ვინ იყო თიანეთელი ქველმოქმედი მაშო ფიცხელაური
ჩვენი ქვეყნის ისტორიაში არაერთ ქალს თავისი საზოგადოებრივი საქმიანობით მნიშვნელოვანი კვალი აქვს დატოვებული. ზოგიერთის სახელი ფართოდ არის ცნობილი, ზოგის ნაკლებად. სწორედ ერთ-ერთ ასეთ სასიკეთო ცვლილებების მომტან პიროვნებაზე, მაშო ფიცხელაურზე თეოლოგი ვატო ურუშაძე გვიამბობს:
- მაშო ფიცხელაურმა ძალიან ბევრი კარგი საქმე გააკეთა თიანეთისთვის. მას ასე მოიხსენიებდნენ: დეიდა მაშო. ფიცხელაური მისი მეუღლის გვარია, თავად სულთანიშვილი იყო. სხვადასხვა წელს ის შემდეგ საქმიანობას ეწეოდა: 1917 წელს მუშაობა თიანეთის სახალხო სასამართლოში მდივნის თანამდებობაზე, იყო ქალთა განყოფილების გამგის ინსტრუქტორი და შემდეგ ამავე ორგანიზაციის გამგე. 1922 წელს მუშაობდა განათლების განყოფილებაში და მალევე აირჩიეს აღნიშნული განყოფილების თავმჯდომარედ. ამის პარალელურად, იყო აღმასკომის პრეზიდიუმის წევრი. 1925 წლიდან დაინიშნა თიანეთის პროფტექნიკუმში ჭრა-კერვის მასწავლებლად.
1932 წლიდან თიანეთის ბაღის მასწავლებელი გახლდათ. ამავდროულად თიანეთის მეტეოროლოგიური სადგურის უფროსის მოადგილის პოზიციას იკავებდა, 1935 წლიდან კი ამავე სადგურს ხელმძღვანელობდა.
ის თიანეთში საცხოვრებლად 1917 წელს გადმოვიდა. ჩამოსვლიდან მალევე აქტიურად ჩაება საზოგადოებრივ საქმიანობაში. ძალიან პროდუქტიული ადამიანი იყო. მიუხედავად იმისა, რომ პენსიაში გასვლამდე სხვადასხვა ადგილას მუშაობდა, ყოველთვის ახერხებდა ყოფილიყო ბევრი კარგი საქმის ინიციატორი და შემსრულებელი. როგორც ჩანს, თიანეთში მალევე დაიმსახურა ხალხის თვალში დადებითი განწყობა, რასაც შემდეგი ფაქტიც ადასტურებს: იმ პერიოდში საჭიროების შემთხვევაში ფულადი რესურსის მოძიება ხალხისგანაც ხდებოდა. ამ საქმეს მაშო ფიცხელაური ხელმძღვანელობდა. ერთხელ მან უფროსობას უთხრა, შემდეგ ჯერზე თანხის შესაგროვებლად სხვა გაეშვათ, რაზეც უპასუხეს, რომ ხალხი სხვებს, ახალგაზრდებს უარით ისტუმრებს, შენ კი პატივს გცემენ და უარს არავინ გეუბნებაო.
მოგეხსენებათ, იმ პერიოდში სოფლის მოსახლეობას ძალიან უჭირდა და ბევრი ბავშვი სწავლასაც ვერ ახერხებდა. მაშო ფიცხელაურის ინიციატივით, არაერთხელ მოეწყო კონცერტი, რომლის მიზანიც სწორედ ასეთი ხელმოკლე ბავშვების დახმარება იყო. მისი შემწეობით ბევრმა ახალგაზრდამ შეძლო განათლების მიღება. თუმცა, ის არა მარტო ბავშვებს, არამედ ზოგადად, ყველა გაჭირვებულს ეხმარებოდა და ზრუნავდა მათი პირობების გასაუმჯობესებლად. მაშოს ინიციატივით ბევრს დაენიშნა დახმარება, ვისი ოჯახის წევრიც ომში იყო გარდაცვლილი. ასევე ბევრი უპატრონოდ დარჩენილი მოზარდი თავშესაფარში მოეწყო, სადაც მათ შეძლეს განათლების მიღება და საზოგადოებაში თავის დამკვიდრება. არაერთი ბავშვი თავად მაშო ფიცხელაურს შინ წაუყვანია და თავისივე სახსრებით განათლება მიუცია.
1925 წელს მან დააარსა სოციალური კულტურის ორგანიზაციის განყოფილება, სადაც 400 ადამიანი დასაქმდა. შედეგად სავაჭრო ადგილის გახსნის უფლება მოიპოვეს, საიდანაც შემოსული მოგების უმეტეს ნაწილს, მაშო ფიცხელაური განათლების განყოფილებაში წერა-კითხვის გასავრცელებლად რიცხავდა.
