„მაშინ დაგვცინოდნენ, რა ხელოვნური ინტელექტიო“ - გზაპრესი

„მაშინ დაგვცინოდნენ, რა ხელოვნური ინტელექტიო“

შალვა გვარამაძე იყო იმ ჯგუფის ერთ-ერთი წევრი, ვინც საქართველოში პირველმა დაიწყო მუშაობა ხელოვნურ ინტელექტზე. მან დაამთავრა თსუ-ს კიბერნეტიკისა და გამოყენებითი მათემატიკის ფაკულტეტი და სპეციალობით კარგა ხანს მუშაობდა. მერე ინტელექტუალური საკუთრების დაცვის სფერომ დააინტერესა და ამ დარგშიც მიიღო საფუძვლიანი განათლება. წლების წინ ღვინის დაყენებაში მოსინჯა ძალები, ეს საქმეც კარგად გამოუვიდა. უყვარს ლიტერატურა, სახვითი ხელოვნება, მუსიკა... ის არა მხოლოდ სიამოვნებას იღებს ხელოვნების ამა თუ იმ დარგთან ურთიერთობისას, მისი გაანალიზების და სიღრმეებში წვდომის უნარიც შესწევს. მისთვის არც სპორტია უცხო. ასე რომ, ვფიქრობ, ბატონ შალვასთან საკმაოდ საინტერესო საუბარი შედგა.

- თქვენ ბიოლოგიური კიბერნეტიკა დაამთავრეთ, რომელიც მაშინ ახალი დარგი იყო, არა?

- კიბერნეტიკის ფაკულტეტზე პირველი სტუდენტები 1965 წელს მიიღეს, მე ჩავაბარე მომდევნო წელს. ფაკულტეტს ჰქონდა სამი სპეციალობა: თეორიული, ტექნიკური და ბიოლოგიური კიბერნეტიკა. მე-4 კურსზე ვიყავი, როცა ბიოლოგიური კიბერნეტიკა დახურეს, თუმცა დიპლომში სპეციალობად მიწერია ბიოფიზიკოსი, კიბერნეტიკოსი. საინტერესო დარგია კიბერნეტიკა, ეს არის მეცნიერება მართვის შესახებ, ბერძნულად მესაჭეს ნიშნავს, ანუ როგორ უნდა მართო პროცესები. ჩვენ ვართ ერთ-ერთი პირველი სპეციალისტები ხელოვნურ ინტელექტში. მაშინ დაგვცინოდნენ, რა ხელოვნური ინტელექტიო. ეს ტერმინი პირველად გამოიყენა ამერიკელმა მეცნიერმა ჯონ მაკარტმა და განმარტა, რომ ეს არის პროგრამა ან კომპიუტერი, რომელსაც შეუძლია იაზროვნოს და გადაჭრას ამოცანები, როგორც ადამიანმა და მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილებები. ასე ჩაეყარა საფუძველი ახალ დარგს და დაიწყეს მისი დანერგვა ენერგოსისტემაში. პირველად ამერიკელებმა შექმნეს კლასიკური შრომები ამ მიმართულებით.

კიბერნეტიკის ინსტიტუტის დირექტორი ვლადიმერ ჭავჭანიძე ხელოვნური ინტელექტის გამოჩენილ სპეციალისტად ითვლებოდა. მისი შრომებისა და მოხსენებების აღიარება იყო ის, რომ პირველი მსოფლიო კონგრესი ხელოვნურ ინტელექტში 1976 წელს, საქართველოში ჩატარდა. 500-მდე მონაწილედან ნახევარი უცხოელები იყვნენ და მათგან 70% - ამერიკელები. ჭავჭანიძემ მოგვცა საშუალება და ჩვენ ამ კონგრესის კონფერენციებში ვმონაწილებდით, ორ კომიტეტში ვმუშაობდით, კორიფეებს გავეცანით. ხელოვნურმა ინტელექტმა ისეთი შედეგები მოიტანა, რომ მაშინვე დაინტერესდნენ სამხედროები და კიბერნეტიკის ინსტიტუტი გაასაიდუმლოეს. ჩვენ მიერ შესრულებული სამუშაოები ბევრგან დაინერგა. მაგალითად, ბიოლოგიური სისტემის ანალოგი ელექტრონული სისტემა იყო „ლუნახოდ 1“-ზე - იმ მოწყობილობაზე, რომელიც მთვარეზე ავიდა. ამ პროექტის შემსრულებლებმა ე.წ. დახურული სახელმწიფო პრემია მიიღეს, გვარები არ დაუსახელებიათ.

