"ბავშვის დაბადებამდე რაც გავიარეთ, გვეგონა, ეს იყო ჩვენი უდიდესი განსაცდელი..." - გზაპრესი

"ბავშვის დაბადებამდე რაც გავიარეთ, გვეგონა, ეს იყო ჩვენი უდიდესი განსაცდელი..."

ნინიმ და ზაზამ რამდენიმე წლის წინ შექმნეს ოჯახი. ლამაზი წყვილი მონდომებით შეუდგა ბუდის შენებას და მოუთმენლად ელოდნენ პატარა არსების შემომატებას... ბოლოს, 12 წლის თავზე აუხდათ სანუკვარი ოცნება და პატარა ნიკოლოზი გაჩნდა მათ ცხოვრებაში... როცა იფიქრეს, რომ ყველაფერი ცუდი სამუდამოდ უკან მოიტოვეს, რომ მხოლოდ სიხარული და ბედნიერება იქნებოდა მათი ცხოვრების თანამგზავრი, ექიმებმა ზაზას იშვიათი დაავადება დაუდგინეს...

2021 წელს, შემოდგომაზე, ფაიზერის მორიგ დაგეგმილ აცრაზე კლინიკაში მისულს, ექიმმა შეატყო, რომ შეუძლოდ იყო, წნევა გაუსინჯა და გამოკითხვის შემდეგ ურჩია, კარდიოლოგთან ვიზიტზე მისულიყო... ჩატარებული კვლევების შემდეგ, კარდიოლოგმა პაციენტს უთხრა, - შენ ჩვენი პაციენტი არ ხარ, მიზეზი სხვა რამეა და ამ ეტაპზე ეს უნდა გამოიკვლიოთო, შემდეგ კი ურჩია, ნეფროლოგისთვის მიემართა, ვინაიდან შეშუპებული ჰქონდა სხეული და ამასთან, საგრძნობლად მომატებული იყო რაღაც მაჩვენებლები.

ნეფროლოგმა სრული კვლევების ჩატარების შემდეგ კონსილიუმი მოიწვია, მერე კი ზაზას ურჩiა - ენდოკრინოლოგისთვის მიემართა. ბოლოს და ბოლოს, დასვეს სავარაუდო დიაგნოზი - ზაზას უიშვიათესი დაავადება აქვს - კუშინგის სინდრომი (ადენომა ტვინში/ჰიპოფიზზე), რომელიც საკმაოდ სწრაფად პროგრესირებს... ამჟამად მკურნალობას გადის თურქეთის ერთ-ერთ კლინიკაში, სადაც დაიდო დასკვნა გადაუდებელ ოპერაციაზე.

ნინი, ზაზა სარჩიმელიას მეუღლე:

- ძალიან მიმძიმს, საოცრად მერიდება ჩვენი ოჯახის პრობლემაზე საუბარი, მაგრამ სხვა გზა არ მაქვს... სანამ საზოგადოებას მივმართავდი თხოვნით, ჯანდაცვის სამინისტროშიც შევიტანე განცხადება და ველოდებით პასუხს, რამდენად დაგვიფინანსებენ ოპერაციას, შემდეგ მერიასაც ვთხოვთ, იქნებ მცირეოდენით ისინიც დაგვეხმარონ.

81108643-3678204372197178-4117580469455814656-n-1701362788.jpg

- ზაზას დაავადებაზე გვიამბე...

- კუშინგის სინდრომი ჰორმონული დარღვევაა. მას თირკმელზედა ჯირკვლების მიერ გლუკოკორტიკოიდების ჭარბი პროდუქცია იწვევს... კუშინგის დაავადების მიზეზი უმეტესად ჰიპოფიზის მცირე ზომის ადენომაა. ათიდან შვიდ შემთხვევაში ის სწორედ ჰიპოფიზის ადენომითაა გამოწვეული. ცნობილია, რომ კუშინგის დაავადება ქალებში 5-ჯერ ხშირად გვხვდება, ვიდრე მამაკაცებში. პაციენტთა უმრავლესობას აღენიშნება დამახასიათებელი სიმსუქნე, არტერიული წნევის მატება, კუნთების განლევა, ოსტეოპოროზი და ჰიპერგლიკემია. ბევრს აწუხებს სისუსტე, ადვილად დაღლა, თავის, ზოგჯერ ზურგის ტკივილი. ასეთ ადამიანებს დამახასიათებელი შესახედაობა აქვთ: მთვარისებრი სახე, მეტწილად ტანზე, კისრის მიდამოში ჩალაგებული ცხიმი, თხელი კიდურები. ხშირია კანქვეშა სისხლჩაქცევები, კანის ჰიპერპიგმენტაცია. ანდროგენების გაძლიერებული სეკრეცია იწვევს ჰირსუტიზმს და აკნეს. ჭარბი თმა უმთავრესად სახეზე, კისერზე, გულმკერდსა და მუცელზეა განლაგებული. კიდევ ერთი თანმხლები პრობლემაა ოსტეოპოროზი, რაც სახსრებისა და ძვლების ტკივილით გამოიხატება. ოსტეოპოროზის გამო ხშირია მოტეხილობა. კუშინგის სინდრომის დროს არტერიული ჰიპერტენზია შესაძლოა არ იყოს მაღალი, მაგრამ საკმაოდ მყარია და როგორც წესი, ძნელად დასარეგულირებელია. პაციენტების ნაწილს აღენიშნება ჰიპერგლიკემია და შაქრიანი დიაბეტი. გვხვდება ფსიქოემოციური დარღვევებიც, უმეტესად - აღგზნებულობა, ემოციური ლაბილურობა, თუმცა არც დეპრესია და ფსიქოზია გამორიცხული.

