"საქართველოდან შემოდის ევროპის სინათლე და ჩვენ მას უნდა გავყვეთ..." - გზაპრესი

"საქართველოდან შემოდის ევროპის სინათლე და ჩვენ მას უნდა გავყვეთ..."

საქართველოსთვის ევროპული კანდიდატის სტატუსის რეკომენდაცია შეუმჩნეველი არ დარჩენიათ სამეზობლოში. ვალოდია აკობიანი, დამოუკიდებელი სომეხი ჟურნალისტი სამხრეთ კავკასიის რეგიონში განვითარებულ ბოლოდროინდელ მოვლენებზე, ასევე საქართველოს ევროპულ გზასა და ამის გავლენით, სომხეთის პერსპექტივაზე გვესაუბრა.

- ვულოცავ საქართველოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის რეკომენდაციას, ეს დიდი სტიმულია ჩვენთვისაც... ასაკით მე პატარა ვარ და არ მახსოვს საბჭოთა წლები, მაგრამ უფროსებისგან ვიცი, რომ საქართველო რეგიონში ყოველთვის ერთი ნაბიჯით წინ იყო დანარჩენ რესპუბლიკებთან შედარებით. ყველაფერი ახალი, ორი-სამი თვით ადრე შემოდიოდა საქართველოში და მერე ჩვენთანო... საბედნიეროდ, ქართველებსა და სომხებს ძალიან ახლო, მეგობრული ურთიერთობები გვქონდა და გვაქვს. თუ ჩვენი მეზობელი ქვეყანა განვითარებული, ევროპაზე ორიენტირებული იქნება, ჩვენთვისაც ეს სტიმულის მომცემია, რომ ღირს ბრძოლა, წინსვლა, წინააღმდეგობების გადალახვა. არც საქართველოს გაუვლია მარტივი გზა. ვიცი, თქვენს ქვეყანაშიც, თბილისსა და კიდევ რამდენიმე ქალაქში დიდი ხნის განმავლობაში იდგა რუსეთის ჯარი, მაგრამ გაიყვანეს, ანუ ეს შესაძლებელი ყოფილა. უფროსი თაობის სომეხი პოლიტოლოგები და ექსპერტები ხშირად საუბრობენ საქართველოზე, როგორც მაგალითზე: როგორ შეიძლება საზოგადოებას, მოსახლეობას აუხსნა ევროპული ღირებულებები, დასავლეთის სიკეთეები და ზოგადად, ცივილიზაციასთან ახლოს ყოფნა. სომხეთი ეკონომიკით მჭიდროდ არის დაკავშირებული რუსეთთან, თუმცა, პირველი ნაბიჯების გადადგმა მაინც ღირს და ვფიქრობ, ეს გარდაუვალია.

- ფიქრობთ, რომ რუსეთი მისცემს ამის უფლებას?

- ჩვენ უნდა მოვიპოვოთ ამის უფლება, ეტაპობრივად, ნაბიჯ-ნაბიჯ. მხარდამჭერი განცხადებები არსებობს. ვფიქრობ, დასავლეთიც დაინტერესებულია რეგიონში მშვიდობა იყოს, მშვიდობა კი რუსეთის აქ ყოფნით, გავლენებითა და სპეკულაციებით ვერასდროს მიიღწევა. მათ კი ნამდვილად აინტერესებთ სამხრეთ კავკასიის რეგიონი და ამისთვის ჩვენი მხარდაჭერაც სჭირდებათ.

ევროკავშირის კარის გახსნა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის პრობლემის მოგვარების იმედსაც ნიშნავს. ბოლოს და ბოლოს, ყველამ დაინახა რუსეთის რეალური სახე როგორც საქართველოში, ასევე უკრაინაში, ევროპაში, უკვე სომხეთში და მის მიერ ოკუპირებულ რეგიონებშიც.

ბოლო პერიოდში ვნახეთ, თუ რაზეა რუსეთი წამსვლელი საკუთარი ინტერესებისთვის. ყარაბაღის რეგიონში განვითარებული პროცესები ბოლო წერტილი აღმოჩნდა სომხეთისთვის და ვფიქრობ, მოსახლეობის გამოსაფხიზლებლად, რაც ძალიან კარგია. ყარაბაღიდან დევნილი სომხები დიდი წნეხია ქვეყნის ეკონომიკისთვის, მაგრამ გავუძლებთ. მათი ნაწილი საერთო საცხოვრებელში გადაანაწილეს, ნაწილს ბინები უქირავეს. ასევე, დაწყებულია საცხოვრებელი კომპლექსის აშენება. თუმცა, იქამდე არსებობა ხომ უნდათ და ოჯახში თითო ადამიანს 250 დოლარი დაურიგდათ, გარდა ამისა, ყოველთვიურად 150 დოლარს მიიღებენ. ხალხიც დაეხმარა, ჰუმანიტარული აქტივობები განახორციელეს - ტანსაცმელი და საჭირო ნივთები შეუგროვეს.

valodia2-1700422029.jpg

- ამ ფონზე ანტირუსული განწყობები გაძლიერდა?

