ირაკლი ჩოლოყაშვილი: "ჩვენს შვილებს უკეთესი საქართველო უნდა დავახვედროთ" - გზაპრესი

ირაკლი ჩოლოყაშვილი: "ჩვენს შვილებს უკეთესი საქართველო უნდა დავახვედროთ"

6 ნოემბერს, მთელი საქართველო შეძრა სოფელ კირბალში მომხდარმა ტრაგედიამ: რუსმა სამხედროებმა სალოცავში მისული თამაზ გინტური მოკლეს - მას ზურგში რამდენიმე ტყვია დაახალეს! ამ დღეებში, საოკუპაციო ხაზიდან კიდევ 3 მოქალაქე გაიტაცეს... ე.წ. საზღვართან მცხოვრები მოსახლეობის მძიმე ყოფა ყველას გვაწუხებს. სწორედ ამ საკითხით დავიწყეთ საუბარი მსახიობთან და რეჟისორთან - ირაკლი ჩოლოყაშვილთან.

- ზოგიერთი ქვეყანა ამ ფაქტებს მთელ მსოფლიოს გააგებინებდა. საქართველოს ხელისუფლება რატომ ჩუმდება, როდესაც საოკუპაციო ხაზთან მსგავსი დანაშაულები ხდება?

- სიმართლე მწარეა, მაგრამ უნდა ვაღიაროთ: დღევანდელი ხელისუფლება რუსეთის ინტერესების მთავარი დამცველია და რუსეთთან მისი დაპირისპირება როგორ წარმოგიდგენიათ? ისიც წარმოუდგენელია, რომ რუსეთმა თავისი სამხედრო დასაჯოს. ამ მკვლელობას გამართლება არა აქვს და ნებისმიერი პატრიოტულად განწყობილი ხელისუფლება ეცდებოდა, ეს ამბავი მთელ მსოფლიოს გაეგო, რათა დამნაშავე დაესაჯათ, მაგრამ ჩვენ გაჩუმება ვარჩიეთ. სამწუხარო ფაქტია ისიც, რომ საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები მოსახლეობა აბსოლუტურად დაუცველია: პოლიცია ამ სოფლების შესასვლელთან დგას, ნაცვლად იმისა, რომ მეორე მხარეს - მავთულხლართების გასწვრივ იდგეს, საიდანაც საფრთხეა მოსალოდნელი. პრორუსი ქართველების გასაგონად კი ვიტყოდი - აი, ეს არის ერთმორწმუნე რუსეთის ნამდვილი სახე - ჯერ ეკლესია აგვიჭედეს და მერე, უდანაშაულო ადამიანი ამ ტაძრის მოლოცვისთვის დახვრიტეს.

- თუმცა, ზოგიერთები ამბობენ, რომ თამაზ გინტურმა საოკუპაციო ხაზი გადაკვეთა, რითაც საკუთარ სიცოცხლეს საფრთხე შეუქმნა...

- სინამდვილეში, მან დიდი გამბედაობა გამოიჩინა და მტერს, ფაქტობრივად, თავი შეაკლა. თავის სოფელში, მამაპაპურ სალოცავში რატომ არ უნდა ასულიყო? ვინ აუკრძალა ტაძარში შესვლა და მოლოცვა?! რუსებმა ხვალ რომ გვითხრან, თავისუფლების მოედანზე არ გაიაროთო, მართლა არ უნდა გავიაროთ? გამოდის, გინტურის ბრალია, ასე უმოწყალოდ რომ დახვრიტეს! მგელი ცხვარს რომ შეჭამს, ჩვენ უნდა ვამტკიცოთ, ცხვრის ბრალიაო? - სად არის აქ ლოგიკა?

- როგორ ფიქრობთ, რამ გამოიწვია პრორუსულად მოაზროვნე ხალხის მომრავლება საქართველოში?

