BILD-ის ქართველი ჟურნალისტი... - გზაპრესი

BILD-ის ქართველი ჟურნალისტი...

BILD-ის ქართველი ჟურნალისტი, ნინო ლოპესი (მშვიდობაძე) ოც წელზე მეტია გერმანიაში ცხოვრობს და მუშაობს. Au Pair-ის პროგრამით წასული ნინო გვიამბობს იმ ნაბიჯებზე, რომელიც წარმატების მისაღწევად დასჭირდა.

- 2001 წელს "ოპერად" ჩამოვედი გერმანიაში, ვითომ ერთი წლით და მერე დავრჩი. ახლა უამრავი შესაძლებლობაა, თუნდაც ტურისტად რომ ჩამოვიდეს მსურველი, მაგრამ მაშინ რთული იყო. საქართველოში გერმანული ენა-ლიტერატურის ფაკულტეტზე ვსწავლობდი, ორი კურსი დავხურე და მერე წამოვედი გერმანიაში. საფუძვლიანად მინდოდა ენის შესწავლა, ამისთვის კი გერმანულ ოჯახში ცხოვრება საუკეთესო საშუალება იყო... შემდეგ, როდესაც სიტუაციას გავეცანი და მივხვდი, რომ განვითარების, წინსვლის შესაძლებლობა გერმანიაში უფრო იყო, დარჩენა გადავწყვიტე. ჩემი ქვეყანა ძალიან მიყვარს და მინდოდა, აქ მიღებული გამოცდილება სამშობლოში გამომეყენებინა, ანუ მალე ვაპირებდი დაბრუნებას.

მასმედიების მეცნიერების ფაკულტეტზე ჩავაბარე, ოღონდ მაგისტრატურაშიც ვისწავლე, რაც დამატებით კიდევ ორი სპეციალობის არჩევის შესაძლებლობას გაძლევს. ამიტომ, პედაგოგიკა და გერმანული ენების მეცნიერება ავირჩიე, რომელიც პორტუგალიურ ენაზე ვისწავლე. ამის საშუალება ყოფილმა მეუღლემ მომცა. მის პატივსაცემად, მეორე ენად სწორედ პორტუგალიური ავირჩიე, რომელიც შემდეგ გამომადგა, ამ ენაზეც სრულფასოვნად ვსაუბრობ. შემეძლო მუშაობა სამეცნიერო სფეროში გამეგრძელებინა. გერმანიაში სტუდენტები ხშირად გადიან სტაჟირებას. ახლა ანაზღაურებადია, ჩემს დროს კი უფასო იყო, რაც ნიშნავდა, რომ ჩემი სწავლაც უნდა დამეფინანსებინა და თანხა საქართველოში მყოფი ოჯახისთვისაც გამეგზავნა. ჩემს პირობებში უფასო სტაჟირებაზე სიარული შეუძლებელი იყო, ამიტომ ვიფიქრე, მაგისტრატურის დამთავრების შემდეგ გავივლი სტაჟირებას-მეთქი.

სამსახურს არ ვეძებდი, პრაქტიკაზე სიარულს ვაპირებდი. ასე ვიპოვე პირველი პროდაქშენ-ფირმა. გერმანიაში, თავად არხი პროდუქციას არ ამზადებს, ამაზე მუშაობს პროდაქშენ-ფირმა, რომელიც მერე თავის პროდუქციას ყიდის, საზოგადოებრივ თუ კერძო დამკვეთებს აწვდის... ასე მივედი ერთ-ერთ პროდაქშენ-ფირმაში სიტუაციის შესასწავლად, სტაჟირებაზე. თუმცა, გასაუბრებაზე მისულს მითხრეს, იმდენად მოგვწონს შენი მონაცემები, სამსახურს გთავაზობთო. ვერ დავიჯერე... მართვის მოწმობაც არ მქონდა, რაც საქმეს ართულებდა, რადგან სტაჟირება ნიშნავს, რომ სულ მოძრაობაში ხარ. თუმცა, ამას არ შევუფერხებივარ.

- რა გევალებოდათ?