- ხელოვნება ბავშვობიდან გიყვარდათ, რომელიმე წრეზე დადიოდით?

- ჩემი მშობლები სკოლის პედაგოგები (დედა - დაწყებითის, მამა - გეოგრაფიის) იყვნენ და ხატვის, მუსიკის, ცეკვის მასწავლებლებთან მეგობრობდნენ. მუსიკის მასწავლებელმა მითხრა: შალვა, მათემატიკას კარგად სწავლობ და მუსიკას თავი დაანებე, ხმა არ გივარგაო. ხატვამაც დამიწუნა. ცოტა ხანს დავდიოდი ქართული ცეკვის წრეზე. ალბათ, მე-8 კლასში დაიწყო ჩემი ტრფიალი ხელოვნებისადმი, როცა პედაგოგმა ექსკურსიაზე წაგვიყვანა ლენინგრადში, რიგასა და მოსკოვში. ჩემზე წარუშლელი შთაბეჭდილება დატოვა მუზეუმებმა, განსაკუთრებით ერმიტაჟმა, სადაც მოვიხიბლე იმპრესიონისტების დარბაზით. საოცარია რუსული ხელოვნების მუზეუმი, კრემლის მუზეუმი - „არუჟეინაია პალატა“... მერე რეგულარულად მიხდებოდა ჩასვლა მოსკოვსა და ლენინგრადში სამსახურის გამო და ყოველთვის ვპოულობდი დროს მუზეუმებში შესასვლელად. დავიწყე სპეციალური ლიტერატურის კითხვა. როგორც კიბერნეტიკოსი, ხომ უნდა დაფიქრდე, რომ ხელოვნების ფორმა ერთ-ერთი ენაა, რა დროსაც ერთი ადამიანი ესაუბრება მეორეს. ყველაზე ადვილად გასაგები ენა, ეს ლიტერატურაა, მაგრამ როდესაც ფერების კომბინაციით გელაპარაკება ვინმე, იმას წაკითხვა უნდა. ასევე, ქანდაკებასაც უნდა წაკითხვა. ამითაც ვიყავი გატაცებული. კარგად მახსოვს, 1996 წელს პირველად ვიყავი ჰელსინკიში და მასპინძელს ვთხოვე, სიბელიუსის ძეგლი მანახვეთ-მეთქი. ეს ძეგლი უნიკალურად ითვლება, იგი შეჭრილია ფინეთის ყურეში და რადგან იქ სულ ქარი უბერავს, ორგანის მილები მელოდიას გამოსცემენ. კარგა ხანს ვიდექი ქანდაკებასთან, ჩანაფიქრმა დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. ვნახე სიბელიუსის სახლ-მუზეუმი, იქვე სასტუმროა, სადაც რამდენიმე დღე დავრჩი... ჩემს თავს დავუსახე ასეთი ამოცანა, რომ უნდა ვისწავლო ხელოვნების ენის გაშიფვრა - რას მეუბნება ფერწერა, ქანდაკება, მუსიკა, ბალეტი... ბიბლიურ სიუჟეტებზე შექმნილ სურათებს ვერ ვიგებდი და მივედი იქამდე, რომ ბიბლია წავიკითხე. ამ ყველაფერმა მოიცვა ჩემი ყურადღება და ნელ-ნელა დაგროვდა გამოცდილება.

- ბევრ მხატვარს იცნობთ და ვინმეს დაუმეგობრდით?