- როგორც ვიცი, ჩვენი მოსახლეობის უმრავლესობა ევროინტეგრაციას უჭერს მხარს. ეს ოფიციალურად, ციფრებით არის აღრიცხული და აღიარებული. თუმცა, იმ ფონზე, როდესაც მთავრობა პრორუსულია, არ უნდა გვიკვირდეს, რომ ასეთი ხალხიც გვყავს. ისინი პირდაპირ თუ არა, ირიბად მაინც ცდილობენ ევროპული ფასეულობების დაკნინებას და დამახინჯებას, რაც დიდი საცდურია საქართველოს მოსახლეობისთვის. მათი მიზანია, რაც შეიძლება მეტი ადამიანი გადაიბირონ.

- აქვს თუ არა გავლენა პრორუსულ პროპაგანდას ქართულ თეატრსა და კინოზე?

- პასუხი მარტივია: ამ მთავრობას ვინც ემხრობა, თითქმის ყველა პრორუსულად აზროვნებს და ვინ მართავს დღეს ქართულ თეატრებს, ვინ მართავს კინოცენტრს? ვინ მართავს ქართულ ხელოვნებას? - ყველგან ცდილობენ, განსხვავებული აზრი არ არსებობდეს, ჟურნალისტებს პარლამენტში არ უშვებენ და რომ არა საზოგადოების აქტიურობა, დღეს უკვე რუსული კანონიც ექნებოდათ მიღებული... მეტს აღარ გავაგრძელებ, რადგან ისედაც ყველაფერი ნათელია!

- თუმცა, "ქართული ოცნება" და მისი მომხრეები ამტკიცებენ, რომ კანდიდატის სტატუსს თუ მოგვანიჭებენ, ეს სწორედ "ოცნების" დამსახურებაა.

- ყველა ხედავდა, როგორი რეაქცია ჰქონდათ ხელისუფლების წარმომადგენლებს, როდესაც ამ სტატუსის გამო რეკომენდაცია მივიღეთ. ადამიანს სახეზე ეტყობა რას გრძნობს ან როგორ თამაშობს თავის განწყობას. ამ ამბის გამოცხადების დროს, მთავრობის წევრებს სახეები ჩამოსტიროდათ, რაც შეუიარაღებელი თვალითაც ჩანდა. ვისაც უხაროდა, იმასაც ეტყობოდა და ვისაც არა - იმასაც. ცხადია, ახლა ამბობენ, რომ კანდიდატის სტატუსის მიღება მათი დამსახურება იქნება, მაგრამ სინამდვილეში, ეს ჩვენი, საზოგადოების დამსახურებაა. ზოგიერთები იმასაც ამტკიცებენ, რომ ეს უბრალო სტატუსია და ბევრს არაფერს ნიშნავს. ამის დასამტკიცებლად, თურქეთის მაგალითი მოჰყავთ, მაგრამ თურქეთი ევროკავშირის წევრი თუ არ გახდა, სამაგიეროდ, ნატოს წევრია, ამიტომ, იქ ბუზიც კი ვერ შეფრინდება. თურქეთისთვის სულაც არა აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა, ევროკავშირის წევრი იქნება თუ არა. ის გაცილებით მშვიდად და დაცულად გრძნობს თავს, ვიდრე ჩვენ. თურქეთი არის მაგალითი იმისა, თუ როგორ უნდა განვითარდეს თანამედროვე სახელმწიფო: მას შემდეგ, რაც ნატოს წევრი გახდა, ეს ქვეყანა თანდათან წინ წავიდა და დღეს ერთ-ერთი ძლიერი, მოწინავე სახელმწიფოა მთელ რეგიონში.

- ალბათ თქვენც მოგისმენიათ საყვედური, რომ ქართული ინტელიგენცია ყველა მთავრობის მიმართ ლოიალურად იყო განწყობილი და დღესაც არ ამბობს უარს მატერიალურ სიკეთეებზე... თქვენც ასე ფიქრობთ?

