"ნიუ-იორკში შეიძლებაყველა სურვილი აგიხდეს... - გზაპრესი

"ნიუ-იორკში შეიძლებაყველა სურვილი აგიხდეს...

"...ვერ ვიტყვი, რომ ჩემი მაქსიმუმი გავაკეთე საქართველოში... 2003 წელს უცხოეთში წასვლა გადავწყვიტე. ლოს-ანჯელესის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი ტარდებოდა, რომელსაც კალიფორნიის მაშინდელი გუბერნატორი, არნოლდ შვარცენეგერი ხელმძღვანელობდა. ავიღე ვიზა და ასე აღმოვჩნდი მსოფლიოს ერთ-ერთ უდიდეს მეგაპოლისში, რომელსაც ამერიკის შეერთებული შტატები ჰქვია", - ამბობს ნიუ-იორკში პირველ ქართულ ცენტრთან არსებული საბალეტო სკოლის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი, ყოფილი ბალერინა, ქორეოგრაფი ანი გადელია...

- ჩემი ბავშვობა მძიმე 90-იან წლებს უკავშირდება, თავისი სირთულეებით. თუმცა, ის პერიოდი მაინც ძალიან ძვირფასია ჩემთვის თავისი გამოწვევებით და საინტერესო მომენტებით. თბილისის ერთ-ერთ ძველ უბანში დავიბადე. მაშინ ურთიერთობები ნამდვილად განსხვავებული იყო, მეტი სითბო, სიყვარული და ერთმანეთის მხარში დგომა იგრძნობოდა. ალბათ ამიტომაც გვიადვილდებოდა ყველას იმ სირთულეების გადალახვა.

- როდის შედგით ფეხი ბალეტის ჯადოსნურ სამყაროში?

- ძალიან დამჯერი, ლაღი და აქტიური ვიყავი... არ მეზარებოდა არანაირი შრომა, ალბათ ამიტომაც გადაწყვიტა დედამ, რომ ექვსი წლისა ფიგურულ სრიალზე შევეყვანე. რამდენიმე წელი მონდომებით მივყვებოდი სპორტის ამ სახეობას. სამწუხაროდ, საქართველოში არ იყო პირობები, რომ პროფესიულ დონეზე მევარჯიშა, არც საზღვარგარეთ წასვლის საშუალება გვქონდა. პედაგოგმაც გვირჩია, უკეთესი იქნება, თუ ქორეოგრაფიულ სასწავლებელში ჩააბარებსო. ბევრი ფიქრის შემდეგ გადავწყვიტეთ, მისაღებ გამოცდაზე გავსულიყავი. ასე აღმოვჩნდი თბილისის ვახტანგ ჭაბუკიანის სახელობის ქორეოგრაფიულ სასწავლებელში.

- როგორ გახსენდებათ ქორეოგრაფიულ სასწავლებელში სწავლის პერიოდი?

- ქორეოგრაფიულში ჩაბარების შემდეგ უცებ გავიზარდე, მით უმეტეს, ჯერ მხოლოდ ათი წლის ვიყავი. ბალეტი ხელოვნების ის სფეროა, რომელიც დიდ გამძლეობას, შრომას, ენერგიას და დისციპლინას მოითხოვს. ამ ყველაფერთან ერთად, ფსიქოლოგიურად ძლიერი პიროვნება უნდა იყო.

ბავშვობის წლები უცებ სერიოზულ და გამოწვევებით აღსავსე ცხოვრებაში გადაიზარდა. ცეკვის და სკოლაში სიარულის პარალელურად, კონსერვატორიასთან არსებულ ექსპერიმენტულ სკოლაში ვსწავლობდი ფორტეპიანოს.

- როგორ გახსენდებათ სცენაზე პირველი გასვლა?

- ქორეოგრაფიულში სწავლის პირველსავე წელს მქონდა ბედნიერება, საბალეტო სპექტაკლებში მიმეღო მონაწილეობა. ჩემი პირველი სპექტაკლი იყო "დონ-კიხოტი", სადაც "ბავშვების" როლი მეგობრებთან ერთად შევასრულე... ის ემოცია დღემდე მახსოვს: უზარმაზარი სცენა, განათებები, აუდიტორია; კულისები, სადაც ყველა თავის როლს ირგებდა და სცენაზე გასასვლელად ემზადებოდა...

რამდენიმე წელი თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში ვცეკვავდი. იმდენად მიყვარდა ჩემი საქმე, ვერ ვგრძნობდი, რომ სამსახურში მივდიოდი. ხშირად გვქონდა სპექტაკლი, განსაკუთრებით დატვირთული კი ახალი წლის პერიოდი იყო. ბალეტი "მაკნატუნა" ყოველდღე გადიოდა.

- საქართველოდან წასვლა როდის გადაწყვიტეთ?

- ვერ ვიტყვი, რომ საქართველოში მაქსიმუმი გავაკეთე... 2003 წელს ლოს-ანჯელესში ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი ტარდებოდა. ვიზის აღება მოვახერხე და მსოფლიოს ერთ-ერთ უდიდეს მეგაპოლისში აღმოვჩნდი, მიუხედავად ბევრი სირთულისა, ერთ წელიწადში მწვანე ბარათიც მივიღე.

img-7454-1701015796.jpg

- უკვე ბევრი თაობა აღზარდეთ და კიდევ ბევრს აღზრდით...

- ვცეკვავდი და ვასწავლიდი პატარა საბალეტო კომპანიებში. ამჟამად კი საბალეტო სკოლებში ვასწავლი. მათ შორის ჩემთვის ყველაზე საყვარელი ადგილია პირველი ქართული კულტურის ცენტრი "Dancing Crane", რომელიც 1996 წელს ბატონმა ვიქტორ სირელსონმა შექმნა... ამ სტუდიის წყალობით ბევრი ქართველი ბავშვი გაიზარდა და ქართულ ხელოვნებას ეზიარა.

წლის მანძილზე რამდენიმე ღონისძიებაზე ვმუშაობთ. სხვადასხვა თაობის თეატრალური წარმოდგენები, მუსიკის და ცეკვის ფესტივალი, გამოსაშვები საღამოები და მრავალი სხვა... მიხარია, რომ მაქვს საშუალება, ჩემი გამოცდილება ქართველ ბავშვებს გავუზიარო.

- როგორია თქვენი ყოველდღიურობა ნიუ-იორკში?

- ჩემი ყოველი დღე ძალიან დატვირთულია. მყავს ორი შვილი, მათაც დიდი ყურადღებას სჭირდებათ... ნიუ-იორკში თითქოს ყველაფერი ძალიან სწრაფად მოძრაობს და მეც უნებურად, ამ რიტმს მივყვები. მიყვარს ეს ქალაქი თავისი სიგიჟეებით.

მანანა გაბრიჭიძე