მსახიობის დიდი სისუსტე, მტკივნეული შეცდომა და სინანული - გზაპრესი

მსახიობის დიდი სისუსტე, მტკივნეული შეცდომა და სინანული

"გულის სიღრმეში ისეთი ადამიანებიც მეცოდებიან, რომელთა მიმართ სიბრალული არ უნდა მქონდეს. ყველაში ვპოულობ რაღაც ისეთ წერტილს, რასაც ვეჭიდები, რაც თანაგრძნობის განცდას მიჩენს და მერე იმ წერტილის გარშემო ვმოძრაობ", - ამბობს მსახიობი გიგი მიგრიაული. რა ესმის ყველაზე ხშირად საკუთარ თავზე, ვინ არიან ის ადამიანები, რომლებიც ყოველთვის კარგ ხასიათზე აყენებენ, რას საყვედურობს მეუღლე და რას ფიქრობს კასპერაზე (პერსონაჟი სერიალში "სიყვარულს მიღმა")? - ამ ყველაფერს მის მიერ დასრულებული წინადადებებიდან შეიტყობთ.

- დაბადების თარიღი...

- ...1987 წლის 1-ლი დეკემბერი.

- ჩემი სავიზიტო ბარათია...

- ...ხასიათი.

- შენი ხასიათი როგორია?

- პოზიტიური. როცა რაღაც ახალ საქმეს ვკიდებ ხელს, არაფრის მეშინია. ამას როგორც გამოწვევას, ისე ვიღებ და აზარტული ვხდები. ამ თვისების გამო ბევრი სხვადასხვა პროფესია შევიძინე.

- თავდაჯერებულიც ყოფილხარ.

- ზუსტად თქვი. შემიძლია 2 ტერმინის ცოდნით, ფიზიკაზეც კი ისეთი სერიოზული სახით ვილაპარაკო, ადამიანმა გაიფიქროს, ეს გოჩა დვალთან ერთად ატომს შლისო.

- ბავშვობაში მინდოდა გამოვსულიყავი...

- ...ექიმი. ხიფათიანი ბავშვი ვიყავი. აპენდიციტი გამისკდა. ექიმს, რომელიც ოპერაციას მიკეთებდა, თეთრი ხალათი ძალიან უხდებოდა. როგორც ჩანს, გადარჩენის ინსტინქტიც ჩამერთო და ვფიქრობდი, ექიმი გამოვალ და ჩემს თავს თავად ვუშველი-მეთქი. შემდეგ ინტერესი თანდათან შემეცვალა. რომ გავიგე, სკოლის შემდეგ, კიდევ 20 წელი უნდა მესწავლა, რათა ექიმი გამოვსულიყავი, ამ ამბავმა დიდად აღარ მომხიბლა და გადავიფიქრე.

- ჩემზე ამბობენ...

- ...ცოტათი ვერ არისო.

- როგორია შენი რეაქცია?

- ვეთანხმები. რომ დავფიქრდე, მართლა ვერ ვარ (იცინის). რამდენიმე დღის წინ თანამშრომელმა კეთილ ძაღლს შემადარა, შშმ პირებს რომ ეხმარება.

- ცხოვრებას თავიდან რომ ვიწყებდე...

- ...ზუსტად ისე ვიცხოვრებდი, როგორც ვიცხოვრე.

- ჩემი პირველი წარმატება იყო...

- ...თეატრალურ უნივერსიტეტში "უფასოზე" მოხვედრა.

- ჩემს წარმატებაში ყველაზე დიდი წვლილი...

- ...თავად მიმიძღვის. იღბლიანიც ვარ. თეატრალურში რომ ჩავაბარე, იკითხეს, მიგრიაული ვისი შვილიაო? ამ სფეროში ნათესავი და ახლობელი კი არა, ნაცნობიც არავინ მყოლია. იქ ჩემი ბავშვობის მეგობარ ვანო დუგლაძეს გავყევი და მერე ისე მოხდა, რომ მეც იქ მოვხვდი. ვანოს მამა, ნოდარ დუგლაძე იყო ერთადერთი მსახიობი, რომელიც ნანახი მყავდა.

