მიზანზე გადამსხვრეული უიმედობა - გზაპრესი

მიზანზე გადამსხვრეული უიმედობა

იქ ახლა მხოლოდ ოთხი მოსწავლე სწავლობს. მთავარი და გამორჩეული ამბავი ამ სკოლაში 12 წლის წინ მოხდა: პირველ კლასში შეიყვანეს გოგონა, რომლის წარმატების თავად მშობლებსაც კი არ სჯეროდათ. მხოლოდ ხავსზე უფრო სუსტ იმედს ეჭიდებოდნენ. პირველი მასწავლებელი სხვაგვარად დახვდა მარიამის სკოლაში მისვლას და ახლაც ამბობს: "ის პატარა გოგო მე ძალიან მიყვარს. ყოველთვის მის გვერდით ვიყავი, როცა სტკიოდა, როცა უხაროდა, როცა კალამი ხელიდან უვარდებოდა. როცა ბავშვებთან ვერ თამაშობდა და მე ვეთამაშებოდი. მისი ხელი მეჭირა ხელში და ასე დავდიოდით ტალახში, თოვლში, ქარში". ეს მასწავლებელი ახლა სულ თმაგათეთრებულია, მაგრამ ისევ დგას პატარა სკოლის კართან ყოველ დილით და ელოდება თავის ოთხ პატარას, გულში რომ ჩაიხუტოს, გაათბოს, გზა გაუკაფოს, ნათელი აჩვენოს, იმედები ჩაუსახოს...

რაც შეეხება იმ პატარა გოგონას, 12 წლის წინ დიდი, გაფართოებული მწვანე თვალებითა და კიკინებით შევიდა სკოლაში, უნდოდა და ყველა სტერეოტიპი გადაიმსხვრია ჯიუტ მიზანზე! ეს მიზანი კი იყო წინსვლა და არავითარ შემთხვევაში, გაჩერება! მის ემოციურ მონაწერს უცვლელად ვაქვეყნებთ:

387499531-242009705268427-7974180137462678960-n-1700422186.jpg

"საწოლზე გაუნძრევლად ვიწექი, ფანჯრიდან ბავშვების ხმა მესმოდა, თამაშობდნენ. საავადმყოფოსთან ახლოს სკვერი იყო, საიდანაც ბავშვების ჟრიამული უწყვეტად მესმოდა. ორი თვე და 11 დღე ვიწექი გაუნძრევლად. ძალიან პატარა ვიყავი, ხუთი წლის (შეიძლება არც კი) ერთი ზღაპარი ამოვიჩემე, რომელსაც დედა ყოველდღე მიკითხავდა. სახელი არ მახსოვს, შინაარსი - კი. ნაწარმოები ერთი პატარა, ცხოვრებისგან დაჩაგრული გოგოს ისტორია იყო, რომელმაც საიმედო ადამიანი იპოვა და ოცნებები აიხდინა. ისე ლამაზად ეწერა ყველაფერი, მხოლოდ ზღაპარში თუ წარმოვიდგენდი ამას. ძალიან მომწონდა, რადგან რაღაცით მგავდა. ხუთი წლის ასაკში უკვე ცხოვრებისგან ბევრგამოცდაგამოვლილი ვიყავი. ფეხზე რომ ავდექი, მალევე სკოლაში შევედი. ვამჩნევდი, როგორ ეშინოდა დედას ჩემი მოსწავლეობის. პატარა ვიყავი, მაგრამ ყველაფერს ვამჩნევდი. საბავშვო ბაღში არ მივლია, როგორც დედა მეუბნება, იმიტომ, რომ მაშინ ჩვენს სოფელში არ იყო საბავშვო ბაღი. თუმცა, მე ხომ ვიცი, რომც ყოფილიყო, მაინც ვერ ვივლიდი. სამი წლისას დამოუკიდებლად სიარული არ შემეძლო. ბავშვობიდან დღემდე ის არის ჩემი დიდი პრობლემა, რომ ყველაფერს ვიგებ. ბევრჯერ მიფიქრია, ნეტავ ვერ ვხვდებოდე-მეთქი.

სკოლაში რომ შევედი, მთელი რიგი დაბრკოლებები გადავლახე. ჩემი სკოლა პატარა ხის შენობა იყო, სულ სამი ოთახით. ზეპირად თუ არ იცოდი, ფეხი სად უნდა დაგებიჯებინა, შეიძლებოდა სარდაფში ჩავარდნილიყავი. ერთი პატარა წიგნების კარადა გვქონდა და ერთფანჯრიანი ოთახი. ეს იყო ჩემი სამყარო. ანბანი რომ ვისწავლე, დამარცვლით ვკითხულობდი წიგნების ყდაზე ავტორებსა და სათაურებს. ძალიან მინდოდა ხოლმე რვეულის ფურცელზეც ამომეწერა, მაგრამ არ შემეძლო წერა, ხელები მიკანკალებდა. ოცნებად გადამექცა ამ დიდი წიგნების წაკითხვა. მე არ ვთამაშობდი, არ შემეძლო თანატოლებთან ერთად გართობა. ერთხელ შევამჩნიე, როგორ გადგნენ განზე, როცა ვთხოვე, ჩემთან ეთამაშათ. ამის შემდეგ, იმ პატარა ოთახიდან აღარ გავსულვარ. პატარა ფანჯრის დაბურული მინიდან ვუყურებდი სილუეტებს, როგორ დასდევდნენ ბავშვები ბურთს ან ერთმანეთს. ყელში იმ ბურთზე დიდი ბურთი მეჩხირებოდა, მერე თვალები ცრემლით მევსებოდა, უცებ ჩავისუნთქავდი, თვალებს დავხუჭავდი და ღაწვებზე ჩამოღვენთილ ცრემლებს სწრაფად ვიწმენდდი, რომ არავის შეემჩნია.

