"ვცდილობ, სტუმრებს და საკუთარ თავსაც ჰარმონიული, სასიამოვნო გარემო შევუქმნა" - გზაპრესი

"ვცდილობ, სტუმრებს და საკუთარ თავსაც ჰარმონიული, სასიამოვნო გარემო შევუქმნა"

რო­დე­საც 10 წლის წინ სამ­კა­უ­ლე­ბის აწყო­ბა და­იწყო, მა­შინ არ ფიქ­რობ­და, რომ ეს მი­სი შე­მო­სავ­ლის ერთ-ერ­თი წყა­რო გახ­დე­ბო­და. სა­მუ­შაო პრო­ცე­სი სი­ა­მოვ­ნე­ბას ანი­ჭებს, თუმ­ცა სამ­კა­უ­ლე­ბი ერ­თა­დერ­თი რამ არ არის, რაც ხე­ლოვ­ნე­ბას­თან აკავ­ში­რებს.

352573114-6902972416382955-1079443969119173710-n-1-1699860306.jpg

- დავამთავრე კომპიუტერული მეცნიერებების ფაკულტეტი, ვმუშაობ ერთ-ერთ პოპულარულ კომპანიაში, ფინანსურ განყოფილებაში. სამკაულების შექმნით სკოლის პერიოდიდან დავინტერესდი და ხშირად, როდესაც თავისუფალი დრო გამომიჩნდებოდა, ბისერებით ვაწყობდი ყვავილებსა და პეპლებს. მაშინ არ იყო იმდენი და ისეთი ნაირფეროვანი მასალა, როგორიც დღეს შეიძლება იყიდო. ნელ-ნელა დავიწყე სხვადასხვა ნივთის შექმნა. ბოლო დროს გამიტაცა ყურძნის მტევნებისა და ბროშების აწყობამაც. სურვილი გამიჩნდა, კიდევ უფრო მეტი შემესწავლა და გამემრავალფეროვნებინა ჩემი ხელნაკეთი ნივთები, ამიტომ დავინტერესდი დეკუპაჟითაც - ეს არის ნივთების გალამაზების ტექნიკა, რომელსაც გერმანიაში ჯერ კიდევ მე-17 საუკუნეში ავეჯის გასაფორმებლად იყენებდნენ. ამ ტექნიკით შესაძლებელია ყველანაირი საყოფაცხოვრებო ნივთის გაფორმება. მე ღვინის ბოთლებს ვაფორმებ ყურძნის მტევნებით, ხეზეც გამომიყენებია დეკუპაჟი; ერთ-ერთი გამოფენისთვის გავაკეთე სარკე - ხეში ჩავსვი და დეკუპაჟით გავაფორმე. ძირითადად, ტყავსა და ბუნებრივ ქვებზე ვმუშაობ. მომეცა შესაძლებლობა, შემესწავლა ტყავზე მუშაობაც და უკვე ამ მასალითაც ვამზადებ სხვადასხვა სამკაულს, ასევე ტყავის ჩანთებს. ჯერჯერობით მხოლოდ ახლო მეგობრებმა იციან ამ ახალი ინტერესის შესახებ, გასაყიდად არ გამიკეთებია.

რამდენიმე წლის წინ, ჩემი მეგობრების იდეით, საახალწლო სათამაშოები დავამზადე და ამ შემთხვევაშიც გამოვიყენე დეკუპაჟი. ყველას მოეწონა, რაც დიდი სტიმულია ჩემთვის. მერე მირჩიეს, რომ ხელნაკეთი ნივთები შეიძლებოდა გამეყიდა და მქონოდა შემოსავალი. დავფიქრდი იმაზე, რომ ურიგო ნამდვილად არ იქნებოდა. ახლა მაქვს ჩემი გვერდი, სადაც ნამუშევრების ფოტოებს ვტვირთავ. ძირითადი მომხმარებლები ალბათ მაინც ქალბატონები არიან, თუმცა მამაკაცებიც ხშირად ყიდულობენ სასაჩუქრედ, განსაკუთრებით ღვინის ბოთლებს დეკუპაჟით.

ზოგჯერ მეგობრები და თანამშრომლები მთავაზობენ, რისი გაკეთება უნდათ და ასე ჩნდება ახალ-ახალი იდეა. ყოველთვის ვითვალისწინებ დამკვეთის სურვილს, მის ხასიათს, რომელი ქვა და ფერი მოსწონს ან რომელი უფრო უხდება. ზოგი ჰოროსკოპის მიხედვით ირჩევს ქვებს, თუმცა იშვიათად ვაწყობ მე სამკაულებს ჰოროსკოპის მიხედვით. ამ ბოლო დროს აქტუალურია ყურძნის მტევნის ბროშები. მიხარია, რომ ბევრს მოსწონს.

