"ლიტერატურა არ არის მხოლოდ საგამოცდო საშუალება!" - გზაპრესი

"ლიტერატურა არ არის მხოლოდ საგამოცდო საშუალება!"

სოციალურ სივრცეში ძველი ქართული ლიტერატურის სწავლებაზე პოლემიკა არ წყდება. ამის საფუძველი გახდა ერთი მოსწავლის მიერ გავრცელებული ვიდეომასალა, სადაც ამბობდა: "რაში მაინტერესებს მეხუთე საუკუნეში ვინ რა რჯული შეიცვალა, ვინ ვინ აწამა". მართალია, ცოტა ხანში აღიარა, რომ უბრალოდ სახუმარო ვიდეო გადაიღო და არ ელოდა ამდენ გამოხმაურებას, მაგრამ მოზარდის კრიტიკა თუ მხარდასაჭერი განცხადებები მაინც არ შეწყვეტილა.

ფაქტთან დაკავშირებით ვესაუბრებით ეროვნული სასწავლო გეგმის ექსპერტს ქართული ენისა და ლიტერატურის მიმართულებით, მენტორ მასწავლებელ როლანდ ხოჯანაშვილს.

- მართალია, მოზარდმა თქვა, რომ იხუმრა, მაგრამ თუ გულახდილები ვიქნებით, მან ბევრი სხვა მისი თანატოლის მოსაზრება გაახმოვანა. რას ფიქრობთ საკუთრივ იმ მოსწავლეზე, რომელმაც ეს ვიდეო ჩაწერა?

- მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ ამ ბავშვის ვიდეოჩანაწერში კარგად ჩანს ჰაგიოგრაფიის დეტალების ცოდნა, ასევე - კალიგრაფიის მაღალი კულტურა და მართლწერის ხარისხიც. ცალსახად უნდა ვთქვათ, რომ მოსწავლე მაღალი მზაობისაა!

- რას გულისხმობს მაღალი მზაობა?

- როცა მოსწავლეს შეუძლია არა მხოლოდ ინფორმაციულ, არამედ პრობლემურ კითხვებზე პასუხის გაცემა.

- პრობლემურ კითხვებზე პასუხის გაცემა კარგ შედეგად ითვლება?

- დიახ. სოკრატული მეთოდი ზუსტად ამას გულისხმობს. ეს ძველი ბერძენი ფილოსოფოსი სვამდა პრობლემურ შეკითხვებს, რათა წაეხალისებინა მოსწავლეთა აზროვნება კონკრეტულ საკითხზე; მოჰყავდა დამხმარე და საწინააღმდეგო მაგალითები ცნებათა შესასწავლად, თუნდაც ასეთი დაშვებით: "თაფლი მლაშეა, თოვლი ცხელია, ხე დადის"; სოკრატე ასე ცდილობდა მოსწავლის დისკუსიაში ჩაბმას, არგუმენტირებულ მსჯელობაზე გადასვლას, საკუთარი და სხვისი მოსაზრებების კრიტიკული გააზრების დაწყებას, ცოდნათა გამთლიანებას, დასკვნისა და შეფასების უნარების განვითარებას.

- თვლით, რომ მოსწავლემ იხუმრა?

- შესაძლოა. მოსწავლესაც მოსწონს, როცა ის ცნობადი ხდება. რა გზა აირჩია, დავინახეთ. მიზანი აქ მართლაც ამართლებს საშუალებას. ჩვენ დავეჩვიეთ ზედაპირულად ფაქტებისა და მოვლენების შეფასებას. ჩემთვის, როგორც სპეციალისტისთვის, ძალიან მნიშვნელოვანია ამ ბავშვის ედუმეტრია.

- პრობლემურ კითხვებზე მოსწავლის მიერ პასუხის გაცემას მეტი აზროვნება ესაჭიროება, ანუ მაღალი მზაობის მოსწავლე დასაფასებელია...

