ნანა თუმოროფობი - ადამიანი, რომელიც არ გაქრა - გზაპრესი

ნანა თუმოროფობი - ადამიანი, რომელიც არ გაქრა

გარდაიცვლება ადამიანი და იწყებ მანიპულატორის ძიებას მისი ციფრული "დილეითისთვის". განსაკუთრებით "წაშლის ღილაკს" მაშინ მივმართავთ, თუ ამ ადამიანს რეალურადაც იცნობ. სხვისი არ ვიცი და მე ასე არაერთხელ გამიკეთებია. ამ ქმედების საფუძველი ქვეცნობიერს უნდა მივაწეროთ თუ ცნობიერს, არ ვიცი, მაგრამ ნანა ზარდიაშვილი - თუმოროფობი ის ადამიანია, ათასობით ადამიანმა რომ ვერ გაიმეტა "წასაშლელად" და ახლაც, მის დაბადების დღეს, დღესასწაულებზე ვიხსენებთ ხოლმე როგორც "აზროვნებისა და კეთილშობილების გენერალ-სიმუსს" ან სულაც, "დროებით მიწაზე მოსულ ზეციერ ადამიანს"...

მახსოვს, 12 წლის წინ სამძიმრებს ვიღებდი დედის გარდაცვალების გამო და დამხვდა ნანას მოწერილი: "როლანდ, ისე ვწუხვარ, ისე ვწუხვარ, არც კი ვიცი, რა გითხრა. ძალიან მძიმე და ცუდი პერიოდი დაგიდგა, ჩემო საყვარელო მეგობარო. უნდა გაუძლო და გადაიტანო, სხვა გზა არა გვაქვს ამ საბრალო არსებებს, ადამიანებს. გკოცნი მაგრად. ძლივს მოგწერე, არც კი ვიცოდი, რა მეთქვა..." - ეს იყო ჩემთვის მორიგი ნუგეში მძიმე დღეებისგან მოტანილი დარდის განსაქარვებლად. მანამდე არაერთხელ მიგვიწერია ერთმანეთისთვის. საოცარი იუმორი ჰქონდა, სამიოდე სიტყვაში ატევდა აკადემიურობას, აზრის სინათლესა და ხუმრობას.

არ მახსენდება ადამიანი, მას რომ წაჰკამათებოდეს, მისი მოსაზრება არ გაეზიარებინოს და ზოგადად, ყოველ საღამოს იყო სალონური შეკრებები ნანა ზარდიაშვილის "კედელზე" იმ დროს, როცა სულიერი კრიზისი გვედგა ადამიანთა უმეტესობას.

მე და ნანას ხშირად შეგვიჩივლია ერთმანეთისთვის დედების მდგომარეობის გამო. საჯაროდ და სახალხოდ არა, ჩვენთვის, ჩუმად. ეს ის დრო იყო, როცა ღამეში ორჯერ ინიექცია უნდა გამეკეთებინა დედაჩემისთვის, ღამის 12-სა და დილის 6-ზე, ამიტომ გამოძინებას ვერ ვასწრებდი. ტკივილი, რომელიც დედას არ აძინებდა, არ მაძინებდა მეც... ორიოდე სიტყვას გავცვლიდით მე და ნანა გულისტკივილით. დედა როგორაა? - დავეკითხებოდი და იყო ასეთი პასუხი: "დედა ძალიან ცუდადაა, ძალიან. ორი დღეა არ ჭამს. ძალიან წვალობს - ვერ ვაძინებ. როლანდ, შენ ასეთი გამხდარი ადამიანი არ გინახავს. ან როგორ დავდივარ, ან როგორ ვლაპარაკობ, ან როგორ გწერ ახლა ამ წერილს - რა ადვილად ვიტანთ სხვის ტანჯვას ადამიანები. ვაიმე, ვაიმე, ვაიმე, რას ვუყურებ. საწოლზე დავუჯდები ხოლმე, დავსვამ და გულზე მივიხუტებ, ვარწევ და ვუმღერი იავნანას და წყნარდება, იძინებს. ვაი, როლანდ, ვაი, მე ვეღარ ვუძლებ მისი ტანჯვის ყურებას! ბოდიში წუწუნისათვის!" მერე მეც ამოვთქვამდი გულისტკივილს, ამასობაში დილის ექვსიც დადგებოდა და გაცივებული ხელით ვხსნიდი მორიგ ამპულას... ნემსით ჩხვლეტა, რომელიც ჩემს გულს უფრო კაწრავდა, მალე უნდა დამევიწყებინა, რათა ბოსლისკენ წავსულიყავი თვალისცეცებით, მომევლო პირუტყვისთვის, ძროხები ჩამომეწველა და ყველის ამოყვანაც მოსასწრები იყო სამსახურში წასვლამდე. მერე, 12 საათზე ისევ უნდა მომერბინა სახლში და ისევ ის გულსაკლავი სურათი მეორდებოდა: დედის ნაღვლიანი თვალები, ტუჩების ჩაკვნეტით გადაყლაპული ტკივილი და კვლავ სამსახურისკენ გულგახეთქვით წასვლა... ჩვენ, მე და ნანა ვიცლიდით ერთმანეთის მოკითხვისთვის და მადლობის თქმასაც არ ვაყოვნებდით: "როლანდ, რატომღაც უკეთ ვართ! დედას ნაწოლები უშუშდება, რაც ძალიან მახარებს. ბოლომდე კარგად ვერ ვიქნებით, ხომ იცი, მაგრამ დღეს და გუშინ ნაკლებად წვალობს. ისე კარგად დავბანე და გავწმინდე, თავის დაბანა მოვუხერხე (მაგარი ვარ - სულ მარტომ) და ძალიან, ძალიან წყნარად დაეძინა. როლანდ, რა კარგი ადამიანი ხარ, როგორ იცლი ჩემთვის..." სინამდვილეში კი ის იცლიდა ჩემთვის და არ მტოვებდა მარტოს სულის აკივლებასთან, თვალებზე ჩამოსადენ ცრემლებთან, ხვალინდელი დღის შიშთან...