- აქაურ ტელევიზიებში რეჟისორი არ არსებობს, ამ ფუნქციის შემსრულებელ ადამიანს "რეალიზატორს" ეძახიან. ერთი სიტყვით, მის ასისტენტად დამნიშნეს და პირველივე ჯერზე მონაკოში, ნიცაში, იბიცასა და კანში გამიშვეს. რომ აგიხსნათ - ქართულ რეალითი შოუს სცენარივით იყო, ოღონდ რეალობას მორგებული. მაგალითად, როგორ მოიგო ვიღაცამ მილიონი ლოტოში ან როგორ უბოძა ბაბუამ თუ ბიძამ დიდძალი მემკვიდრეობა ან სულაც, ნახატი, რომელიც შინ ეკიდა და უბრალო ეგონა, სინამდვილეში, ძვირად ღირებული ფერწერა აღმოჩნდა. თუმცა, ყველა მათგანს ერთი და იგივე ფინალი ჰქონდა - ყველა გაკოტრდა; ასე მიღებული თანხა, ვერც ერთმა ვერ შეირგო... გერმანიაში, ყველა ტელეარხზე საუკეთესო დრო 20:15 საათია - პრაიმ-ტაიმს ეძახიან და იმ პროექტზე ვმუშაობდი. ოღონდ სულ პროექტზე ვიყავი დამოკიდებული. ადრე თუ გვიან, ყველა პროექტი სრულდება და გამუდმებით ახლის ძიება მიწევდა. თავიდან ძალიან გამიჭირდა ამ რეჟიმის შეგუება, რადგან მუდმივად არასტაბილურობის განცდა მქონდა - ამის შემდეგ რა იქნება-მეთქი. თუმცა, კარგი ის არის, რომელ სფეროშიც უნდა იმუშაო, როდესაც ხედავენ, პროდუქტიული და შრომისმოყვარე კადრი ხარ, გიფასდება. მასმედიაში დიდი კონკურენციაა, მაგრამ მონდომება არ იკარგება.

სამეცნიერო ენა ქართულადაა რთული, გერმანულად მით უფრო... ღამეებს ვათენებდი, მაგრამ მაინც მიჭირდა. ამიტომ გერმანელ მეგობრებს ვთხოვდი დახმარებას... უამრავი კომპანია და პროექტი გამოვიცვალე. როდესაც განვითარება გინდა, ახალი გამოწვევები უნდა მიიღო, მაგრამ ჩემდა გასაკვირად, ყველგან, სადაც მიმუშავია, ჩემი მონდომება დაინახეს...

ამის შემდეგ წლების განმავლობაში კასტინგის რედაქტორიც ვიყავი.

- სხვადასხვა ქალაქში გიწევდათ ცხოვრება?

- 13 წელი კელნში ვიცხოვრე. ამავე ქალაქში გავიცანი უკვე ყოფილი მეუღლე, ვის გვარსაც დღემდე ვატარებ. მშვიდობაძე ვარ და ვინაიდან ჩემი გვარი აქ რთულად წარმოითქმის, ამიტომ მისი გვარი ავიღე.

9 წელი ვიცხოვრეთ ერთად. პორტუგალიელია, შემდეგ გავშორდით. შვილი არ გვყავს, რადგან ყოველთვის კარიერაზე ვიყავი გადართული.

კელნში ჩემი თავი კარიერულად ამოვწურე და მივხვდი, მიღებული გამოცდილებით სხვაგანაც შემეძლო ძალების მოსინჯვა. ვიფიქრე, ქმარს გაშორებული ვარ, შვილი არ მყავს და ერთ ქალაქში გაჩერებას რა აზრი აქვს-მეთქი? მიუნხენში, Constantin Entertainment-ში დავიწყე მუშაობა. ეს პროდაქშენ-ფირმაა, რომელიც თითქმის ყველა არხს აწვდის თავის პროდუქციას. არსებობს ჩონსტანტინ Fილმ-იც, პარტნიორები არიან, თუმცა, ერთი ტელეგადაცემებს ამზადებს, მეორე ფილმებს. მალევე მივხვდი, რომ ბავარია მომწონს.

