"ჩემპიონები აუცილებლად საქართველოს სახელით უნდა გავმხდარიყავით" - გზაპრესი

"ჩემპიონები აუცილებლად საქართველოს სახელით უნდა გავმხდარიყავით"

გვანცა ციხელაშვილი და აკა მოდებაძე სპორტული ცეკვების ისტორიაში პირველი ქართველი წყვილია, რომელიც მსოფლიო ჩემპიონი გახდა. მათ ეს აღიარება 11 ნოემბერს, გერმანიის ქალაქ დრეზდენში, მსოფლიო ფედერაციის მიერ მოწყობილ შეჯიბრებაზე WDSF World Championship Show Dance მრავალწლიანი დაუღალავი შრომის შედეგად მოიპოვეს. ჩემპიონ წყვილს სამშობლოში დაბრუნებისთანავე დავუკავშირდი და ვთხოვე, ემოცია გაეზიარებინა.

- გვანცა და აკა, აქამდე პირველი ქართველი წყვილი იყავით, რომელმაც მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში იასპარეზა და ახლა ჩემპიონები ხართ, ამ დიდ წარმატებას გილოცავთ!..

გვანცა:

- დიდი მადლობა ჩვენი უდიდესი სიხარულის გაზიარებისთვის. ეს მრავალწლიანი და უდიდესი შრომის შედეგია. ჩემპიონატის წესების თანახმად, პარკეტზე 4 წუთი გვაქვს, ამ ხნის განმავლობაში 5 ცეკვის ილეთი უნდა წარადგინო, სავალდებულო ატაცებებით, შოუს ელემენტებით. როდესაც პარკეტზე გადიხარ, კონცენტრირებული ხარ ძალიან მაღალი დონე აჩვენო, იმ წუთში სხვა არაფერი გახსოვს. ცეკვის შემდეგ უკვე ფიქრობ, რა ხდება? ფინალის წინ წილისყრა ჩატარდა, რომელ წყვილს, რომელ ნომრად უნდა ეცეკვა. ჩვენ ბოლო ნომერი შეგვხვდა. როცა ბოლო შენ ცეკვავ, პარკეტზე რჩები და უყურებ ჟიური რამდენ ქულას მოგანიჭებს. ამ დროს ნებისმიერი ძლიერი სპორტსმენი ხვდება, რომ როდესაც პარკეტზე ყველა დეტალი სათანადოდ აქვს შესრულებული, ქულები მაღალი იქნება. როდესაც ჩვენთვის მაღალი ქულების დაწერა დაიწყეს, აკა მეუბნებოდა, რომ პირველ ადგილზე გავდიოდით. ვერ ვიჯერებდი და როდესაც დავინახე, მართლაც 1-ლი ადგილი დაეწერა, ეს იყო წამი, რომელზეც მთელი ცხოვრება ვოცნებობდი. ხომ მქონდა ნანახი, ასეთ წუთებში ლეგენდარულ ქართველ მსოფლიოს ჩემპიონებს როგორი ემოცია ჰქონდათ, როგორ ღრიალებდნენ, ეს კადრები სულ გონებაში მიტრიალებდა და მეც ასეთი ხმა აღმომხდა, ასეთი ემოცია მქონდა. იყო მსოფლიოს ჩემპიონი, - ამაზე დიდი ბედნიერება კარიერაში არ არსებობს.

აკა:

- ნახევარფინალში ცეკვას რომ მოვრჩით, აბსოლუტურად შევიგრძენი, მოგებასთან ახლოს ვიყავით. როდესაც წარმოდგენის შემდეგ, მოცეკვავეებთან შევედი, მათი სახეების დანახვისას ეს რწმენა კიდევ უფრო განმიმტკიცდა. მთავარი იყო, ფინალშიც იგივე შედეგი გვქონოდა. გვანცასგან განსხვავებით, მე ცოტათი დრამატული ვარ და ფინალური ცეკვის შემდეგ მუხლებზე დავეცი, გვანცას ვერ ვხედავდი.

გვანცა:

- მე რომ დავრბოდი, დავინახე, როგორ იყო აკა მუხლებზე დაცემული და თავი საცეკვაო მოედანზე ჰქონდა დადებული. გვესმოდა საოცარი აპლოდისმენტები.

აკა:

- ტაში არა და არ ჩერდებოდა, გვაღიარეს... საყოველთაოდ ცნობილია, რომ გერმანელები თავიანთ წარმომადგენლებს ყოველთვის მხარს უჭერენ. ამჯერად ფინალში გერმანიიდან 2 წყვილი გამოდიოდა. მეორე და მეოთხე ადგილებზე გავიდნენ. ჟიურის წევრებიდან არც ერთი არ იყო ქართველი...

