"ეს ბიჭები წიგნებიდან გადმოსულ პერსონაჟებს ჰგავდნენ" - გზაპრესი

"ეს ბიჭები წიგნებიდან გადმოსულ პერსონაჟებს ჰგავდნენ"

თითოეული იმთავითვე განწირული იყო გმირობისა და თავდადებისათვის; ისინი იბრძვიან და კვდებიან იმისთვის, რომ იცოცხლოს საქართველომ. ნიკა გელენიძე საქართველოს სახელით, უკრაინაში რუს ოკუპანტებთან ბრძოლას შეწირული ორმოცდამეჩვიდმეტე ქართველია. ის ბატალიონის "თბილისი" წვერი იყო, თანამებრძოლებთან ერთად, ბახმუტიდან თანამებრძოლის ცხედრის გამოყვანას ცდილობდა, როდესაც დაბომბვაში მოყვა და ადგილზე დაიღუპა.

levan-lobjhanidze-copy-1701016011.jpg

დავით აბულიძე, თანამებრძოლი:

- თქვენ იცით, რომ რამდენიმე კვირის წინ ჩვენი თანამებრძოლი ლევან ლობჟანიძე დაიღუპა. ცხელი წერტილიდან მისი გამოყვანის ოპერაცია დაიგეგმა... ამ სიტუაციაში, გზაში, დაბომბვაში მოყვნენ ბიჭები. ვერ მიაღწიეს დანიშნულების ადგილამდე. რამდენიმე დღე ელოდნენ ცუდ ამინდს, ისე უნდა შესულიყვნენ, რომ დრონებს ვერ დაეფიქსირებინათ. მოულოდნელად გამოიდარა, რუსებმა დრონები ააფრინეს და ბიჭები დაინახეს. ინტენსიური დაბომბვა დაუწყიათ და ნიკა დაიღუპა, ორი აზერბაიჯანელი მებრძოლი დაიჭრა. ვუსამძიმრებ ნიკოლოზის ოჯახს, დედას, ძმას და მთელ საქართველოს. ძალიან დაგვწყვიტა გული. ვაჟკაცი, სამშობლოზე შეყვარებული ადამიანი იყო. ნიკა 1993 წელს, სოხუმიდან გამოსულ იმ გემზე დაიბადა, რომელსაც რუსეთი ბომბავდა. ფოთში ცხოვრობდა და აფხაზეთის ნახვაზე ოცნებობდა. შარშან, ერთ-ერთი ქართველი მებრძოლის სამძიმარზე გავიცანით. მაშინ მითხრა, რომ მამა ხშირად უამბობდა აფხაზეთის შესახებ. აუცილებლად უნდა დავიბრუნოთო, ჩემს მშობლიურ მიწაზე ფეხი უნდა დავდგაო. გრძნობდა, რომ აფხაზეთის დაბრუნების გასაღები აქ იყო. ამას ყველა ქართველი ვხედავთ, მართლა აქედან წყდება ჩვენი ქვეყნის ბედ-იღბალი.

ლევან ლობჟანიძე ბახმუტის მიმართულებაზე, კლიშევკას დასახლებასთან მიმდინარე შეტაკებებს ემსხვერპლა. ლობჟანიძე პროფესიონალი სამხედრო იყო, იბრძოდა აფხაზეთშიც, უკრაინაში კი ბატალიონის "თბილისი" წევრი იყო.

არჩილ ხოფერია, თანამებრძოლი:

