"ჩვენი მიზანია, კავკასია გათავისუფლდეს რუსული გავლენისგან" - გზაპრესი

"ჩვენი მიზანია, კავკასია გათავისუფლდეს რუსული გავლენისგან"

"ომი არ დამთავრებულა და არც შენელებულა, ომი გრძელდება! როგორც ყოველთვის ქართველების უმრავლესობა წინა ხაზზეა. სულ ახლახან ბატალიონმა "თბილისმა" კიდევ ერთი ძალიან მაგარი მებრძოლი დაკარგა", - ამბობს "კავკასიური ლეგიონის" მეთაური ლადო გამსახურდია. "ისეთი ხმაურიანი არაფერია, როგორიც ადამიანების სისხლით მორწყული მიწა. მიწას ყურს თუ დაუგდებ, გოდებისა და ხავილის გამაყრუებელი, ტანჯული ხმები ისმის და ბოლოს სიცილში გადააქვს, დაგცინის, ეშმაკივით დაგხარხარებს, რადგან იცის, ყველაზე ქედმაღალი, უფლებამოსილი, ძლიერი თუ მდიდარი ადამიანი მის წინაშე უძლურია. დაბადებიდან ყველანი პირღია სამარესთან ვსხედვართ, უბრალოდ არ ვიცით მიწა პირს როდის დახურავს. თუ ადამიანების ტკივილის გაგება და გაზიარება არ შეგიძლია, ვერც იმ ხმებს მოისმენ, რასაც მიწა გამოსცემს. დღეს ვომობ სწორედ იმიტომ, რომ შემიძლია სხვისი ტკივილის გულთან მიტანა და უსამართლობის დანახვა-გაზიარება. მიუხედავად გარემოებისა და ვითარებისა, ვიდრე თანაგრძნობა ცხოვრობს შენში, სასიხარულოა, ადამიანის სახეს ინარჩუნებ. დიდი ხანია წიგნის კითხვიდან ცხოვრების კითხვაზე გადავედი. უფრო საინტერესო წასაკითხი არაფერი მინახავს, როგორიც ეს ცხოვრებაა. პირღია სამარისთვისაც ბევრჯერ ჩამიხედავს ალმაცერად და შიშის მაგიერ შიგ სულში მიმიფურთხებია!" - ასე ხატავს საკუთარ განცდებს ქართველი მეომარი. ოთხი წლის იყო, როცა ის მშობლებთან ერთად გუდაუთიდან გამოიქცა. როგორც თავად იხსენებს, სახლ-კარი რუსებმა წაართვეს. მაშინ მტერს წინააღმდეგობა ვერ გაუწია, ახლა კი მეორე წელია, ოკუპანტებს უკრაინელებთან ერთად ებრძვის და ცხელ წერტილებში საპასუხისმგებლო დავალებებს ასრულებს. მისი მისია იარაღით ხელში ბრძოლით არ შემოიფარგლება, ჯერ კიდევ ომის დაწყებამდე შექმნა ორგანიზაცია, რომლის ერთ-ერთი მთავარი ფუნქცია კავკასიური ერების ისტორიული სამართლიანობისთვის ბრძოლაა. უფრო მეტს ამ ორგანიზაციისა და დღეს უკრაინაში არსებული მდგომარეობის შესახებ ლადო გამსახურდია თავად გვიამბობს.

397079136-628600992685056-861125838154832696-n-copy-1699861212.jpg

- ჩვენი ორგანიზაცია "მრგვალი მაგიდა თავისუფალი კავკასია" 2020 წელს დაარსდა. მხარს ვუჭერთ ჩრდილოკავკასიელების ბრძოლას - თავი დაიცვან რუსული ოკუპაციისგან. მიგვაჩნია, რომ რუსეთის ოკუპაციის ქვეშ მხოლოდ საქართველო კი არა, მთელი ჩრდილოეთი კავკასიაა. როგორც კი უკრაინაში ომი დაიწყო, მე და ჩემი ორგანიზაციის რამდენიმე წევრი ჩამოვედით და შევქმენით სამხედრო ორგანიზაცია - "კავკასიური ლეგიონი". რუსები ცრუობენ, როდესაც ამბობენ, რომ კავკასიელები მათ მხარეს იბრძვიან. ჩვენი მიზანი იყო, მსოფლიოს დაენახა, რომ ნამდვილი, თავისუფალი კავკასიელები უკრაინის მხარეს ვიბრძვით. ჩვენი ინიციატივა, რა თქმა უნდა, მოიწონეს ჩეჩნურმა ბატალიონის წარმომადგენლებმა, დაღესტნელებმა. ერთადაც ჩავატარეთ რამდენიმე სამხედრო ოპერაცია. ამის შემდეგ პოლიტიკური თანამშრომლობა გავაფორმეთ თურქეთში, ევროპულ ქვეყნებში, უკრაინაში დარეგისტრირებულ ჩეჩნურ ორგანიზაციებთან და შევკარით კავკასიური კავშირი, რომელიც თავისუფლებისა და კავკასიის კონფედერაციისთვის იბრძვის. აქ არის ჯოჰარ დუდაევის დროს დაარსებული ჩეჩნების საერთაშორისო კონგრესი, ასევე არიან ჩერქეზები, დაღესტნელები, აზერბაიჯანელები... ფაქტობრივად, მთელი კავკასია. ასევე ვთანამშრომლობთ ყველა იმ ერთან, ვისაც რუსეთიდან გამოყოფა სურს. გვაქვს საბჭო, ვურთიერთობთ უკრაინის "ვერხოვნი რადასთან" და ჩვენი წარმომადგენელი გვყავს ევროპარლამენტში, რომელიც ისეთ საკითხებზე მუშაობს, როგორიცაა ჩეჩენი და ჩერქეზი ხალხის გენოციდი. ჩეჩნეთის გენოციდი უკრაინამ უკვე აღიარა. მოლოდინი გვაქვს, რომ ჩეჩნეთის დამოუკიდებლობასაც აღიარებს. ჩვენ გვქონდა კონფერენცია, სადაც განვიხილეთ ჩერქეზი ერის დამოუკიდებლობის საკითხი. ამ კონფერენციას ესწრებოდნენ იაპონიისა და ევროკავშირის პარლამენტის წევრები, ამერიკელი და თურქი დიპლომატები. მე, როგორც კავკასიური კავშირის სამხედრო კომიტეტის ხელმძღვანელმა, მხარი დავუჭირე ჩერქეზების გენოციდის აღიარებას.