- გივი ღოღობერიძემ გამაცნო გივი თოიძე და მურაზ მურვანიძე. ღოღობერიძე სპორტსმენი იყო, ბაკურიანში მაშველთა ჯგუფს ხელმძღვანელობდა, იქ გავიცანი. ძალიან მიყვარს თხილამურები და დღემდე კარგად ვსრიალებ. გივი თოიძესთან დაახლოებით 15 წელი ვმეგობრობდი. აუცილებლად, კვირაში ერთხელ მაინც მირეკავდა და სახელოსნოში გავუვლიდი ხოლმე, სახლშიც ხშირად დავდიოდი. მას თბილისის ფერმწერს ეძახიან. გივის ერთ-ერთი დაბადების დღისადმი მიძღვნილ საღამოზე, ცნობილმა არქიტექტორმა უთხრა, - შენ ფერების არქიტექტორი ხარო, ეს დამამახსოვრდა. გივის მეშვეობით გამოფენებზე ბევრი მხატვარი გავიცანი. მათ საინტერესო შემოქმედება აქვთ, თუმცა სამწუხაროდ, აკადემიური მხატვრები ნაკლებად ჩანან. ხელოვნების ხალხი თავისებურად ხედავს სამყაროს, ზოგი საკუთარ თავშია ჩაკეტილი. გივი და მურაზი როცა ერთად იყვნენ, ძველი თბილისური სომხურით ლაპარაკობდნენ. მაგრამ როდესაც გივი ხატვას იწყებდა, აბსოლუტურად სხვა ადამიანი ხდებოდა, ვერც დაელაპარაკებოდი, იქ იყო ჩაფლული. მურაზი სამუშაო პროცესში არ მინახავს. ის იმ ტიპის ხელოვანია, რომელიც მუშაობის დროს სახლშიც კი არ აჩერებს არავის.

- მხატვრებთან ერთად როცა ხართ და ისინი ნამუშევრებზე საუბრობენ, თქვენც ერთვებით ხოლმე განხილვაში?

- ხელოვნების საკითხებზე თავად მხატვრებიც იშვიათად ლაპარაკობენ ერთმანეთში. ყველა მხატვარს თავისი გარსი აქვს და იქ არავის უშვებს. ჩემთან სიამოვნებით საუბრობენ, ვთქვათ პოლიტიკაზე, მიმდინარე საკითხებზე... საერთოდ, ხელოვანის ნამუშევრები თავად ლაპარაკობენ. ძალიან მომწონს მურაზის გაკეთებული მალხაზ შალიკაშვილის საოცარი ძეგლი. სტილს ვერ გაიგებ, მურაზს ხომ თავისი ენა აქვს. მთელი სხეული "კუბიკებია" ღია სივრცით. თავზე ადგას ძლიერი მხრები, კისერი და ლამაზი თავი. ეს იმაზე მიგანიშნებს, რომ შალიკაშვილი ბავშვობიდან წესრიგსა და დისციპლინაში გაიზარდა, კრისტალივით აწყობილი ცხოვრება ჰქონდა და იმიტომ მიაღწია ასეთ შედეგს. როგორ უნდა მურაზს, რომ ეს ძეგლი კახეთში დაიდგას. მეც ძალიან მინდა, მაგრამ ის ვერ გაიგეს, ვერ წაიკითხეს. მურაზს გული სწყდება და მეუბნება: შენ რა კარგად მიხვდი ყველაფერს, რამდენს ვაჩვენე ქანდაკება და ეგ ვერ დაინახესო.

muraztan-ertad-copy-1701016193.jpg

- გამოფენებზე ხშირად დადიხართ?

- კი, მურაზი დამირეკავს, ამა და ამ გალერეაში არაჩვეულებრივი გამოფენააო და მეც სიამოვნებით მივდივარ. თავად დარეკვა მერიდება ხოლმე... მურაზი როცა მირეკავს, მეუბნება: კაცო, სად დამეკარგე, გამოიარეო.

- ბუბა კიკაბიძე როგორ გაიცანით?

