რა მიზნით ჩამოვიდა ალ ბანო საქართველოში - გზაპრესი

რა მიზნით ჩამოვიდა ალ ბანო საქართველოში

24 ნოემბერს თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში, საქველმოქმედო ფონდის "ცხოვრება მშვენიერია" 10 წლის იუბილესთან დაკავშირებით, არაერთი თაობისთვის საყვარელი იტალიელი მომღერლის AL BANO-ს სოლო კონცერტი გაიმართა. მისი დამფუძნებელი ნიკოლოზ ესაკიაა. საქველმოქმედო ფონდმა დღემდე არაერთი მსგავსი პროექტი განახორციელა და უამრავი ადამიანის დახმარება შეძლო. ამ შემთხვევაშიც, იტალიელი მომღერლის კონცერტი საქველმოქმედო ხასიათს ატარებდა და შემოსული თანხის დიდი ნაწილი გადაირიცხება "ფერადი ქალაქი - აუტიზმის ეროვნულ ცენტრში".

80 წლის მომღერალი შესანიშნავ ფორმაშია და მისი ხმაც ისევე ჟღერს, როგორც კარიერის დასაწყისსა თუ მომდევნო წლებში. კონცერტზე, რომელიც 2 საათზე მეტხანს გაგრძელდა, მომღერალმა თავისი რეპერტუარიდან არაერთი ცნობილი სიმღერა შეასრულა და ყოველი მორიგის დაწყებამდე დამსწრე აუდიტორიას მათი შექმნის ისტორიას აცნობდა. როგორც ცნობილია, ალ ბანოს კომპოზიტორობის ნიჭი ჯერ კიდევ ადრეულ ახალგაზრდობაში აღმოაჩნდა და მას შემდეგ რეპერტუარში უმეტესად საკუთარი, ანუ საავტორო სიმღერები აქვს. კონცერტზე მომღერალი მცირე ექსკურსით ცდილობდა წარმოდგენილი მუსიკალური ნომრები მსმენელისათვის უკეთ გაეცნო. აღსანიშნავია ისიც, რომ საზოგადოების წინაშე სცენაზე წარდგა მომღერლის 6 შვილიდან 2 - იარი კარიზი და ჯაზმინ კარიზი (მომღერალს პირველი ქორწინებისას მომღერალ რომინა პაუერთან 4 შვილი შეეძინა, ხოლო მასთან დაშორებიდან 10 წლის შემდეგ, ჟურნალისტი ლორედანა ლეჩიზო შეირთო და წყვილს 2 შვილი ჰყავს).

ალ ბანო 1943 წელს ჩელინო-სან-მარკოში, ღარიბი გლეხების ოჯახში დაიბადა. მამამისი მეორე მსოფლიო ომის დროს ალბანეთში იბრძოდა და სწორედ ამ მოგონებების აღსანიშნავად შვილს იტალიელისთვის უჩვეულო სახელი - ალბანო, ანუ ალბანელი უწოდა. მოგვიანებით მომღერალმა სწორედ ეს სახელი ორ ნაწილად დაყო სცენურ ფსევდონიმად და ალ ბანოდ აქცია.

ოჯახი მესაქონლეობით, მეღვინეობით იყო დაკავებული და ფიქრობდნენ, რომ ალ ბანოც ტრადიციას გააგრძელებდა, თუმცა ბავშვს მუსიკა იტაცებდა და ჯერ კიდევ 12 წლისა სიმღერებს წერდა. როგორც კი 16 წლის გახდა, მშობლიური სახლი დატოვა და მილანში გაეშურა, წინ დიდი გეგმებით - მომღერალი გამხდარიყო. მაგრამ სანამ ეს მოხდებოდა, თავის გასატანად ოფიციანტადაც მუშაობდა და უბრალო მუშადაც. თუმცა, დასახულ მიზანს მალე მიაღწია, როცა იტალიურ სასიმღერო კონკურსში გაიმარჯვა და პირველი კონტრაქტიც გააფორმა...

მომღერალი საქართველოში ერთკვირიანი ვიზიტით იმყოფებოდა. 24 ნოემბერს, თბილისის საკონცერტო დარბაზში, სიმღერებს შორის მაყურებელთან მიმართვისას, მან ასეთი სიტყვები წარმოთქვა: "მეორედ ვარ საქართველოში და ეს ძალიან სასიამოვნოა. შემიძლია ერთ-ერთი პოეტის სიტყვები მოვიყვანო - შეხვედრა არის ხელოვნება და მეც, ნებისმიერ შეხვედრას ვუყურებ, როგორც მორიგ ხელოვნებას. ჩემთვის მნიშვნელოვანია მსმენელის განწყობა და დამოკიდებულება ჩემ მიმართ. ჩემი სიმღერებით მსურს აუდიტორიას მაქსიმალური სიამოვნება მივანიჭო, რათა მასთან კავშირი გავაბა.

საქართველო საოცარი ქვეყანაა და ქართველები არაჩვეულებრივი ხალხი ხართ. ეს აქ ჩემი პირველი კონცერტია და ძალიან ემოციურია. მიუხედავად იმისა, რომ ორიოდე დღეა, საქართველოში ვარ, იცით, როგორი დასკვნა გამოვიტანე? ქართველები ძალიან ჰგვანან იტალიელებს. ერთადერთი, რაც ქართველებსა და იტალიელებს გვყოფს, ენაა, მაგრამ ერთი ჭიქა ღვინის შემდეგ, ენობრივი ბარიერი ქრება და მხოლოდ და მხოლოდ გული რჩება!"

ანა კალანდაძე