"იწყება თუ არა ტაივანისთვის ბრძოლა" - გზაპრესი

"იწყება თუ არა ტაივანისთვის ბრძოლა"

"2027 წლისთვის ტაივანის სანაპიროებთან ჩინეთის საზღვაო ბლოკადა იქმნება, კიბერშეტევა აფერხებს კუნძულის ფინანსურ სისტემას, მედესანტეები იკრიბებიან სანაპირო აეროდრომებზე და ამერიკული ავიამზიდი იაპონიის პორტს ფლოტით ტოვებს. F-35 თვითმფრინავები სამხრეთისკენ მიემართებიან. ტაივანისთვის ბრძოლა იწყება", - წერს გავლენიანი გამოცემა ბლოომბერგ-i.

მისი ცნობით, ეს ერთ-ერთი შესაძლო სცენარია იმ მრავალთაგან, რომლისთვისაც პეკინის, ვაშინგტონისა და ტაიპეის ლიდერები ემზადებიან.

თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ მოწინავე იარაღის შესაქმნელად ჩინეთმა მილიარდობით დოლარი დახარჯა, ალბათ საფუძვლიანია ეჭვი, რომ "სახალხო განმათავისუფლებელი არმია" საბრძოლო მზადყოფნაშია.

პენტაგონის შეფასებებით, ახლა ჩინეთს 2,1 მილიონზე მეტი მოქმედი სამხედრო ჰყავს, მსოფლიოს უდიდესი სამხედრო და ასევე სარაკეტო ძალა, 400-ზე მეტი ხომალდი და 3100 თვითმფრინავი - ეს მისი არსენალის არასრული ჩამონათვალია, რაც ნიშნავს, რომ საუბარია მსოფლიოს მესამე უდიდესი სამხედრო შესაძლობლობის მქონე სახელმწიფოზე, საზღვაო ფლოტითა და ავიაციით. ამასთან, მისმა ბირთვულმა მარაგმა 2021 წელს 400 ქობინს გადააჭარბა, 2023 წლის bolosთვის კი 1500-ს მიაღწევს.

ამასთან, ჩინეთი მიიჩნევს, რომ ტაივანი მისი პროვინციაა, რომელიც საბოლოოდ, პეკინის კონტროლს უნდა დაექვემდებაროს. თუმცა, ტაივანი თავისი კონსტიტუციით, არმიით და სახელმწიფო ინსტიტუტებით თავს დამოუკიდებელ სუბიექტად მიიჩნევს, რომელსაც დემოკრატიულად არჩეული ლიდერები ჰყავს.

ცნობილია, რომ ტაივანს მხარდაჭერას უცხადებს აშშ, რომლის ლიდერიც ახლახან ჩინეთის პრეზიდენტს შეხვდა. რაზე ისაუბრეს მათ და რამდენად რეალურია ჩინეთ-ამერიკის ინტერესთა გადაკვეთა, ამის შესახებ პოლიტოლოგი კახა გოგოლაშვილი გვესაუბრა.

- აშშ-ისა და ჩინეთის ლიდერების შეხვედრა იყო მცდელობა იმის, რომ სამხედრო დაპირისპირების რისკი მინიმუმამდე შემცირდეს. როგორც ვიცით, ჩინეთი ტაივანის ძალით მიერთებაზე უარს არ ამბობს. ეს იმ ფონზე, როდესაც აშშ-ს ტაივანისთვის მიცემული აქვს პირობა, რომ მას დაიცავს - საუბარია იმაზე, რომ სამხედრო შეტევის შემთხვევაში, მისი იმედი უნდა ჰქონდეს. ამერიკას წყნარ ოკეანეში ძალიან დიდი ფლოტი აქვს, გარდა ამისა, გუამზე ძალიან დიდი ბაზა აქვს, ანუ მთლიანობაში, ჩინეთის შეტევის შემთხვევაში, აშშ სამხედრო თვალსაზრისით მზად არის მის დასაცავად. ვფიქრობ, ორი სახელმწიფოს ლიდერს შორის ამ თემაზეც იქნებოდა საუბარი; აუცილებლად ისაუბრებდნენ იმაზე, რომ სამხედროებს შორის, ინფორმაციის გაცვლა იქნებოდა საჭირო, გაურკვევლობისა და ინციდენტის თავიდან ასაცილებლად. ჩინეთმა თუ ტაივანთან სამხედრო ძალის კონცენტრაცია მოახდინა, შესაძლოა რაღაც სახის კონფლიქტი მართლა დაიწყოს. ეჭვი მეპარება, რომ ორი ქვეყნის ლიდერებს შორის ყველა პრობლემა მოგვარდა და დალაგდა, თუმცა შესაძლოა, ამ ეტაპზე ერთმანეთი დაარწმუნეს, რომ ურთიერთშეთანხმების გარეშე მკვეთრ ნაბიჯებს არ გადადგამენ.

