თეოკრატიული ირანის "მეორე მხარე"
მსოფლიოს ეგონა, რომ ირანელი თინეიჯერი გოგონას, 16 წლის არმიტა გარავანდის მკვლელობა ირანში ახალი მასშტაბური საპროტესტო ტალღის დასაწყისი იქნებოდა...
მოზარდს თეირანის მეტროში ჰიჯაბის გარეშე ყოფნის გამო, მორალის პოლიციამ სცემა, რასაც სახელმწიფო მედია უარყოფს. ულებადამცველების თქმით კი, მან ტრავმები დაკავების მომენტში მიიღო... გარდაცვალებამდე არმიტა გარავანდი კვირების განმავლობაში კომაში იყო. მისი გარდაცვალების შემდეგ თეირანის ეკბატანის უბანში დემონსტრანტები ფანჯრებიდან და სახურავებიდან შემდეგი შინაარსის ანტისამთავრობო ლოზუნგებს გაჰყვიროდნენ: "სიკვდილი მკვლელ ხამენეის", "სიკვდილი დიქტატორს".
აქციაზე დააპატიმრეს სამოქალაქო უფლებების დამცველის, რეზა ხანდანის ცოლი, ადამიანის უფლებების ცნობილი დამცველი ნასრინ სოტოდე. ხანდანის თქმით, მას უსაფრთხოების სტრუქტურების წარმომადგენლებმა სასტიკად სცემეს.
ხანდანი ამბობს, რომ არმიტა გარავანდის დაკრძალვაზე დაკავებული პირებიდან ბევრი გადაიყვანეს ვოზარის დაკავების ცენტრში - "იმავე ადგილას, სადაც შარშან მთავრობის აგენტებმა მაჰსა ამინი მოკლეს".
ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსთან (IRGC) დაკავშირებულმა სააგენტო Fars-მა დაადასტურა სოტოდეს დაპატიმრება და განაცხადა, რომ ის "ჰიჯაბის მოხსნისა და საზოგადოების ფსიქიკური უსაფრთხოების საწინააღმდეგოდ მოქმედებისთვის" დააკავეს.
ირანში "მორალის პოლიციამ" და უსაფრთხოების ძალებმა მასშტაბური პროტესტი ჩაახშვეს, თუმცა ირანში არსებული ჩუმი პროტესტი გრძელდება, რაც თავსაბურავზე უარის თქმითა და დასავლური სამოსის ტარებით გამოიხატება.
ჟურნალთან "გზა" საუბარში, ქართველი დიზაინერი, რომელსაც წლებია ირანელ ბიზნესმენებთან საქმიანი ურთიერთობა აქვს და მათ ქვეყანაში ყოფნაც ხშირად უხდება, იქ არსებულ სიტუაციაზე გვიამბობს. მისი უსაფრთხოებიდან გამომდინარე, ვინაობას არ დავასახელებთ.
ალექსანდრე, 38 წლის:
- "სამი დე" დიზაინის სპეციალისტი ვარ. წლებია, უკრაინელებთან, ჩეხებთან და ირანელებთან ვმუშაობ. საქართველოში მყოფი ირანელი ბიზნესმენები დამიკავშირდნენ, გარკვეული პროექტები გავაკეთეთ, შემდეგ კი იქ წასვლაც შემომთავაზეს. ეს ქვეყანა იმაზე ჭრელია, ვიდრე შორიდან ჩანს და იმაზე დიდი კორუფციაა, ვიდრე შეიძლება მუსლიმანურ ქვეყანაში წარმოიდგინო. როგორც ამბობენ, მაშინ, როდესაც შეიძლება მორალის პოლიციამ ქუჩაში ჰიჯაბის არქონის ან "არაწესიერად ტარების" გამო ცემით მოკლას გოგონა, იმავე პოლიციას და ადმინისტრაციას "ვიღაცები" თუ კარგად გადაუხდიან, დახურულ სივრცეში ძალზე თანამედროვედ ჩაცმულებს ა-ლა-ფურშეტის მოწყობაც შეუძლიათ, დასავლური მუსიკის მოსმენაც ალკოჰოლური სასმლის თანხლებით. პერიოდულად, დახურულ ჯგუფებში ასეთი წვეულებების ამსახველი არაერთი ფოტო და ვიდეომასალა ვრცელდება, მაგრამ გასაკვირი ის არის, რომ იმას კი არ სჯიან, ვინც "ტრადიცია და რელიგია შეურაცხყო", არამედ მას ერჩიან, ვინც ეს გაასაჯაროვა.