- ბუნებრივია, ასეა. შეუცდომელი არც მაღალი მზაობის მოსწავლეა. მნიშვნელოვანია, რამდენადაა ჩართული ის სასწავლო პროცესში, მაგრამ ნაკლებად მნიშვნელოვანია, ბავშვი შეცდომას უშვებს თუ არა! შეუცდომელი ბავშვი არ არსებობს. რატომ ვიქმნით ასეთ მოლოდინებს მოსწავლეებისგან, შვილებისგან? ამაში ნუ დავადანაშაულებთ ბავშვებს.

- ბავშვების დადანაშაულებაში რას გულისხმობთ?

- მახსენდება ერთი ფაქტი: ეს სკოლა ელიტურად ითვლებოდა (საუბარია 20-ოდე წლის წინანდელ ამბავზე) და მისმა მოსწავლემ მეხუთე კლასიდან გამოაცხადა, რომ მეფე უნდა გამხდარიყო. მიზეზს მარტივად მივაგენი: მშობლების ფინანსური მდგომარეობა და მენტალობა მას უქმნიდა ილუზიას, რომ ის აბსოლუტური ძალაუფლებისთვის იყო დაბადებული. ასეთი ბავშვები მენტალური გარემოს მსხვერპლები არიან. რასაკვირველია, მე ამ შემთხვევას არ ვუკავშირებ ვიდეოს ჩამწერ მოსწავლის ფაქტს, რადგან ამ შემთხვევაში, 15-16 წლის ბავშვის მზაობა და გონიერება, ასევე მიზანდასახულობა არის ღრმა და საფუძვლიანი!..

თუმცა, დავუშვათ სხვა ვერსიაც - მოსწავლეს უყალიბდება სწავლისადმი პროტესტი. აქ მიზეზი ისევ სწავლების არასწორი ფორმებია და არა - მოსწავლე. ქრისტიანული მწერლობა იყო პროპაგანდისტული, ისევე როგორც სხვა რელიგიის მწერლობა, მაგრამ ჩვენ არავინ გვავალებს სარწმუნოებრივი პოზიციიდან ჰაგიოგრაფიის სწავლებას.

- შესაძლოა, ვინმე მწერლობას პროპაგანდისტულად ასწავლიდეს?

- რასაკვირველია. დღესაც შევხვდებით მასწავლებლებს, რომლებიც საჭიროდ თვლიან რელიგიური ატრიბუტიკის გამოყენებას სწავლებაში. თუ მშობლისა და მოსწავლის პოზიცია არის ერთნაირი, სურთ რელიგიური განათლების მიღება, ამისთვის არსებობს კონფესიური სკოლები და არავინ ზღუდავს იქ სარწმუნოებრივ ჭრილში სწავლებას, მაგრამ დანარჩენ შემთხვევაში, კანონით აკრძალულია!

- მოსწავლის პროტესტი ახსენეთ. რა შემთხვევაში შეიძლება იყოს პროტესტი გამოხატული?

- 21-ე საუკუნის მოსწავლეს ვერ დავაბრუნებთ მე-20-ში, ჩვენ უნდა გავყვეთ მათ წარმატების გზაზე თანამგზავრად. თუ მასწავლებელი დაუპირისპირდება მოსწავლეებს, კონფლიქტში აუცილებლად ორივე მხარე წააგებს. თმენისა და ბრაზის მართვის ვალდებულება გვაქვს მასწავლებლებს. იდეალებისა და ღირებულებების აცდენის დროსაც ხდება ასეთი რამ, მაგრამ მაინც, ბავშვის დადანაშაულება არ შეიძლება! როცა ეშლება, მას არ ესაჭიროება აპელირება იმაზე, რომ დამნაშავეა, საჭიროა მხარდაჭერა შეცდომის გამოსასწორებლად!

- ახლა შევეხოთ კონკრეტულ საკითხს: როგორ ვასწავლოთ ჰაგიოგრაფია?!

