"ახლა სტრიქონებს შორის ჩადებული აზრის ამოცნობის დრო არ არის..." - გზაპრესი

"ახლა სტრიქონებს შორის ჩადებული აზრის ამოცნობის დრო არ არის..."

მეორე წელია თითქმის, რაც უკრაინაში ომი გრძელდება. დასავლელი ექსპერტების აზრით, ახლო აღმოსავლეთში შეიარაღებული კონფლიქტის დაწყების შემდეგ, აქტიურად დაიწყო მსჯელობა იმაზე, ხომ არ გახდა უკრაინის ომი მეორეხარისხოვანი?..

ჟურნალთან "გზა" ამ თემაზე სამხედრო მიმომხილველმა და ისტორიკოსმა იაროსლავ პილიპჩუკმა ისაუბრა.

- ახლა მთავარი დატვირთვა და წნეხი ავდეევკაზეა. თუმცა, კარგი ის არის, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები, ნაწილი მაინც, რუსეთისგან განსხვავებით კონტრშეტევით სამხედრო მოქმედებას ახორციელებს, რომელიც ძირითადად თავდაცვით ღონისძიებებზეა გადასული. რუსული ძალები შეტევაზე გადმოდიოდნენ, თუმცა, ეს ნაწილობრივ მაინც არ გამოუვიდათ.

- რა შეგიძლიათ გვითხრათ ბახმუტზე, მნიშვნელოვანი ნაწილი დაკარგულია?

- უკრაინული მხარე აკონტროლებს რაღაც ნაწილს, ქალაქის გარშემო სოფლებს - ანდრეევკას, კლიშეევკას და კიდევ რამდენიმეს ვაკონტროლებთ, რომელსაც რუსული მხარისთვის სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს, მაგრამ ჯერჯერობით მისი აღება ვერ მოახერხეს.

- ზამთარი მოდის და ვიცით, რომ საომარი მოქმედებების არეალში სიტუაცია მწვავდება. როგორი განწყობაა მოსახლეობაში, დაიღალნენ თუ შეეჩვივნენ?

- ნაწილი დაიღალა, მაგრამ უფრო მეტად შეეჩვივნენ. 24 თებერვალს ორი წელი სრულდება, რაც ომი გრძელდება და ამის გაძლება იოლი არ არის. თუმცა, ახლა ყველაზე მეტად ე.წ. ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულების გვეშინია, რომლისაც არავის სჯერა. დარწმუნებული ვარ, როგორც უკრაინაში, ასევე, აშშ-სა და ევროპაში არ იცოდნენ, რომ ამ დროს რუსეთი იარაღის შესაგროვებლად, მობილიზაციისთვის, საბრძოლო მასალების, სამხედრო ტექნიკისა და ადამიანური რესურსის თავმოსაყრელად გამოიყენებს.

- როგორ ფიქრობთ, ვინ ეხმარება მას იარაღით?

- თავის დროზე მას ჩრდილოეთი კორეა ძველი, საბჭოთა იარაღით დაეხმარა. ძირითადად, საარტილერიო სისტემასა და დანადგარებზე, საბრძოლო მასალებზეა ლაპარაკი. ეს ყველაფერი 2023-24 წლებში ეყოფათ. რუსეთს თავის არსენალში ჰქონდა და დღესაც აქვს ბალისტიკური რაკეტები, ამის დასტურია მისი ბოლოდროინდელი შეტევები.

მას, ჩვენგან განსხვავებით, არსად ეჩქარება - რუსეთის მოსახლეობა შეჩვეულია დუხჭირ პირობებს, უფლებების შეზღუდვას. მათთვის მშვიდობის დროსაც ომია, მთავარია, სხვისი ტერიტორიები მიიტაცონ და რუსეთი გაფართოვდეს. ყველაფერს აიტანენ, იმდენად ძლიერია პროპაგანდა. უვადო მობილიზაციის გასაპროტესტებლად სულ 100 ადამიანი გამოვიდა; რაც უფრო ცოტა გამოვა, მით მარტივად დააკავებენ "ბუნტისთავებს" და პრობლემაც მოგვარდება.