ასეთი ფაქტებისა და კორუფციის გამოაშკარავების გამო გაიქცა ქვეყნიდან ცნობილი და ძალიან მამაცი ჟურნალისტი მაზიან მიანი...
- ახალგაზრდობა ეგუება ხამენეის რეჟიმს?
- არა, ხშირად ნახავთ თავსაბურავის გარეშე ქუჩაში გამოსულ თმაგაშლილ და ქერად შეღებილთმიან გოგონებს, რომლებიც მანქანაში ჩართული დასავლური მუსიკის ფონზე ცეკვავენ და ერთობიან. ასე მოქცევა რისკია, მაგრამ ალბათ განსაკუთრებული ადრენალინი აქვს...
ხალხსაც ყელში ამოუვიდა ადგილობრივი, კორუფციული რეჟიმი და თავსავბურავის გარეშე ქუჩაში გამოსულ გოგონებს, პოლიცია თუ არ მიადგა, ხალხი არაფერს ეუბნება.
ყველა ფიქრობს, რომ ანტიჰიჯაბური გამოსვლები შარშან მაჰსა ამინის სიკვდილიდან დაიწყო, თუმცა სინამდვილეში, ყველაფერი ერთი-ორი თვით ადრე დაიწყო და ის ცოლ-ქმრის პროტესტმა გამოიწვია.
პროტესტის ნიშნად ქალი, ჰიჯაბის გარეშე საკუთარმა ქმარმა გამოიყვანა. ორივე აცხადებდა, რომ ყელში ამოუვიდათ რელიგიური შეზღუდვები, რომელიც მხოლოდ ცალკეული ადამიანისთვისაა, გავლენიანებისთვის კი ყველაფერი დაშვებულია.
- ვინ არის ის ცოლ-ქმარი?
- ცნობილი აქტივისტები არ არიან. კაცი ქალაქ ყაზვინში, ქარხნის მუშაა, კიდევ უფრო საინტერესო ისაა, რომ ქარხნის მუშები უფრო კონსერვატიული და რელიგიურები არიან, თანამედროვეობას არ მიესალმებიან. თუმცა, ეს კაცი გამონაკლისი აღმოჩნდა - ადამიანი, რომელსაც აწუხებს ის, რაც მის ცოლსაც აწუხებს.
- რა ბედი ეწიათ მათ?
- ახლა ორივე ციხეშია. თუმცა, პროტესტი დაიწყო. ახლობელმა ირანელმა გამომიგზავნა ვიდეო, სადაც ჩანს, რომ სკოლის მოსწავლეები ირანის ერთ-ერთ სკოლაში, კედლიდან ხომეინის და ხამენეის პორტრეტს ხსნიან, ნაგავში გადასაგდებად. ამას გამბედაობა სჭირდება. ახალგაზრდები ტყვიასა და როზგს არ უშინდებიან, ისინი თავისუფლებისთვის იბრძვიან ხან ჯგუფ-ჯგუფად, ხანაც ცალ-ცალკე, მაგრამ მაინც. პოლიცია ყველგან და ყოველთვის ვერ იქნება, ამიტომაც, მხოლოდ ახალგაზრდა გოგონები კი არა, ქალებიც თამამად გამოდიან ქუჩაში ჰიჯაბის გარეშე, რაც ნიშნავს, რომ შარშანდელ აჯანყებას, რომელიც სისხლში ჩაახშვეს, უკვალოდ მაინც არ ჩაუვლია... რა იქნება მომავალში, ვერ გეტყვით, მაგრამ დღეს ასეა.
არადა, მსოფლიოს უმეტესობას, ადგილობრივი მოსახლეობა, თითქმის ყველა რელიგიური ფანატიკოსი ჰგონია, სინამდვილეში არის შემთხვევები, როდესაც აქ სასულიერო სემინარიებს წვავენ, რელიგიურ მოღვაწეებს, ვისზეც ხელი მიუწვდებათ, ხოცავენ.
მინახავს ფოტოები, სადაც ზურგით დგანან ადამიანები, რათა სახე არ გამოჩნდეს, მაგრამ კედელზე წარწერაა - "სანამ ყველა რელიგიურ მოღვაწეს არ დავმარხავთ, სამშობლო ჩვენი ვერ იქნება..."
