგობრები.
ენერგიულ დათო ლიკლიკაძეს საზოგადოება კარგად იცნობს. მას ყოველთვის დატვირთული რეჟიმი აქვს. მართალია, კვირა დღე იყო და იმ საღამოს სპექტაკლი უნდა ეთამაშა, მაგრამ დილიდან ტრენინგს ატარებდა. მან დრო ჩვენთვისაც გამონახა:
- დიდხანს აწუხებდა სამოქალაქო თეატრის შექმნის იდეა ჩვენს კოლეგას, ზეკო ხაჩიძეს. ჩვენც გვინდოდა სათქმელი გვეთქვა ასეთი ფორმით და საბოლოოდ იდეა განვახორციელეთ. სპექტაკლში 15 ჟურნალისტი ვთამაშობთ. დიდი წარმატება ხვდა ამ სპექტაკლს წილად, დიდია საზოგადოების დაინტერესება. მაგალითად, დღეში ორჯერ ვთამაშობთ სპექტაკლს. მე ნიკო ცხვედაძეს ვასახიერებ, რომელიც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთ-ერთი დამაარსებელი და აღმაშენებელი გახლავთ. პირველი კორპუსის აღმშენებლობას ის ხელმძღვანელობდა და ამ ადამიანმა საბა კლდიაშვილი სიმონეთიდან ჩამოიყვანა. სწორედ ამაზეა აგებული ყველაფერი, პატარა სოფლიდან ჩამოყვანილმა ერთმა ადამიანმა რა გააკეთა. მისი დედა, ეფრო კლდიაშვილი პირველი მსახიობი ქალი იყო, რომელიც მრავალშვილიანი გახლდათ და მისმა თითოეულმა შვილმა რაღაც ღირებული შექმნა ქვეყნისთვის. ეს არის მონოგრაფია, რომელზეც იმუშავეს ზეკო ხაჩიძემ და ქეთი მამუკელაშვილმა, რომელიც ჩვენი თეატრის არტმენეჯერია. მათ საბჭოთა ცენზურის მიერ ტაბუდადებული ადამიანები გამოაჩინეს.
- გამოცდილი მსახიობისთვის რა იყო სიახლე?
- ჩემთვის დიდი გამოწვევაა ჟურნალისტების გვერდით თამაში. ჩემთვის სიახლე არ არის სცენა, მაგრამ ჩემი კოლეგები სცენაზე ისე კარგად თამაშობენ, ცოტა შემეშინდა კიდეც. ხშირად ვხუმრობ მათთან, იცოდეთ, - ნამდვილი არტისტი მხოლოდ მე ვარ-მეთქი, მაგრამ ისეთი კონკურენცია გამიწიეს, რომ მეტი არ შეიძლება.
- მათ სცენის გამოცდილებას უზიარებთ?
- სულ საზღვარგარეთ ვარ და ხშირად ვერ ვესწრებოდი რეპეტიციას. ჩემ გამო გაძნელდა რეპეტიციების დაწყება და ამის გამო უხერხულადაც კი ვარ, მაგრამ მთავარია, საქმე დაიძრა, რამდენიმე სპექტაკლი წარმატებით დაიდგა და როცა საჭიროა, თეატრის გვერდით ვარ. ყველა კარგად თამაშობს. ამ ახალ ამპლუაში ისინი ჩემთვის აღმოჩენაა. პრაქტიკულად არ მივლია რეპეტიციებზე და პირდაპირ შევედი სპექტაკლში.
ახლაც ხონში ვარ, სადაც ტურისტული სკოლა გვაქვს და ვატარებ ლექციებს; აქედან რადიოში გავრბივარ ჩაწერაზე, მერე სპექტაკლი უნდა ვითამაშოთ, მერე გადაღება მაქვს, ხვალ დილით ჭიათურაში უნდა ვიყო - მოკლედ, მოსვენება არ მაქვს. საქველმოქმედო სპექტაკლს ჩვენს მეგობარს, ქეთი ბერძენიშვილს ვუძღვნით, რომელიც ამჟამად სამკურნალოდ თურქეთშია. ქეთის ბევრი ადამიანი იცნობს და ყველა მის გვერდით არის. ბევრი რამ გაუკეთებია. ჩვენ 30 წლის მეგობრები ვართ, მისი უფროსი შვილის ნათლია ვარ და 25 წელია, ერთად ვმუშაობთ რადიოში. ფაქტობრივად, ჩემი ოჯახის წევრია. ძალიან განვიცდი და ვუსურვებ გამოჯანმრთელებას.
თეა ხურცილავა