"დამნაშავეა ყველა, ვისაც იარაღი ეკავა" - გზაპრესი

"დამნაშავეა ყველა, ვისაც იარაღი ეკავა"

აფხაზეთის თემა ყველაზე მეტად მტკივნეულია მათთვის, ვინც იქ ცხოვრობდა. ზოგიერთი ამ საკითხზე მსჯელობისას შეცდომებზე საუბრობს, ზოგი - სახელმწიფოსგან არასწორ ნაბიჯებსა და უმოქმედობაზე. თუმცა, ყველა იმ აზრისაა, რომ აფხაზეთი საქართველოს განუყოფელი ნაწილია და მას აუცილებლად დავიბრუნებთ. ამ წერილში აფხაზეთს იხსენებენ ასმათ ტყაბლაძე, ნინო ოჩიგავა-ძიძიგური და შალვა ანდღულაძე.

ასმათ ტყაბლაძე:

- აფხაზეთი პირველად სკოლის ასაკში ვნახე, ექსკურსიაზე წაგვიყვანეს სოხუმში. მახსოვს ბოტანიკური ბაღის საოცარი სილამაზე და არაჩვეულებრივი ზღვა. მერე სტუდენტი გავხდი და ჩემს ოჯახთან ერთად გაგრაში ვისვენებდი. ხშირად ჩავდიოდი ჩემი მანქანით, ვყოფილვარ ნანული სარაჯიშვილთან, სოფიკო ჭიაურელთან ერთად. ნანულის მეზობელ გოგონებს ვიცნობდი. ისინი ხშირად მიდიოდნენ აფხაზეთში, იქ საკუთარი სახლები ჰქონდათ. ბიჭვინთაში გადაღებული სურათი მაქვს, სადაც ვართ: ვერიკო, მე და სოფიკოს პატარა შვილი სანდრო. მედეა ჯაფარიძეს ლიძავაში ჰქონდა სახლი, იქაც ვიყავი სტუმრად. მედიკომ მითხრა: ყავა გინდა იტალიურად თუ ჩაი ინგლისურადო?.. ორივე დამალევინა. იქვე ახლოს იყო კონსტანტინე გამსახურდიას სახლი. თათია ხაინდრავა ისვენებდა ხოლმე ბატონ კონსტანტინესთან, მისი დისშვილი იყო. ერთხელ თათია ავად გახდა (ამ ამბავს თავად ჰყვებოდა), სიცხე ჰქონდა, პლედი შემოუხვევია და გარეთ გასულა, ჰაერზე მაინც ვიქნებიო. მედიკოს დაუნახავს და ეკითხება: თათია, შენ წონას რა დიეტით მიაღწიეო? არადა, თათია ყოველთვის გამხდარი იყო. მედიკოს წონის დაკლება უნდოდა და შეკითხვაც იმიტომ დაუსვა. ძალიან საყვარელი ქალბატონი იყო. აფხაზეთში ბევრი ახლობელი მყავდა. მალხაზ ბებურიშვილის ცოლი სოხუმელი გახლდათ. ამ ქალის ძმის მეუღლე აფხაზი ქალბატონი გახლდათ, მათთან სტუმრად ვყოფილვართ, ძალიან გულთბილად მიგვიღეს.

1975 წელს მარჯანიშვილის თეატრი გასტროლებზე ვიყავით სოხუმში ერთი თვით. იმდროინდელ დასში იყვნენ: ვასო გოძიაშვილი, ვერიკო, სოფიკო, კოტე მახარაძე, თენგიზ არჩვაძე... იქაურ მსახიობებთან არაჩვეულებრივი ურთიერთობა გვქონდა. ქართული და აფხაზური დასი ცალ-ცალკე იყო, მაგრამ ერთ თეატრში მუშაობდნენ. ჩვენთან, თეატრალურ ინსტიტუტში აფხაზურ ჯგუფში ეროვნებით აფხაზი სტუდენტები სწავლობდნენ, მათთან ვმეგობრობდით. სოხუმში რომ ჩავედით, ვნახეთ ერთმანეთი და შესანიშნავად გაგვიმასპინძლდნენ. მერე უკვე, როცა ყველაფერი აირია, ურთიერთობები შეწყდა და არც ვიცი, ის აფხაზი მსახიობები რა აზრისა არიან ამ საკითხზე.