- დასავლური მედიის ცნობით, 2027 წლისთვის, ტაივანის სანაპიროებთან, ჩინეთის სამხედრო ბლოკადაც იქმნება. როგორ ფიქრობთ, რამდენიმე წელიწადში ტაივანისთვის ბრძოლა გარდაუვალია?

- ჩვენს რეალობაში, ვიდრე ომი არ დაიწყება, ზუსტად ვერავინ გააკეთებს პროგნოზს, გავარდება თუ არა ტყვია რომელიმე ქვეყანაში და რა მასშტაბის ომი იქნება. ასე მოხდა უკრაინის, ისრაელ-პალესტინის შემთხვევაშიც... კულუარებში ლაპარაკია იმაზე, რომ დათბობის ნიშნები იკვეთება, ამერიკამ ჩინეთს ტაივანის ასაღებად მწვანე შუქი მისცაო. ამაზე არაერთი ანალიტიკური სტატიაც დაიწერა, მაგრამ ეჭვი მეპარება ასე იყოს, რადგან აშშ-ის ვერც ერთი მთავრობა ვერ გაბედავს ამის გაკეთებას. თუმცა, შესაძლოა, ბაიდენს ეთქვა სი ძინპინისთვის, რომ არჩევნების შემდეგ, ამ საკითხს დაუბრუნდებოდა. არ არის გამორიცხული, მშვიდობიან გზებს ეძებდნენ, მაგრამ ვიდრე აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნები არ ჩატარდება, ამ მიმართულებით ნებისმიერი ნაბიჯი სახიფათოა.

biden3-1701015443.jpg

- პენტაგონის ინფორმაციით, ჩინეთს 2 მილიონზე მეტი ჯარისკაცი ჰყავს, ასევე, რამდენიმე ასეული სარაკეტო და სამხედრო ხომალდი, ამას ემატება საზღვაო ფლოტი... ეს საბრძოლო პოტენციალი არის ირიბი მესიჯი, რომ ჩინეთი არათუ პოზიციების დათმობას არ აპირებს, მეტიც, მზად არის გავლენები გააფართოოს?

- ნებისმიერ შემთხვევაში, ჩინეთის ფლოტი და საჰაერო ძალები აშშ-სას ვერ შეედრება. მიუხედავად იმისა, რომ რაოდენობრივად ჩინეთის ფლოტი ძალიან გაიზარდა, ამერიკული ფლოტის სიძლიერეს, თანამედროვე სტანდარტებსა და მომზადებას ვერ გაუტოლდება; 11 ავიამზიდი და მათზე ბაზირებული თვითმფრინავების ის რაოდენობა, მსოფლიოში სხვა არც ერთ ქვეყანას არ ჰყავს. როდესაც სტანდარტებზე ვსაუბრობთ - ამერიკული EF35-ს მსგავსი ჯერჯერობით არ არსებობს. ჩინეთში კი გამოუშვეს მეხუთე თაობის თვითმფრინავები, მაგრამ მრავალფუნქციონურობის, კომპიუტერიზაციისა და მართვის მხრივ, ამერიკულს მკვეთრად ჩამორჩება. თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ ვინმე ჩინეთის საბრძოლო პოტენციალს აკნინებს; ამ სახელმწიფოს უდიდესი პოტენციალი აქვს და რაც დრო გადის, კიდევ უფრო ძლიერ, გავლენიან მოთამაშედ ყალიბდება.

- ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტი რას ცვლის მსოფლიო რეალობაში - კონკრეტულად, უკრაინას ვგულისხმობ. დასავლელი ლიდერების უარყოფის მიუხედავად, მაინც ჩნდება კითხვა, რომ ისრაელ-პალესტინის (და არა მხოლოდ) კონფლიქტის ფონზე, უკრაინა ხომ არ გახდა მეორეხარისხოვანი?

