საფრანგეთში ქართველი ემიგრანტების ოჯახში დაბადებული ნინო ტარასაშვილის ემოციური ინტერვიუ - გზაპრესი

საფრანგეთში ქართველი ემიგრანტების ოჯახში დაბადებული ნინო ტარასაშვილის ემოციური ინტერვიუ

ნინო ტარასაშვილი საფრანგეთში დაბადებულ იმ თაობას ეკუთვნის, რომელთა მშობლები ემიგრაციაში წავიდნენ გასული საუკუნის 20-იანი წლების დასაწყისში. ქალბატონ ნინოს საქართველო ძალიან უყვარს და თვეობით ცხოვრობს აქ. რადგან ორმაგი მოქალაქეობა აქვს, შეზღუდვა არ ექმნება წასვლა-წამოსვლაზე. როცა დავუკავშირდი და ინტერვიუ ვთხოვე, უარი არ უთქვამს, ოღონდ ჩვენი შეხვედრა სამი კვირით გადაიდო, ვინაიდან პარიზში მიფრინავდა. ქალბატონი ნინო რედაქციაში გვესტუმრა მეუღლესთან, მიხეილ ბალავაძესთან ერთად. ამით ვისარგებლე და რამდენიმე შეკითხვით მასაც მივმართე.

ნინო:

- მამაჩემი სერგო მიყვებოდა, რომ ის იყო 6 წლისა, როცა მამამისმა მიხეილმა პირველად წაიყვანა ბაქოში. მიხეილი თავის ძმებთან ერთად კონიაკსა და ღვინოს აწარმოებდა და ხშირად ჩადიოდა აზერბაიჯანში. სერგოზე იმდენად დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ნავთობმოპოვებამ, რომ პატარა ბავშვმა მამას განუცხადა - ამ საქმის ინჟინერი უნდა გამოვიდეო... მამაჩემი სწავლობდა საფრანგეთის ნავთობის ინსტიტუტში. სწავლისა და ცხოვრებისთვის საჭირო თანხებით თავიდან ოჯახი ეხმარებოდა. მამა იხსენებდა, როგორ უგზავნიდა დედამისი ამანათს ჩურჩხელებით და თან წერილში სწერდა: წითელი ჩურჩხელები შენთვისაა, სხვები კი შენი მეგობრებისთვისო. ეს იყო მინიშნება, რომ წითელი ფერის ჩურჩხელებში ნიკოლოზის ოქროს ფული იყო დამალული. ნავთობმომპოვებელი ინჟინრის სპეციალობაზე ევროპაში სულ 6 სტუდენტი სწავლობდა, მათ შორის იყო სერგო. სწავლის დამთავრების შემდეგ მუშაობა ცნობილ ამერიკულ, როკფელერების კუთვნილ "სტანდარტ ოილ კომპანიში" დაიწყო. მისი ხელმძღვანელობით 1934 წელს საფრანგეთის ქალაქ ჰავრთან, პორტ ჟერომში ევროპაში პირველი ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის მშენებლობა წამოიწყეს, რომლის დასრულების შემდეგ ამ ქარხნის ტექნიკურ დირექტორად დანიშნეს.

ვიცი, რომ საბჭოთა კავშირმა მას სთხოვა ნავთობწარმოების დარგში დახმარება, მაგრამ მამაჩემმა თქვა: 20 წლისა აღარ ვარ, თორემ წავიდოდიო. სერგო, როგორც კახელს შეეფერება, დინჯი და სერიოზული კაცი იყო, ბევრს არ ლაპარაკობდა. მეგობრებისთვის თავდადებული, ქართველებს ყოველთვის ეხმარებოდა. ამის ერთ მაგალითს მოგიყვანთ: მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ გერმანელებთან, "ქართულ ლეგიონში" მომსახურე ქართველებს საბჭოთა კავშირში დეპორტაციის საფრთხე დაემუქრათ, რაც მათ სიკვდილს ნიშნავდა. სერგომ იმ დროისათვის ცნობილი ადვოკატი მეტრ ბუდანი დაიქირავა და მისი დახმარებით შეძლო სასიკვდილოდ განწირულთა გადარჩენა.