- რუსეთის სრულიად ჩამოშლას სკეპტიკურად უყურებენ დასავლელი ლიდერები. მათი თვალსაზრისით, რუსეთის დაშლას დემოგრაფიული და ეკონომიკური პრობლემები მოჰყვება. ამასთან, მოსალოდნელია კიდევ ერთი თავსატეხი - რუსეთის სხვადასხვა ტერიტორიაზე გაფანტული ბირთვული იარაღი. ანალიტიკოსების ვარაუდით, რუსეთის დაშლის შემთხვევაში ბირთვული იარაღი აღმოჩნდება რამდენიმე სხვადასხვა რუსული სუბიექტის ხელში, რომლებსაც დასავლეთის მიმართ არავითარი პასუხისმგებლობა არ ექნებათ. ქართველი ანალიტიკოსები იმის გამოც შიშობენ, რომ რუსეთის კონტროლიდან გამოსულ ქვეყნებს საქართველოს მიმართ პრეტენზიები გაუჩნდებათ.

- მეც მიფიქრია ამ საკითხზე. ჩვენ ისეთი რეგიონში ვართ, რომ ერთადერთი გამოსავალი დიდ მეზობლებს შორის ბალანსის მოძებნაა. არც ერთ იმპერიასთან მარტო დარჩენა არ გვაწყობს, ჩვენთვის თურქეთი და ირანიც ისეთივე სახიფათოა, როგორც რუსეთი. ასე რომ, რეგიონში არც ერთი დიდი აქტორის გაძლიერება არ შედის ჩვენს ინტერესში. ნახეთ, რა დღეშია დღეს რუსეთის იმედად მყოფი აფხაზეთი. რუსები უკვე საუბრობენ იმის შესახებ, რომ აფხაზებთან საზღვარი არ უნდა ჰქონდეთ. ეს ხომ აფხაზი ხალხის ასიმილირების დასაწყისია?! ჩვენი მიზანია, კავკასია გათავისუფლდეს რუსული გავლენისგან, კავკასიიდან უკრაინას დავუკავშირდეთ სახმელეთო გზით, რაც მოგვცემს ეკონომიკური სტაბილურობის შესაძლებლობას. რუსეთისგან დამოუკიდებლად უნდა განვავითაროთ პოლიტიკური, დიპლომატიური და სავაჭრო ურთიერთობები. უნდა დავამსხვრიოთ მითი იმის შესახებ, თითქოს კავკასიაში ტყიურები ვცხოვრობთ. ცოცხალი მაგალითი ვართ იმისა, რომ ჩვენ - ქართველები, ჩეჩნები, ინგუშები, დაღესტნელები და სხვა კავკასიელები ვსხდებით მრგვალი მაგიდის გარშემო და ბევრ მნიშვნელოვან, მათ შორის სამხედრო საკითხებზე ვმუშაობთ. სამხედრო დავალებებიც შეგვისრულებია ერთად და ყველაფერი კარგად გამოგვივიდა. მშვენივრად ვუგებთ ერთმანეთს. შესაბამისად, დარწმუნებული ვარ, თუ კავკასიის კონფედერაცია შეიქმნება, არ გაგვიჭირდება სამხედრო და ეკონომიკური საკითხების დალაგება. დასავლეთთან ერთად ყველაფერი კარგად გამოგვივა. ანალიტიკოსები ბევრ რამეს ამბობენ, მსოფლიო ლიდერებსაც ბევრი რამის ეშინიათ, მაგრამ ჩვენ შეგვიძლია რეგიონის უსაფრთხოება ჩვენს თავზე ავიღოთ. ქართველებმა ჯერ თავად უნდა მოვიპოვოთ ნამდვილი დამოუკიდებლობა, თავად უნდა შევძლოთ საკუთარი ქვეყნის გაკონტროლება და მხოლოდ ამის მერე ვიფიქროთ ნატოსა და სხვა კავშირებზე. მე არ მესმის, სხვაზე დამოკიდებულმა კაცმა როგორ უნდა დაალაგოს ურთიერთობები სხვა ადამიანებთან?! თუ საქართველოს ხელისუფლება გადაწყვეტს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას, "კავკასიის ლეგიონი" პირველი იქნება, ვინც მთავრობას გვერდში დაუდგება და ანტიტერორისტულ ოპერაციებში მიიღებს მონაწილეობას. ჩვენ მზად ვართ, წინა ხაზზე დავდგეთ და ჩვენი მისია მაღალ დონეზე შევასრულოთ