ამას წინათ ერთი ჩემი ახლობელი აფხაზეთში ჩავიდა... მერე ეს ახლობელი და მე ერთად ვიყავით აქ რაღაც შეხვედრაზე, რა დროსაც დაურეკა იქაურმა აფხაზმა და დაიწყეს საუბარი. მე ვთქვი, - სიამოვნებით წავიდოდი აფხაზეთში, თუ მიმიღებენ-მეთქი. ჩემმა ახლობელმა კაცმა ჰკითხა: ქალბატონ ასმათ ტყაბლაძეს იცნობო? - კი, ტელეეკრანიდან ვიცნობო, - უთხრა. ძალიან გამიხარდა. ის კი არა, მე რომ მიცნობს, ქართულ არხებს რომ უყურებენ და აინტერესებთ, აქ რა ხდება. მერე უთხრა, რომ ქალბატონ ასმათს ძალიან უნდა ჩამოსვლაო, რაზეც იმ აფხაზმა უპასუხა: სიამოვნებით მივიღებთ, ჩამოვიდესო! წავალ, თუკი ამის შესაძლებლობა იქნება, არაფრის მეშინია. ასე მგონია, ყველაზე გამწარებული ვინც არის, იმას რომ დაველაპარაკები, ისიც კარგად მიმიღებს. რას ვეტყოდი? ჯერ ვაკოცებდი, გადავეხვეოდი და იმით დავიწყებდი, რომ ჩვენ ვართ კავკასიელები, უნდა გამოვნახოთ საერთო ენა და ამისთვის საჭიროა შერიგება, სიყვარული. რა შეიძლება იყოს სიყვარულზე კარგი? ვეტყოდი, რომ მიყვარს ყველა აფხაზი და აფხაზეთი. ჩავეხუტები, მოვეფერები და ვეტყვი, ამ ქვეყნიდან როცა წავალ, იქაც თქვენი სიყვარული გამყვება-მეთქი. ომის დროს ვინ რა დააშავა, ამას ნუ გავარკვევთ, რადგან დამნაშავეა ყველა, ვისაც იარაღი ეკავა.

nino-1700423184.jpg

ნინო ოჩიგავა-ძიძიგური:

- სოხუმში დავიბადე და გავიზარდე, დღესაც სიზმარში ვხედავ ჩემს ლამაზ ქალაქს. ენგელსის ქუჩაზე მდებარე, რუსთაველის სახელობის პირველ საშუალო სკოლაში ვსწავლობდი. ახლაც თვალწინ მიდგას ის გზა, როგორ მივდიოდით ავტობუსით და მერე, ფეხით მივუყვებოდით სკოლამდე. ბევრი ლამაზი მოგონება მაქვს... ადრე გავთხოვდი, ჩემი ქმარიც სოხუმელია. ომი რომ დაიწყო, ორი პატარა ბავშვი მყავდა, დაწყებით კლასებში სწავლობდნენ. ე.წ. შერიგება რომ გამოცხადდა, მე ფოთში წავედი დეიდაჩემთან (ჩვენი ოჯახის ნივთები უნდა წამომეღო), ჩემი მეუღლე და შვილები სოხუმში დარჩნენ. როგორც აღმოჩნდა, ეს შერიგება მოტყუება იყო და სოხუმი დაეცა. მე და ჩემი და სამეგრელოდან აქეთ ვეღარ წამოვედით. რაც ჩვენ ვინერვიულეთ!.. აფხაზეთის მოსახლეობის დიდი ნაწილი სვანეთის უღელტეხილის გზას დაადგა, ამ გზით წამოვიდნენ ჩემი შვილები, ძმა, დედამთილი, მამამთილი... სიცივისგან რომ არ გაყინულიყვნენ, მამამთილი რაღაც კარვებს "აშენებდა", სადაც ღამეს ათენებდნენ, სასწაული ამბები გადაიტანეს. გზაში ასობით ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ბავშვები. რამხელა ტრავმა იყო ამის ნახვა. ეს ყველაფერი მერე კადრებში ვნახე. ჩვენ დეიდაჩემთან, ფოთში ვცხოვრობდით, ორი წლის მერე მთელი ოჯახი მოსკოვში წავედით, სადაც ოც წელზე მეტი დავყავით. ჩემმა შვილებმა ქართული სკოლა დაამთავრეს, ნოდარ კვარაცხელიამ გახსნა ეს სკოლა. შემდეგ ქალიშვილი საქართველოში გათხოვდა, ბიჭმაც აქ ჩააბარა ინსტიტუტში - ასე დავბრუნდით უკან და თბილისში დავფუძნდით.