- დედა რა პროფესიის იყო?

- დედას პროფესია არ ჰქონდა, ძალიან ახალგაზრდა გათხოვდა. სერგო მასზე ასაკით უფროსი იყო. ჩემმა მშობლებმა პარიზში გაიცნეს ერთმანეთი, მამულაშვილების სახლში, სადაც ქართველი ახალგაზრდობა იკრიბებოდა. მამაჩემი მემარჯვენეების მხარეს, ქაქუცა ჩოლოყაშვილის ჯგუფთან მეგობრობდა და დედაჩემი თამარი მემარცხენე იყო. მისი მამა ვასო წულაძე დამოუკიდებელი საქართველოს მთავრობის წევრი გახლდათ. ამაზე ჩხუბობდნენ: როგორ მოიყვანა სერგომ ცოლად სოციალისტის ქალიშვილიო?! ქართველები ძალიან კონსერვატიული ხალხია. მამაჩემის გარდაცვალების (59 წლის ასაკში) მერე დედამ სიურრეალისტების სურათებიდან ერთ-ერთი გაყიდა და გალერეა "დარიალი" დააარსა. ბევრ მხატვარს იცნობდა, ისინი შემოიკრიბა და გამოფენებს აწყობდა. გალერეა გაიხსნა შესანიშნავი ჩინელი მხატვრის ნამუშევრებით, მერე იყო ვერა ფაღავა და ა.შ. დედამ მამაჩემის გარდაცვალების მერე 40 წელი იცოცხლა.

- ალბათ ოჯახში ხშირად საუბრობდნენ საქართველოზე და ენატრებოდათ.

- ყველაზე ხშირად ბებია-ბაბუა გვიყვებოდნენ ამბებს. ბებიაჩემმა "ვეფხისტყაოსანზე" გაგვზარდა. წერა-კითხვის არმცოდნე ქალმა ეს ნაწარმოები ზეპირად იცოდა და მთელი ბავშვობა "ვეფხისტყაოსანს" ვისმენდით. როცა დავიწყე ქართულად მისი წაკითხვა, გამიძნელდა და ბიძაჩემმა სერგი წულაძემ მითხრა (მან თარგმნა "ვეფხისტყაოსანი" ფრანგულად): ჯერ სიტყვასიტყვით წაიკითხე, მერე - მთელი ფრაზა და ბოლოს - რითმში, რომ მუსიკა გაიგოო. მამას სულ ენატრებოდა თავისი სამშობლო... 1958 წელს ბრიუსელში მსოფლიო გამოფენაზე, საბჭოთა კავშირის პავილიონი გაიხსნა. საქართველოს განყოფილების ერთ-ერთი წევრი იყო სერგოს უფროსი ძმის, გიორგის კარის მეზობელი და მეგობარი ლევან ყანჩაველი. მამა მთელი გამოფენის განმავლობაში, ყოველ შაბათ-კვირას დადიოდა ბრიუსელში, ძალიან გახარებული და ბედნიერი იყო ქართველებთან ურთიერთობით. რამდენჯერმე ჩვენც წაგვიყვანა. მე ძალიან მომეწონა საბჭოთა პავილიონი და იქ მყოფი ხალხი. საინტერესო იყო ჰოლანდიური პავილიონი, ამერიკულიც - იქ უზარმაზარ ნაყინებს მივირთმევდით.

