"450 ბავშვი მყავს უკვე დასაფლავებული, ბევრიც გამოვაჯანმრთელეთო" - გზაპრესი

"450 ბავშვი მყავს უკვე დასაფლავებული, ბევრიც გამოვაჯანმრთელეთო"

7-8-9 დეკემბერს თბილისში, „იარტ გალერიში“ გაიმართება ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური საქველმოქმედო საახალწლო გამოფენა და გაყიდვებიდან 1-დან 5 %-მდე გადაერიცხება ბერი ანდრიას ფონდს, რომელიც მძიმე სენით დაავადებულ ბავშვებს ეხმარება. ამ ღონისძიების ორგანიზატორები არიან ქალბატონები - სოფო მინაძე და მერიკო ფხაკაძე. დაგეგმილი საქველმოქმედო გამოფენის გარდა, მათ თავიანთი საქმიანობის შესახებაც ვესაუბრეთ.

მერიკო ფხაკაძე:

- წარმოშობით სამტრედიელი ვარ. წლების განმავლობაში საზღვარგარეთ ვცხოვრობდი და როდესაც საქართველოში დავბრუნდი, სამტრედიაში სამკერვალო გავხსენი. ბაბუა მეწაღე იყო, ჰქონდა თავისი ადგილი, სადაც 50 წელზე მეტხანს მუშაობდა. რაც გარდაიცვალა, მას შემდეგ დაკეტილი იყო. სამტრედიაში რომ ჩავედით, მე და ჩემმა მეუღლემ ჩვენი ხელით გავარემონტეთ ის ფართობი, მაგრამ საბოლოოდ ისე მოხდა, რომ თბილისში გადმოვედით საცხოვრებლად, იქ ვერ გავჩერდით.

პროფესიით ფინანსისტი ვარ და წლებია ბანკში ვმუშაობ. პატარა ბავშვი მყავს და დეკრეტული შვებულება ავიღე. მუშაობის პარალელურად თითქმის 3 წელია, რაც სამოსს ვქმნი და ჩემი ბრენდი მაქვს. მქონდა რამდენიმე გამოფენა საზღვარგარეთაც და საქართველოშიც. სხვათა შორის, დაახლოებით 2 კვირის წინ მოდების ქართული ჟურნალის, „გლოსის“ პრეზენტაციაზე, რომლის ფარგლებშიც თბილისში ჩვენება მოეწყო, კოლექცია მეც წარვადგინე. ჩვენებაზე გოფრირებული აბრეშუმის ქსოვილისგან შექმნილი 13 ლუქი გავიტანე. ვფიქრობ, ჩემს სამოსს განსაკუთრებულ შტრიხს სძენს სავიზიტო ბარათად ქცეული ჩემი თავსაბურავები, რაც ქალურობასთან ერთად, ქართულ ტრადიციას უსვამს ხაზს. მიხარია, რომ ამ ჩვენებას დიდი გამოხმაურება მოჰყვა და ამ კოლექციით ასოციაციამ „საქართველოს ქალბატონები“ 13 დეკემბერს პრაღაში მიმიწვია.

ამ წარმატებამ კიდევ უფრო დიდი სტიმული მომცა. ეს არის საყვარელი საქმე, შეიძლება ითქვას, ბავშვობის დროინდელი ოცნება, რომელიც მეუღლის გვერდში დგომით რეალობად ვაქციე. ქარგვა, კერვა, ქსოვა - ყველაფერი მეხერხებოდა სკოლის ასაკიდან, დედაჩემმა მასწავლა. ხომ იცით, მაშინ როგორ ზრდიდნენ გოგონებს, დედა სულ მეუბნებოდა, რომ ხელსაქმის ცოდნა ქალისთვის აუცილებელი იყო.

ბანკში საკმაოდ წარმატებული კარიერა მაქვს, მაგრამ ისეთი შეგრძნება გეუფლება, თითქოს იქ აკეთებ საქმეს სხვისთვის და არ ჩანს შენი ნამუშევარი. ამიტომაც მოვინდომე, რომ რაღაც ჩემი შემექმნა. ბევრ რამეს თანდათან ვსწავლობ. ბავშვობაში ხატვაზე დავდიოდი და მაშინ ვისწავლე ესკიზების შექმნა. ახლა ნიუ-იორკში დიზაინის ერთ-ერთ პრესტიჟულ კურსს გავდივარ ონლაინ, ასევე ვსწავლობ კონსტრუირებას.

- რა ტიპის სამოსს კერავთ?

- ძირითადად, ქალის სამოსს, ასევე მაქვს კაცის და ბავშვის ხაზიც. ჩემს მოდელებს ჩაიცვამთ გამოსასვლელადაც და ყოველდღიურადაც, სამსახურშიც და რესტორანშიც. თანამედროვეა, მაგრამ ქართული თემატიკის, ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის. ამიტომაც ჭარბობს კოლექციაში თავსაბურავები, ტრადიციებს უკავშირდება. ჩემს სამოსს ასო „მ“ ამშვენებს, რაც ნიშნავს „მიყვარხარ“. ყველა მეუბნებოდა, შენს ტანსაცმელს შენნაირი თბილი და კარგი აურა აქვსო. მინდოდა, ჩემი საქმიანობაც დაკავშირებული ყოფილიყო სითბოსა და სიყვარულთან. მგონი, გაამართლა - გოგონები, ვინც ჩემი სამოსი იყიდა, დათხოვდნენ. ეს ნახევრად ხუმრობით, მთლად ჩემი ტანსაცმლის იმედადაც ნუ იქნებიან (იცინის).