- მანამდე გეტყვით პრორუსი ძალების გააქტიურებაზე - ყარაბაღის რეგიონის ხელისუფლება, რომელიც ჩვენ მიერ აღიარებულ პრორუსულ ძალას წარმოადგენდა, 2020 წლის შემდეგ განსაკუთრებით გააქტიურდა. არც ახლა ისვენებენ - აქციებს აწყობენ, პერიოდულად, ხალხის მობილიზებას ცდილობენ, რათა ხელისუფლების სათავეში მოვიდნენ. თუმცა, სომხეთის მოსახლეობის წყალობითა და დამსახურებით, რომლებმაც თავიანთი თვალით ნახეს, რას წარმოადგენს "რუსეთის მთავარი მოკავშირეობა", ჯერჯერობით ეს არ გამოსდით. პრორუსულ ძალებს ეგონათ, რომ ყარაბაღის დაკარგვით ხალხი აზვირთდებოდა, საპროტესტო ტალღა დაიწყებოდა და ხელისუფლებას დაამხობდნენ, მაგრამ ასე არ მოხდა. მოსახლეობას ეყო გონიერება და არ აჰყვა მათ პროვოკაციებს, რომელიც კარგად ჰქონდათ ორგანიზებული. ყველა ორგანიზაცია, დიპლომატიური სამსახური იქნება თუ ვითომ ჰუმანიტარული დანიშნულების უწყება, პრორუსული განწყობების გაძლიერებას ცდილობს. დასავლეთის, ევროპის "მინუსებზე" აპელირებენ, რუსულ-სომხური ძმობისა და მეგობრობის, ერთგულების მაგალითებზე აკეთებენ აქცენტს.

თავად ყარაბაღელებმაც იციან, რომ ახლა აზერბაიჯანელი სამართალდამცველების მიერ დაკავებული პრორუსი მილიარდელი, ადგილობრივი პრემიერ-მინისტრი რუბენ ვართანიანი კრემლის მითითებით მოქმედებდა. მისი ქმედებები ცნობილია სომხეთის მოსახლეობისთვისაც. ის არ არის პოლიტიკოსი, კრემლის მარიონეტია და კონკრეტული დავალებით ჩამოვიდა. თუმცა, ვფიქრობ, სამხედრო დამნაშავე არ არის. არ ვიცი, რატომ დააპატიმრა აზერბაიჯანულმა მხარემ, მასთან ერთად არის ყარაბაღის ყოფილი პრეზიდენტი არუთინიანი და კიდევ ერთი პირი სააკიანი. ადვოკატი ჰყავთ, ყველა მათგანს მძიმე ბრალდებები აქვს წარდგენილი. 20 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ, რაც ვფიქრობ, უფრო პოლიტიკური შურისძიებაა, მაგრამ მაინც მგონია, რომ ეს პირები ბაქოში პუტინთან სავაჭროდ სჭირდებათ. თავის მხრივ, პუტინი ამბობს, რომ ის მათი კაცი არ არის, სომხეთის მოქალაქეა და რუსეთი არაფერ შუაშია. არადა, ყველამ ვიცით, როგორ მოვიდა ის ყარაბაღის სათავეში. ეს არის რუსეთი, მათი პოლიტიკა, კრემლის სახე - სანამ გჭირდება, შენი მეგობარია, მოკავშირე, თუმცა, ყველაფერი დროებითია...

სომხეთში ხალხი წლების განმავლობაში, რუსეთის იქით ვერაფერს ხედავდა. შემოსავალი იქიდან ჰქონდათ, სამუშაოდ დადიოდნენ და ზოგს, არც ისე ცოტას, მეორე სამშობლოდაც კი მიაჩნდა. ზოგი დღემდე დარჩა ამ პოზიციაზე, ნაწილმა კი გაიაზრა, რომ რუსეთი მხოლოდ საარსებო მინიმუმს აძლევს, შვილებს კი ასწავლეს იქ, მაგრამ სხვამ რომ ევროპაში მისცა შვილს განათლება, ის უფრო წარმატებული აღმოჩნდა. ნახეს, როგორ ცხოვრობს ევროპულ გზაზე შემდგარი საქართველო კორუფციის გარეშე, თანამედროვე სტანდარტების ჯარით, პოლიციით.

თუმცა, მაინც არიან ისეთები, ვისაც მარგინალი მარგარიტა სიმონიანისა და სალავიოვის პროპაგანდის სჯერა. რუსეთს ჯერ კიდევ ჰყავს საყრდენი სომხეთში, რომელთაც ეხმარებიან ფინანსებით, იდეებით და ეს არ არის ხელწამოსაკრავი ძალა. მით უფრო, ახლა, როდესაც ყარაბაღიდან წამოსული 100 ათასამდე ადამიანის დაბინავებისა და დაპურების თემა აქტუალურია. მხოლოდ ჭერი ხომ არ არის, სამუშაოც სჭირდებათ, რათა იარსებონ. ეს იციან პრორუსულმა ძალებმა და ცდილობენ, სათავისოდ გამოიყენონ.

- ეხმარებიან?