სულ მესმოდა, რომ ჩემნაირი ბავშვები ვერასდროს აღწევენ მიზნებს. ერთადერთი, რის გამოც საკუთარი თავის მადლობელი ვარ, ის არის, რომ არ დავნებდი. ყოველთვის ვიცოდი, რომ ჩემი ხსნის გზა სწავლა იყო. ან სხვა რა უნდა გამეკეთებინა, მე ხომ მეგობრებიც არ მყავდა, მათთან რომ მეთამაშა. ვიჯექი და ვსწავლობდი. ჩემთვის ნათელი წერტილი მხოლოდ წიგნი იყო. არასოდეს არავინ აღიარებდა ჩემს შესაძლებლობებს, ყოველთვის ვიღაცის ჩრდილში ვიყავი. არც კი მქონია ამბიცია, რომ ვინმე დადებითად შეაფასებდა ჩემს შრომას. ეს იყო წარსული...

რამდენიმე დღის წინ ევროპიდან დავბრუნდი. იქ დადებითი ემოციებით ვიყავი დახუნძლული და წარსულზე ფიქრისთვის დრო არ მქონდა. ჩემს ოთახში რომ შევედი, სადღაც, საწოლის კუთხეში პატარა ნაწნავებიანი გოგო დამხვდა. თვალებჩაცვენილი, ნამტირალევი და შეშინებული. რომ დავინახე, თავიდან შემეშინდა, მერე მივხვდი, რომ ეს ის გოგო იყო, რამდენიმე თვის წინ, მეშვიდე ოპერაციას რომ გაურბოდა და სიცოცხლე აღარ უნდოდა. ნამდვილად ის გოგო იყო, საზოგადოებას რომ ემალებოდა, წარმატების რომ ეშინოდა, უმეგობროდ რომ ცხოვრობდა. ეს გოგო გაიზარდა და ახლა დაკარგულ ბავშვობას სხვა ბავშვებში ეძებს. მიუხედავად იმისა, რომ დიდია, ახლა თამაშობს ფეხბურთს, "დამალობანას", "დაჭერობანას". ყველაფერი რაზეც ოცნებას ვერ ბედავდა, დღეს რეალობად აქცია. შეუძლია "დიდი" წიგნების კითხვა, სამ ენაზე საუბარი, წერს, თანაც ძალიან კარგად, აღარ აშინებს საზოგადოებასთან ურთიერთობა. ჰყავს მეგობარი, რომელსაც ენდობა. მეგობარი, რომელთან ერთადაც შეუძლია უმიზეზოდ იცინოს ძალიან დიდხანს, გაათენოს ღამეები და უბრალოდ ბედნიერი იყოს. ჰყავს ადამიანი, რომელსაც საკუთარ თავზე მეტად ენდობა. ალბათ ერთადერთია, ვინც არასდროს მიატოვებს. ერთადერთი, ვისაც ყოველგვარი მოლოდინის გარეშე, წრფელი სიყვარულით უყვარს, ისეთი "ავადმყოფი", როგორიც არის. შეიძლება იმიტომ, რომ ასეთი დამოკიდებულება სხვებისგან არასდროს უგრძნია, ახლა ეს ადამიანიც კი საკმარისია მისი ცხოვრების გალამაზებისთვის.

ერთი კვირის წინ გამახსენდა ის ზღაპარი, დედა რომ მიკითხავდა. მივხვდი, რომ ის გოგონა ზღაპრიდან მე ვარ - პატარა პრინცესა, რომელიც ოცნებების ასახდენად იბრძვის. ვთვლი, რომ ყველანაირი ტკივილის გადატანა ღირდა, დღევანდელ დღემდე მოსასვლელად".

პ.ს. პოსტსკრიპტუმში წერილის ფინალში მოხსენებულ მეგობარზე არაფერს ვიტყვი. მხოლოდ იმ თეთრთმიანი ქალის შესახებ ვიკითხავ, არის თუ არა გმირი, ყველა ჯილდოსა და აღიარების ღირსი? ვფიქრობ, არის. ისე კი მჯერა, მას არასდროს არ ანთებია გული პატარა, უმწეო გოგონას ჯილდოებისთვის, ტაშისთვის. ახლა ეს ქალბატონი, ცისნარი შველიძე ისევ პატარა, ოღონდ კარგად მოვლილ-გარემონტებული ხიდრის ოპტიმიზებული სკოლის მასწავლებელია... ამ სკოლაში კი ყოველ დილით მიდის ოთხი პატარა, რომლებიც არიან ცისნარი მასწავლებლის დილის გათენების მიზანი!

როლანდ ხოჯანაშვილი