- ოცნებაში ეს დღე ალბათ არაერთხელ წარმოგედგინათ, მსოფლიოს ჩემპიონატის 5-გზის ფინალისტები ხართ, 5-ჯერ იყავით ახლოს მისული ამ წარმატებასთან. წარმოდგენილი და რეალური განცდები თანხვედრაში აღმოჩნდა?

- სულ სხვა განცდა იყო, თითქოს ფრთები მქონდა მიბმული და სადღაც მივფრინავდი.

გვანცა:

- ჩემს შემთხვევაში, ყველაფერი ისე მოხდა, როგორც წარმომედგინა. დიდი შრომა გავწიეთ. ჩვენთვის საქართველოს სახელით გამოსვლა დიდი პატივია, მაგრამ ამასთანავე, რთული, რადგან ამ ჩემპიონატს ერთი ქართველი მსაჯიც კი არასდროს ჰყავს. არ არიან მიკერძოებულები, მაგრამ სპორტში პოლიტიკური მუხტები პერიოდულად მაინც იგრძნობა. პოლიტიკის გარეშე გახდე მსოფლიოს ჩემპიონი, - ეს კიდევ სხვა სიმაღლეს სძენს ამ გამარჯვებას. ჩვენ ძალიან სუფთა გზით ვიარეთ.

2 წლის წინ, მოცემულ ინტერვიუში გვანცა მეუბნებოდა: "სანამ ქორეოგრაფები გავხდებოდით და მყარი შემოსავალი გაგვიჩნდებოდა, მე და აკას 3 ღამე აეროპორტშიც კი გვიძინია, რადგან სასტუმროს თანხა არ გვქონდა. ასეთი დაბრკოლებები არ გვაშინებდა... ერთ-ერთ ტურნირზე გამოსვლისას, საკვების თანხაც კი არ გვქონდა. ამის თქმის არ მრცხვენია, რადგან დღეს უკვე თავად ვეხმარები სპორტსმენებს. ვიღაცასთან მივედი და გერმანულად ვთხოვე, თუ შეიძლება, ერთი კრუასანი მომეცით-მეთქი. არ მინდოდა გაეგოთ, რომ ქართველი ვიყავი, იმ წუთში ჩემს ქვეყანას გავუფრთხილდი".

რთული გზიდან ადამიანები ხშირად უკან იხევენ, საინტერესოა რა იყო ამ წყვილისთვის ყველაზე დიდი სტიმული?

აკა:

- წლების წინ ავირჩიეთ ჩვენ ეს გზა და ვთქვით, რომ აუცილებლად დავწერდით ისტორიას, ჩვენი სტიმული ჩვენი მიზანი იყო. ბევრი სირთულე გამოვიარეთ, ბევრ პირად სიამოვნებაზე, ოჯახურ გარემოში მშვიდად ცხოვრებაზე ვთქვით უარი და საქმეში თავით გადავეშვით.

გვანცა:

- სუფთა გზით ვიარეთ და ყველაზე მეტად ეს მაძლიერებდა, წინსვლისთვის ძალას მაძლევდა. სტიმული იყო ჩემი ქვეყანაც. ბევრჯერ, ძალიან ბევრ ქვეყანას უარი ვუთხარით კარგ შემოთავაზებებზე. როდესაც გხედავენ, ძლიერი წყვილი ხარ, ყველა ცდილობს, მისი სახელით იასპარეზო, ყველანაირ სიკეთეს გთავაზობენ. ჩვენ ჩემპიონები აუცილებლად საქართველოს სახელით უნდა გავმხდარიყავით. ქართველი ხალხისგან ახლა ისეთ დიდ სითბოს ვგრძნობთ, ისეთი სიყვარული მოდის, ვერ წარმოიდგენ. რამდენიმე წუთის ჩამოსულები ვართ, ჯერ ინტერვიუებიც არ მიგვიცია.

- როდესაც ეს ემოცია ჩაივლის, მერე რა გეგმა გაქვთ?

- დასაწყნარებელი დრო არ გვაქვს, მალე დიუსელდორფში მივდივართ Dანცე Gალა შUPEღშთAღშ-ზე სტუმრის რანგში, ულამაზეს დარბაზში ვიცეკვებთ. იქ ჩვენი აფიშები უკვე გამოკრულია - აქ საცეკვაოდ მსოფლიოს ჩემპიონები მოდიანო. ვიმედოვნებთ, ჩვენი ცეკვის შემდეგ, ისევ ფეხზე ადგებიან და ტაშს დაგვიკრავენ.

თამუნა კვინიკაძე