- რა იყო თვალში საცემი?

- ტრადიციულები არიან. ჩვეულებრივ რესტორნებსა და კვების ობიექტებში, ქალებს "დირნდელი", ანუ მათი ტრადიციული სამოსი აცვიათ, ისეთივე, როგორც ოქტობერ-ფესტზე. დაახლოებით ისეთი ამბავია, ჩოხა-ახალუხით რომ ემსახურებოდნენ ხალხს... იქაც ძალიან კარგი გამოცდილება მივიღე.

ტრადიციების მიმდევარი ხალხის სიყვარული ჩემი ქვეყნიდან გამომყვა და მეც ვცდილობ, საქართველოზე ბევრი ვისაუბრო. 2000-იანების დასაწყისში, ჩვენზე არაფერი იცოდნენ, ახლა თანდათან სულ უფრო მეტი ადამიანი იცნობს საქართველოს.

ბევრმა სპორტით გაიცნო. თავის დროზე, ქართველი ფეხბურთელები, ალექსანდრე იაშვილი და ლევან კობიაშვილი თამაშობდნენ. გარდა ამისა, იციან პრეზიდენტები, ედუარდ შევარდნაძე, მიხეილ სააკაშვილი. ამ ბოლოს ბევრისგან მოვისმინე, მათ შორის, BILD-შიც, ჩემი თანამშრომლებისგან, - საქართველოში არ ვყოფილვარ, შენამდე არც ქართველებს ვიცნობდი, მაგრამ ქართული კერძები ძალიან მიყვარსო.

lopes1-1700423391.jpg

- გერმანული "ვოისის" მონაწილესთან, ლიზი გოზალიშვილთან გქონდათ ინტერვიუ...

- დიახ, ლიზი არის ახალი თაობის კაშკაშა ვარსკვლავი. ნიჭიერი, ლაღი, თავმდაბალი, განათლებული. აი, ისეთი გოგონა, რომ იამაყებ. მისი ჩაწერის საშუალება იმიტომ მომეცა, რომ თავადაც ქართველი ვარ, თორემ "გერმანულ ვოისში" იმდენი მონაწილეა, არავინ ინტერესდება. არც ერთი სხვა მონაწილე არავის ჩაუწერია. გერმანიაში უამრავი შოუა, მაყურებელს დიდი არჩევანი აქვს და შესაძლოა, ესეც იყოს მიზეზი. ცუდი ის არის, რომ სხვა ქვეყნის მონაწილეებს, აქ მუსიკის სფეროში თავის დამკვიდრება უჭირთ...

- BILD-ში მუშაობის სპეციფიკაზე გვიამბეთ.

- გერმანიაში ის ყველაზე მაღალტირაჟიანი გაზეთია. ვებგვერდიც გვაქვს. ახლა სამედიცინო მიმართულება მაბარია, კვირაში ერთხელ მივდივარ ექიმებთან და ჯანმრთელობის თემებზე წინასწარ მომზადებული კითხვების მიხედვით, რომელიც ბევრ თემას მოიცავს, ორწუთიან ვიდეოინტერვიუს ვამზადებ, რომელიც შემდეგ გამოცემის გვერდზე იდება.

არც ერთ სამსახურში ასე კომფორტულად არ მიგრძნია თავი, როგორც აქ. ამდენი წლის განმავლობაში, უამრავი დამსაქმებელი გამოვიცვალე და ასეთი დამოკიდებულება არსად ყოფილა. ალბათ ეს ჩემმა წარმომავლობამ განაპირობა, რის გამოც ჩემ მიმართ ინტერესი გამოხატეს. ინტერნაციონალური ჯგუფი გვყავს, ძირითადად, აქ დაბადებულ-გაზრდილებით დაკომპლექტებული, ჩამოსული და მერე დამკვიდრებული, მარტო მე ვარ.

