"შენ ხარ ვენახი"
"ოკუპანტებთან ბრძოლაში კიდევ ერთი გმირი ქართველი ახალგაზრდა, ირაკლი ქურციკიძე დაიღუპა. ის სიმტკიცის, პატრიოტიზმისა და სიმამაცის სიმბოლო იყო. მიმძიმს მასზე საუბარი, რადგან ირაკლი საუკეთესო გახლდათ საუკეთესოთა შორის. ის ჩემი იმედი იყო, ჩვენი იმედი და საქართველოს მომავალი იყო. პროფესიონალი მხოლოდ ცოდნას კი არ ნიშნავს, პირველ რიგში, ეს ახლის სწავლის უნარია. სწორედ ასეთი იყო ირაკლი. მიუხედავად იმისა, რომ სამხედრო აკადემია ჰქონდა დამთავრებული და საუკეთესო პროფესიონალი გახლდათ, ყოველივე ახალს სწავლობდა და საბრძოლო მოქმედებებისასაც იყენებდა, მე ამ ცოდნასა და გამოცდილებას საქართველოს გამარჯვებისთვის გამოვიყენებო, - ხშირად იმეორებდა ამას... 7 დაჭრილი გამოიყვანა ფრონტის ხაზიდან, ერთი მათგანი 2 კილომეტრი ზურგით ატარა და თან ღიღინებდა: "შენ ხარ ვენახი". არც კი ვიცი, როგორ დაგემშვიდობო ირაკლი, მხოლოდ ერთი ვიცი, რომ გმირები გვაძლიერებენ. დიდება საქართველოს! დიდება უკრაინას! დიდება გმირებს!" - ასეთი ემოციური სიტყვებით ემშვიდობება სოციალურ ქსელში თანამებრძოლი ლაშა შერგელაშვილი მეგობარს, რომელიც უკრაინის ომში დაიღუპა.
"განსაკუთრებით მნიშვნელოვან ღონისძიებებში მნიშვნელოვანი კადრები სჭირდებათ და მათ უშვებენ იქ. ყოველთვის მოწინავე იყო ირაკლი. ერთ-ერთ ბოლო ოპერაციაზე აფეთქდნენ ნაღმზე, დაჭრილები იყვნენ, მათ შორის ირაკლისაც ცხვირში მოხვდა ნამსხვრევი. დაჭრილები სათითაოდ დაიარა, ჭრილობები გადაუხვია და ყველას ამხნევებდა. ვინც უფრო მძიმედ იყო, ის საკაცეზე დააწვინა და 2 კილომეტრზე ათრია, სამშვიდობოს რომ გამოეყვანა. ეს ყველაფერი ჩემი თვალით მაქვს ნანახი", - ამბობს მისი თანამებრძოლი. მისი თქმით, გადაღებულია ის კადრებიც, სადაც ირაკლი ღიღინებს "შენ ხარ ვენახი". მეგობარი იხსენებს, - "როცა მას ვკითხე, რა გამღერებდაო? ასე მიპასუხა: აბა, რა მექნა, თავი ხომ უნდა გამემხნევებინაო".
მედიაში გავრცელდა დაჭრილი ირაკლი ქურციკიძის პატარა კომენტარი, რომელიც მან ამ ტრაგედიამდე რამდენიმე ხნით ადრე უკრაინულ მედიას მისცა. აფეთქების მომენტს ის ასე იხსენებს: "არაფერს ელი და უცბად წამში ხვდები, რომ მართლა აფეთქდი, მაგრამ იცი, სწრაფად გადაგიყვანენ... ექიმი მეუბნებოდა, ცოტა ხანს კიდევ იწექიო, მაგრამ არ მინდოდა წოლა და ავდექი".
თანამებრძოლებიც ამბობენ, დაჭრის მიუხედავად მაინც ბრძოლის ველზე გავიდაო. სამწუხაროდ, გასულ კვირას ახალგაზრდა ოფიცერი, 25 წლის ირაკლი ქურციკიძე ოკუპანტის ნასროლ ჭურვს შეეწირა.
მძიმეა უკრაინაში დაღუპულთა სტატისტიკა. 2022 წლის თებერვლიდან დღემდე, უკრაინის ომში 50-ზე მეტი ქართველი მოხალისეა დაღუპული.