- ბედნიერი ვარ, რომ...

- ...მყავს ორი შვილი, იდეალური ოჯახი.

- ყოველთვის მაქვს სურვილი...

- ...დავიძინო. რაც ბავშვები გაჩნდნენ, სულ ძილის სურვილი მაქვს და სანამ ოჯახს შევქმნიდი, ძილის გარდა ყველაფერი მინდოდა: გართობა, მოგზაურობა... ახლა სადაც კი საშუალება მომეცემა, ყველგან შემიძლია წავუძინო.

- თვისება, რომელიც ჩემში ყველაზე მეტად მომწონს...

- ...პასუხისმგებლობის გრძნობა მაქვს. შემიძლია რაღაც საქმისთვის შაბათი, კვირა გამოვიყენო, ბოლომდე მივიყვანო. ძალიან არ მიყვარს, როცა შენიშვნას მაძლევენ და ალბათ პასუხისმგებლობაც აქედან გამომიმუშავდა.

- თვისება, რომელიც არ მომწონს და ვცდილობ გამოვასწორო...

- ...თავის გამოჩენა მიყვარს. სადაც არავინ არაფერს მეკითხება, იქ საქმეს ჩემს თავზე ვიღებ. მერე კი ვნანობ, მაგრამ გვიანია. რომ იკითხავენ, ამას ვინ გააკეთებსო? ყველა რომ ჩუმად არის, მე გავაკეთებ-მეთქი, - წამოვიძახებ.

- საკუთარ შეცდომებზე ვისწავლე...

- ...ბევრი რამ.

- მაგალითად?

- ჯერ კარგად უნდა დაფიქრდე და სათქმელი მერე თქვა. პირველად ვცხოვრობ და მეპატიება. უამრავი შეცდომა მაქვს დაშვებული.

- მტკივნეულიც?

- ასეთიც. იყო ძალიან კარგი პროექტი, რომლიდანაც შემოთავაზება მივიღე, მთავარი როლი უნდა მეთამაშა, მაგრამ იმ დროს თეატრში ვიყავი და უარი ვთქვი, არადა, შემეძლო, დრო ისე გადამენაწილებინა, იქაც მეთამაშა.

- პატიება შემიძლია, თუ...

- ...ადამიანმა გულით მოინანია.

- თავად ხშირად ითხოვ პატიებას?

- კი, რადგან ბევრ შეცდომას ვუშვებ, ბოდიშის მოხდა არ "მიტყდება".

- როცა მომავალზე ვფიქრობ...

- ...მეშინია. ახლა 35 წლის ვარ და 20 დღის წინ, ხერხემალზე ოპერაცია გავიკეთე, ვერ დავდიოდი. ახლა ყველაფერი კარგადაა. სიბერის მეშინია. სულ იმის განცდა მაქვს, რომ რაღაც შეიძლება ვერ მოვასწრო.

- ვიბნევი...

- ...არ ვიბნევი, ძალიან "სმარტი" ვარ. ეს უნარი სხვადასხვა საქმის კეთებაში გამომიმუშავდა. გადაწყვეტილების მიღებაც სწრაფად შემიძლია, ტვინი ჩქარ-ჩქარა ფიქრობს.

- ვნანობ...

- ...რომ ბებიებსა და ბაბუებთან უფრო მეტი დრო არ გავატარე.

- ამ წუთში ძალიან მინდა ვიყო...

- ...სადმე თბილ ქვეყანაში ოჯახთან ერთად და არ მქონდეს ტელეფონი, იქაურობა ყველანაირად დაცული იყოს, ცალი თვალით ბავშვებს რომ არ ვუყურებდე. მინდა განვიტვირთო, ლუდი დავლიო. ოპერაციის გამო 20 დღე დალევა ჯერ კიდევ არ შემიძლია და ყველა ახლა მეპატიჟება, წამოდი, დავლიოთო.

- წონასწორობიდან ჩემი გამოყვანა შეუძლია...