მოკლედ, მას შემდეგ, რაც ზაზას ეს დაავადება დაუდგინეს, კუშინგის სინდრომზე ბევრი რამ გავიგე... ეს ყველაფერი ფაიზერის მეორე აცრის შემდგომ დაიწყო. აცრაზე მისულს ექიმმა შეატყო სიწითლე და წნევა გაუსინჯა, 190/110 ჰქონდა, რომელსაც სამწუხაროდ, ვერ გრძნობდა. ექიმის რჩევით კარდიოლოგს მივმართეთ და მათ მიერ ჩატარებული კვლევების შემდეგ, ვინაიდან ეს წნევები კარდიოლოგიური პრობლემიდან არ მომდინარეობდა, ნეფროლოგთან გადაგვამისამართეს. ნეფროლოგმა ასევე სრული კვლევების და მოწვეული კონსილიუმის შემდეგ ურჩია - ენდოკრინოლოგისთვის მიგვემართა. მარტიდან დავიწყეთ ენდოკრინოლოგების მთელი გუნდის ჩართულობით კვლევებზე სიარული. არაერთი კვლევა ჩაუტარეს, მათ შორის მაგნიტურ რეზონანსული ტომოგრაფია კონტრასტით, კომპიუტერული ტომოგრაფია (გულმკერდის და მუცლის ღრუს), სადაც რამდენიმე ნეკნის მოტეხილობა დაფიქსირდა, რაც ასევე ახლავს ამ დაავადებას. საკმაოდ ბევრი ანალიზი, მათ შორის - კორტიზოლი და ადრენოკორტიკოტროპინი (ACTH), ორივე ნორმაზე ძალიან მაღალი ჰქონდა და დაუნიშნეს მკურნალობა. კონსილიუმის მოწვევის შემდეგ პირდაპირ გვითხრეს, პრობლემა თავიდან მოდის და სასურველია კვლევები თურქეთში გაუკეთდესო, საუბარი იყო gallium dotatate pet scan-სა და IPSS-ზე (inferior petrosal sinus sampling - ქვედა პეტროზალური სინუსის ნიმუშის აღება). მათ აქვთ აპარატურა, რომელიც იძლევა საშუალებას, მცირე ზომის წანაზარდიც იპოვონ და დაადგინონ, პრობლემა საიდან მომდინარეობსო. თურქეთში ვიზიტისას ჩატარდა ყველა კვლევა და იპოვეს პრობლემა, რომელიც კეთილთვისებიანია, მაგრამ მისი ამოკვეთა აუცილებელი გახლავთ. სამწუხაროდ, მკურნალობას არ ექვემდებარება. ამ ეტაპზე წამალს სვამს, რომელიც რუსეთიდან ჩამოგვაქვს, კეთილი ადამიანების დახმარებით. სამწუხაროდ, ამ მედიკამენტის ხანგრძლივი მიღება არ შეიძლება, რადგან მას პირდაპირი უკუჩვენება აქვს - ღვიძლის ფუნქციის მოშლა და გვიწევს ღვიძლის ყოველთვიური კონტროლიც. მიუხედავად იმისა, რომ წამალმა ჰორმონის დოზა უნდა დაასტაბილუროს, მაინც ძალიან იმატებს, რაც, როგორც ექიმისგან ვიცი, სხვა ორგანოებზეც ცუდად მოქმედებს. ახლა მის მდგომარეობას თურქი და ქართველი ექიმები ერთდროულად მართავენ, რათა ოპერაციამდე ისე მივიდეთ, რომ რაიმე სახის გართულება არ იყოს.

- ოპერაციის შედეგზე თუ საუბრობენ?

- დიახ. ქირურგმა მითხრა, ოპერაციის შემდეგ გარკვეული პერიოდი რეაბილიტაციის კურსის გავლა დასჭირდება, მაგრამ ჩათვალე, ამის მერე ჩვეულ ცხოვრების რიტმს დაუბრუნდებაო. ძალიან დამაიმედა: ყველაფერი კარგად იქნება. მსგავსი ოპერაცია მართალია, არც ისე ხშირად, მაგრამ გამიკეთებია და შედეგი აუცილებლად დადებითი გვექნებაო.