- სხვებზე ვერაფერს ვიტყვი, მაგრამ როდესაც ივანიშვილმა თქვა, პოლიტიკაში მოვდივარო, რამდენიმე ადამიანმა, რომელიც ფონდ "ქართუს" დახმარებას იღებდა, დაფინანსებაზე უარი თქვა, მათ შორის ერთ-ერთი მეც ვიყავი. უარი რატომ ვთქვი? - თუ მის დახმარებას ავიღებდი, მასთან სულ ვალში ვიქნებოდი. ეს ამბავი 2011 წლის ბოლოს მოხდა და სულ მალე, ივანიშვილის "ოცნება" ხელისუფლებაში მოვიდა. ისე, მანამდე სულ მქონდა ეჭვი: მაინცდამაინც მსახიობებს რატომ აფინანსებს-მეთქი და მალევე მივხვდი: მსახიობებს საზოგადოება კარგად იცნობს. რაც უფრო ცნობილი იყო მსახიობი, ივანიშვილისგან მით მეტი დახმარება ჰქონდა. ეს მარკეტინგულად სწორად გათვლილი ხერხი იყო, მაგრამ ჩვენ ამ მარკეტინგის მსხვერპლი არ გავხდით, ავდექით და დაფინანსებაზე უარი ვთქვით. ცხადია, ამას არ ვნანობ - სხვაგვარად რომ მოვქცეულიყავი, პირველ ყოვლისა, საკუთარ თავთან არ ვიქნებოდი მართალი.

- დღევანდელ ოპოზიციაში აშკარად არ არის ერთიანობა. მათი იმედი გაქვთ?

- საერთოდ, ადამიანს იმედი სულ აქვს, სხვაგვარად ცხოვრებას აზრი არ ექნებოდა. ამ თორმეტმა წელმაც გვაჩვენა, რომ ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი - ეს ხომ მუდმივი პროცესია? 12 წელი ისტორიისთვის არაფერია, ეს ჩვენთვის არის დიდი დრო, რადგან ცხოვრება მიდის. შეიძლება ვიღაცამ თქვას, წლები გადის და არაფერი იცვლება, არაფერი გამოდისო, მაგრამ რეალურად, 10-12 წელი არაფერს ნიშნავს. ხელისუფლებასაც ეს სურს - რომ საზოგადოებაში უიმედობა და ნიჰილიზმი დათესოს. რაც შეეხება ოპოზიციას - ისიც საკითხავია, ვინ არის ნამდვილი ოპოზიცია და ვინ - არა. შეიძლება ოპოზიციური ძალა ერქვას, მაგრამ ბოლო მომენტში პოზიციის საქმე გააკეთოს. უკეთესი მომავლის იმედს ის მაძლევს, რომ საქართველოს ბედი მრავალ ფაქტორზეა დამოკიდებული, თუმცა, გადამწყვეტი მაინც გეოპოლიტიკაა. მთავარია, ჯერ უკრაინა-რუსეთის ფრონტზე რა მოხდება და საერთაშორისო ორგანიზაციები როგორ მიუდგებიან ჩვენს პრობლემებს. ადრე ევროპა ცდილობდა, რაღაცებზე თვალი დაეხუჭა; ისიც უჭირდათ, რომ ამ მთავრობისთვის პრორუსული დაერქმიათ, მაგრამ საბოლოოდ მაშინ დარწმუნდნენ, როდესაც "ოცნების" წევრებმა ნიღბები მოიხსნეს და ოფიციალურად დაიწყეს დასავლეთის ლანძღვა. გავიხსენოთ, როგორ მოიხსენიებდნენ თუნდაც, ამერიკის ელჩს ან ევროპარლამენტარებს. მათი სიტყვების შემდეგ, მთელი მსოფლიოსთვის ნათელი გახდა, რომ ეს პრორუსული ძალაა. ამიტომ, არჩევნების დროს არსებულ დარღვევებზე თვალს აღარ დახუჭავენ. კანდიდატობის სტატუსზე რეკომენდაციაც იმიტომ მოგვცეს, რომ არ უნდათ ჩვენზე ხელი ჩაიქნიონ. მთავრობები იცვლებიან, ხალხი კი რჩება და რადგან საქართველოს მოსახლეობა ამ სტატუსს იმსახურებს, ცდილობენ, ამდენწლიანი ბრძოლა და წვალება წყალში არ ჩაგვიყარონ. ამიტომ, საბოლოოდ გაარკვიეს ყველაფერი: დასავლეთმა "ქართულ ოცნებას" უკვე დაარქვა "რუსული" და იმ დასკვნამდე მივიდა, რომ ეს ძალა თავისი ქვეყნის და მოსახლეობის ინტერესებს ღალატობს, თუმცა, ყველაფერს აკეთებს ხელისუფლების შესანარჩუნებლად.

irakli-choloyashvili-0944444-1701536875.jpg

- თქვენი აზრით, რატომ უჭირთ ქართველებს ასე ძალიან თანამდებობის და პრივილეგიების დათმობა?