- ...ადამიანს, რომელიც ნათქვამს ასჯერ მამეორებინებს, რადგან არ მისმენს, ყურადღება აქვს გაფანტული. ამ დროს ვგიჟდები.

- მეზარება...

- ...ტრენაჟორებზე სიარული. ცურვა ექიმმა გამომიწერა, ჩემით იქ დიდხანს ვერ მივიდოდი. სილამაზის სალონში ბოლოს 15 წლის წინ ვიყავი, თავს ჩემით ვიწესრიგებ.

- სიყვარული ეს...

- ...ის არის, რის გამოც დედამიწა ტრიალებს.

385830264-1265821134128043-5418290845007428794-n-copy-1699862179.jpg

- პირველად რომ შემიყვარდა...

- ...მუცელში პეპლები დაფრინავდნენ. ბევრი შეყვარებული მყავდა და მეგონა, ყველა მიყვარდა; მეგონა კი არა, ასეც იყო, არ მინდოდა ვინმესთვის გული დამეწყვიტა, ჩემი გული ბევრს იტევდა.

- მაკვირვებს...

- ...თანამედროვე ტექნოლოგიები და თან ძალიან მაშინებს. „კოვიდის“ დროს, კვების ერთ-ერთ ობიექტზე ადამიანებს რობოტი მასპინძლობდა. ასეთი მიღწევების მეშინია.

- ყოველთვის შეუძლიათ კარგ ხასიათზე დამაყენონ...

- ...ჩემმა შვილებმა. შინ როგორი დაღლილიც უნდა მივიდე, როგორ ხასიათზეც უნდა ვიყო, კართან რომ მოვარდებიან და დაიყვირებენ, "მამიკო!" მაგ დროს ყველანაირი დაღლილობა და ცუდი ემოცია მომენტალურად მეხსნება.

- ვრისკავ...

- ...ხშირად. ხან გამომდის, ხან - არა. სჯობს გარისკო, თუნდაც არ გამოვიდეს, ვიდრე არ გარისკო და მერე ეს მთელი ცხოვრება ინანო.

- ჩემი ყველაზე დიდი სისუსტე...

- ...ძალიან გულჩვილი ვარ.

- რატომ თვლი, რომ ეს სისუსტეა?

- ზოგჯერ ასეთი მიდგომა უკან ცუდად მიბრუნდება და ისევ მე მაზარალებს.

- როცა საჯაროდ მაქებენ...

- ...ძალიან მომწონს (იცინის). ზოგი ამბობს, უხერხულიაო, მე კი ვიჯგიმები და ქებას რომ ამთავრებენ, მერე ვკითხულობ, სულ ეგ იყო?

- მეშინია...

- ...ახლობლების დაკარგვის, სხვა არაფერი მაშინებს, ომამდე ტანკისტი ვიყავი.

36913828-1809421295811399-8873737303546134528-n-1699862168.jpg

- ხშირად მსაყვედურობენ...

- ...რომ დროს სწორად ვერ ვანაწილებ.

- ჩემს გარეგნობაში შევცვლიდი...

- ...ძვლების ნაცვლად რკინებს ჩავიმონტაჟებდი. გარეგნობაში არაფერს შევცვლიდი. მეუბნებიან, თმა გადაინერგეო. მივეჩვიე ამ ფორმას და არც მინდა, თავს კომფორტულად ვგრძნობ, თან ადვილი მოსავლელია. გადაცემებში სტუმრად რომ დავდივარ, შამპუნს მჩუქნიან, პროდიუსერებს კარგი იუმორი აქვთ.

- ვიტყუები...

- ...როცა საჭიროა. ვცდილობ ამის აუცილებლობა ხშირად არ დადგეს.

- დღემდე ვერაფრით გავბედე...

- ...მგონი, რაც მინდოდა, ყველაფერი გავბედე. ერთი პერიოდი გატაცებული ვიყავი ექსტრემალური სპორტით, ამიტომ ვიყავი ხშირად ექიმებთან. ეს ზედმეტი თავდაჯერებულობის ბრალიც იყო.

