"ეს ცოლ-ქმარი იმ დროისთვის მეტად იშვიათი ხილის - ქალთა უფლებების დამცველებადაც კი გვევლინებიან" - გზაპრესი

"ეს ცოლ-ქმარი იმ დროისთვის მეტად იშვიათი ხილის - ქალთა უფლებების დამცველებადაც კი გვევლინებიან"

"ბუხრის ცეცხლი, მუშა ხალხის ქომაგი და ჟანდარმების გამბრაზებელი", - ასე იხსენებს იოსებ გრიშაშვილი თავის მეგობარს გიორგი ჯაბაურს, რომლის შესახებაც დღევანდელმა ქართველმა საზოგადოებამ ცოტა რამ თუ იცის. არადა, ის მე-19 საუკუნის საქართველოში ცნობილი და დიდად პატივსაცემი კაცი ყოფილა. გასული საუკუნის მეორე ნახევარში, თბილისში, სვანეთის უბანში დაბადებულა ნიკოლოზ (ნინია) ჯაბაურის ოჯახში. სხვათა შორის, სვანეთის უბნის ამ კოხტა ქუჩას ახლა სწორედ მისი სახელი ჰქვია. გამორჩეულად სიმპათიური, კოლორიტული და თავისი დროის ქართველი საზოგადოების სული და გული ყოფილა. პოეტ იოსებ გრიშაშვილს მისთვის ორი ლექსი აქვს მიძღვნილი და ორივე იძებნება გრიშაშვილის კრებულებში. გიორგი ჯაბაურის პირადი საარქივო ფონდი დაცულია ხელოვნების სასახლის ხელნაწერთა ეროვნულ ფონდში, სადაც ძალიან საინტერესო საბუთები, ავტობიოგრაფიული ჩანაწერები, მისალოცი ბარათები და აფიშებია. ფონდში არსებული შემოქმედებითი საღამოს პროგრამებიდან ირკვევა, რომ მის საღამოებს უმთავრესად შალვა დადიანი ხსნიდა. ასევე, მისი შემოქმედებითი საღამოს პრეზიდიუმში სხვა საზოგადო მოღვაწეებთან და მწერლებთან ერთად, ხშირად იყვნენ გიორგი ლეონიძე და იოსებ გრიშაშვილი. იმის შესახებ, თუ რა დამსახურებები აქვს გიორგი ჯაბაურს ქართველი ხალხის წინაშე და რით იყო გამორჩეული, მისი შვილთაშვილი ანა ჯაბაური გვიამბობს.

- ულვაშებდაწკეპილი, სიმპათიური ყმაწვილი იყო ჩემი დიდი პაპა - გიორგი ჯაბაური. თურმე, სრულიად ახალგაზრდა, ქარიზმატული, ჭკვიანი, მაგრამ არაპრივილეგირებული ფენის წარმომადგენელთათვის მეტად არასახარბიელო ეპოქაში დაბადებული, თვითგანათლებას მისძალებია (გარდა ერთ-ერთი სასწავლებლის დამთავრებისა) და როგორც ჩანს, წარმატებულადაც, რადგან ძალიან მალე, მისივე მსგავს - უცენზო და ხელმოკლე ახალგაზრდებში განათლების შეტანა დაუსახავს მიზნად. როგორც ჩანს, არც ინტუიცია ჰქონდა ურიგო, რადგანაც ჯერ კიდევ გამოუცდელს, საკმაოდ პროგრესული გზები გამოუნახავს მიზნის მისაღწევად: სახალხო თეატრის შექმნა და წერა-კითხვის გამავრცელებლის ფუნქციის საკუთარ თავზე აღება საქართველოს ერთ-ერთ რეგიონში, კერძოდ კი, ქართლში. არ დაგავიწყდეთ, ეს ის ეპოქაა, როდესაც ქუჩის წარმოდგენებიდან თეატრის აკადემიურ სივრცეში გადანაცვლების ერთადერთი მცდელობა 1850 წელს, ქართველთა მიერ "ყველაზე წესიერ რუსად" წოდებული ვორონცოვის მხრიდან, მისი გარდაცვალებიდან ძალიან მალე, თეატრის დახურვით დამთავრდა. სწორედ ასეთ დროს მიიღო გაბედული გადაწყვეტილება ახალგაზრდა გიორგიმ სხვა ქართველ მოღვაწეთა ჯგუფთან ერთად, რომ ქართულ თეატრს არსებობა არ შეეწყვიტა და გარდა ამისა, მომსახურებოდა უბრალო ხალხის განათლებასა და ხელოვნებისადმი ყურადღების მიპყრობას. ალბათ, მისი გონიერების, გაბედულების, გარეგნული თუ შინაგანი ქარიზმის დამსახურებაა, რომ კუდაბზიკა აზნაურებმა უარი ვერ უთხრეს ერთადერთი, განებივრებული ქალიშვილის - ეკატერინე იოსელიანის მითხოვებაზე, რომელსაც კეთილშობილ ქალთა რუსული გიმნაზია ახალი დამთავრებული ჰქონდა და რომელიც თავადაც საკმაოდ პროგრესულად მოაზროვნე ყოფილა, რადგან მეუღლესთან ერთად მაშინვე ჩაბმულა თეატრის მოღვაწეობასა და წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მუშაობაში. თურმე ერთად დადიოდნენ ქართლის სოფლებში გლეხთათვის წერა-კითხვის სასწავლებლად, ხოლო უკან დაბრუნებულნი, სხვა მოწინავე ახალგაზრდებთან ერთად, მუშათა კლასის წარმომადგენელთა ჩაბმას ცდილობდნენ თეატრის საგანმანათლებლო-შემოქმედებით მუშაობაში - დგამდნენ ცნობილ ავტორთა ნამუშევრებს; პიესებს ქმნიდნენ თავადაც, სპექტაკლებში მონაწილეობდნენ როგორც მსახიობები, თავად იყვნენ რეჟისორებიც და მუშათა შორის ბილეთებსაც სრულიად უფასოდ, თავად არიგებდნენ.

abauri5-copy-1700422726.jpg

- როგორ მოახერხა გიორგი ჯაბაურმა ქართული თეატრის შენარჩუნება?

