გარიგება, ანუ სუტკნეინა ხორეშანის ოინები - გზაპრესი

გარიგება, ანუ სუტკნეინა ხორეშანის ოინები

მე-19 საუკუნის ბოლოსა და მე-20 საუკუნის დასაწყისში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სპექტაკლი გახლდათ, რომელსაც არასდროს აკლდა მაყურებელი. "კაცია-ადამიანის?!" დაწერის შემდეგ, ილია ჭავჭავაძემ "მაჭანკალში" ლუარსაბისა და დარეჯანის გარიგება-დაქორწინების წინა პერიოდი აღწერა. თუმცა, ორმოქმედებიან ვოდევილში ცოლ-ქმარი მეორე პლანზე ინაცვლებს და ამ შემთხვევაში მთავარი გმირი მაჭანკალი, სუტკნეინა ხორეშანია - ცნობილი წყვილის კავშირის ინიციატორი და ჩანაფიქრის სისრულეში მომყვანი.

მოზარდ მაყურებელთა ახალი სპექტაკლის, ორმოქმედებიანი ვოდევილის რეჟისორი დიმიტრი ხვთისიაშვილია, რეჟისორის თანაშემწე ნათია ბოშიშვილი, მხატვარი ლომგულ მურუსიძე, კოსტიუმების მხატვარი ნინო ჩიტაიშვილი, ქორეოგრაფი გია მარღანია, მუსიკალური გაფორმება - ზურაბ გაგლოშვილის. სპექტაკლში გამოყენებულია ინოლა გურგულიასა და მარიკო კვალიაშვილის მუსიკა. მონაწილეობენ მსახიობები: ნათია კუპატაძე, თამარ ლორთქიფანიძე, ანი მღებრიშვილი, ეკატერინე ხატიაშვილი, შალვა ანთელავა, ვახტანგ ნოზაძე და პაატა მხეიძე.

დიმიტრი ხვთისიაშვილი:

- როგორც კი კულტურის სამინისტრომ ეროვნული დრამატურგიის მხარდამჭერი კონკურსი გამოაცხადა, მაშინვე "მაჭანკალი" შევიტანეთ. პირველ რიგში იმიტომ, რომ ის სასკოლო პროგრამაა და მნიშვნელოვანია მოსწავლეებს ილია ჭავჭავაძის სიტყვასთან ჰქონდეთ ზიარება. ეს არის ნატო გაბუნიასთვის საბენეფისოდ დაწერილი პიესა, როგორც წესი ქალი მსახიობისთვის ან დუეტისთვის. ბოლოს ეს წარმოდგენა 40 წლის წინ, სატირისა და იუმორის თეატრში დაიდგა, სადაც თენგიზ ჩანტლაძე და მისი მეუღლე ზაირა ხორეშანსა და ლუარსაბს თამაშობდნენ... კომედიას აქვს ერთი უცნაური თვისება, პრემიერიდან რამდენიმე წარმოდგენის შემდეგ, ის კიდევ უფრო გახალისდება, გათამაშდება და როგორც კი შებოჭილობა მოიხსნება, უკეთესი და უკეთესი ხდება. ბედნიერი ვარ, რომ ქალბატონმა მარიკო კვალიაშვილმა უფლება მოგვცა პირველი მოქმედების ფინალში ხორეშანს მისი სიმღერა შეესრულებინა. სპექტაკლში ასევე გამოყენებულია ინოლა გურგულიას "უშენოდ", რომელიც დუდუკებში შესანიშნავად არის "ჩაკარგული". დიდი მადლობა მთელ სადადგმო ჯგუფსა და მსახიობებს.

4-1699859685.jpg

ნათია კუპატაძე:

- დიმიტრი ხვთისიაშვილი უჟმურს მეძახის და სულ მეხუმრებოდა, პიესაში "უჟმური" უნდა გათამაშოო (იღიმის). ახლა რომ მითხრა, მაჭანკალი იქნებიო, თავიდან ვიფიქრე, რომ ისევ ძველებურად მეხუმრებოდა, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ასე არ იყო. შიშის განცდა გამიჩნდა. სხვათა შორის, როლის ცხოვრებაში პირველად შემეშინდა.