ირაკლი რუსთავში ცხოვრობდა. მამა ადრე გარდაეცვალა და სახლში დედა ელოდებოდა. თითქოს გულმა უგრძნო და ერთი თვის წინ ჩამოვიდა ცოტა ხნით საქართველოში, დედასა და ნათესავებს მოესიყვარულა, მერე კი ისევ ბრძოლის ველს დაუბრუნდა. რას წარმოიდგენდა, რომ ბოლოჯერ ნახულობდა მონატრებული ოჯახის წევრებს და სამშობლოს, სადაც ახლა მის ჩამოსვენებას ელოდებიან.
ჩვენ ასევე დავუკავშირდით უკრაინაში მებრძოლ ქართველს, გოგა კახნიაშვილს, რომელმაც დიდი გულისტკივილით ისაუბრა მომხდარზე:
- ირაკლი ჩემი შვილის მეგობარი იყო, თანაკურსელი. ძალიან კარგი ახალგაზრდა და ახლა მიმძიმს მასზე წარსულში საუბარი. პირადად ვიცნობდი. როგორც შვილზე ღელავს ადამიანი, ისე ვღელავდი მასზე. სულ ვთხოვდი, ფრთხილად ყოფილიყო, მაგრამ აქ ომია და სამწუხაროდ, ასეთი მძიმე ამბები ხდება. ბოლოს ერთი კვირის წინ ვნახე ირაკლი, უწესიერესი ადამიანი. იშვიათად შეხვდებით ასეთ კარგ ახალგაზრდას. საქმის პროფესიონალს, გულანთებულ ქართველს. სამხედრო აკადემია საქართველოში დაამთავრა, გაmნაღმველი იყო და უკრაინაში რომ დაიწყო ომი, მაშინვე ჩამოვიდა. იბრძოდა ოკუპანტების წინააღმდეგ და გმირულად დაეცა ბრძოლის ველზე. სამწუხაროდ, დაოჯახებული არ იყო. ყველაფერი წინ ჰქონდა 25 წლის სიცოცხლით სავსე ბიჭს. ჰყავს ორი და და დედა, მამა გარდაცვლილია. წელიწად-ნახევარი იყო ბრძოლის ველზე. თითქოს გულმა უგრძნო, ერთი თვის წინ ჩავიდა საქართველოში, მოესიყვარულა დედას და ისევ დაბრუნდა. ძალიან განვიცდი მის ამბავს.
- რა ვითარებაში დაიღუპა?
- გაnნაღმველი იყო და გორლოვკის მიმართულებაზე ჯგუფთან ერთად შევიდა, გამოსვლის დროს დაბომბვაში მოყვა და დაიღუპა. ამ ტრაგედიამდეც რამდენიმე დღით ადრე დაიჭრა, მაგრამ მაინც წავიდა ბრძოლის წინა ხაზზე. ძალიან უშიშარი ბიჭი იყო, ყველგან პირველი მიდიოდა, არასდროს არაფერზე იხევდა უკან. სამხედრო აკადემია დაამთავრა, ოფიცერი გახლდათ... სამწუხაროდ, უკვე მერამდენე ქართველი ვაჟკაცი დავკარგეთ. ახლა ირაკლიც, ძალიან წესიერი ადამიანი შეემატა დაღუპულ გმირებს. ისეთ ამბებს ჰყვებიან მისი თანამებრძოლები, ვერ წარმოიდგენთ. ყველა ტირის და განიცდის. ბევრ ოპერაციაში აქვს მონაწილეობა მიღებული, ყველგან წარმატებით გამოდიოდა, მაგრამ სამწუხაროდ, ბოლოს არ გაუმართლა და ეს ტრაგედია დატრიალდა. ორი და ჰყავს. ერთ-ერთი გერმანიაშია და მე ვუთხარი მას ეს სამწუხარო ამბავი. ძალიან მძიმე იყო ჩემთვის ეს მისიაც. რუსთავშიც მის სიძეს დავუკავშირდი. ძალიან განვიცდი. თვითონ არ იყო აქტიური სოციალურ ქსელში, ერიდებოდა, მაგრამ ვინც მას პირადად იცნობდა, დამეთანხმება, რომ უკარგესი ადამიანი დავკარგეთ. ეს დიდი დანაკლისია ჩვენი ქვეყნისთვის.