აღმოსავლეთი ევროპა მაინტერესებს, მიმდინარე პროცესებში ვერკვევი და ყოფილი ქმრის დამსახურებით, პორტუგალიურადაც ვსაუბრობ. ბევრისგან განსხვავებით, რეპორტაჟების მომზადებაც შემიძლია. თუმცა, ამ ბოლო დროს ყველა გამომცემლობა რესურსის დაზოგვაზე გადავიდა, ანუ ერთი კადრი ბევრ რამეს ითავსებს. მონტაჟიც კი ვისწავლე, რეპორტაჟისთვის ტექსტების წერაზე არაფერს ვამბობ.

ჩემი პირველი მასალა მოკლულ ზელიმხან ხანგოშვილს ეხებოდა. "კოვიდის" პერიოდი გახლდათ. საქართველოში, პანკისის ხეობაში ჩამოვედი და 40-წუთიანი დოკუმენტური ფილმი მოვამზადე. შვედეთში გაქცეული მისი ძმა და გერმანიაში ჩეჩნური დიასპორის გერმანელი ხელმძღვანელი ჩავწერე... კარგი ის არის, რომ სრული თავისუფლება მაქვს, ნებისმიერ თემაზე შემიძლია მუშაობა, მაგრამ მაინც ვცდილობ, პოლიტიკისგან დისტანცირებული ვიყო. თუმცა, მე და ჩემმა მეგობარმა მიხეილ ხაჩიძემ BILD-სთვის ექსპრეზიდენტთან ციხეში ჩავწერეთ ინტერვიუ...

- მეუღლე თქვენი კოლეგაა?

- დიახ, დირკი ჩემი კოლეგაა. თუმცა, ბევრმა არც კი იცის, რომ ცოლ-ქმარი ვართ... აქ რეკომენდაცია მიღებულია, მაგრამ ვინც არ უნდა იყოს პროტეჟე, კადრმა თუ არ გაამართლა, არავის ტოვებენ. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ შრომა ყველას უფასდება: კვირა დღეს მუშაობისთვის, ცალკე გერიცხება ხელფასი; ერთი ლანჩი უფასოა; თუ ცხრამდე მიხვალ სამსახურში, საუზმეც უფასოა, ანუ ცდილობენ წაგახალისონ, მოტივაცია მოგცენ... ამიტომ ვამბობ, რომ ასეთი კომფორტული სამსახური ჯერ არ მქონია. მეუღლეც ცდილობს ხელი შემიწყოს და ეს დამატებითი სტიმულია ჩემთვის.

ჯერ ხელი არ გვაქვს მოწერილი, რადგან ეს თემა, აქ პრობლემებთან არის დაკავშირებული. სულ მეგონა, ჩემი პროფესიის ქმარი არ უნდა მყოლოდა, გამუდმებით კონფლიქტი გვექნება-მეთქი. თურმე, პირიქით ყოფილა. მას ესმის ჩემი. წინა წლებში, კვირაობით მიწევდა რეპორტაჟებზე მუშაობა სხვადასხვა ქვეყანაში და ეს სულ პრობლემა იყო, თუმცა, ჩემი ცხოვრების გიჟურ რიტმს მეუღლე შეგნებულად იღებს. სხვათა შორის, საქართველოშიც იყო და ძალიან მოეწონა, განსაკუთრებით გურიით აღფრთოვანდა.

- მეუღლის გავლენით ხომ არა?

- შესაძლოა (იღიმის)... წარმოშობით გურული ვარ, ლანჩხუთიდან. ჩემი მშობლების ოჯახის წევრივით რომ მიიღეს, ძალიან გაუკვირდა. სოფელში ყველაფერი გვყავს: საქონელი, ფრინველი, ბოსტანსაც უვლიან. სუფრაზე რძე და ყველი, შინ მოყვანილი ბიობოსტნეული რომ დაინახა, გაუკვირდა. აღნიშნა, - თავად არა აქვთ, მაგრამ სხვას მაინც უნაწილებენო. თბილისზე მეტად ბათუმი მოეწონა. ხმაურიანი დედაქალაქის შემდეგ, პატარა, მყუდრო, ზღვისპირა ქალაქით ძალიან მოიხიბლა. ბათუმი მეც მიყვარს.

ლალი პაპასკირი