მერე მე და ნანა, ორივე დავმარცხდით. სიკვდილმა რაღაცნაირად დაგვიხსნა ორივე, მაგრამ ეს არ იყო ჩვენი სურვილი, ჩვენ ჩვენს დედებთან გვინდოდა...

ჰო, ამ დამარცხებამდე სხვა რამეებიც იყო, სახალისო და იუმორიანი. მიპატიჟებაც სხვანაირი იცოდა ნანამ. აი, რაღაც ძველებურისა და ახლებურის ნაზავით. ერთხელ ვუთხარი, ვერ მოვედი შენამდე-მეთქი და მიპასუხა: "ბებერი რომ ვარ, იმიტომ? კაი, რა! აუცილებლად დარეკე, რომ ჩამოხვალ და გამომიარე. მე ძალიან, ძალიან, ძალიან გამიხარდება! მართალია, შორს ვცხოვრობ - დიდ დიღომში, მაგრამ ადვილი მოსაგნებია... კარგი, რა, როკო-ძმა, მე უნდა მერიდებოდეს, თქვენი, ჯეელების, უნდა შემეშინდეს, რომ გაცნობის მერე ცხვირს ამიწევთ, მაგრამ აღარ მეშინია..."

ან როგორ უნდა შეშინებოდა ვინმესი, როცა იდეალისტის პოზიციიდან ყველა ნეგატივი ხერხემალში ჰქონდა გადატეხილი თუმოროფობს?

მგონია, ბევრ ადამიანს გაუხარდება ნანას ციტატების წაკითხვა და ამიტომ, მკითხველს ვთავაზობ ჩემი გარდაცვლილი მეგობრის ნააზრევს:

"დავკარგე და უხიფათო ყოველდღიურობას ვეძებ, როდესაც გვიან დილით გაღვიძებულს, კედლებზე მოლივლივე მზიანი ჩრდილები გხვდება, ფანჯრიდან მშვენიერი რუტინის მომაჯადოებელი ხმები ისმის: ჩაქუჩის კაკუნის, ხალიჩის ბერტყვის, ბუნდოვანი დიალოგების, მკაფიო შეძახილების. და შენ წევხარ და ადგომას არ ჩქარობ, მოლივლივე მზიანი ჩრდილების თამაშს უდარდელად ადევნებ თვალს. თუ სადმე იპოვეთ ჩემი უხიფათო ყოველდღიურობა, ძალიან გთხოვთ, დამიბრუნოთ. საშინლად დამღალა "ისტორიაში" ცხოვრებამ - სახლში მინდა, დედასთან...!"

"ისე უცებ მივხვდი, რომ მაგრად დავიღალე. სანამ ახალგაზრდა ვიყავი, გარშემო კომუნიზმს აშენებდნენ, ამასობაში განვითარებული სოციალიზმი შემოეფშვნათ ხელში. ახლა, უკვე 20 წელია ვაშენებთ ღია, სამოქალაქო და სამართლებრივ საზოგადოებას და ვერაფრით ვეღარ გავედით ბოლოში. რამე ავაშენოთ, რა, ხალხნო, აღარ შემიძლია ასე ცხოვრება; აი, მუდმივ რემონტში რომ ცხოვრობ, იმას ჰგავს. ავაშენოთ და დავლაგდეთ ერთხელ და სამუდამოდ, მომკლა ამ სამშენებლო ნარჩენებმა და მუდმივმა ხარაჩოებმა, სიმყუდროვე მინდა..."