ადრე, ინტერნეტის, თანამედროვე ტექნოლოგიების ხანამდე, მათი მართვა უფრო იოლი იყო, მაგრამ უკვე იციან, რომ ირანულ ტრადიციონალიზმში ბევრი ისეთი მოვლენაა, რომელსაც ისლამთან კავშირი არ აქვს, ჯერ კიდევ ისლამამდე გაჩნდა და დღევანდელი ხელისუფლება მაინც კრძალავს.
- რას გულისხმობთ?
- მაგალითად, ისეთი დღესასწაული, როგორც ნოურუზია, ისლამური არ არის, ის წმინდა სპარსული ახალი წელია და ჯერ კიდევ დარიოსის დროს გაჩნდა. შემდეგში, უკვე ისლამის პერიოდში, სპარსებისგან გადაიღეს სხვა მუსლიმანებმა, მაგალითად, ყაზახებმა, მაგრამ მაინც არ არის ისლამური მოვლენა. ნოურუზი აკრძალული არ არის, მაგრამ დღევანდელი მთავრობა აძალებს ხალხს, რომ მისი აღნიშვნისას მაგიდაზე ყურანი იდოს, რაც ასევე შორს არის სპარსული ტრადიციებისგან.
სხვაგვარი სამეზობლო რომ ჰყავდეთ, შესაძლოა, ცვლილებები უფრო ადრე დაწყებულიყო, მაგრამ ისეთი სამეზობლო ჰყავს, გარედანაც ზეწოლაა - ერთი მხრიდან ავღანეთი და პაკისტანი, მეორე მხრიდან - ერაყი, სირია, არაბეთის ქვეყნები...
2019 წელსაც იყო მასშტაბური პროტესტი და იქ მომიწია ყოფნამ. წლებია ირანელებთან კომუნიკაცია მაქვს და ენაც მესმის. ჯაშუშები, რომლებიც ქუჩაში საპროტესტოდ გამოსულ ხალხს თვალყურს ადევნებდა, ავღანურად და არაბულად საუბრობდა. დაქირავებული ჯაშუშები იყვნენ. ხამენეი, როდესაც სჭირდება, პროტესტის ჩასახშობად არა მხოლოდ ადგილობრივებს, არაბებსა და ავღანელებსაც იყენებს.
ირანელების ნაწილის საკულტო ფილმია "იეზდიგერდის სიკვდილი", რომელიც სასანიდების ირანის უკანასკნელ მეფეს ეძღვნება. ის არაბ დამპყრობლებს ებრძოდა, მაგრამ დამარცხდა და აქედან დაიწყო ირანის ისლამიზაცია. რეჟისორმა ბეიზაიმ მაყურებელს აჩვენა, რომ არაბების შემოსევამ მოიტანა ისლამი და გააუქმა იმ დროისთვის კარგად ჩამოყალიბებული ძველი სპარსული კულტურა, ანუ იეზდიგერდის სიკვდილით დამთავრდა ერთი სპარსული კულტურის სიმაღლის ეპოქა და დაიწყო სხვა ცხოვრება, ოღონდ არა - უკეთესი.
ბევრს ჰგონია, შაჰის ჩამოგდების შემდეგ, ხალხმა რელიგიური მმართველობა სიხარულით მიიღო, მაგრამ ასე არ არის.
- ეს ადრე ეგონათ, რადგან პროპაგანდა მუშაობდა, ახლა უკვე ცნობილია, რომ 1979 წლამდე პერიოდს სინანულით იგონებენ...
- დიახ. ადგილობრივების თქმით, შაჰის ჩამოგდების შემდეგ პირველი წელიწადი ფაქტობრივად, სამოქალაქო ომი იყო. თუმცა, ხომეინი ჯერ კომუნისტებს დაუკავშირდა და დემოკრატები გაანადგურეს, შემდეგ კი კომუნისტებიც მოიშორა - უამრავი დახვრიტესო.
შემდეგ განხეთქილება იყო ხომეინის ბანაკშიც. ბევრი მიხვდა, ხომეინი ერთს ჰპირდებოდა და მეორეს აკეთებდა, რასაც სისხლიანი შეტაკებების გარეშე არ ჩაუვლია... ადგილობრივები ამბობენ, უამრავ რეჟიმს გავუძელით და დროთა განმავლობაში ყველა მოვიშორეთ, მთავარია, ამ ყველაფერს ნაკლები მსხვერპლი მოჰყვეს და ცოტა სისხლი დაიღვაროს, თორემ მარადიული არც ერთი მმართველობა არ არისო.
ლალი პაპასკირი