ახლა პროცედურების გავლას ველოდებით, ექსპერტიზა ჩაუტარდება. საკონსულოს პირადად დავუკავშირდი და გვერდით დამიდგნენ. როგორც სხვა ჩვენი დაღუპული თანამებრძოლები გავაცილეთ სამშობლოში, ასევე გავაცილებთ ჩვენს ირაკლის. მისი ცხედარი დასვენებული იქნება კიევში, ტაძარში და დიდი გულისტკივილით გამოვემშვიდობებით...
სადაც ეს შეტაკება მოხდა, იქ უკრაინელ ბიჭებთან ერთად იყო, 2 უკრაინელი განნაღმველი ახლდა, ისინი დაიჭრნენ და ირაკლიმ გამოიყვანა. კიდევ სხვა ჯგუფებიც იყო. ბიჭები ამბობენ, იმ დღეს სულ 7 ადამიანი გამოიყვანაო. მერე ისევ შებრუნდა, დაბომბვაში მოყვა, გამოსვლის დროს "სნარიადის" ნამსხვრევი ყურთან მოხვდა. ძალიან მძიმე სიტუაცია იყო, მაგრამ ბიჭებმა არ დატოვეს ცხედარი. დღე-ნახევარი დასჭირდათ, რომ გამოეყვანათ. ტრანსპორტით ვერ შევიდნენ და თანამებრძოლებს მოუწიათ ხელით ეტარებინათ დიდ მანძილზე. ახლა პროზექტურაშია და მალე სამშობლოში დავაბრუნებთ...
თითქოს გული უგრძნობდა, ბოლო დროს სულ გმირობაზე საუბრობდა. ვუთხარი, - შვილო, გმირები გარდაცვლილები არიან-მეთქი. ბოლო დროს ისეთ კითხვებს მისვამდა, მიკვირდა. იმასაც მეუბნებოდა, ამ ტემპით ვეღარ გავქაჩავ, მაქსიმუმ ერთი წელიო. ნეტავ მისნაირი წესიერი იყოს ყველას შვილი. გამარჯვების იმედს გვინერგავდა. ეგონა, გამარჯვებული დაბრუნდებოდა თავის სამშობლოში, მაგრამ სამწუხაროდ, ცოცხალი ვერ დაბრუნდება...
ისეთი ბიჭი იყო, ჭკუის დარიგება არ სჭირდებოდა. თავისი პრინციპები ჰქონდა. ომის დაწყების შემდეგ როცა უკრაინაში პირველად ჩამოვიდა, ბანკის ვალი აიღო თურმე და ასე მოახერხა საომრად ჩამოსვლა. ფიქრობდა, რომ უკრაინელების გვერდით უნდა ეომა და ასე საკუთარ ქვეყანასაც დაეხმარებოდა. რამდენიმე თვე არც ხელფასი ჰქონდა, არც არაფერი, მაგრამ ამაზე საერთოდ არ ფიქრობდა... მიმძიმს მასზე წარსულში ლაპარაკი...
მართლა მძიმე დღეები მიდგას... ჩემი მეგობარი იყო თამაზ გინტური, რომელიც სალოცავზე ასული, ოკუპანტის ტყვიას შეეწირა, ახლა კი ამას ირაკლის დაღუპვა დაემატა. წინ მიდევს მისი კომპიუტერი და მის გადაღებულ ვიდეოებს ვათვალიერებ. პირადი ნივთები ჩემთან არის. ის, რაც თან ჰქონდა, სამხედრო ფარანი და სხვა სამხედრო ნივთები თანამებრძოლებმა გამომიგზავნეს. სადაც ბინა ჰქონდა ნაქირავები, იქიდანაც წამოვიღეთ ყველაფერი და ოჯახს გადავცემთ. კამერა ჰქონდა და ბევრი საინტერესო კადრი აქვს აღბეჭდილი. სულ სამხედრო ლიტერატურას ეცნობოდა, ეს გახლდათ მისი საყვარელი საქმე. ძალიან დასანანია მისი დაღუპვა. დიდება გმირებს!
P.S. ჟურნალის "გზა" რედაქცია სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილი გმირის ოჯახს, მის თანამებრძოლებს და სრულიად საქართველოს!
თეა ხურცილავა