"კი, ჯანმრთელობა უმნიშვნელოვანესია, ყველაზე მთავარი, უპირველესი, გადამწყვეტი. უმნიშვნელოვანესია, როდესაც არაფერი გტკივა, როდესაც არ კვდები, მაგრამ, ბლინ, ჩემიანებისთვის უბრალო ადამიანური მშვიდობა მინდა, როდესაც კარგს დაფასება აქვს, ცუდი ისჯება, როდესაც არსებობს მყარი შკალა: აი კარგად გავაკეთე, დამიფასდა, ცუდად მოვიქეცი - დავისაჯე. ძნელია, შეუძლებელია ღირებულებით ქაოსში ცხოვრება. წავედი, ვერ ვბეჭდავ ბევრს, საშინელ ხასიათზე ვარ, თან ამ მუდმივი ტკივილის ფონზე!!! მე საწუწუნო არაფერი მაქვს, მე გასაოცარი სიკეთით მეპყრობიან ადამიანები, მაგრამ ამქვეყნად მარტო მე ხომ არ ვარ!"

"საშინელი ზაფხულის მერე, ისეთი ზაფხულისა, ყველა რომ ოფლიანი და ჭუჭყიანი დადიოდა, უცებ, ერთ დღეს... არა, ერთ საღამოს მოიქუფრა და აგრილდა. სინათლე ყველა მაღაზიამ და აფთიაქმა ადრიანად აანთო და გრძელფეხება, გაკნაჭულ, გულდასმით, განზრახ აჩაჩულ-დაჩაჩულ გოგოებს ისე გააჟრჟოლა, რომ თბილი ჟაკეტები წამოიცვეს. და იყო რაღაცნაირი კაი ამბავი, მყუდროება და შვება.

- რატომ იდექი ამდენ ხანს ჩემსა და სიკვდილს შორის, ალოის? რატომ არ გამაკარე არაფრით? - ეკითხებოდა თუმოროფობი ალოისს იმ დროს, როცა ფანჯარაში წვიმდა.

- რა ვი, დამფრთხალი ბავშვი დაიბადე და ვიფიქრე, გადავდებ ცოტა ხნით-მეთქი.

- მერე ზედიზედ რომ მომიხდა სამი სიკვდილის გაცნობა, როგორი იყო!

- ნუ ახლა ეგრეა და...

- არც ერთი არ ჰგავდა ამ სამიდან ერთმანეთს.

- რა თქმა უნდა.

- და სულ რამდენი სიკვდილია დედამიწაზე?

- უიმე ბევრი, რამდენიც ცოცხალი არსებაა.

- კაი, არ გადამრიო.

- აბა? აბა შენ რა გეგონა... ეგრეა კი, ზუსტად ვიცი. ნახე როგორ ხდება, მისმინე... ერთი წამით ადრე, სანამ ბავშვი გამოვა დედის საშოდან, ქალის ბოლო გაჭინთვაზე, ჯერ სიკვდილი იბადება.

- კაი, არ გადამრიო!

- კიიიი, ასეა, ვერიფიცირებულია სრულიად, ცდითაა დამტკიცებული. სტატისტიკა და ამბავი.

- მერე?

- მერე რა - აღარ სცილდება თავის მოსაკლავს, სულ კუდში დასდევს. აი, ახლა აქ ვსხედვართ მე, შენ, ჩემი სიკვდილი და შენი სიკვდილი.

- უიმე, ჩემი სიკვდილი!

- ჰო, შენი სიკვდილი.

- არა, ეგ არ მითქვამს, უიმე, ჩემი სიკვდილი-მეთქი.

- აააა, ჰო...

- მერე?

- მერე, არაფერი. სხვადასხვანაირები არიან სიკვდილები, მართლა ცელიანი ჩონჩხი კი არაა. ზოგი სიკვდილი ძალიან ჰგავს თავის მოსაკლავს - ასლია ზუსტი, ზოგი ბევრად სჯობია, ზოგი ბევრად უარესია. ხან როგორ, ხან როგორ. მნიშვნელოვანია ძალიან, როგორი სიკვდილი შეგხვდება. ბევრ ადამიანს ხომ სიკვდილამდე არც კი ამჩნევენ, ზედაც არ უყურებენ. ყურადღების ცენტრში ისინი მხოლოდ მაგ დროს ხვდებიან - აი, თითქოს ავანსცენაზე გამოდიან, ნაეზდი კეთდება მათზე, მონოლოგს წარმოთქვამენ.

- და თავის მოსაკლავს რომ მოკლავენ, მერე რაღას აკეთებენ?

- უიმე, თვითონაც კვდებიან, რას ამბობ, რაღა უნდა გააკეთონ! ამიტომაა, რომ სიკვდილზე უფრო დიდი გულშემატკივარი არცა გყავს. ხომ გესმის - შენი სიკვდილის შენ და მაგას გეშინიათ ყველაზე ძალიან.

- ვაა რა ტრაგიკული კავშირია, გავგიჟდი, პარადოქსალური ფაქტიურად.

- ნუ, ეგრეა და..."

P.S. რაღაც სახალისოს გახსენებაც შეიძლებოდა, მაგრამ ნანას (თუმოროფობის) გახსენება ახლა სუბიექტურად ნაღვლიანი მინდოდა ყოფილიყო...

როლანდ ხოჯანაშვილი