სოფო მინაძე:

- მე საბანკო ეკონომიკური ფაკულტეტი დავამთავრე, თუმცა სკოლის ასაკში გაჩენილმა ინტერესმა დიზაინის მიმართ თავისი ქნა. მე-9 კლასში ვიყავი, ჩემთვის სკოლის ფორმა რომ შევიკერე. მართლაც, ძალიან ლამაზი გამომივიდა. 5 წელია, რაც ქართულ ბაზარზე ვარ. თავდაპირველად აქსესუარების კეთება დავიწყე, შემდეგ ვცადე ტანსაცმელი, შარფები, ჩანთები. ვარ პროექტის „აწარმოე საქართველო“ ბენეფიციარი. გავხსენი ჩემი პატარა ატელიე, სადაც ჩემივე დიზაინით იკერება სამოსი, ძირითადად, ქალისა და ბავშვის. რამდენიმე პერსონალური გამოფენა მქონდა საქართველოში, „იარტ გალერიში“, ერთხელ ბათუმის საგამოფენო სივრცეშიც. ეს საქმე ბედნიერების მომგვრელია. ამით მეც ხომ ბედნიერი ვარ და სხვებსაც რომ ვახარებ, ეს კიდევ უფრო მსიამოვნებს. მინდა ჩემი აქსესუარები იყოს განსხვავებული დიზაინის და ყველასგან გამოირჩეოდეს.

- როგორ გაჩნდა საქველმოქმედო გამოფენის მოწყობის იდეა?

მერიკო:

- მე და სოფომ ერთ-ერთ ჩვენებაზე გავიცანით ერთმანეთი. მქონდა შოურუმი, სადაც გაერთიანებული იყვნენ ქართველი დიზაინერები და სოფოსაც შევთავაზე მოეტანა თავისი კოლექცია. მაშინ გაჩნდა იდეა, გაგვეკეთებინა გაყიდვების მარკეტი, რომელიც ქველმოქმედებასთან იქნებოდა დაკავშირებული. ბავშვობაში რელიგიურ სკოლაში ვსწავლობდი და ყოველთვის მინდოდა, რაღაც მასშტაბური გამეკეთებინა, კეთილ საქმე ვგულისხმობ. სოფოც მაშინვე დამთანხმდა.

სოფო:

- გვინდა შევკრიბოთ ნიჭიერი ხელოვანი ხალხი, მეწარმე ქალბატონები, რომლებიც თავიანთ პროდუქციას მოიტანენ ჩვენს მარკეტში და დავეხმარებით მძიმე სენით დაავადებულ ბავშვებს.

მერიკო:

- სწორედ დღეს, თქვენთან მოსვლამდე შევხვდით ბერი ანდრიას დედას. საუბედუროდ, ბევრია, ვისაც დახმარება სჭირდება, მაგრამ მეც და სოფოსაც, ორივეს შვილები გვყავს, დედები ვართ და განსაკუთრებული სიმძაფრით აღვიქვამთ პატარების ავად ყოფნას. ატირებულები წამოვედით დღევანდელი შეხვედრიდანაც. მათზე საუბრისას ახლაც მეტირება. ღმერთო, რასაც ეს ქალი აკეთებს იმ ბავშვებისთვის,…ყველას დედა ვარო, ამბობს და მართლაც ასეა. 450 ბავშვი მყავს უკვე დასაფლავებული, ბევრიც გამოვაჯანმრთელეთო. როგორ შეუძლია ამდენი, არ ვიცი. ეს ბავშვები ჩემი შვილები არიანო, - ამბობს, - ერთი გამითხოვდა კიდეც და ახლა შვილიშვილსაც ველოდებიო. ასეთი დიდსულოვანi ადამიანები იშვიათად იბადებიან.

სოფო:

- მე პირველად შევხვდი ასეთ ძლიერ ადამიანს. ამან გამიასმაგა მათი დახმარების სურვილი. სოციალური ქსელების საშუალებით ვცდილობთ გავავრცელოთ ინფორმაცია ამ ღონისძიების შესახებ. მეწარმე ქალბატონებს შევთავაზეთ მონაწილეობა, პრეზენტაციაც გვქონდა. იმედია, ბევრი ხალხი მოვა 7-8-9 დეკემბერს „იარტ გალერიში“, რომელიც მდებარეობს უზნაძის 13 ნომერში. 7 დეკემბერს, 5 საათზე გაიხსნება გამოფენა-გაყიდვა, 8 და 9 დეკემბერს კი - დილის 12 საათიდან. გვინდა მსგავსი საქველმოქმედო ღონისძიებები კიდევ გავმართოთ.

ნინო ჯავახიშვილი