თაკო ჩარკვიანი: "ჩემი მეუღლე თხემით ტერფამდე იდეალისტია, ერთმანეთს ამაშიც ვგავართ" - გზაპრესი

თაკო ჩარკვიანი: "ჩემი მეუღლე თხემით ტერფამდე იდეალისტია, ერთმანეთს ამაშიც ვგავართ"

პარლამენტარ თაკო ჩარკვიანს საქართველოში კარგად იცნობენ: ის ხშირად იქცევს საზოგადოების ყურადღებას, ყოველთვის მწვავედ აკრიტიკებს ოპონენტებს და მათ გადაწყვეტილებებს, რომელიც არ მოსწონს... ქალბატონი თაკო თავისი ცხოვრების გზაზე გვესაუბრება:

- საქართველოში ცნობილი პოეტის - ჯანსუღ ჩარკვიანის ოჯახში იზრდებოდით. როგორ გახსენდებათ თქვენი ბავშვობის წლები?

- ახლა რომ ვიხსენებ, მართლაც საინტერესო, ლამაზი ბავშვობა მქონდა, მიუხედავად იმისა, რომ ფუფუნებაში არასდროს გვიცხოვრია. ჩემი მშობლები ხელფასის ხალხი იყო: დედაჩემს პროფესორის ხელფასი ჰქონდა, ხოლო მამის ხელფასს, მისი წიგნის ჰონორარი ემატებოდა, რაც ზომიერი, მშვიდი ცხოვრებისთვის სავსებით საკმარისი იყო. ჩვენი თაობა პრეტენზიული ისედაც არ ყოფილა: ერთი ჯინსი, მაისური და კედები თუ გვქონდა, უკვე ბედნიერები ვიყავით. ამ განცდას ჩვენი ოჯახის ატმოსფეროც ემატებოდა: სახლში გამუდმებით იკრიბებოდნენ მამაჩემის და ჩემი ძმის მეგობრები. ხშირად იშლებოდა კარგი სუფრა, ზოგჯერ ყველზე და პურზეც გადავდიოდით, მაგრამ მაინც ბედნიერები ვიყავით.

- გათამამებული, ცელქი ბავშვი იყავით თუ პირიქით - მშვიდი და მოწესრიგებული?

- საკმაოდ ცელქი და მოუსვენარი ვიყავი, მაგრამ ყოველთვის კარგად ვსწავლობდი. ექვსი კლასი 61-ე სკოლაში დავხურე, შემდეგ კი მუსიკალურ სასწავლებელში გადავედი. ორივე ეტაპზე კარგად ვსწავლობდი და ორივე სკოლის მეგობრები დღემდე შემომრჩნენ, მათთან ერთად გატარებული წლები ძალიან კარგად მახსენდება.

- მუსიკოსობა როდის გადაწყვიტეთ?