- ეხმარებიან იმდენად, რამდენადაც ეს მათთვის ხელსაყრელია. ამავდროულად ცდილობენ, ფაშინიანის გარშემო პროტესტი გაძლიერდეს. თუმცა, როგორც გითხარით, 2020 წლის მოვლენები გარდამტეხი აღმოჩნდა.

როდესაც მარგარიტა სიმონიანი აცხადებს, რომ ფაშინიანი სომხეთს უნდა მოშორდეს, ის ხალხიც კი, ვისთვისაც ახლანდელი პრემიერის პოლიტიკა მიუღებელი იყო, ხვდება, რომ კრემლში მის მოშორებას ცდილობენ, რაც უკან, რუსეთში დაბრუნებას ნიშნავს და ეს უმეტესობას არ აწყობს, ამიტომ საპროტესტო აქციებზე გამოსვლისგან თავს იკავებენ. ვფიქრობ, ეს უკვე კარგია - რევოლუციით ხელისუფლების შეცვლის ალბათობაც კი გამოირიცხა. ეს არ ნიშნავს, რომ ხალხი ფაშინიანს უჭერს მხარს და მის პოლიტიკას ეთანხმება.

- პროდასავლურ პოლიტიკას, არა?

- დიახ, ამ ხელისუფლებას უამრავი შეცდომა აქვს, მაგრამ რაც მთავარია, პროდასავლურია. მან შეძლო დასავლეთთან საუბარი, რაც ბევრს არ შეუძლია.

რუსეთთან ხისტი ენით საუბრის მთავარი შემაფერხებელი სომხეთის ეკონომიკაა, რომელიც ჯერ კიდევ რუსეთის გავლენის ქვეშ არის, ახლა კი ეკონომიკის დაბლოკვა ქვეყანას უმძიმეს მდგომარეობაში ჩააგდებს, იმ ფონზე, როდესაც თურქეთისა და აზერბაიჯანის მხარეს საზღვარი ჩაკეტილია. მხოლოდ ირანისა და საქართველოს მხარეს გვაქვს მიმოსვლა. მორალურ მხარეს რომ თავი დავანებოთ, საქართველო ორმაგად საჭიროა ჩვენთვის, ლარსიდან გვაქვს რუსეთთან გზა და თუ რუსეთმა ის დაგვიკეტა ან გაზის მოწოდება შეგვიწყვიტა, როგორც ეს 2006 წელს საქართველოს შემთხვევაში გააკეთა, ჩვენ ცუდ დღეში აღმოვჩნდებით. ეს არის სამწუხარო რეალობა. თუმცა, იმედი გაქვს, რაიმე შეიცვლება.

- ვიცი, რომ ქალაქ გიუმრიში ცხოვრობთ. ყარაბაღის მოვლენების დროს, იქ არსებული რუსული ბაზის თემა ძალზე აქტუალური იყო. ახლა რა ხდება თქვენ გარშემო?

- გიუმრის ბაზის დახურვის საკითხი, სამწუხაროდ, ჯერჯერობით არ დგას. სომხური მხარე ირიბად ამბობს, მაგრამ დემონსტრაციულად ვერ ახერხებს იმის განცხადებას, რომ ერთ ქვეყანაში მეორე სახელმწიფოს ბაზა უფასოდ არ უნდა იყოს განთავსებული. როგორც უკვე ვთქვი, ეკონომიკურად და სამხედრო თვალსაზრისით, რუსეთს აქვს სომხეთში გავლენები. გარდა ამისა, ჩვენ ვიცით, რუსეთი მეგობრობს აზერბაიჯანის ხელისუფლებასთან და მარტივად შეუძლია სომხეთში კიდევ ერთი პროვოკაცია მოაწყოს, თუკი ამას საჭიროდ ჩათვლის, ისე, როგორც ეს 2020-22 წლებში გააკეთა. ვიცით, რომ რუსეთის შეიარაღებული ძალების ყოფნა ნებისმიერ ქვეყანაში სახიფათოა, მაგრამ ჯერჯერობით, მათი გაძევების ფონი არ არსებობს.

- ბაზაზე რუსი სამხედროების რაოდენობა შემცირებულია?

- არ ვიცი, რადგან ისინი ქალაქში თითქმის არ გამოდიან. არც ის ვიცი, რამდენი იყო იქ ხელშეკრულებით და ახლა რამდენი დარჩა... შესაძლოა, უკრაინის ომის ფონზე, რაღაც ნაწილი გავიდა, ისინი თავიანთი კედლების მიღმა არ გვახედებენ. ფაქტია, ყარაბაღის ომის შედეგად რეგიონში რუსი სამხედროების რაოდენობა კი არ შემცირდა, გაიზარდა - ისინი ახლა ყარაბაღში, აზერბაიჯანის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზეც რჩებიან. ამ მძიმე რეალობის ფონზე, ევროპის ხმა განსაკუთრებით მკაფიოდ ისმის ჩვენთან. როგორც უფროსი თაობა ამბობს, საქართველოდან შემოდის ევროპის სინათლე და ჩვენ მას უნდა გავყვეთ.

ლალი პაპასკირი