- მას პირადად არ ვიცნობდი, მის ხელოვნებას - რა თქმა უნდა. სტუდენტობისას ჩემმა მეგობარმა პატარა რადიომოდელი გააკეთა და მოსკოვში გაუშვეს „ვდნხას“ გამოფენაზე. იქ ვნახე გამოკრული აფიშა, რომ გამოფენის ტერიტორიაზე ტარდებოდა „ორერას“ კონცერტი. უამრავი ხალხი დაესწრო იმ საღამოს. ჩვენ გადავწყვიტეთ, ქართველები მივიდეთ მომღერლებთან და მივესალმოთო. რას მიხვალ? ახალგაზრდა გოგონების არმიაა... ბუბა დგას და ბლოკნოტში იწერს ტელეფონებს, მათი თხოვნით. ნელ-ნელა გაიკრიფა ხალხი, წავიდა რობერტ ბარძიმაშვილიც. ბუბამ ის ბლოკნოტი ურნაში გადააგდო. მაშინ დავინახე ამ კაცის ბუმბერაზობა, ეს იყო მისი სამსახურის გაგრძელება. გავიხსენოთ თუნდაც ბუბას ის საქციელი, როცა რუსეთში წასვლაზე და პუტინის ჯილდოზე უარი თქვა. კიკაბიძის იმპრესარიო, ბატონი სოსო მეუბნება: დავითვალე და რამდენიმე მილიონ დოლარზეა ლაპარაკიო. წარმოგიდგენიათ, რა თანხებზეა საუბარი? ოქროს კერპის მაცდურობას რომ გაუძლებს ადამიანი, ის უკვე დიდი კაცია.

ჩემთვის ბუბა არის ღირსეული პიროვნება. დაუსწრებლად ვიცნობდი, მურაზი სულ მასზე მიყვებოდა, ძმებივით იყვნენ. კიკაბიძე რომ გარდაიცვალა, მურაზი საოცარ მდგომარეობაში დამხვდა. ამბობდა, - ბუბას გარეშე ვერ გავძლებო. ისე მოხდა, რომ ჭირის სუფრაზე ჩემი ღვინო იყო და მეც მოვხვდი იქ. უკრაინის ელჩმა სუფრასთან თქვა, რომ ზელენსკის გადაწყვეტილებით, კიევში ქუჩას და ალბათ სკვერსაც, ვახტანგ კიკაბიძის სახელი დაერქმევაო. ბუბა 85 წლისა გახდებოდა 19 ივლისს და მურაზს უნდოდა აღნიშვნა. გვერდში დავუდექი და ბათუმში გადავიხადეთ. ისეთი უმწეო იყო ბუბას მერე, მუშაობაც კი შეწყვიტა. ჩაიფიქრა, რომ მისი ძეგლი სკვერში უნდა დაიდგას. ბათუმში გადმომცეს სიგელი, რომლითაც ასე ვთქვათ, ბუბა კიკაბიძემ „დამაჯილდოვა“ და ის ჩემთვის სანუკვარი საჩუქარია. გადაწყვიტეს, რომ ყოველ წელს, მისი დაბადების დღეს მოეწყოს ბათუმის ორდღიანი ფესტივალი, სადაც ჩამოვლენ ბუბას მეგობრები და გაიმართება კონცერტი. კარგ საქმეს აკეთებენ.

murazi-da-shalva-batumshi-bubas-dabadebis-dges-1701016181.jpg

- გაიხსენეთ რომელიმე გამოფენა, სპექტაკლი ან კონცერტი, რომელმაც მოგანიჭათ სასიამოვნო ემოციები.

- თეატრი ძალიან მიყვარს. მე და ჩემმა მეუღლემ ვნახეთ „მეფე ლირი“ თუმანიშვილის თეატრში, სპექტაკლმა გაგვაოცა. შესანიშნავად თამაშობს ზურა ყიფშიძე. ძალიან მოგვეწონა და საინტერესო იყო რუსთაველის თეატრის სპექტაკლი „სტუმარ-მასპინძელი“, დადგმა ორიგინალურად არის გადაწყვეტილი, მსახიობები მაყურებელთან დარბაზში ჩამოდიან და რამდენიმე ეპიზოდი იქ თამაშდება. მე და ჩემი მეუღლე ვცდილობთ, არ გავაცდინოთ იმ ცნობილი მომღერლების კონცერტები, რომლებიც აქ ჩამოდიან. თუმცა სტადიონზე და სპორტის სასახლეში გამართული კონცერტები არ მომწონს, იქ საშინელი აკუსტიკაა. დიდ სიამოვნებას მანიჭებს ვინმეს დახმარება, არცთუ იშვიათად წიგნის გამოცემა დამიფინანსებია. მაგალითად, მათ შორისაა ისტორიკოს ომარ გოგიაშვილის წიგნების ხუთტომეული - „ილია დღეს“. ქველმოქმედების გარეშე უფალთან ვერ მიხვალ.

ნანული ზოტიკიშვილი