დედაჩემი გადაიღო ოთარ იოსელიანმა თავის ფილმში „პეპლებზე ნადირობა“. საინტერესო ფილმია, დიდი გამოხმაურება ჰქონდა საფრანგეთში. მომწონს დედაჩემის ეპიზოდი, თავადაც მოსწონდა. დილაადრიან აკითხავდა მანქანა და როცა გადაღებებიდან ბრუნდებოდა, დავიღალეო, გვეტყოდა ხოლმე. ერთ დღესაც, ოთარი მოდის და დედას ეუბნება: საქართველო დამოუკიდებელი გახდა და ქალბატონო თამარ, არ გინდათ, ქართველი გახდეთო? დედამ გაკვირვებით შეხედა: ოთარ, თქვენ საბჭოელი ბრძანდებით და ქართველი ახლა გახდით, მე მთელი ცხოვრება ქართველი ვიყავიო. იოსელიანმა ვერაფერი უთხრა.

- თქვენს სახლში ქართული სუფრა ხშირად იშლებოდა?

- ყოველ კვირას. ჩვენ გვყავდა ერთი მზარეული და ერთი ნამცხვრების მცხობელი ქალი. ბავშვებს გვიყვარდა ქართული კერძები. დედაჩემმა საჭმლის მომზადება არ იცოდა. აი, ბებიაჩემს კი ეხერხებოდა კულინარია. იყო კიდევ ერთი ტრადიცია - აუცილებლად პარასკევ დღეს ჩვენთან, უფრო ბებიაჩემთან სტუმრად მოდიოდნენ ქართველი მენშევიკები. ამ დღეს არ აცდენდნენ ვიქტორ ხომერიკი და ვალია ჯიბლაძე. სხვათა შორის, ლევილში როცა ჩხუბობდნენ პოლიტიკურ საკითხებზე, ბაბუაჩემს მიადგებოდნენ ხოლმე: ვასო, გვიშველეო.

საქართველოში დიდი შთაბეჭდილება მივიღეთ პირველივე ჩამოსვლაზე, რადგან ყველგან ქართული ენა გვესმოდა. ამ დროს მთელი არსებით გრძნობ, რომ ეს მიწა გიზიდავს, რომ შენს მიწაზე დაიარები, ქართველი ხარ. მე ვფიქრობ, რომ დღეს ეს გრძნობა - ქართველობის, ძალიან ცოტა ადამიანს აქვს. სიმართლე რომ გითხრათ, აქაურ ქართველებს საბჭოელებს ვეძახი.

- თქვენ შესახებ მომიყევით.

- სკოლაში პარიზში ვსწავლობდი. 14 წლისა ვიყავი, როცა სწავლა გავაგრძელე ინგლისში. დედაჩემმა, რომელიც ტიპური გურული ქალი გახლდათ, აიჩემა, - ჩემმა ქალიშვილებმა ინგლისური უნდა იცოდნენო (ჩემი ტყუპისცალია ირინა და უმცროსი - ელისო). როცა ინგლისიდან დავბრუნდი, მივიღე საჭირო განათლება და ამერიკელი ბიზნესმენის (რუსი ებრაელი იყო) პირადი მდივანი გავხდი, რომელმაც ფაქტობრივად ააშენა ისრაელი სხვებთან ერთად. მასთან მუშაობის დროს გავიცანი დავიდ ბენ-გურიონი, გოლდა მეირი და ვინ აღარ. ასეთ ხალხში ვტრიალებდი. ეს იყო დიდი პრივილეგია ჩემთვის. პარიზის ოფისში ვმუშაობდი და 23 წლისა ვიღებდი ამ რანგის ადამიანებს. 21 წლამდე პასპორტში ქართველი მეწერა, მერე გავხდი ფრანგი, სხვანაირად იქ ვერ იმუშავებდი. დედაჩემის გალერეა ჩემს სახელზე იყო გაფორმებული. გერმანელი ქმარი მყავდა, მასთან ვიცხოვრე 37 წელი, ერთი ვაჟი და ერთი შვილიშვილი მყავს.

- ბატონო მიხეილ, როგორ და სად გაიცანით მომავალი მეუღლე?