- ოპერაცია რა ჯდება?

- დაახლოებით 26 ათასი აშშ დოლარი. ღმერთმა არ ქნას, გართულება მოჰყვეს, მაგრამ თუ რამე, თითო დღეზე დამატებით 700 აშშ დოლარის გადახდა მოგვიწევს. ცხადია, ოპერაციის შემდგომ რეაბილიტაციასაც დასჭირდება გარკვეული თანხა, თუმცა ახლა მე ოპერაცია მეჩქარება, რომ არ დავაგვიანოთ...

404634516-876874244146134-1984631048172573156-n-1701362799.jpg

- ზაზაზე გვიამბე რაიმე. როგორც ვიცი, 12-წლიანი ლოდინის შემდეგ აგიხდათ ოცნება და ახლა პატარა ნიკუშას ზრდით...

- დიახ, ასეა და ზაზა საოცარი მამაა. ბავშვის დაბადებამდე რაც გავიარეთ, გვეგონა, ეს იყო ჩვენი უდიდესი განსაცდელი. ვერ წარმოვიდგენდით, თუ კიდევ მსგავსი სატკივარი გველოდა წინ... მაგრამ არა უშავს, მადლობა უფალს, რომ გამოსავალი და პრობლემის მოგვარების გზა არსებობს... აუცილებლად უნდა ვახსენო, რომ იმ კომპანიაში, სადაც ზაზა მუშაობს, საოცრად კარგი ადამიანები არიან. მისი ხელმძღვანელების და კოლეგების ასეთ გვერდში დგომას ვერაფრით დავმალავ. ასევე მინდა დიტო ცინცაძესა და მის ფონდს უღრმესი მადლობა გადავუხადო, რადგან სოციალურ ქსელში სწორედ მათ გააზიარეს ჩვენი პრობლემის შესახებ ინფორმაცია. მადლობა ჩვენს მეგობრებს, ჩემს კოლეგებსა და სრულიად სანათესავოს მხარში დგომისთვის. მადლიერი ვარ ყველასი, ვინც თუნდაც თბილი და სიყვარულით, იმედით სავსე სიტყვით გვანუგეშა. ზაზაზე ეს ყველაფერი ძალიან მოქმედებს. ისიც კი არ უნდოდა, სოციალურ ქსელში გაჟღერებულიყო ამბავი მისი ავადმყოფობის შესახებ და ახლობლებისთვის დახმარება გვეთხოვა, მაგრამ სხვანაირად მიზნის მიღწევა გაგვიჭირდება.

თვითონ ძლიერი ადამიანია და გამუდმებით იძახის, არაფერი მაწუხებსო, ცდილობს არ შეიმჩნიოს... როგორც უნდა მალოს, მაინც ვგრძნობ, რომ სისუსტე აქვს, მაგრამ წუწუნი არ უყვარს. რომ არა გარეგნული ცვლილება, ალბათ არც იტყოდა, რომ რამე სტკივა...

შვილს რომ ეფერება, ეტირება ხოლმე. ერთხელ ვერ მოვითმინე და ვკითხე: რა გატირებს-მეთქი? - ბედნიერი ვარ, რომ ნიკუშა გვყავსო. ხანდახან მედარდება, რაღაც ცუდზე ხომ არ ფიქრობს, მიუხედავად იმისა, რომ ყველა ამბობს, სიტუაციიდან გამოსავალი არსებობს და ყველაფერი კარგად ჩაივლისო?!

დღეს ნიკუშა გვაძლიერებს. ზაზასაც სულ იმით ვამხნევებ, რომ კარგად უნდა იყო ნიკუშას გამო, ჩვენ გვჭირდები და სხვა გზა არ გაქვს, უნდა ვიბრძოლოთ ერთად და ყველაფერი გამოგვივა-მეთქი. ჩვენს ნანატრ შვილს მამა აუცილებლად გვერდით სჭირდება. იმედი მაქვს ღმერთის, არ გაგვწირავს, იგი მოწყალეა... მადლობა თითოეულ ადამიანს, ვისაც ჩვენი დახმარების სურვილი გაუჩნდება და ბოდიში, რომ თქვენი შეწუხება მიწევს...

P.S. ზაზას ოჯახისთვის თითოეული ლარი მნიშვნელოვანია, რათა საოპერაციო თანხა შეგროვდეს. სურვილის შემთხვევაში შეგიძლიათ თანხა გადარიცხოთ ანგარიშის ნომერზე:

საქართველოს ბანკი:

GE18BG0000000528465992

თიბისი ბანკი:

GE19TB7827245061100018

მიმღები: ზაზა სარჩიმელია

ლიკა ქაჯაია