- ყველაფერი უეცრად გადაწყდა: ჩვენთან სტუმრად მოვიდნენ კომპოზიტორი გურამ ბზვანელი და პიანისტი ჯემალ შანშიაშვილი. მომისმინეს და მამაჩემს უთხრეს, რომ კარგი მონაცემები მქონდა და მუსიკალურ ათწლედში უნდა ჩამებარებინა. საერთოდ, ჩარკვიანები და გელოვანები ყოველთვის კარგად მღეროდნენ. მამაჩემის დედას, პისტი გელოვანს ფანტასტიკური ხმა და სმენა ჰქონდა! მისი შესრულებული საოცარი "ურმული" ახლაც ყურში ჩამესმის. ტკბილად მახსენდება ჯაფარიძის ქუჩა, სადაც გამსახურდიებთან ახლოს ვცხოვრობდით. მამა და ზვიად გამსახურდია მეგობრები იყვნენ - ეს იყო მანამ, ვიდრე გამსახურდიები საცხოვრებლად სხვა სახლში გადავიდოდნენ. კორიდორის დასაწყისში ჩვენ, ჩარკვიანები ვცხოვრობდით, ბოლოში - გამსახურდიები. საღამოობით სუფრა რომ გაიშლებოდა, ისეთი სიმღერის და მოლხენის ხმა გადიოდა, უცხოს ეგონებოდა, რომ ძალიან მაგარი ქეიფი გვქონდა, მაგრამ ეს ჩვენი ყოველდღიურობა იყო - ჩვეულებრივი, რიგითი სუფრა, რომელიც ჩვენს ოჯახში ბევრჯერ გამართულა. მამას საოცარი სამეგობრო ჰყავდა: ამის დასტურად, მარტო ნოდარ დუმბაძის და კონსტანტინე გამსახურდიას დასახელებაც კმარა, რომლებიც მასზე უფროსები იყვნენ, მაგრამ მამაჩემის კურსზე იმდენი ლეგენდარული ადამიანი სწავლობდა, გაოცდებით: ტარიელ ჭანტურია, ოთარ ჭილაძე, თამაზ ჭილაძე, ზაურ ბოლქვაძე, ვახტანგ ჯავახაძე - აი, ასეთი სასწაული კურსი ჰქონდათ. მამაჩემის სამეგობრო რომ შეიკრიბებოდა, ერთ ნახვად ღირდა, მათი შეხვედრა კონცერტს უფრო ჰგავდა. სხვათა შორის, ჩემს ძმას, მამუკა ჩარკვიანს ერთხელ ჰკითხეს, სცენაზე ასე გვიან რატომ გამოხვედიო?.. ამაზე მეც მიფიქრია და ალბათ, ძირითადი მიზეზი ჩვენს ოჯახში არსებული სიტუაცია იყო - ისეთი აუდიტორია გვისმენდა, რომ მათი შექებაც გვაკმაყოფილებდა: ბიძინა კვერნაძე, ჯანსუღ კახიძე, რეზო მილორავა, რევაზ ლაღიძე, მედეა ძიძიგური და სხვები ჩვენთან ხშირად მოდიოდნენ და გვისმენდნენ. დიახ, ჩვენს ოჯახში პოეტებთან და მწერლებთან ერთად, ცნობილი მუსიკოსები და მომღერლებიც იკრიბებოდნენ. ჩემი ბავშვობა და ეს შეხვედრები დღესაც ლამაზი სიზმარივით მახსენდება! ამ გარემოს გავლენით, ჩემმა ძმამ სიმღერების წერა ძალიან ადრე დაიწყო. 15 წლის ასაკში, მამაჩემის ლექსის მიხედვით დაწერა "ჩამოთოვა ისევ", რომელიც მოგვიანებით ძალიან პოპულარული გახდა. მამუკა ადრეული ასაკიდან წერდა და არაჩვეულებრივად უკრავდა გიტარაზე. როცა წამოვიზარდე, მის სამეგობროს ჩემი სამეგობროც დაემატა და სტუდენტობის წლებიც არანაკლები გვქონდა. მამაჩემს ყოველთვის უნდოდა, რომ უნივერსიტეტში, ფილოლოგიურზე ჩამებარებინა, რადგან 14-15 წლიდან ვწერდი. ეს მე კატეგორიულად უარვყავი, რადგან მსურდა, ყველაფრისთვის ჩემით მიმეღწია. არ მინდოდა ვინმეს ეფიქრა, რომ მამა დამეხმარა და რაღაცას იოლად მივაღწიე. ამიტომ გადავწყვიტე, საბუთები კონსერვატორიაში შემეტანა და პირველ წელსვე ჩავაბარე. ეს ჩემი პირველი პროფესიაა. დამთავრებისთანავე ცოტა ხანს ოპერაში ვმუშაობდი, შემდეგ - ტელევიზიაში, მუსიკალურ რედაქციაში, სადაც წლები გავატარე.

irmaa-copy-1699861881.jpg

- პოლიტიკაში წასვლა რატომ გადაწყვიტეთ?

