რა შემთხვევაში დაკარგავს ქართული ენა შესაძლებლობას, იქცეს საერთაშორისო ურთიერთობის ენად
განათლებული საზოგადოების წარმატება თუ წარუმატებლობა სხვა ფაქტორებთან ერთად, ლექსიკონების არსებობითაც გამოიხატება. საუკუნეების განმავლობაში ამ გამოწვევის პასუხი იყო ლექსიკონების გამოცემა. რა სირთულის წინაშე დგას ქართული ენა და რა კეთდება დღეს ამ მიმართულებით? - ამაზე ენათმეცნიერების ინსტიტუტის სამეცნიერო ტერმინოლოგიისა და თარგმნითი ლექსიკონების განყოფილების ხელმძღვანელი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი ლია ქაროსანიძე გვესაუბრა.
- ხშირად ვამბობთ, რომ დადგა გლობალიზაციის ეპოქა და გაუმართავ ტერმინოლოგიას ამით ვხსნით, თუმცა ქართული ენა ამ სირთულის წინაშე არაერთხელ მდგარა. გადავხედოთ ისტორიას. ქრისტიანობის გავრცელებისთანავე ქართველი მთარგმნელები დადგნენ არჩევანის წინაშე, შეექმნათ ქართული ტერმინოლოგია თუ უთარგმნელად გადმოეღოთ ახალი ცნებები. ამ გამოწვევას არაჩვეულებრივად გაართვეს თავი ქართულმა მთარგმნელობითმა სკოლებმა, შექმნეს ქართული საღვთისმეტყველო ტერმინოლოგია და სამწერლობო ენა. მომდევნო საუკუნეებში, სამწუხაროდ, ჟამთა სიავის გამო ვეღარ იზრუნეს ენაზე, რამაც თავისი უარყოფითი შედეგები მოიტანა, ენაში განუკითხავად შემოვიდა უცხო სიტყვები და განდევნა ქართული. ასე შემორჩა უამრავი აღმოსავლური სიტყვა (განძი, მასპინძელი, ეშმაკი, აივანი, ბაღი, ზეიმი...).
მომდევნო მნიშვნელოვანი ბრძოლა ენის გადასარჩენად ილია ჭავჭავაძემ წამოიწყო. მან თანამოაზრეებთან ერთად, ენაში რუსული სიტყვების დამკვიდრებას შეუშალა ხელი, მიუხედავად იმისა, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით განსხვავებული აზრი მაშინაც იყო. XIX საუკუნის ქართველმა მოღვაწეებმა სხვადასხვა დარგის ტერმინოლოგიაც შექმნეს და ახალ სალიტერატურო ქართულს ჩაუყარეს საფუძველი. ქართულ ტერმინთშემოქმედებაში შეგვიძლია გამოვყოთ ოთხი განსხვავებული სკოლა: X-XII საუკუნეების; ილია ჭავჭავაძისა და მის თანამედროვეთა; ნიკოლაძეების ჯგუფის 1918-1921 წ.წ.; საბჭოთა პერიოდის.
1918 წელს პირველი ქართული უნივერსიტეტის გახსნისას ისევ გაჩნდა ეჭვი, ქართველები რამდენად შეძლებდნენ ქართული დარგობრივი ტერმინოლოგიის შექმნა-განვითარებას. სხვაგვარად ეჭვქვეშ დგებოდა ქართული უნივერსიტეტის არსებობა, თანამედროვე ქართული სამეცნიერო ენის განვითარება, რომელსაც უკვე ტექნიკის ეპოქის სიახლეები უნდა გადმოეცა. ეს გამოწვევაც დავძლიეთ. ჩემი აზრით, ქართული ტერმინოლოგიის ისტორიაში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს „ნიკოლაძეების სკოლას“, თუმცა საბჭოთა ეპოქის დასაწყისშივე ხელისუფლებამ ტერმინოლოგიას სხვა მიმართულება მისცა და ქართულ ტერმინთშემოქმედებას ვიწრო ნაციონალიზმი უწოდა. აიკრძალა ნიკოლაძეების ქართული ტერმინთშემოქმედება, ამიტომ ბევრი ქართული ტერმინი დაიკარგა. მაგალითად, დღეს გვექნებოდა: დარიგება (ინსტრუქცია), ჭვირმინა (ოპტიკური მინა), თვითნათობა (ფოსფორენცენცია), შუქთმტყორცნი (პროჟექტორი) და სხვა.