- იმ შემთხვევაში, თუ ჩინეთი რუსეთთან ერთად მოქმედებს და მსოფლიოს, კონკრეტულად დასავლეთის ყურადღების გაფანტვას ემსახურება, როგორც ეს ისრაელ-პალესტინის შემთხვევაში მოხდა, მაშინ თავისთავად ლოგიკური იქნება, რომ ჩინეთმა ტაივანთან პროვოკაცია მოაწყოს. თუმცა, უნდა გვახსოვდეს, რომ ჩინეთი ეკონომიკურად, სავაჭრო ურთიერთობებით მჭიდროდ არის დაკავშირებული აშშ-სა და ევროკავშირთან. მისი სავაჭრო ბრუნვის უდიდესი ნაწილი, სწორედ ევროკავშირზე მოდის. ამდენმილიარდიანი ქვეყანა მნიშვნელოვანი შემოსავლის გარეშე დარჩება და ამ შემთხვევაში, ეკონომიკის აღსადგენად ან სხვა მიმართულებაზე გადასაწყობად, ან იმისთვის, რომ თვითკმარი სახელმწიფო გახდეს, ძალიან დიდი დრო დასჭირდება. ამის გათვალისწინებით, ჩინეთი, რუსეთის გამო ამხელა მსხვერპლს არ გაიღებს, საკმაოდ პრაგმატული მმართველობა და პოლიტიკა აქვს.

- თუმცა, ჩინეთს თავისი შიდა ამოცანებიც აქვს - სი ძინპინი, რომელიც ახლა მესამე ვადით აირჩიეს, მოსახლეობას დაჰპირდა, რომ მათ ტაივანს დაუბრუნებს, არა?

- დიახ. ამიტომ რაღაც უნდა მოიფიქროს, რომ მეოთხე ვადითაც აირჩიონ... ამიტომაც თქვა ბაიდენმა, - დიახ, დიქტატორი არისო. ეს უფრო წამოსცდა, რაც დიპლომატიური ლაფსუსი იყო, ჟურნალისტებმა პროვოკაციულ კითხვაზე წამოაგეს. თუმცა, მთლიანობაში, სწორი თქვა, არის კიდეც დიქტატორი. 70-იანი წლების შემდეგ, ჩინეთში ორ ვადაზე მეტად არც ერთი პარტიის წევრი არ აურჩევიათ. სი ძინპინს კი კიდევ უნდა ხელისუფლების სათავეში დარჩენა. არადა, იქამდე ჩინეთი ნელ-ნელა შედარებით ლიბერალური რეჟიმისკენ მიდიოდა.

ყველა დიქტატორი ასე იქცევა - საგარეო გამარჯვებებით, მტრის გამოგონებით იწყებს ომს, ქმნის საფრთხეს, რადგან სამუდამოდ უნდა, რომ პრეზიდენტი იყოს. ასე ხდება ირანშიც, ისიც სულ ომშია: ხან სირიაში იბრძვის, ხან ისრაელს "უჩხიკინებს". ასევე მოხდა აზერბაიჯანშიც, პრეზიდენტმა ძალიან მაღალი რეიტინგი ყარაბაღის ომის ფონზე მოიპოვა. ასე რომ, ახლა შეუძლია, შედარებით მშვიდად იყოს, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა აღადგინა და დიქტატურის მშენებლობას განაგრძობს. შესაბამისად, სი ძინპინსაც აწყობს, ამერიკას არ შეეჯახოს, მაგრამ საქმე მოჩვენებითად ისე წაიყვანოს, თითქოს ამერიკელებს ტაივანის დაბრუნებაზე ითანხმებენ. ეს რასაკვირველია, ილუზიაა, მაგრამ სი ძინპინი ჩინეთში ამ სცენარს ავითარებს. თუმცა, არც ის არის გამორიცხული, რომ ამერიკა შეუთანხმდეს ჩინეთს, - ტაივანს თუ შეეშვება, ადამიანის უფლებების დარღვევისთვის ეკონომიკურ სანქციებს არ დაუწესებს ან სულაც, ტრამპის მიერ დაწესებულ სანქციებს მოუხსნის. თუმცა, ესეც დროებითი იქნება. გლობალურად, ჩინეთ-ამერიკის დაპირისპირება აქ არ დამთავრდება, უფრო სწორად, ვერ დამთავრდება. ვიდრე ეს ორი სისტემა ასე რადიკალურად განსხვავდება და ჩინეთი ცდილობს, მსოფლიოში ამერიკის ჰეგემონია მოსპოს, მრავალპოლარული წესრიგი დაამყაროს, ეს კონკურენციაც იქნება.

- ამ სიტუაციაში მომგებიან პოზიციაშია რუსეთი, რომელსაც აშშ-ის დასუსტებაც აწყობს და ჩინეთისაც, არა?