- ეს იმიტომ ხდება, რომ საზოგადოებას ფინანსური პრობლემები აქვს, მოსახლეობა გაღატაკებულია და სადაც მეტი ხელფასი ან მეტი შეღავათი აქვს, სადაც ნაკლებ გადასახადებს გადაიხდის, იქ მიიწევს. როცა ქვეყანა მოძლიერდება და ხალხი წელში გაიმართება, ხელისუფლებაში ყოფნა თვითმიზანი აღარ იქნება. მერე ქართველი გლეხი ხიდის ქვეშ კი არ დადგება და ოჯახს ხელოსნობით კი არ არჩენს, თავის სოფელში წავა და მამაპაპურ მიწას მიხედავს. ამისათვის დეცენტრალიზაციაა საჭირო. მე სულ ვკითხულობ, - როგორ შეიძლებოდა პარლამენტის ქუთაისიდან ისევ თბილისში გადმოტანა?! ქუთაისში პარლამენტის აგება რამდენიმე მილიონი დაჯდა, ახლა ის შენობა ინგრევა, ეზოში კი ძროხები ბალახობენ - ეს არის კარგი?! კარგი იქნება ქუთაისის აეროპორტი რომ გავაუქმოთ და აქ გადმოვიტანოთ? რაც მეტი აეროპორტი, რაც მეტი ცენტრი იქნება, მით უკეთესია ამ ქვეყნისთვის. ადრე, როცა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტს ახსენებდნენ, ბევრი ქილიკობდა, მაგრამ ხომ გაამართლა ამ აეროპორტმა? პარლამენტიც იქ რომ იყო, ქუთაისი გამოცოცხლდა და სულ სხვა ქალაქად გადაიქცა. ნაცვლად იმისა, რომ რეგიონები გამოაცოცხლონ, ყველაფერს საპირისპიროდ აკეთებენ. მაგალითად: თბილისი-რუსთავის გზატკეცილი, რომელიც წინა ხელისუფლებამ დაიწყო, ამდენი ხანია რუსთავამდე ვერ მიიყვანეს და კიდევ რამდენი ასეთი მაგალითის მოყვანა შეიძლება?! იმის ნაცვლად, რომ საერთაშორისო ლაინერები შემოსულიყვნენ, ახლა ჩვენს სამშობლოში რუსული ლაინერები შემოდიან - ეს იმას ჰგავს, შევარდნაძემ თავის დროზე დსთ-ში რომ შეგვიყვანა. იმ ავადსახსენებელ 90-იანებში ეროვნული ხელისუფლება დაამხვეს და ჩვენი ქვეყანა რუსეთში დააბრუნეს - სამწუხაროდ, ახლაც იგივე თამაში მიმდინარეობს.

- როგორ ფიქრობთ, ამ სიტუაციიდან გამოსავალი რა არის?

- მთავარია, ჩვენი უფლებები თავად დავიცვათ, რადგან ჩვენს საქმეს სხვა ვერავინ გააკეთებს. თუ საკუთარ ქვეყანას ვერ მივხედავთ, ეს თაობაც მალე გაიზრდება და მასაც ჩვენი გზის გავლა მოუწევს. ხომ არ გვინდა, ჩვენმა შვილებმაც რუსეთში იცხოვრონ? - მე ეს ნამდვილად არ მინდა! როდესაც შვილები გვეტყვიან, ჩვენი მომავლისთვის რას აკეთებდიო, რაღაც სათქმელი ხომ უნდა გვქონდეს? არჩევნების გზით, სიტყვით, საქმით - ჩვენი უკეთესი მომავლისთვის, ყველა ცივილიზებული ხერხით და მეთოდით უნდა ვიბრძოლოთ. ჩვენს შვილებს ბოლომდე აწყობილი ქვეყანა თუ არა, შედარებით უკეთესი საქართველო უნდა დავახვედროთ!

ხათუნა ჩიგოგიძე