"როგორიც გადაცემაში ჩანდა, იმაზე პოზიტიური და მეგობრულია" - გზაპრესი

"როგორიც გადაცემაში ჩანდა, იმაზე პოზიტიური და მეგობრულია"

19 ნოემბერს, გამთენიისას, მსახიობი კოსტა სანიკიძე საკუთარი სახლის ეზოში დაჭრეს. ფაქტი თბილისში, თეკლათის 7 ნომერში მოხდა. მას სახლში მოულოდნელად, დილის 7 საათზე ახალგაზრდა მამაკაცი მიადგა და საკუთარ ეზოში 5 ჭრილობა მიაყენა მუცლისა და გულმკერდის არეში. ამ უმძიმეს ფაქტს კოსტას დედა შეესწრო, რომელიც მოძალადისგან შვილის დაცვას შეეცადა, მაგრამ ვერ შეძლო. მის განწირულ კივილზე დასახმარებლად ეზოში მეზობლები შეცვივდნენ. არსებული ინფორმაციით, მათ შორის ერთ-ერთი პოლიციელი იყო და სწორედ მან მოახერხა დაეკავებინა დამნაშავე. მომხდარი მალევე აცნობეს სამართალდამცველებს და ძალოვანებმა დაკავებული - 24 წლის გიორგი გველესიანი პოლიციაში გადაიყვანეს.

დაჭრილი ახალგაზრდა კი სასწრაფოდ კლინიკა "ჰელსიკორში" გადაიყვანეს, სადაც ურთულესი ოპერაცია ჩაუტარდა. ექიმები ამბობდნენ, რომ პაციენტის მდგომარეობა მძიმე იყო, მას გულმკერდის არეში მიყენებულმა ჭრილობამ ფილტვები დაუზიანა. თუმცა, ჩატარებული ოპერაციის შემდეგ მდგომარეობა მალევე დასტაბილურდა და მორიგი კომენტარის დროს კლინიკის ექიმმა აღნიშნა, რომ დაჭრილის სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრებოდა: "ამ ეტაპზე პაციენტი კონტაქტურ-ადეკვატურია... მისი მდგომარეობა გვაძლევს საშუალებას, რომ საპალატე სივრცეში გადავიყვანოთ. მონაცემები სტაბილურია, ანალიზები ნორმის ფარგლებში", - თქვა ექიმმა. მართლაც, ოპერაციიდან მეორე დღეს, 20 ნოემბერს, კოსტა სანიკიძე პალატაში გადაიყვანეს. მასთან უკვე იმყოფებოდა საქმის გამომძიებელიც და დაზარალებულმა ჩვენებაც მისცა.

რას ამბობს კოსტა სანიკიძე, ჯერჯერობით უცნობია, თუმცა ერთ-ერთ ტელევიზიასთან მან პირველი კომენტარი უკვე გააკეთა. სატელეფონო ინტერვიუში მომღერალმა თავდამსხმელთან ნაცნობობა უარყო. თქვა, რომ მისთვის დანაშაულის ჩადენის მოტივიც უცნობია: "უკეთ ვარ... არა, ცნობით, არ ვიცნობ... ვერ გეტყვი ვერაფერს".

არადა, ირკვევა, რომ ამ ფაქტამდე ორი კვირით ადრეც სცადეს მასზე თავდასხმა. მაშინ დამნაშავეს თურმე მისი სახლი შეეშალა და კოსტას ნაცვლად, მისი კარის მეზობლის ბინასთან აღმოჩნდა. ამის გამო განზრახვა სისრულეში ვერ მოიყვანა. არის ვარაუდი, რომ სწორედ ეს ახალგაზრდა იყო იქ მაშინ მუქარით მისული. მართალია, ეს ამბავი კოსტა სანიკიძემ პოლიციას აცნობა, მომხდარი ფაქტი მედიითაც გახმაურდა, საქმეც აღიძრა, მეზობელიც დაიკითხა და დამნაშავის ვინაობის დადგენას ელოდებოდა, მაგრამ როგორც ჩანს, მაშინ ძალოვანებმა ვერ მოახერხეს დამნაშავის ვინაობის დადგენა.