- ყველაფერი მაინც იმაზეა დამოკიდებული, როგორ დამთავრდება რუსეთ-უკრაინის ომი. უკრაინის გამარჯვება დასავლეთის, განსაკუთრებით ამერიკის დახმარებაზეა დამოკიდებული. რა შეიცვალა თქვენთვის მას შემდეგ, რაც რეგიონში კიდევ ერთი კონფლიქტი გაჩაღდა და ვაშინგტონმა ისრაელს გამოუცხადა მხარდაჭერა, სამხედრო დახმარებაც აღუთქვა?

- ჩვენთვის დიდად არაფერი შეცვლილა. ამერიკის პრეზიდენტმა საკმაოდ დამაიმედებელი განცხადებები გააკეთა. მან თქვა, რომ უკრაინულ არმიას მხარდაჭერა არ მოაკლდება. ეს მართლაც ასეა, ჩვენ ისევ გვაქვს დასავლეთის მხარდაჭერა, ისევ მოტივირებულები ვართ და არ გვაქვს უფლება, მოვდუნდეთ, საბრძოლო შემართება დავკარგოთ. მტერი ამას აუცილებლად გამოიყენებს.

lado4-copy-1699861225.jpg

- აქ კიდევ ერთი ფაქტორია, ისრაელი-პალესტინის ომის შემდეგ გახშირდა დაპირისპირება რელიგიურ ნიადაგზე. როგორია ამაზე თქვენი, ასევე ჩეჩენი და სხვა მუსლიმანი თანამებრძოლების პოზიცია?

- პალესტინასა და ისრაელს შორის ომი სულ იყო, უბრალოდ, ეს დაპირისპირება ახლა განსაკუთრებულად რთულ ფაზაში შევიდა. რაც შეეხება რელიგიურ დაპირისპირებას, პოლიტიკოსები ყოველთვის ცდილობენ თავიანთი ხალხის წაქეზებას და ამისთვის ყველა ხერხს, მათ შორის რელიგიასაც იყენებენ. ხომ ნახეთ, რა ქნეს "ჰამასის" ტერორისტებმა, მშვიდობიან მოსახლეობას დაესხნენ თავს და ამ ბარბაროსობას წმინდა ომი დაარქვეს! სინამდვილეში, კონფლიქტის მიზეზი ტერიტორიაა. თუმცა, ბრძოლასაც ხომ აქვს თავისი წესები?! სამწუხარო ის არის, რომ რუსების კალთაში გამოზრდილი ღაზის ტერორისტები ამ წესებს არად დაგიდევენ. რაც შეეხება ჩემს და ჩემი მუსლიმანი თანამებრძოლების მოსაზრებას: ჩვენ ვიცით, ვინ არის ჩვენი მტერი; თითოეულმა ჩვენგანმა იცის, რომ რელიგია ადამიანის სულიერი მდგომარეობაა, ამიტომ ერთმანეთს სულში ხელებს არ ვუფათურებთ და არც საკუთარ შეხედულებებს ვახვევთ თავზე.

- როგორ გგონიათ, კიდევ რამდენ ხანს გაგრძელდება ეს ომი და რამ შეიძლება გარდატეხა შეიტანოს ფრონტის ხაზზე?

- ფრონტის ხაზზე გარდატეხის მოხდენა მძლავრი იარაღის შემოტანას შეუძლია. რაც შეეხება ომს, ის იმდენ ხანს გაგრძელდება, რამდენიც საჭირო იქნება გამარჯვებისთვის. მესმის, ხალხს მოჰბეზრდა ეს ყველაფერი. მათ შეუძლიათ გამორთონ ტელევიზორები, ყურადღება არ მოგვაქციონ სოციალურ ქსელებში და დაისვენონ. უკრაინაშიც არიან ისეთი ადამიანები, რომლებიც ამბობენ, რომ მოჰბეზრდათ ამდენი ომი, მაგრამ მებრძოლებს ვერც ომი მოგვბეზრდება, ვერც დავიღლებით, ჩვენ უნდა ვიბრძოლოთ გამარჯვებამდე!

ხათუნა ბახტურიძე