- თავისუფლება არის...

- ...შინაგანი მდგომარეობა, როცა შენს თავთან ხარ ჰარმონიაში. შენი თავისუფლება სხვისას არ უნდა ზღუდავდეს.

- ძალიან ბევრი ფული რომ მქონდეს...

- ...არც ერთი ბავშვი არ იოცნებებდა ისეთ რამეზე, რაზეც ახლა ოცნებობენ. ყველას ჯანმრთელობაზე ვიზრუნებდი, ისედაც სისხლის დონორი ვარ.

- როდესაც დაძაბული პერიოდი მაქვს...

- ...ბევრ ტკბილეულს ვჭამ, ამ დროს ტვინი უფრო კარგად მუშაობს.

- დარიგება, რომელიც არასდროს დამავიწყდება...

- ...ახმეტელის თეატრში სპექტაკლზე ვმუშაობდით. პარტნიორობას ნუგზარ ყურაშვილს ვუწევდი. რაც ამ ადამიანისგან რეპეტიციების დროს ვისწავლე, ალბათ ერთი უმაღლესი სასწავლებლის დამთავრების ტოლფასი იყო. ერთხელ მითხრა, მაყურებელი სპექტაკლზე რომ მოდის, ხომ იცის, შენ რომეო არ ხარ, ის ფულს იმაში იხდის, ნახოს, როგორ ითამაშებ რომეოსო.

- დაბოლოს, გეტყვით...

- ...იარეთ სისხლის დონაციაზე. დღეში 10-მა ადამიანმა სისხლი რომ ჩააბაროს, ლეიკემიით საქართველოში არც ერთი ბავშვი არ გარდაიცვლება. თავს გაუფრთხილდით, ჯანმრთელობა მატერიალურ მდგომარეობაზე მნიშვნელოვანია და ბოლოს, დიდი მადლობა თქვენ, ჩემით რომ დაინტერესდით და ეს ინტერვიუ წაიკითხეთ!

380423187-289752950482649-7966068380014528911-n-copy-1699862155.jpg

- გიგი, სერიალში "სიყვარულს მიღმა" შენი პერსონაჟის ცხოვრება მოულოდნელად ძალიან საინტერესოდ განვითარდა. დედის ხაზის შემოსვლამ, კასპერას როლი შენთვის მეტად საინტერესო გახადა?

- მეოთხე სეზონზე მუშაობა რომ დავიწყეთ, ყველანი შევიკრიბეთ, პერსონაჟების მომავალს განვიხილავდით. ჩემს პერსონაჟზე ვიკითხე, ისევ ასეთი უიღბლო შეყვარებული უნდა იყოს-მეთქი? არა, შენზე სხვა იდეა გვაქვს, აღმოჩნდება, რომ აყვანილი ხარო. ასე თანდათან შემოვიდა სერიალში ჩემი დედა. კასპერა უფრო საინტერესო გახდა, ის სულ განცდებშია. ძალიან ემოციური გახდა, გაიზარდა.

- მაყურებლის რეაქცია როგორია?

- ჩემმა მეგობარმა თამუნა მუსერიძემ სოციალურ ქსელში ჩემი ფოტო დადო და დაწერა: მიგრიკ, დედას ეძებ და ნუ გეშინია, მე გაპოვნინებო. მას ძალიან ბევრი გამომწერი ჰყავს. მთელი ღამე მწერდნენ: "შვილო, არ ინერვიულო", "სად დაიბადე ხომ არ იცი?" "შვილს მეც ვეძებ და შენ ხომ არ ხარ?" "რამდენი წლის ხარ?". მანამდე თუ იცინოდნენ, - შეყვარებულში კიდევ არ გაგიმართლაო? ახლა ჩემ მიმართ თანაგრძნობა გაუჩნდათ. მეც შევიფერე ეს ყველაფერი, აღარავის ვუხსნი, რომ ეს სერიალში ხდება, მე სხვა ცხოვრება მაქვს.

თამუნა კვინიკაძე