სოხუმში მეზობლები ძირითადად სომხები მყავდა, თუმცა ჩემთან სამსახურში იყვნენ აფხაზები, ბერძნები, სომხები... როცა ჩემი ბიჭი ბაღში დადიოდა, ძალიან კარგი აფხაზი მასწავლებელი ჰყავდა. რაც მოხდა, ვფიქრობ, პოლიტიკოსების ბრალია, თორემ ზოგადად აფხაზები, ცუდი ხალხი არ არიან... არ ვიცი, ვინ ჩააგდო უთანხმოების მარცვალი და დაიძაბა ურთიერთობა აფხაზებსა და ქართველებს შორის. ჭორის დონეზე გაგებული მქონდა - აფხაზები ქართველებზე თავდასხმას აპირებენო, მაგრამ რატომღაც, არ გვჯეროდა, წლების მანძილზე ერთად ვცხოვრობდით და ამას ვერ წარმოვიდგენდით. ისე, ბოლო ხანს ცინიკურად კი ამბობდნენ: აი, მოიცადეთ, თქვენ რა გელითო... სხვათა შორის, აქ ერთი რუსი ქალი ხილ-ბოსტნით ვაჭრობს, ძალიან უხეშად იძლევა შენიშვნებს და აგრესიულია, თუ პროდუქტს ხელს მოჰკიდებ. ქართულად კარგად ლაპარაკობს. ერთ დღესაც ჩემმა დამ ვერ მოითმინა და შეეკამათა, - რანაირად გველაპარაკებიო? იმან, იცით, რა გვითხრა: მოიცა, მოიცა, თქვენო! აფხაზების ნათქვამი გამახსენდა და გულში ჩამრჩა ეს პასუხი. ჩემმა დამ უთხრა: რა, რუსები შემოხვალთ და რამეს აპირებთო? - ეგ რა შუაშიაო? მაგრამ აშკარად, ისეთი ნათქვამი იყო, თითქოს დაგვემუქრა. რა აქვთ ჩაფიქრებული? გული გამისკდა! ზოგჯერ ყველაფრის იმედი მეკარგება, მაგრამ სოხუმელი ქალბატონი ნინო მირცხულავა მიჩენს ხოლმე იმედის ნაპერწკალს, როცა თავის ღონისძიებებზე გვეპატიჟება და სასიამოვნო საღამოებს გვიწყობს. მან შესანიშნავი წიგნიც გამოსცა აფხაზეთზე. როცა ნინოს ვუსმენ, ვიჯერებ, რომ ჩვენ აუცილებლად დავბრუნდებით აფხაზეთში.

shalva-andgulaze-1700423194.jpg

შალვა ანდღულაძე:

- აფხაზეთთან ყოველთვის მჭიდრო კავშირი და ურთიერთობა მქონდა. ხშირად ჩავდიოდი იქ, დაწყებული ჯერ კიდევ სკოლის ასაკიდან, მერე სუდენტობისას, ბოლოს, როცა ლექციებს ვკითხულობდი პოლიტექნიკური ინსტიტუტის სოხუმის ფილიალში (ის გახლავთ ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი, ქიმიკოსი - ავტ.). აფხაზეთში გატარებული დრო ძალიან კარგად მახსენდება. ჩემი უფროსი ვაჟის მეუღლე სოხუმელია, საოცარი გოგოა და ძალიან მიყვარს. მისი მამა სერგო თუნგია თავის დროზე აფხაზეთის შინაგან საქმეთა მინისტრი იყო. როცა აქეთ წამოვიდნენ, აფხაზეთის იუსტიციის მინისტრი გახდა. სამწუხაროდ, რამდენიმე წლის წინ გარდაიცვალა. ჩემი უფროსი ვაჟი ნიკოლოზი "თეთრი გიორგის" წევრი იყო და ჩვენი ოჯახიდან ის პირველი წავიდა ომში. სახლში რა გამაჩერებდა, მეც წავედი, შვილთან და მის მეგობრებთან ერთად ვიყავი. ბრძოლის ეპიზოდებზე ვერ ვისაუბრებ... როდესაც "თეთრი გიორგის" ბატალიონის ხელმძღვანელი ააფეთქეს, მე თბილისში დავბრუნდი, ჩემი შვილი ცოტა მოგვიანებით ჩამოვიდა. აფხაზეთთან კავშირი ჩემთვის ძალიან მტკივნეულია იმ მხრივაც, რომ სოხუმში სეპარატისტებმა სიძე დამიხვრიტეს, ჩემი დის მეუღლე იყო მამია ალასანია. ის და ჟიული შარტავა, ორივე მოკლეს 1993 წლის 27 სექტემბერს. მაშინ სოხუმში იყო მამიას ვაჟი ირაკლი (პოლიტიკოსი, პარტია "თავისუფალი დემოკრატების" ყოფილი თავმჯდომარე), რომელმაც ფეხით გამოიარა სვანეთის გზა. რამდენიმე კვირა ძალიან ვნერვიულობდით, არ ვიცოდით, სად იყო...

წელს 6 მაისს ზუგდიდში, ე.წ. ფრანგულ პარკში საქართველოს ეროვნული გმირის, მამია ალასანიას ბიუსტი დაიდგა მისი 80 წლის იუბილესთან დაკავშირებით. ამ საქმის ინიციატორი იყო ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური და განხორციელდა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით.

აფხაზეთში რაც მოხდა, ამაში დიდი როლი რუსეთს მიუძღვის. ახლა ვხედავთ, რაც გააკეთა უკრაინაში... რუსეთი ომს აგებს. კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, უკრაინელები როგორი მებრძოლი და შესანიშნავი ხალხია, უდიდეს პატივს ვცემ მათ. ბევრ უკრაინელს ვიცნობ, კოლეგები მყავს კიევში და ხარკოვის ტექნიკურ უნივერსიტეტში. აფხაზეთი საქართველოს განუყოფელი ნაწილია და მჯერა, ჩვენ მას აუცილებლად დავიბრუნებთ!

ნანული ზოტიკიშვილი