მორიგ თავდასხმამდე რამდენიმე დღით ადრე, სოციალურ ქსელში კოსტა სანიკიძემ ვიდეომიმართვა გაავრცელა, რომელსაც პოლიციის შენობიდან გამოსული წერდა: "ახლა გამოვედი პოლიციიდან, დავხედე, ჩემს ამბავზე რა ხდება-თქო, ვინ, როგორ დამდევს. არაფერი სიახლე. ასე რომ, არ ვიცი, შენ ვინც უნდა იყო, მოდი, მოდი, გელოდები". ამ ვიდეოს ჩაწერიდან ერთ კვირაში მას სახლში მართლა მიადგა დამნაშავე. ეტყობა, შურისძიების წყურვილი იმდენად დიდი იყო, რომ პოლიციაში საქმის აღძვრამაც ვერ შეაჩერა, მორიგი თავდასხმა დაგეგმა და ამჯერად განახორციელა კიდეც. ამჯერად ის ფაქტზე დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ განსაკუთრებული სისასტიკით განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით საქმეზე დაიწყო გამოძიება და დაკავებულს ბრალი ოფიციალურად წაუყენეს.

რა გახდა თავდასხმის მიზეზი, რატომ იმეტებდა მოსაკლავად გველესიანი ახალგაზრდას? - ეს მთავარი კითხვა და სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია. ამ დრომდე კონფლიქტის მიზეზზე არავინ საუბრობს.

სოციალურ ქსელში ბევრი სტატუსი დაიდო, ყველა გულშემატკივრობდა კოსტა სანიკიძეს. მისი მეგობრები ირწმუნებიან, რომ დაკავებულს არ იცნობენ და თავდასხმის მიზეზი მათთვისაც უცნობია.

"ძალიან შემაშფოთებელია რაც მოხდა. დეტალები არ ვიცი, მაგრამ ადრეც იყო მისი დაჭრის მცდელობა. მე შემეხმიანა მაშინ კოსტა და მომიყვა ამ ამბავს. დაახლოებით 2 კვირის წინ მოხდა. ვიღაც უცხო ადამიანი დილის 6 საათზე, კოსტას შესაშინებლად ცივი იარაღით შეიარაღებული შევიდა მისი მეზობლის სახლში, იქ ეძებდა კოსტას. მაშინ მეზობელმა გამოაგდო. აერია სახლები. ჩავთვალეთ, რომ ვიღაც გიჟი იყო. თუმცა სერიოზული პრობლემა იყო ეს ამბავი. ამიტომ მეც ვურჩიე, სასწრაფოდ პოლიციისთვის მიემართა და ჟურნალისტებთანაც გაეხმაურებინა, რომ მალე გამოძიებულიყო საქმე. ასეც მოიქცა. განაცხადა პოლიციაში. ასეთ მოკლე დროში ასე თუ განვითარდებოდა მოვლენები, ნამდვილად ვერ წარმოგვედგინა. მითხრა, არ ვიცი, ვინ შეიძლება იყოს ამის ჩამდენი, არავისთან არ მაქვს დაძაბული ურთიერთობაო... კოსტა ძალიან სხვანაირი ჩანს ეკრანზე. კარგი ადამიანია. "პრაიმ ჰაუსში", დაძაბულ გარემოში სხვანაირად ჩანდა, მაგრამ პროექტი რომ დამთავრდა, ჩვენ ძალიან დაგვილაგდა ურთიერთობები. სადაც ვხვდებოდით, ერთმანეთს ვგულშემატკივრობდით. მეგონა, პროექტთან ასოცირებული რაღაცები პროექტთან ერთად დამთავრდა. არ ვიცი, რა მოხდა... რეალურ ცხოვრებაში რამდენჯერაც შევხვდი, კიდევ უფრო მშვიდი ადამიანია; როგორიც ჩანდა გადაცემაში, იმაზე პოზიტიური და მეგობრულია. ისეთი რა უნდა მომხდარიყო, რომ ვიღაცას ამ მარაზმის ჩადენის სურვილი გასჩენოდა. იმედი მაქვს, ყველაფერი კარგად იქნება. რაც მოხდა, საშინელებაა", - აღნიშნა ჩვენთან საუბარში გურამ შეროზიამ. "ჯანმრთელობის მდგომარეობა უკვე სტაბილურია, საშიშროება აღარ ემუქრება და მე მგონი, გადავრჩით. დილის 7 საათზე ეს ადამიანი მივიდა კოსტასთან სახლში. კოსტამ გაუღო კარი, იქ რაღაც შელაპარაკება მოხდა და ამასობაში, თურმე დანით 5 ჭრილობა მიაყენა. თან წარმოიდგინეთ, კოსტას დედა ხედავდა ამ ყველაფერს. მერე ისე მოხდა, რომ გაითიშა კოსტა და დაეცა. გიორგი გველესიანს საერთოდ არ ვიცნობ. კოსტასგან ვიცი, რომ არც მან იცის, ეს ბიჭი ვინ არის, რატომ ეძებდა", - აცხადებს კოსტა სანიკიძის კიდევ ერთი მეგობარი ლენუკა ყიფშიძე.