- ამის ერთადერთი მიზეზი ჩვენი სამშობლოს მდგომარეობაა! მაფიქრებს რუსეთ-საქართველოს ურთიერთობა და ოდესმე საქართველო რუსულ ორბიტას, რუსულ სივრცეს თუ დაუბრუნდება, ასეთ საქართველოში სოცოცხლე ნამდვილად არ მინდა! დღევანდელი ხელისუფლების მიმართ უნდობლობამ და პრეტენზიებმაც განაპირობა, რომ პოლიტიკაში წავედი...

- ზოგი ფიქრობს, რომ პოლიტიკა მუსიკოსების, პოეტების და ხელოვანების საქმე არ არის. ამ ხალხს რას უპასუხებდით?

- მე პირიქით მგონია: როდესაც ქვეყანა ოკუპირებულია, ხელოვანის ოჯახი არ შეიძლება მისი ბედის მიმართ გულგრილი იყოს. ამის გამო ჩვენ 90-იანი წლებიც ძალიან მტკივნეულად გადავიტანეთ: მამა ზვიად გამსახურდიასთან ახლოს იყო. მას ჩვენს სახლში, ჩვენს ტახტზეც კი უძინია. მამაჩემი ზვიადს თავდებში ორჯერ ჩაუდგა: 1977 წელს, როცა ის მწერალთა კავშირიდან გარიცხეს, ერთადერთი ადამიანი, ვინც ამ ბრძანებას ხელი არ მოაწერა, სწორედ ჯანსუღ ჩარკვიანი იყო; მეორედ 1989 წელს ჩაუდგა თავდებში, როცა ზვიადი დაიჭირეს. ძნელი წარმოსადგენია, მაგრამ ასეთი კარგი ურთიერთობა 90-იანებში აირია და ისინი სხვადასხვა მხარეს აღმოჩნდნენ. როგორ? - საბჭოთა უშიშროებამ კიდევ ერთხელ გამოიყენა პრინციპი "გათიშე და იბატონე" და ოჯახის წევრები, მეგობრები, ნათესავებიც კი ერთმანეთს დაუპირისპირა, ადამიანები ერთმანეთს წაჰკიდა! ცხადია, ამით საქართველომ წააგო და ამ უბოროტესმა იმპერიამ მოიგო. 1990-იანი წლები უმძიმესი იყო საქართველოს ისტორიაში, რომელსაც ყოველთვის დიდი გულისტკივილით გავიხსენებ.

- თქვენი, როგორც პოლიტიკოსის მთავარი მიზანი რა არის?

- მთავარია, ეს პატარა წალკოტი ევროპული ოჯახის წევრი გახდეს; აუცილებლად უნდა დავუბრუნდეთ ჩვენს ოჯახს, რადგან ქართველები ძირძველი ევროპელები ვართ. მამაჩემის ნატვრაც ხომ ეს იყო? - მან 1972 წელს დაწერა ცნობილი სიტყვები "თავისუფლება ისე არ მოდის, თავისუფლება ლომთა ხვედრია!" - იმ წლებში, როცა ამ სიტყვის ხსენებაც კი არ იყო, როცა თავისუფლების ფოთოლიც არ შრიალებდა. მისი ნატვრა გახლდათ, საქართველო თავისუფალი ყოფილიყო და თვალუწვდენელ, დიდ ოკეანეში გასულიყო. სწორედ ამას ეძღვნება კიდევ ერთი ლექსი - "თეთრი ხომალდი". დიახ, უნდა იჩქაროს ჩვენმა მშვენიერმა, "თეთრმა ხომალდმა", უნდა იჩქაროს და აუცილებლად უნდა გავიდეს ოკეანეში!

- როგორ ფიქრობთ, რთულია საქმიანი ქალისთვის სიყვარულის და ოჯახის შენარჩუნება?