- დააარსა პირველი სახალხო თეატრი - "ავჭალის აუდიტორია", შემდგომ კი ნაძალადევის სახალხო თეატრი, რომელიც მოგვიანებით, მარჯანიშვილის თეატრის ერთ-ერთ ბაზადაც იქცა. ხოლო მისი მეუღლე ეკატერინე იოსელიანი-ჯაბაურისა "ავჭალის აუდიტორიის" პირველი სცენისმოყვარე მსახიობი ქალი გახლდათ. მოგვიანებით, გიორგი ხშირად ატარებდა ლიტერატურულ საღამოს, კითხულობდა ლექციებს თეატრის ისტორიის შესახებ.

- როგორც ვიცი, წიგნებიც აქვს გამოცემული.

- დიახ, სამი წიგნი გამოსცა - 1906 და 1920 წლებში ლექსთა კრებული, ხოლო 1956 წელს - "მოგონებანი". სამივე წიგნი სახელმწიფო საჯარო ბიბლიოთეკაშიც ინახება. გაგიკვირდებათ და, ჩვენი ცოლ-ქმარი იმ დროისთვის მეტად იშვიათი ხილის - ქალთა უფლებების დამცველებადაც კი გვევლინებიან. ინტერნეტში (და საჯარო ბიბლიოთეკაშიც) იძებნება წიგნი "ქალები და ქალთა საკითხი საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში 1918-1921", რომელშიც ერთ-ერთ თანაავტორად სწორედ გიორგი ჯაბაურია შესული, ხოლო მისი მეუღლე ეკატერინე მე-20 საუკუნის დასაწყისში ჩამოყალიბებული ქალთა საზოგადოების აქტიური წევრი ყოფილა და ასე განსაჯეთ, მეფისნაცვალთან აუდიენციისთვისაც კი მიუღწევია, მოწინავე ქალთა ჯგუფთან ერთად, ქალთა საკითხებთან დაკავშირებით. გიორგის ღვაწლი არც ახლად მოსულ ქართულ ეროვნულ მთავრობას გამორჩენია თვალთახედვის არიდან და 1918 წელს გორის სამაზროს კულტურის განყოფილების უფროსადაც დაუნიშნავთ. კულტურის განყოფილება ბოლშევიკების შემოჭრამდე ფუნქციონირებდა. ამის შემდეგ განვითარებული ტრაგიკული მოვლენების შესახებ ყველას კარგად მოგვეხსენება. არც ამ დროს დაუკარგავს ამ საოცარ ცოლ-ქმარს მაღალი მოქალაქეობრივი თვითშეგნება და სიმამაცე, პოლიტიკური დევნილების შეფარებაც არაერთხელ გაუბედავთ, რაც მათი შუათანა ულამაზესი ვაჟკაცის, სრულიად ახალგაზრდა ინჟინრის - არჩილ ჯაბაურის ციმბირში სამუდამო გადასახლებით აზღვევინეს ბოლშევიკებმა. არჩილმა მხოლოდ ოცი წლის შემდეგ შეძლო სამშობლოში დაბრუნება. ჰო, მართლა, ისიც მინდა გითხრათ, რომ საზოგადო მოღვაწეობასთან ერთად, სამი ვაჟკაციც გაზარდეს და ეპოქაში, როდესაც უმაღლესი სასწავლებლები სრულიად ახალდაფუძნებული და ჯერ კიდევ იშვიათი ფუფუნება იყო, სამივე შვილს უმაღლესი განათლება მიაღებინეს. ჩემი პაპა, ისიც გიორგი ჯაბაური, საკმაოდ წარმატებული და არაერთი საწარმოს ხელმძღვანელი ინჟინერი იყო, არჩილი - ასევე ინჟინერი, ხოლო ირაკლი - ექიმი. თუმცა, ალბათ, არცაა გასაკვირი, მათ ოჯახში ხშირად შეხვდებოდით ქართველი ინტელიგენციის წარმომადგენლებს, ხოლო მისი გარდაცვალებიდან რამდენიმე წლის შემდეგ, იმ ქუჩას, სადაც დაიბადა და მთელი ცხოვრება გაატარა, მისი სახელი ეწოდა: გიორგი ჯაბაურის ქუჩა. იქვეა გიორგი ჯაბაურის ჩიხიც და გასასვლელიც.

- არსებობს ვერსია, რომლის მიხედვითაც გიორგი ჯაბაური რუსული იმპერიის წინააღმდეგ არსებულ მოძრაობაშიც იყო ჩართული.

- კი ბატონო, ამ საქმეში მისი ღვაწლის შესახებ კონკრეტული, ისტორიული ფაქტები აქვს თავის წიგნში თამარ გომართელს. ის წერს, რომ გიორგი ჯაბაური, გარდა სცენაზე მოღვაწეობისა, მუშათა მოძრაობაშიც იყო ჩართული. აქტიურად მონაწილეობდა გაფიცვებში, ავრცელებდა პროკლამაციებს, 1905 წელს გამოდიოდა მიტინგებზე, ქალაქად თუ სოფლად.

ხათუნა ბახტურიძე