თუმცა, უკრაინელებს ეჩქარებათ. სწრაფად გვინდა ომის მოგება, ტერიტორიების დაბრუნება. ჩვენ მშვიდი ცხოვრება, სტაბილურობა და განვითარება გვსურს. ეს იცის რუსეთმა და ამიტომაც ურტყამს უკრაინის ენერგოინფრასტრუქტურას. ბოლო დღეებში რამდენიმე ათეული სარაკეტო და დრონებით თავდასხმა მოხდა. ზამთარია, ცივა, ისედაც მძიმე მდგომარეობაა და უნდა მოსახლეობის მოტივაცია "გატეხოს". იმედი აქვს, რომ თუ ხალხის დემორალიზებას მიაღწევს, უკრაინის ხელისუფლების მოლაპარაკების მაგიდამდე მიყვანა გაუადვილდება.

- უკრაინის საჰაერო თავდაცვამ განაცხადა, რომ რუსეთმა შეტევაში ირანული წარმოების სამი დრონი, ორი მართვადი რაკეტა Kჰ-59 გამოიყენა და დასძინა, რომ მათ ყველა დრონი ჩამოაგდეს. შეიძლება ვთქვათ, რომ უკრაინის ცა მეტ-ნაკლებად დაცულია?

- შეიძლება ასეც ითქვას. მტერი გაცილებით ძლიერია და გამოზოგილად, სვენებ-სვენებით გვიტევს. ხმელნიცკის დასავლეთ რეგიონში, რეგიონის გუბერნატორის მოადგილემ, სერჰი ტიურინმა განაცხადა, რომ საჰაერო თავდაცვამ დრონებს ცეცხლი გაუხსნა, რაც ნიშნავს, რომ ჩვენებს ოპერატიულად მოქმედება შეუძლიათ, რაც კარგია, მაგრამ - არასაკმარისი, რადგან მტერი რამდენიმე მხრიდან ერთდროულად აქტიურდება, მას ამის შესაძლებლობა აქვს.

რუსეთის თავდასხმებმა და უამინდობამ, უკრაინის მასშტაბით 635 დასახლება ელექტროენერგიის გარეშე დატოვა.

"უკრენერჰოს" განცხადებით, დეფიციტის ასანაზღაურებლად, მეზობელი რუმინეთიდან გადაუდებელი დახმარება მივიღეთ - 1,200 მეგავატი საათში, თუმცა მოსახლეობა მაინც ვცდილობთ, დენი და გაზი ეკონომიურად გამოვიყენოთ, რაც ზამთრის მკაცრ პირობებში იოლი არ იქნება. ეს იცის მტერმა და ამიტომაც ცდილობს, ქვეყანა ზამთარს განადგურებული ინფრასტრუქტურით შეხვდეს, რათა უკმაყოფილება დაიწყოს და ხალხმა ომის შეჩერება მოითხოვოს.

მათი მოძველებული სამხედრო ტექნიკა და არაპროფესიონალიზმი უფრო დიდ საფრთხეს გვიქმნის, - ზუსტ წერტილოვან დარტყმებს ვერ ახორციელებენ. ვერ ეგუებიან ჩვენების მიერ უკვე გათავისუფლებული ტერიტორიების დათმობასაც - ინტენსიური თავდასხმებია ქალაქ ხერსონზე, მდინარე დნეპრის გადაღმიდან, საიდანაც ერთი წლის წინ გავიდნენ.

bildi2-1701535806.jpg

- დასავლურ მედიაში აქტიურად იწერება, ისრაელსა და ღაზის სექტორს შორის დაწყებული შეიარაღებული კონფლიქტის ფონზე, უკრაინის ომი მეორეხარისხოვანი გახდა. დახმარების შემცირებასა და ნაკლებ ენთუზიაზმზე საუბრობენ სამხედრო ექსპერტებიც. რას ფიქრობთ თქვენ?

- დიახ, ძნელია იმის უარყოფა, რომ ახლა მთელი მსოფლიოს ყურადღება ახლო აღმოსავლეთისკენაა მიმართული.

ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა მაიკ ჯონსონმა ისრაელის დახმარებას მთავარი პრიორიტეტი უწოდა, ხოლო უკრაინისას - კიდევ ერთი პრიორიტეტი. ალბათ არსი გასაგებია. თუმცა, უკრაინა შუაგული ევროპაა და ეს ბევრ რამეს ცვლის, როგორც ამერიკისთვის, ასევე თავად ევროპისთვის.

წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა აღნიშნა, რომ რუსეთის პრეზიდენტ პუტინს ვერ მისცემენ ევროპაში მარშით გავლის უფლებას, ამიტომ უკრაინისთვის დახმარების გაწევის საჭიროება ესმით. თუმცა, ახლა სტრიქონებს შორის ჩადებული აზრის ამოცნობის დრო არ არის, პუტინი მეორე წელია ტყვიამფრქვევებს აგუგუნებს და ეს უნდა შეჩერდეს. სხვა შემთხვევაში, შესაძლოა, შემდეგი სამიზნე ევროპის რომელიმე ქვეყანა იყოს და ეს კარგად აქვთ დასავლეთში გააზრებული.

ღაზის სექტორში ტერორისტებს ასობით უდანაშაულო მძევალი ჰყავთ, რომლის გათავისუფლებისთვის ისრაელის შეიარაღებული ძალები ყველაფერს აკეთებენ. თუმცა, უკრაინასთან ისრაელის შედარებაც კი არასწორი მგონია - ჩვენ რუსეთს ვებრძვით, ჩვენზე რამდენჯერმე დიდ ქვეყანას, ასევე რამდენჯერმე დიდი სამხედრო რესურსით, ადამიანური შესაძლებლობებით. საფუძვლიანად მომზადებული, კარგად შეიარაღებული, ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად მომზადებული ისრაელი აშკარა უპირატესობას ფლობს ერთჯერადად შეიარაღებული ტერორისტების ფონზე. ერთი თვეც არ დასჭირვებიათ სიტუაციის "გადასატეხად". ტერორისტულ მხარეს მძევლები ჰყავდა და ჰყავს, რაც უმძიმესი რეალობაა, მაგრამ მიუხედავად ამისა, ღაზის სექტორი მაინც იმდენად მძიმე მდგომარეობაში ჩავარდა, ჰუმანიტარული კატასტროფის ფონზე აქეთ სთავაზობდა ისრაელს პირობებს.

უკრაინაში სრულიად სხვა ვითარებაა. ისრაელში ვადაც წინასწარ განსაზღვრული ჰქონდათ, ერთ თვეში ყველაფერი უნდა დასრულებულიყო და მასშტაბურ კონტრშეტევაზე უნდა გადასულიყვნენ - ასეც მოხდა, გეგმას მიჰყვებიან.

რუსეთმა იცოდა, რომ დასავლური საზოგადოების ყურადღება სხვა რამეზე უნდა გადაეტანა და ასეც მოიქცა - მთელი დასავლეთი ისრაელის გარშემოა მობილიზებული. ამას მოწმობს დასავლელი ლიდერების უწყვეტი ვიზიტები ისრაელში. თუმცა, ამ ქვეყანამ ყველაფერი იმაზე გაცილებით სწრაფად მოაგვარა, ვიდრე წარმოედგინათ. საჰაერო თავდასხმებს, ისრაელის რკინის გუმბათი უძლებს და კონტრშეტევაც წარმატებით მიმდინარეობს.

ვიცით, უკრაინის მიტოვებას არავინ აპირებს, მაგრამ მსოფლიოში სიტუაცია ყოველდღიურად იცვლება. სულ ცოტა ხანში, ამერიკაში საპრეზიდენტო არჩევნები იწყება. ვიდრე ბაიდენი იქნება ხელისუფლებაში, უკრაინის მხარდაჭერა გაგრძელდება, მაგრამ რა იქნება შემდეგ, როგორი იქნება არჩევნების შედეგები, ეს არავინ იცის. შესაბამისად, უკრაინას სრულიად განსხვავებული სიტუაცია აქვს და ერთადერთი გზა რჩება - სწრაფად გაწევრება ევროკავშირში.

- როგორ ფიქრობთ, ტრამპს აქვს შანსი?

- ომის ფონზე, "რესპუბლიკელები" რომ ძალიან აქტიურობენ, აშკარაა. ტრამპი ირწმუნება, თავად რომ ყოფილიყო აშშ-ის პრეზიდენტი, ომი არ მოხდებოდა, რისიც, ცხადია, მათ სჯერათ, ვისაც უნდა, ასეთი ზღაპრების სჯეროდეს. როდესაც პუტინს ქვეყნის შიდა პრობლემებიდან ყურადღების გადატანა სხვა რამეზე სურს, ომს წამოიწყებს ხოლმე და ასე მოიქცა არაერთხელ - ჩეჩნეთში, საქართველოში...

zsu-1701535795.jpg

- როგორც აღვნიშნეთ, ზამთარი კარს მოგვადგა. ვისთვის იქნება მომდევნო რამდენიმე თვე ყველაზე მძიმე?

- იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენ ტრადიციულად, თავდაცვით პოზიციაში ვართ, ზამთარში შესაძლოა თავდასხმითი შეტევების იმდენად მოგერიება, რის საშუალებასაც სტრატეგიული მოკავშირეების მიერ მოწოდებული ანტისაჰაერო თავდაცვითი იარაღი მოგვცემს. როგორც ამერიკული მედია წერს, უკრაინისთვის გადასაცემი დახმარების ახალი ეტაპის საკითხი ახალ წლამდე გადაწყდება, ეს კი დიდი იმედია ჩვენთვის.

თუ დაპირებები დროულად შესრულდა და ანტისაჰაერო სისტემებიც ეფექტურად ჩაირთო, შედარებით მსუბუქი ზამთარი იქნება. ამას ემატება ისიც, რომ შარშან შედარებით თბილი ზამთარი და მეტი ტალახი იყო, რაც ჩვენს მძიმე ტექნიკას გადაადგილებას ურთულებდა. წელს შედარებით მკაცრ ზამთარს აანონსებენ, რაც ერთი მხრივ გვაწყობს, რადგან ჯავშანტექნიკას ამ პირობებში გადაადგილება უადვილდება, სხვა მხრივ კი, უკრაინის შეიარაღებული ძალები კარგად არის აღჭურვილი. ჩვენს სამხედროებს ნატოს სტანდარტების ამუნიცია და შეიარაღება აქვთ, რაც გულისხმობს ზამთრის ტანსაცმელსა და ფეხსაცმელს, საველე აღჭურვილობას, ღამის ხედვის მოწყობილობას. ასე რომ, მკაცრი, დაბალი ტემპერატურის, კარგად დაცული ფლანგების პირობებში, ჩვენ უპირატესობას ვფლობთ.

რუსეთის ხელისუფლებამ იცის ეს, ისევე როგორც მათმა მეთაურობამ და ოფიცრებმა იციან სამხედროების მოტივაციის დონე, მომზადება, საბრძოლო პირობები. ისინი ყველა შანსის გამოყენებას ცდილობენ გასაქცევად და ბევრი ამას ახერხებს კიდეც, რადგან თავადვე ხედავენ, როგორ იხოცებიან მათი თანამებრძოლები შესაბამისი აღჭურვილობის, ექიმისა და წამლის გარეშე. ტყვედ ჩავარდნილი პატარა ბიჭები ჰყვებიან, როგორი შიდა ომი აქვთ საკვებისთვის, თბილი ქურთუკებისა და ბათინკებისთვის. "დედოვშჩინა" რუსულ ჯარში ყოველთვის იყო და ახლა მით უმეტეს - როგორც ამბობენ, ალკოჰოლის მიღება, იარაღით დაპირისპირება, პოზიციის მიტოვება და გაქცევა მათი ყოველდღიურობაა, მაგრამ რუსეთის არმია იმდენად მრავალრიცხოვანია, რომ ამ ყველაფრის ფონზე, ბრძოლა მაინც შეუძლიათ.

- უკრაინაში არსებულ ეკონომიკურ სიტუაციაზეც გკითხავთ - როგორც ამბობენ, ცხოვრების გაძვირება ომის თანმდევი პროცესია.

- ევროპა და ამერიკა უდიდეს ეკონომიკურ მხარდაჭერას გვიწევენ... თუმცა, როგორც სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყნებისთვის, არც უკრაინისთვის არის კორუფცია უცხო და ამის დასტურია ბოლო ხანს გამოვლენილი არაერთი კორუფციული ფაქტი. დამნაშავეებიდან ზოგი დაითხოვეს, პერიოდულად დაკავებებიც ხდება. ეს ომის ფონზე გარდაუვალიც კი იყო. მთავარია, როგორმე შევძლოთ, ნატოსა და ევროკავშირის მოთხოვნები დავაკმაყოფილოთ. ამას კი, ვფიქრობ, დიდი ბრძოლისა და თავსატეხების გავლის შემდეგ მაინც მოვახერხებთ.

ლალი პაპასკირი