- ლევან ლობჟანიძე ჩემი ძმა იყო, ბახმუტის მისადგომთან მტრის გამაგრებულ ბლინდაჟზე იერიშის დროს დაეცა. ბევრს არაფერს ვიტყვი მასზე. ერთ ამბავს მოგიყვებით: იყო პერიოდი, როცა ფაქტობრივად არაფერს ვჭამდი, რამეთუ ვცდილობდი, ფორმაში ჩავმდგარიყავი და დავიწუწუნე, რომ სახლში ფაფებს მიკეთებდნენ-მეთქი. მეორე დღეს კარზე მოაკაკუნა, მოკრძალებით შემოვიდა და გამზადებული ფაფა მომიტანა... ჩემზე უმცროსი იყო, აფხაზეთში მოხალისედ იბრძოდა. მერე დიდხანს თურქეთში ცხოვრობდა და მუშაობდა. როდესაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა, ყველაფერი მიატოვა და აქ ჩამოვიდა. ახლა წევს ცივ მიწაზე, თუშის მიერ მტრისგან გადამალული. ეს ამბავი კი ასე მოხდა: რვა კაცი უტევდა ბლინდაჟთა წყობას - ოთხი ქართველი, ოთხი უკრაინელი... პირველ ბლინდაჟთან ლევანმა და თუშმა (დათო აბულიძემ) შვიდი მიაწყვეს ზედიზედ, მერე ბლინდაჟთანაც მიაღწიეს და თერმობარულით ააფეთქეს. ალაფი მოაგროვეს და იქვე ჩაიმუხლეს სულის მოსათქმელად. დრონი შენიშნეს, გადასცეს და პასუხად მიიღეს, რომ ჩვენი იყო... დრონის ჩამოგდებული ჭურვი უკვე 15 მეტრზე იქნებოდა, თუშმა რომ შენიშნა და ლევან, გადახტიო, - დაიძახა, თავადაც გადახტა, მძიმედ დაიჭრა... ჭურვის ნამსხვრევმა ერთი ფეხი გადაუმტვრია, მეორე დაცხრილული ჰქონდა... აზრზე მალევე მოვიდა. ლევანს ეძახდა, ძალა მოიკრიბა, მიხოხდა, გადმოაბრუნა, მაგრამ ლევანi აღარ იყო... მძიმედ დაჭრილს კი უკვე უტევდნენ და ისიც იბრძოდა. ჯერ მისი, მერე მტრის იარაღით, მთელი ორსაათ-ნახევარი მარტო იბრძოდა...

რამდენიმე დღის წინ კიდევ ერთი დიდი ტრაგედია მოხდა. უკრაინაში საქართველოს სახელით მებრძოლ "ქართულ ლეგიონს" ორი პროფესიონალი: რამაზ ფეტელავა და ბექა ლომაშვილი გამოეცალა. ისინი დონეცკის მიმართულებაზე შეტევითი ოპერაციის დროს დაეცნენ. მათთან ერთად კიდევ 11 ლეგიონერი დაიჭრა. ღვთის წყალობით, მათ სიცოცხლეს ახლა საფრთხე აღარ ემუქრება.

თორნიკე გოგუაძე, თანამებრძოლი:

- ბექა ერთი წლის წინ გავიცანი. მაღალი, წარმოსადეგი ბიჭი იყო, გონიერი და მუდამ ანთებული თვალებით. ბევრს არ ლაპარაკობდა, ყურადღებით უსმენდა ყველას, ვისაც კი ოდესმე ფრონტი უნახავს და მერე, საათობით ჩაფიქრებული იყო. ბევრს ვარჯიშობდა, ორძელზე აწევაში ან სირბილში ვეჯიბრებოდით ერთმანეთს. სერიოზული სამხედრო გამოცდილება ჰქონდა. ჯერ ქართულ არმიაში იმსახურა, მერე ფრანგულ ლეგიონში გადავიდა. როგორც კი რუსეთი უკრაინაში შეიჭრა, მაშინვე მიატოვა კარიერა და მებრძოლ ლეგიონერებს საქართველოს სახელით შემოუერთდა. რამაზ ფეტელავაც ბექასთან ერთად გავიცანი. ყველანი ფეტოს ვეძახდით. ქართული ჯარის სერჟანტი იყო, ძლიერი პიროვნება და სამხედრო საქმის უბადლო მცოდნე. 19 წელი იმსახურა საქართველოს შეიარაღებულ ძალებში. მხოლოდ ერთი წელი ჰქონდა დარჩენილი პენსიაში გასვლამდე. მიატოვა ამდენი წლის ნაშენები კარიერა და უკრაინაში ჩამოვიდა. არ არსებობდა საკითხი, რაზეც საუბარი ან რისი ახსნაც არ შეეძლო. ვერასდროს შეამჩნევდით, რომ სამხედრო წოდებით ჩვენზე მაღლა იდგა, ტრაბახი არ უყვარდა. რამაზიც და ბექაც წიგნიდან გადმოსულ პერსონაჟებს ჰგავდნენ, ნამდვილი რაინდები იყვნენ. სხვა ლეგიონერებთან ერთად, ფეხით, მხოლოდ ავტომატებით შეიარაღებულებმა გადაიარეს რამდენიმე კილომეტრი, დანაღმულ ველი და ისე, რომ თავზე რუსების დრონები დასტრიალებდათ, იერიში მიიტანეს მტრის პოზიციაზე. უნდა ითქვას, რომ ეს პოზიცია დიდი ხნის წინ, ძალიან საფუძვლიანად ჰქონდა მტერს გამაგრებული. ბიჭებმა საოცარი სიმამაცე და თავდადება გამოიჩინეს. იმედი მაქვს, საქართველო არ დაივიწყებს მათ თავდადებას.

ხათუნა ბახტურიძე