- ამერიკასა და ჩინეთს შორის ურთიერთობის დაძაბვა რუსეთისთვის მისწრებაა. ამერიკის შეიარაღებული ძალების გადასროლა წყნარ ოკეანეში, ხელს აძლევთ მოსკოვში, მით უფრო, თუ ტაივანის გამო ომი დაიწყება, პუტინს მეორე სიცოცხლე მოემატება. ეს იციან როგორც ამერიკაში, ასევე ჩინეთშიც. რუსეთი გულზე არც ერთს არ ეხატება და რატომ უნდა წავიდნენ მისი მისაღები სცენარის მიხედვით? პუტინი კი ცდილობს მათ დაჯახებას, მაგრამ ასეც რომ მოხდეს, ჩინეთი ათჯერ მეტ მოგებას იღებს აშშ-ისგან, ვიდრე რუსეთისგან. ნოვოსიბირსკსა და ხაბაროვსკში მოჭრილი ხეტყის მოჭრით ან რუსეთში ტენდერების განხორციელებით, მნიშვნელოვან მოგებას ვერ იღებს. ფაქტია, თავისი ტერიტორიის არც ერთ ნაწილს არ აძლევს და ორივემ, განსაკუთრებით კი ჩინეთმა იცის, რომ უომრად რუსეთი მას არაფერს დაუბრუნებს, რაც არ უნდა დიდი დამსახურება ჰქონდეს მის წინაშე. აქ უკვე ჩნდება დიდი დილემა: ან ამერიკასთან კარგი ურთიერთობები, ან რუსეთთან ერთად უტევს დასავლეთ სამყაროს, რაშიც გამარჯვების დიდი შანსი არ აქვთ. კიდევაც რომ გაიმარჯვონ, რას მისცემს ეს მსოფლიოს? თეორიულად დავუშვათ, რომ ჩინეთმა და რუსეთმა დასავლეთი დაამარცხეს, რაც რუსეთს დიდად არ ადარდებს, მაგრამ ამ შემთხვევაში, ჩინეთი ბაზებს დაკარგავს და თავადაც გაღატაკდება. ანუ ეს გამარჯვება კი არ იქნება, უდიდეს ეკონომიკურ დარტყმას მიიღებს. ჩინეთში ძალიან რაციონალურად აზროვნებენ, ემოციებითა და იმპულსურად არასდროს მოქმედებენ. გარდა ამისა, ჩვენ არ ვიცით ის დეტალები, რაზეც ბაიდენმა და სი ძინპინმა ისაუბრეს. შესაძლოა, აშშ-მა თითი დაუქნია, რათა არ მიაწოდოს რუსეთს იარაღი. სამხედრო თანამშრომლობაც ახსენეს, რაც შესაძლოა, იმასაც მოიცავდეს, რომ ჩინეთმა ამერიკელ სამხედროებს ინსპექციის ჩატარების უფლება მისცენ, დროდადრო ჩინეთის კომუნიკაციებს რომ გადაუფრინონ და შეამოწმონ, აწვდის თუ არა რუსეთს იარაღს. ამისთვის შესაძლოა, აშშ-მა ჩინეთის ტერიტორიაზე დაზვერვის თვითმფრინავის შეშვება მოითხოვა.

ამერიკა არის ქვეყანა, რომელიც კარგი გაგებით, დემოკრატიის ექსპორტს ეწევა. ყველა თავის მოკავშირე ქვეყანაში ცდილობს დემოკრატიული რეფორმები ჩატარდეს და ადამიანის უფლებები დაცული იყოს. მაგალითად, ინდოჩინეთსა და სხვა მსგავს ქვეყნებში ცდილობს დემოკრატიული სისტემის შექმნას, რაც ჩინეთს და მის მსგავს ქვეყნებს სულაც არ აწყობს. ამიტომაც ცდილობენ მისი გავლენის შეზღუდვას; ამერიკული გავლენების გაზრდა, მათი გავლენების შემცირების პირდაპირპროპორციულია. ასე იქცევა რუსეთიც. რატომ აღიზიანებს უკრაინის ან საქართველოს "ამერიკანიზაცია", ბოლო ხანებში კი, სომხეთისაც? იციან, რომ ამერიკა დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარებას ნიშნავს, განვითარებულ საზოგადოებებს კი დიქტატორი მმართველი არ სჭირდებათ.

- მალე აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნები იქნება. ტრამპი ისევ აპირებს პირველობისთვის ბრძოლას. ხედავთ მის შანსებს?

- ძნელი სათქმელია, მაგრამ მისი არაორდინარული პერსონიდან გამომდინარე, არავინ იცის, რა პოლიტიკას გაატარებს და რა გეზს აიღებს. ამიტომ ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, დროზე შევასწროთ ევროპაში, რათა ვიღაცებმა ჩვენს მართვაზე პრეტენზია არ განაცხადონ.

ლალი პაპასკირი