- რატომ? ამდენი წლის გამოცდილ მსახიობს რისი შეგეშინდათ?

- არ ვიცი... მიუხედავად იმისა, რომ სულ ვამბობ, ვოდევილი დადგით-მეთქი და სულ მინდოდა ამ ჟანრში თამაში, მაინც განცდამ მომიცვა. ხალხი ტრაგედიებით დაიღალა, აღარ უნდათ ამდენი უბედურება, სახალისო წარმოდგენების ნახვა სურთ. მე დოისთან, მუსიკისა და დრამის თეატრშიც ვმუშაობ და სპექტაკლებზე "შეყრა" და "გაყრა" მეორედ მოსვლაა, ისეთი დიდი ინტერესია! მსახიობი ვარ და მეც მინდა თეატრში მივიდე, კარგი სპექტაკლი ვნახო, დავისვენო, გავერთო და იქიდან ისე წამოვიდე.

- თქვენს პერსონაჟს რა შემატეთ, რა არის "თქვენეული"?

- მუშაობის დროს როლზე ფიქრი არ ვიცი. მხოლოდ იმას ვდარდობ და ჩემთვის მთავარია, სცენაზე რამემ არ შემაწუხოს, ხელი არ შემიშალოს. პრემიერის დღეს გავიკეთე თავზე ჩიხტიკოპი, ჩემით გადავწყვიტე გულზე მედალიონი შემება. სხვა რა გითხრათ?! აუცილებლად უნდა ვახსენო შალვა ანთელავა, რომელიც არაჩვეულებრივი პარტნიორია. უპატიოსნესი და უწესიერესი ბიჭი, რომელთანაც სცენაზე შეხებამ პირველად მომიწია. ვფიქრობ, ძალიან მოუხდა ლუარსაბის როლი.

3-1699859659.jpg

- რა იცოდით ამ პიესის შესახებ და პირველად როდის გაეცანით?

- წაკითხული არ მქონდა, მაგრამ ვიცოდი მისი შექმნის ამბავი. დაიწერა ნატო გაბუნიას საბენეფისოდ, შემდეგ დადგმულია ლევან (რეზო) მირცხულავას მიერ, რომელიც ჩემი ერთ-ერთი პედაგოგი იყო და ამჯერად მოზარდ მაყურებელთა თეატრში განხორციელდა.

შესანიშნავი, თავიდან ბოლომდე ქართული ვოდევილია და გამიკვირდა, რომ აქამდე რეჟისორები ხელს არ ჰკიდებენ. მდიდარი მასალაა და ბევრის საშუალებას იძლევა. სხვათა შორის, პიესა ჯერ კიდევ არ მქონდა წაკითხული, როცა დიმას ვთხოვე, სპექტაკლში უნდა მამღერო-მეთქი. "ვარსკვლავი ხარ" მარიკო კვალიაშვილის მიერ არის შექმნილი, რომელიც "შვიდკაცასთვის" გადაუცია საჩუქრად. ანსამბლის წევრებთან გასაუბრების შემდეგ, სპექტაკლში ეს სიმღერაც ჟღერს. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო დიმა ხვთისიაშვილს და გია მარღანიას, რომლებმაც ყველაფერი გააკეთეს, რომ "მაჭანკალი" შემდგარიყო. 13 ნოემბერს ამ სპექტაკლს რუსთავში, კომედიის ფესტივალზე ვითამაშებთ. ჩემი აზრით, ეს ვოდევილი საქართველოს რეგიონებში უნდა "ვატაროთ", რომ ყველაფრისგან დაღლილ, გაჭირვებულ და დათრგუნვილ ხალხს, ადგილობრივ მოსახლეობას ერთი საღამო მაინც გავუხალისოთ.

სპექტაკლი განხორციელდა საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და ქალაქ თბილისის მერიის მხარდაჭერით.

ფოტოების ავტორი: ბექა ცირეკიძე

ანა კალანდაძე