მიხეილი:

- ჩემი ოჯახის წევრების ერთი ნაწილი საქართველოს გასაბჭოების შემდეგ საფრანგეთში აღმოჩნდა. აქ მცხოვრებ ბებიაჩემ სოფიო ნაკაშიძეს თავის დასთან, ნელისთან ჰქონდა მიწერ-მოწერა, რომლის მეუღლე სოსიკო (სიმონ) მდივანი იყო დიპლომატი, ეროვნული საბჭოს და დამფუძნებელი კრების წევრი. შეიძლება საინტერესო იყოს ის ფაქტი, რომ სოფიოს დედა პოეტ კოკი დადიანის და გახლდათ.

ნინო:

- მე და ჩემი და როცა პირველად ჩამოვედით საქართველოში, აქ ქეიფი გაგვიმართეს და სუფრასთან სულ დადიანები ისხდნენ. უნდა გენახათ, რა საოცრად მღეროდნენ. შემოვიდა ერთი სტუმარი, რომელიც კოლმეურნეობის თავმჯდომარე ყოფილა და თამადამ დალია სადღეგრძელო: აბა, გლეხებს გაუმარჯოსო! მე და ჩემი და ფეხზე ავდექით, დანარჩენები ისხდნენ. ძალიან სასაცილო სურათი იყო და ბევრი ვიცინეთ.

მიხეილი:

- მდივნები და წულაძეები ახლობლებიც იყვნენ. სოსიკო მდივნის უფროსი ქალიშვილი თამარ წულაძის ნათლია იყო. ერთ მშვენიერ დღეს შევიტყვეთ, რომ თამარის და სერგოს ოჯახიდან საქართველოში ჩამოდიან დები - ირინა და ნინო ტარასაშვილები და ჩვენც უნდა მივიღოთ მონაწილეობა მათ დახვედრაში. ისინი საქართველოში პირველად 1966 წელს ჩამოვიდნენ და ნინო მაშინ გავიცანი. მალე ლიძავაში აღმოვჩნდით ერთდროულად: მე ვიყავი მეგობრებთან ერთად და ესენიც იქ ისვენებდნენ. დები დაბრუნდნენ საფრანგეთში, შემდეგ ჩამოვიდა ელისო და ისიც გავიცანი. ამის მერე, დიდი ხნის მანძილზე, ნინოს და მე ერთმანეთი აღარ გვინახავს. ჩვენ ერთმანეთს შევხვდით 90-იანი წლების დასაწყისში, 25 წლის შემდეგ. მაშინ ნინოს თავისი ოჯახი ჰყავდა, მე - ჩემი (ორი ქალიშვილი და ორი შვილიშვილი მყავს). ისე მოხდა, რომ ჩემი მეუღლე ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა, ნინო - ქმარს გაეყარა. ჩვენი გზები ისევ გადაიკვეთა... ერთად ვართ 15 წელია.

tamar-culaze-kalishvilebtan-ertad-1-1699860962.jpg

- ქალბატონო ნინო, ბავშვობაში პარიზთან ახლოს ცხოვრობდით, კერძოდ, სად? ახლა სად ცხოვრობთ?

- პარიზიდან ზუსტად 18 კილომეტრშია მონმორანსი.

მიხეილი:

- წყნეთი და თბილისი რომ წარმოიდგინოთ, ამის მსგავსია. ძალიან ლამაზი ხედია, პირდაპირ ეიფელის კოშკი და პარიზი მოჩანს.

ნინო:

- მონმორანსი კურორტია. ჩვენ გვქონდა საკუთარი სამსართულიანი სახლი უზარმაზარი ბაღით. მამაჩემს ორი მებაღე ჰყავდა. მე სულ ბლის ხეზე ვიჯექი. ამჟამად ვცხოვრობთ ზღვისპირა ქალაქში - სამალო, ლამაზი და ჯანმრთელი ადგილია. ზღვა ძალიან მიყვარს, რადგან ბავშვობაში მამას ხშირად მივყავდით ზღვაზე დასასვენებლად.

- ბატონო მიხეილ, თქვენი მეუღლე ენერგიული და მკვირცხლი ქალბატონია. მის რა თვისებებს გამოარჩევთ კიდევ?