394523916-1309811919680196-7054896151656266749-n-1699860298.jpg

- გამოფენაზე თუ გაგიტანიათ თქვენი ხელნაკეთი სამკაულები?

- კი, წელს, მაისში ხელნაკეთი ნივთების გამოფენა ჩატარდა და სამკაულები გავიტანე. 15 სექტემბერს მქონდა მეორე გამოფენაც, ოღონდ ეს სამკაულებს კი არა, ჩემი ბავშვობის ოცნებას, კალიგრაფიას უკავშირდება. დიდხანს მინდოდა მონაწილეობა კალიგრაფიის კონკურსში, კურსი გავიარე დავით მაისურაძესთან. ლიტერატურის მუზეუმში კალიგრაფიული ნამუშევრების გამოფენაზე და ასევე ფაბრიკაში, ერთი კვირით იყო გამოფენილი ჩემი ნამუშევარიც. მხატვარს ხომ გადააქვს თავისი ემოციები და აზრები ტილოზე, ჩემთვისაც ასეა, მთავარი სათქმელის გადმოცემა კალიგრაფიის საშუალებით მნიშვნელოვანია.

- როგორ ახერხებთ, რომ თქვენი ნივთები გამორჩეული იყოს?

- არ მომწონს იმის გაკეთება, რასაც ყველა აკეთებს და ამიტომ მუდმივად ახლის ძიებაში ვარ. ახლა ვაპირებ ტყავი და ქვები გავაერთიანო. ვნახოთ, რა გამოვა. იდეები მუშაობის პროცესში უფრო ჩნდება. შეიძლება რამე კონკრეტულისთვის წავიდე და ვიყიდო მასალა, მაგრამ მერე შევცვალო ფერიც, სტილიც. იშვიათად ხდება, რომ სამკაული ავაწყო, არ მომეწონოს და დავშალო. ამას წინათ მეგობარმა მთხოვა, საქართველოს რუკა თექაზე ბისერებით ამეწყო. პირველივე ნამუშევარი კარგი გამოვიდა. საკმაოდ შრომატევადი აღმოჩნდა, დიდი დრო დასჭირდა, მაგრამ ისეთ სიმშვიდეს მგვრის სამუშაო პროცესი, რომ არ ვიღლები. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან გვიან მიწევს სამკაულებზე მუშაობა, მაინც სასიამოვნოა. ოჯახის წევრებიც ხელს მიწყობენ. 2 შვილი მყავს, ქალ-ვაჟი. გოგონასაც ეხერხება ხატვა და ხელსაქმე. სულ მსაყვედურობს ხოლმე, სხვებისთვის უფრო ბევრ სამკაულს აკეთებ, ვიდრე ჩემთვისო. სხვათა შორის, მასთან ერთად გავაკეთე სარკე გამოფენისთვის; დეკუპაჟისთვის რაც მჭირდებოდა, ყველაფერი მან გამოჭრა და გამიმზადა.

396231179-250177618036696-3388422969794646034-n-1-1699860283.jpg

- პირად საუბარში ახსენეთ, რომ კაპელაშიც მღერით...

- დავით არჩვაძის პირველ საესტრადო კაპელაში ვმღერი. კასტინგი გამოაცხადა და მივედი. მუსიკისა და სიმღერის სიყვარული ოჯახიდან მომყვება - ბაბუა კარგად მღეროდა ხალხურ სიმღერებს, დედასაც უყვარდა, ბიძაც მღერის, ძმა გიტარაზე უკრავს და მღერის, მე კი შვიდწლედი დავამთავრე, ფორტეპიანოს მიმართულებით. საერთოდ, რაც სილამაზესა და ხელოვნებასთან ასოცირდება, ყველაფერი მომწონს და მაინტერესებს - საკუთარი სახლი მაქვს და ეზოს დეკორაციებსაც ვაკეთებ, ეს ჩემი კიდევ ერთი გატაცებაა. თვითონ ვუვლი ბაღს, ეზოსთვის ქვებისგან დავამზადე ყვავილების ქოთანი, ძალიან ლამაზი გამოვიდა. ბევრი მცენარე მაქვს და მინდა ყოველწლიურად შევმატო რაღაც ახალი. ვცდილობ, ჩემს სტუმრებს და რა თქმა უნდა, საკუთარ თავს ჰარმონიული, სასიამოვნო გარემო შევუქმნა.

ნინო ჯავახიშვილი