- დავიწყოთ იმით, რომ V-XVIII საუკუნის მწერლობა არ არის მოძველებული! ამ პერიოდის მწერლობის პირველი ქვეპერიოდი არის ჩვენი სიამაყის საფუძველი და უთანამედროვესი, მოთხოვნებისადმი გამძლეც. რაც ლიტერატურის ვალდებულებაა, ის ასახულია კიდეც ჰაგიოგრაფიაშიც. სიტყვიერების მასწავლებლის ვალდებულებაა, მოსწავლეს აჩვენოს ის ღირებულებები, რომლებიც გვაქვს მწერლობაში. თუ "შუშანიკის წამებას" წარმოვიდგენთ, როგორც საგამოცდო და მოსწავლეთა სატანჯველ პროდუქტს, ამ დროს მართლა რაში აინტერესებს მოსწავლეს ნებისმიერი ნარატივი? ვეღარ ჩამოვცილდით იმას, რომ რაღაც უნდა დავაზეპირებინოთ ბავშვებს. განა რუსთაველმა იმიტომ შექმნა პოემა, რომ ის დაეზეპირებინათ? საზეპიროებისა და ნიშნებით მანიპულირების გამო "ვეფხისტყაოსანიც" კი შეაძულეს ბავშვებს! ეს ხდებოდა ადრეც და დღესაც არა მგონია, იყოს სხვაობა! ნებისმიერი ტექსტი, რომელსაც ვასწავლით, უნდა მოემსახუროს მოსწავლის პროგრესს. შეიძლება, კლასში გვყავდეს ბავშვი, რომელსაც ან ნაწარმოების ჟანრი, კონტექსტი არ აინტერესებს, ან კიდევ შინაარსი, ან თუნდაც ენობრივი კალეიდოსკოპი და თუ არ აინტერესებს, რატომ?! მხოლოდ იმის გამო, რომ ლიტერატურას გამოვაცალეთ ხიბლი და ბავშვებს შევთავაზეთ როგორც სადამსჯელო ინსტრუმენტი!

ლიტერატურის კითხვამ ბავშვს უნდა მიანიჭოს ბედნიერება. მეხუთე საუკუნეში იაკობ ხუცესი იმას არ ფიქრობდა, რომ "შუშანიკის წამება" მოსწავლეთა წამებად გარდაიქმნებოდა. ჰაგიოგრაფიული ნაწარმოებების ღირსებებზე საუბარს ვერიდები, რადგან ყველამ იცის! შუშანიკისა და აბოს პერსონები კოლორიტულია და ისინი იდეალის საარაკო მსახურებიც იყვნენ. მათ ეს გზა აირჩიეს და პატივისცემას იმსახურებენ თავიანთი არჩევანის გამო. ნუ დავავალებთ ბავშვებს დაიზეპირონ ტექსტები. ეს მათთვის დისკომფორტია და არა მგონია, ბავშვობისას დამზეპირებელმა თაობამ ახლა იცოდეს ბევრი იმ ნარატივებიდან, რასაც კატეგორიულად ავალებდნენ ბავშვებს! თუ სწორად მივუტანთ "გრიგოლ ხანძთელის ცხოვრებიდან" დეტალებს, დამერწმუნეთ, თავად მოუნდებათ დამახსოვრება იმისა, თუ როგორ დაიტირა გრიგოლმა აშოტ კურაპალატი ან როგორ გამოეთხოვა შატბერდს ტაო-კლარჯეთის მონასტერთა არქიმანდრიტი!

- ანუ როგორ უნდა ვასწავლოთ ბავშვებს ჰაგიოგრაფია?!