- ცხოველები უყვარს. წავკისში ვცხოვრობთ, სადაც 4 ქუჩის ძაღლი ავიყვანეთ და კიდევ 3 შემოგვეკედლა. ძალიან კარგი თვისება აქვს, ერთი წუთით არ წყვეტს კონტაქტს არავისთან: დებს ყოველდღე ესაუბრება, შვილს დღეში რამდენჯერმე ურეკავს, კლასელი ჰყავს თელ-ავივში და მუდმივად ეხმიანება. იქ ხომ დაძაბული ვითარებაა და ის ქალი ხშირად ბუნკერიდან ელაპარაკება. ნაცნობსა თუ მეგობრებს, ყველას ურეკავს, მოიკითხავს. როცა გერმანიაში ცხოვრობდა, საქართველოდან სამკურნალოდ ჩასულ პაციენტებს (ძირითადად ბავშვებს), პატრონობდა, საავადმყოფოებში აწყობდა, ყოველდღიურად აკითხავდა და ექიმებსაც კი აკონტროლებდა.

- თქვენ ფრანგული ენა იცით?

- არ ვიცი და ეს დიდი დანაშაულია. მინდოდა ინგლისური მცოდნოდა და ვისწავლე, მერე კარგა ხანს გერმანიაში ვცხოვრობდი და გერმანულიც შევისწავლე. ფრანგულად მხოლოდ ცალკეული ფრაზები ვიცი.

sergo-tarasashvilisa-da-tamar-culazis-korcili-copy-1699860951.jpg

- ქალბატონო ნინო, საქართველოში ვინ არიან თქვენი მეგობრები?

- რობიკო სტურუა, გოგი მესხიშვილი... გია ყანჩელი არაჩვეულებრივი, ნიჭიერი ადამიანი და მუშა კაცი იყო. მასთან ბელგიაშიც ვიყავი რამდენჯერმე. ახალ რამეს რომ დაწერდა, - მოდი, მოუსმინე და მოგწონს თუ არა, მითხარიო. გერმანიაში ორი კვირა ჩემთან ცხოვრობდა, მე წასული ვიყავი და ჩემი აფრიკული კატა "კაკი" დავუტოვე, რომელიც გიჟდებოდა გიაზე და მის მუსიკაზე. გენიალური რამ მითხრა გიამ: არავის თუ არ ვუყვარვარ, შენს კატას ხომ მაინც ვუყვარვარო...

მე და რობიკო ძალიან ხშირად ვწერთ ერთმანეთს. თუ რამე არ მომწონს, ვეუბნები და ბრაზობს. როცა საქართველოს მოქალაქეობა მინდოდა მიმეღო და ორი რეკომენდაცია მჭირდებოდა, რობიკომ და გიამ დამიწერეს.

- დაბოლოს, რა აზრისა ხართ საქართველოში არსებულ სიტუაციაზე?

- იცით, რა მაწუხებს ყველაზე მეტად? ქართველები ქართველებს არ აფასებენ, უცხოელს კი ფიანდაზებს უგებენ. უცხოელს, იდიოტიც რომ იყოს, შეიძლება მაინც შეუწყონ ხელი ყველაფერში და ეს არ მომწონს. პატივს ვცემ ჭკვიან ადამიანს, სულელი - გინდა ფრანგი იყოს, გინდა ქართველი თუ ჩინელი, არც მაინტერესებს. წარმოუდგენელია, როგორ ამცირებენ სალომე ზურაბიშვილს. ის ბავშვობიდანვე უნიჭიერესი იყო. პირველმა ისწავლა საფრანგეთში ჩინური ენა მოწაფეობის ასაკში. ამ ნიჭს მას ვერ წაართმევ. ისეთი ლანძღვა-გინება, რასაც დღეს აქ ვისმენ, არასოდეს გამიგონია. საოცარი, ოქროს დარი ქვეყანა გვაქვს და წესიერად არ ვუვლით. ეს არის ჩემი გულისტკივილი.

ნანული ზოტიკიშვილი