ენათმეცნიერების ინსტიტუტი 1941 წელს დაარსდა და მას ვუკოლ ბერიძე ხელმძღვანელობდა. საბჭოთა სტანდარტების მიუხედავად, რომელიც ქართულ ტერმინთან შედარებით უპირატესობას ე.წ. საერთაშორისო ტერმინს ანიჭებდა, ვუკოლ ბერიძემ მაინც შეძლო ქართული ტერმინთშემოქმედების გაგრძელება. შემდგომ ქართულ ტერმინოლოგიაზე მუშაობა როგნედა ღამბაშიძისა და ინგა ჯიბუტის ხელმძღვანელობით გაგრძელდა. შეიქმნა უმნიშვნელოვანესი ქართული დარგობრივი ტერმინოლოგიური ლექსიკონები, რომლებიც სამწუხაროდ, ისევე, როგორც ბევრი რამ, დღემდე არ არის გაციფრულებული. სწორედ ამიტომაა დღეს ტერმინოლოგიური სიჭრელე ქართულ ენაში. სამწუხაროდ, ჩვენ ჩამოვრჩით ციფრულ ეპოქას. ევროპაში უკვე XX საუკუნის ბოლოსთვის შეიქმნა ტერმინთბანკები - ტერმინოლოგიური ლექსიკონების ელექტრონული ბაზები, საქართველოში კი მასზე მუშაობა ენათმეცნიერების ინსტიტუტმა 2014 წლიდან დაიწყო, თუმცა ის ჯერ კიდევ გამოუქვეყნებელია.
სამწუხაროდ, 90-იანი წლებიდან ენათმეცნიერების ინსტიტუტს აღარ აქვს ის ფუნქცია, რომ მართოს ტერმინოლოგიური მუშაობა საქართველოში. ამან განაპირობა შეუთანხმებელი მუშაობა, ყველა ავტორი თავად აკეთებს ლექსიკონებს, ქმნის ტერმინებს. შესაბამისად, ხშირად ერთ ცნებას რამდენიმე ტერმინი აქვს. 2017 წელს დავაარსეთ ტერმინოლოგიის საზოგადოება, რომელიც ევროპის ტერმინოლოგიური საზოგადოების წევრია, ვმართავთ ადგილობრივ და საერთაშორისო კონფერენციებს. თუ ქართული ტერმინოლოგიის პოლიტიკის აღდგენას ვერ შევძლებთ და ისევ გაგრძელდება შეუთანხმებელი მუშაობა, დარგობრივ ტერმინოლოგიას ვერ განვავითარებთ. თუ დროის გამოწვევას ვერ ვუპასუხებთ, ცხადია, ქართული ენა დაკარგავს შესაძლებლობას, იქცეს საერთაშორისო ურთიერთობის ენად. დღეს, როცა თანამედროვე ტექნოლოგიების წყალობით გაგვიჩნდა შესანიშნავი შესაძლებლობა, ვისაუბროთ საკუთარ ენაზე, არ დავრჩეთ „ციფრული სამყაროს“ მიღმა, ჩვენ საამისოდ მზად არ ვართ. სამწუხაროდ, ვერ ვიმუშავეთ თანამიმდევრულად, რამაც დაგვაყენა იმ სინამდვილის წინაშე, რომ დღეს ქართულ ენაზე ავტომატური თარგმანები სანდო არ არის, რაც მხოლოდ ენის თანამედროვე მეთოდებით განვითარების ჩამორჩენილობაზე მიანიშნებს.
იმედს ჩვენი ისტორია და თანამედროვე ევროპული ტერმინოლოგიური საზოგადოებების მხარდაჭერა გვაძლევს - ვაგრძელებთ ქართულ ტერმინთბანკზე მუშაობას, მის განვითარებას. მომავალი წლის ივნისში გავმართავთ მეოთხე საერთაშორისო კონფერენციას „ტერმინოლოგია - მემკვიდრეობა და თანამედროვეობა“, რომელზეც მოვიწვევთ ჟურნალისტებსაც ამ საკითხების ფართოდ გასაშუქებლად.
ნანული ზოტიკიშვილი