- არაფერი რთული არ არის იქ, სადაც სიყვარულია. სიყვარული ყველაფერს თავის ადგილს მიუჩენს. მართალია, პირად საკითხებზე ხმამაღალi ლაპარაკი არ მიყვარს, მაგრამ ამას ყოველთვის ხმამაღლა ვამბობ. უკვე 30 წელია, გვერდით ისეთი ადამიანი მყავს, რომლის გარეშეც ერთი დღე ნუ მაცოცხლოს ღმერთმა! იქ, სადაც სიყვარულია, ადამიანები ერთმანეთზე ფიქრობენ, ზრუნავენ და ერთმანეთს მაქსიმალურად უწყობენ ხელს. ჩემი მეუღლე, ჯონი გიგანი თხემით ტერფამდე იდეალისტია და მზად არის, ამ ქვეყნისთვის ყველაფერი გააკეთოს - ჩვენ ამ საკითხშიც ვგავართ ერთმანეთს. არ მჯერა, როცა ამბობენ, დროთა განმავლობაში სიყვარული ნელდება და ქრებაო. პირიქით, წლებთან ერთად ღრმავდება და ძლიერდება. გამორიცხულია, ოჯახში უთანხმოება არ მოხდეს, მით უმეტეს, დასაწყისში, როცა ერთმანეთს ორი, სრულიად განსხვავებული ადამიანი ხვდება, მაგრამ ამ დროს მოთმინება აუცილებელია. ცხადია, "მოთმინებაში" მონობას კი არა, უფრო გონიერებას ვგულისხმობ. ელემენტარული, ყოფითი უსიამოვნების გამო ოჯახში არეულობა არ უნდა შეიტანო, მაგრამ როცა ამბობენ, "ქალია და უნდა მოითმინოს", ესეც არ მესმის - რატომ უნდა მოითმინო ღალატი ან როგორ შეიძლება ძლიერმა, თავდაჯერებულმა კაცმა ქალს შეურაცხყოფა მიაყენოს?..

da-dzmaa-copy-1699861872.jpg

- მოგვიყევით ორ ირმაზე, რომელსაც განსაკუთრებული როლი და ადგილი აქვს თქვენს ცხოვრებაში.

- უფროსი ირმა, ანუ დედაჩემი უკვე 88 წლისაა და საოცრად ფხიზელი, ცოცხალი გონება აქვს. ის თავგამოდებული პატრიოტია. ამ მომცრო ტანის, ფერმკრთალ ქალს ჩვენს ოჯახში ყოველთვის დიდი როლი ჰქონდა. მას შვილიშვილის აღზრდაშიც დიდი წვლილი აქვს შეტანილი. მართალია, შვილის აღზრდაში ყველა ეტაპზე ვიყავი ჩართული, მაგრამ დედაჩემს მაინც დიდი როლი აქვს, განსაკუთრებით, მის ინტელექტუალურ ჩამოყალიბებაში. ადამიანი რასაც ხედავს, როგორ ოჯახშიც იზრდება, ისეთი იზრდება და თუ ნიჭიერია, ყველაფერს შეიწოვს, შეითვისებს. მგონია, ჩემმა შვილმა ირმა გიგანმა, ჩვენგან ყველაფერი საუკეთესო ისწავლა და შეითვისა, დანარჩენი უკვე მისი საქმეა. ის ავსტრიაში სწავლობდა, იქვე დატოვეს და ძალიან წარმატებული მუსიკოსია. ახლახან საფრანგეთსა და ვენაში ორი სოლო კონცერტი ჰქონდა და ორივე წარმატებით ჩაატარა. სულ ვამბობ, რომ მის აღზრდას უკვე დიდი ხანია მოვრჩი, რაც ნამდვილი და ნაღდი იყო, ყველაფერი მივაწოდე, სხვა დანარჩენი უკვე ღვთის ნებაა. მის პირად ცხოვრებასა და არჩევანში არ ჩავერევი. როგორ შეიძლება რაღაც უკარნახო ადამიანს, რომელიც ასე უკრავს ბახს და ასე გრძნობს მუსიკას? შეიძლება რაღაც რჩევა მივცე, რადგან ჩვენ ღრმა ბავშვობიდან ვმეგობრობთ, მაგრამ ჩემი შვილის ცხოვრებაში ზედმეტად არასოდეს ჩავერევი...

ხათუნა ჩიგოგიძე