აუცილებლად უნდა ითქვას, რომ მას არაერთხელ, პირადი დანაზოგით, საკმაო თანხა გაუღია სხვადასხვა საქმისთვის, რაც თიანეთის სასიკეთოდ კეთდებოდა.
მაშოს სახელს კიდევ ერთი ძალიან საინტერესო ამბავი უკავშირდება. ცენტრალური ხელისუფლების მოთხოვნით, სეზონურად დაამზადა ბელადონა. ეს მცენარე „გიჟანას" სახელითაც არის ცნობილი და გამოიყენება მედიცინასა და კოსმეტიკაში. ასევე დაამზადა ამავე მცენარის თესლი, რაც საქართველოში პირველი შემთხვევა იყო. ამ საქმის გამო მაშო ფულადი პრემიით დააჯილდოეს. მოსკოვში გამოიცა წიგნი "ბელადონას" თესლის დამზადების შესახებ, სადაც მაშო ფიცხელაური ამ საქმეში მოწინავედ იყო მოხსენებული.
1912 წელს მან საკუთარი სახსრებით საფეიქრო სკოლა გახსნა და მისივე ინიციატივით თიანეთში პირველი საფეიქრო დაზგა ჩამოიტანეს, რამაც ბევრ ადგილობრივ ქალს საშუალება მისცა ჭრა-კერვა მაღალ დონეზე შეესწავლა. მოგვიანებით კი მათ, ვინც ამ საქმეს კარგად დაეუფლა, თითოეულმა საკუთრად დაზგა დაიდგა, რაც ასევე მაშოს დახმარებით მოხდა. იმ დროისთვის კარგი ტანსაცმელი არცთუ ისე ადვილი საშოვნელი იყო და აღნიშნული საქმის წარმატებით განხორციელების შედეგად, თიანეთის მოსახლეობისთვის სამოსის შეძენა ადვილად ხელმისაწვდომი გახდა.
1925 წლიდან დეიდა მაშო თიანეთის პროფესიულ ტექნიკუმში ჭრა-კერვის მასწავლებლად დაინიშნა. საინტერესოა, რომ როგორც თიანეთის წარმომადგენელი, 1921 წელს დეიდა მაშო გაგზავნილი იყო ქალთა პირველ ყრილობაზე.
ის ვაჟა-ფშაველასთან მეგობრობდა. პოეტი ფიცხელაურების ოჯახში არაერთხელ ყოფილა სტუმრად. ერთ ფოტოზე კი, სადაც ვაჟა-ფშაველა თიანეთში, იხინჭობის დღესასწაულზე ადგილობრივებთან ერთადაა აღბეჭდილი, დეიდა მაშოც არის, რაც დღემდეა შემორჩენილი, როგორც მათი მეგობრობის ძვირფასი სახსოვარი.
ამ ურთიერთობამ მოგვიანებით თიანეთისთვის მნიშვნელოვანი რამ განაპირობა. უკვე ხანში შესულ დეიდა მაშოს გაუჩნდა იდეა, რომ თიანეთში ვაჟა-ფშაველას სახლ-მუზეუმი გაკეთებულიყო. მან თავისი ხარჯებით არაერთი საინტერესო ექსპონატი მოიძია, ასევე ყაზბეგიდან იქაური მხარეთმცოდნეობის მუზეუმის დირექტორი მოიწვია, რომელიც მუზეუმის მოწყობაში დაეხმარა. საბოლოოდ კი, სწორედ მაშო ფიცხელაურის დიდი მონდომებით და ძალისხმევით, თიანეთში მხარეთმცოდეობის მუზეუმი შეიქმნა, სადაც ძალიან საინტერესო და ძვირფასი ექსპონატები თავად მაშოს გადაცემული იყო.
მას მუზეუმზე ზრუნვა შემდეგშიც არ შეუწყვეტია: 1966 წელს შოთა რუსთაველის დაბადების 800 წლისთავი მასშტაბურად აღინიშნა. ამ დროს მაშო ფიცხელაური მხარეთმცოდნეობის მუზეუმის დირექტორთან, ილო ბეჟანიშვილთან მივიდა და უთხრა, რომ გამოფენისთვის შოთა რუსთაველის მოზაიკურ პორტრეტს მიართმევდა. მართლაც, ორი კვირა თავდაუზოგავად იმუშავა და მუზეუმს შოთა რუსთაველის ორი მოზაიკური პორტრეტი გადასცა.
საინტერესოა, რომ იმ პერიოდში თიანეთში მეტეოროლოგიური სადგური ფუნქციონირებდა, რომელსაც სწორედ მაშო ფიცხელაური ხელმძღვანელობდა. პენსიაში გასვლამდე ეს მისი ბოლო სამუშაო ადგილი იყო.
P.S. ფოტოებისა და ინფორმაციის მოწოდებისთვის მადლობას ვუხდი მაშო ფიცხელაურის შვილიშვილებს, ქალბატონებს - მარინე და ქეთევან გვეტაძეებს.
ანა კალანდაძე