დაჭრილი შვილის სანახავად კლინიკაში მისულმა კოსტას დედამ, რომელიც ამ უმძიმესი ფაქტის თვითმხილველი და მთავარი მოწმეა, მომხდარზე ჟურნალისტებთან საუბარი არ ისურვა. ის უკვე დაჰკითხეს სამართალდამცველებმა.

პროკურატურამ დაადასტურა, რომ მოძალადემ დანაშაული დაზარალებულის დედის თვალწინ ჩაიდინა. როგორც ირკვევა, დაკავების დროს ამოღებულია დანაშაულის ჩადენის იარაღები. არსებული ინფორმაციით, გველესიანს თან ჰქონდა ორი ბასრი საგანი, მან სანიკიძე დაჭრა დანით და ასევე, ე.წ. სპიცით. ნივთმტკიცების სახით ორივე საქმეს დაერთო.

channels4-profile-1701015568.jpg

საზოგადოებაში გავრცელებული ერთ-ერთი ვერსიით, თავდასხმა გოგოს გამო მოხდა, თუმცა ამაზე ხმამაღლა არავინ ლაპარაკობს. დაჭრილის მეგობრები ამ ინფორმაციას უარყოფენ.

რა გახდა მაშინ ანგარიშსწორების მოტივი, რა ურთიერთობა იყო ბრალდებულსა და დაზარალებულს შორის, ჯერჯერობით ამაზე არც ბრალდებულის ადვოკატს უსაუბრია. მისი თქმით, დანაშაულის მოტივზე გიორგი გველესიანს არაფერი უთქვამს. ის დუმილის უფლებას იყენებს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, მას 16 წლამდე პატიმრობა ემუქრება. ამიტომ ბრალდებულმა უნდა გასცეს კითხვებზე პასუხი. ადვოკატ ლევან დავითაიას თქმით: "მას არაფერი უთქვამს. ბრალი არც დაადასტურა, არც უარყო, გამოიყენა დუმილის უფლება. თუმცა მზად არის მიიღოს საგამოძიებო მოქმედებებში მონაწილეობა... ცივ იარაღებზეა საუბარი. საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ რამდენიმე იარაღია ამოღებული, მაგრამ ვის ეკუთვნის, ჯერ არ ვიცით; ამ დრომდე უცნობია თავდასხმის მიზეზიც".

ბრალდებულ გიორგი გველესიანის მამა, თამაზ გველესიანიც ჟურნალისტებთან ირწმუნება, რომ მისი შვილი არ იცნობს დაჭრილ სანიკიძეს. მსახიობს მხოლოდ ტელეეკრანიდან იცნობდა. ამბობს, რომ მის შვილს მძიმე ფსიქოლოგიური პრობლემები აქვს. ის იმ ღამით სახლიდან გაიპარა. მამა ამბობს, რომ თვითონაც ისევე გაოგნებულია, როგორც სხვები: "მე ეს ამბავი, როგორც სხვებმა, ტელევიზიით გავიგე. გაოგნებული ვარ. ჩემს შვილს რთული ფსიქოლოგიური მდგომარეობა ჰქონდა, მაგრამ ვერ წარმოვიდგენდი, ასეთ რამეს თუ იზამდა. გვერდით ვეწექი დილის 6 საათამდე, მერე ჩამეძინა და 7-ზე გაპარულა... არც მეგობრები იყვნენ, არც სანაცნობო ჰყავთ. 6 საათზე იყო სახლში, ამის მერეა წასული..."

ადვოკატი არ გამორიცხავს, რომ ბრალდებულს ფსიქიატრიული ექსპერტიზა ჩაუტარდეს. თუ დადასტურდა მისი შეურაცხადობა, მაშინ ციხის ნაცვლად, ფსიქიატრიულ კლინიკაში გადაიყვანენ. ექსპერტიზის პასუხზე ბევრი რამ არის დამოკიდებული. საქმეზე გამოძიება გრძელდება, სასამართლომ ბრალდებულს პატიმრობა უკვე შეუფარდა. ვნახოთ, გაირკვევა თუ არა დანაშაულის რეალური მოტივი, ალაპარაკდება თუ არა თავად ბრალდებული და რა ჩვენებას მისცემს ის გამოძიებას.

თეა ხურცილავა