- არა მარტო ჰაგიოგრაფია, არამედ ყველა ტექსტი, რომელიც შეგვაქვს მოსწავლესთან, უნდა იყოს მისი პროგრესის საფუძველი. რა უნდა იყოს მასწავლებლის მიზანი სწავლებისას, ამას განსაზღვრავს განათლების პოლიტიკის დოკუმენტები და მასში ყველაფერია გაწერილი. დამერწმუნეთ, მოსწავლეს უყვარს მისთვის გაკეთებული ყველაფერი, რადგან ბავშვი უსიტყვოდ ითხოვს აღიარებას. "გამოცდას ვერ ჩააბარებ", - ამ სიტყვებით თუ დავიწყებთ მოსწავლეებთან ურთიერთობას, უკვე გამოუსწორებელ შეცდომასაც ვუშვებთ!

- გამოცდის ჩასაბარებლადაც გვჭირდება ტექსტები...

- დიახ, გამოცდისთვისაც და ზოგადად, ლიტერატურა გვჭირდება მთლიანად ცხოვრებისთვის, ესთეტიკისთვის, ღირებულებების აღსაქმელად. ლიტერატურა არ არის მხოლოდ საგამოცდო საშუალება, ასე დაკნინება როგორ შეიძლება?!

- ზოგადად, ვსაუბრობთ იმაზე, რომ არის "ელიტური" საგნები და მეორეხარისხოვანი. როგორ შეაფასებთ ამ ფაქტს?

- ეს დახარისხება სტერეოტიპული და არასწორია. ყველა საგანი პირველხარისხოვანია.

- როგორ უნდა გარდაიქმნას საზოგადოების სტერეოტიპული მიდგომა?

- შემიძლია ერთი ქვეყნის კარგი მაგალითი დაგისახელოთ: დანიაში არც სახელმძღვანელოებია და არც წინასწარ განსაზღვრული საგამოცდო საგანთა ჩამონათვალი. მასწავლებელს აქვს იმის კომპეტენცია, რომ ასწავლოს ნაირგვარი რესურსით. ეს დიფერენცირებული მიდგომის საფუძველია.

60992292-2526870397337279-2327055388832169984-n-1699859862.jpg

- თუ წინასწარ არ განისაზღვრა საგანთა ჩამონათვალი, როგორ მოახერხებს აბიტურიენტი ცოდნის კონცენტრირებას ან როგორ გავზომოთ სხვა საგნების ფლობის ხარისხი?

- საგნის ფლობას ზომავს ზოგადი განათლების მიმწოდებელი ორგანიზაცია - სკოლა. აბიტურიენტის შესაძლებლობა, რომელიც მხოლოდ საგნის ფლობით არ უნდა გავზომოთ (საინტერესო იდეაა მოსწავლეთა პორტფოლიოების წონის გათვალისწინება სამომავლოდ). აქვე დავძენ, თუ მოსწავლე ისტორიის ტესტს სწორად წერს, ამით ენობრივი კომპეტენციის გაზომვა ვერ მოხერხდება? ან კიდევ, "შუშანიკის წამების" ისტორიული კონტექსტის შესახებ თუ თხზულებას დავწერთ, ეგებ ვიფიქროთ იმაზე, რომ ამით მეხუთე საუკუნის ქართლის ისტორიის ცოდნაც გამომჟღავნდება. ფრაგმენტირებული, საგნობრივი ჩარჩოებით შემოსაზღვრული ცოდნა საკმარისი აღარაა. უკვე გვაქვს დავალებული ეროვნული სასწავლო გეგმით, რომ საგანთშორისი ცნებების სწავლებაც გვევალება სხვადასხვა ტიპის დავალების შექმნით, სწავლების უნივერსალური დიზაინის გამოყენებითა და რუტინული გარემოს გარდაქმნით.

- თქვენი მოსწავლე რომ ყოფილიყო ის, ვინც ვიდეო გამოაქვეყნა, რას ეტყოდით?

- პირველ რიგში, ვიამაყებდი ამ მოსწავლით, რადგან მან კიდევ ერთხელ დაგვაფიქრა ღირებულებებზე, გვამცნო ის რეალობაც, რომ რაღაც რადიკალურად გვაქვს შესაცვლელი სწავლების პროცესში!

ლიკა ქაჯაია