„მის თბილისის“ ორგანიზატორის შეხვედრა მსოფლიოს ვარსკვლავებთან და 23 წელი ევროპაში - გზაპრესი

„მის თბილისის“ ორგანიზატორის შეხვედრა მსოფლიოს ვარსკვლავებთან და 23 წელი ევროპაში

კომპლექსი "ლა ზაგალეტა" - ცნობილი ფანტასტიკური ვილებით, არის დახურული ზონა, სადაც მხოლოდ მეგავარსკვლავები ცხოვრობენ. თქვენ წარმოიდგინეთ, იქ ვლადიმირ პუტინსაც კი აქვს ვილა... ამ ადგილას ყველას არც უშვებენ, მაგრამ ჩვენ მეგობრები გვყავს და იქ გოლფიც კი გვითამაშია... სტუმრად რომ გვეპატიჟებიან, დიდი პატივია, ოღონდ ეს საიდუმლოდ უნდა დარჩეს, ამაზე საუბარი არ არის მიღებული..." - ამბობს ნატალი სტიუარტ-ფოქსი, რომელიც საკუთარ თავბრუდამხვევ ცხოვრებასა და წარმატებებზეც გვიყვება...

- შემიძლია ვთქვა, რომ ცხოვრების ნახევარი საზღვარგარეთ მაქვს გატარებული. საქართველოდან 2000 წელს, "ოქსფორდში" სასწავლებლად წამოვედი და უკვე 23 წელია, ევროპაში ვარ. ამჟამად ისევ ინგლისში ვცხოვრობ... აქ 2019 წელს გადმოვედი, მანამდე ესპანეთში ვცხოვრობდი, რამდენიმე წელი კვიპროსის კუნძულზეც. ჩემი მეუღლე ბრიტანელი რიჩარდ ალექსანდრე სტიუარტ-ფოქსია. საცხოვრებლად უელსის პატარა ბარის კუნძული იმის გამო შევარჩიეთ, რომ აქ ჩემი შვილი - ჩარლზ ნიკოლოზი შეძლებს საუკეთესო განათლების მიღებას...

ყველას ჰგონია, რომ ლონდონში ვცხოვრობთ, მაგრამ ჩემი აზრით, იქ იმ შემთხვევაში უნდა იცხოვრო, თუ ამ ქალაქში სარფიანად მუშაობ ან მილიონერი ხარ... მეც ვცხოვრობდი ლონდონში თითქმის ერთი წელი, სტუდენტობის დროს. როდესაც "ოქსფორდში" სწავლა დავამთავრე, დისერტაციის მომზადება დავიწყე ტურიზმის და სტუმარმასპინძლობის თემაზე და მაშინ მომიხდა ლონდონში გადასვლა. ვმუშაობდი ივენთების დეპარტამენტში ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ სასტუმროში და როგორც კი დავამთავრე დისერტაციაზე მუშაობა, სასწრაფოდ მაიამიში გადავედი, სადაც პრაქტიკა უნდა გამევლო საკრუიზო კომპანიაში - ამან მიშველა, თორემ ვგრძნობდი, დეპრესია მქონდა... ალბათ სასაცილოა, ბევრისთვის საოცნებო ქალაქში მე დეპრესია რომ დამემართა, არა? მაგრამ რა ვქნა, არ მიყვარს მეგაპოლისები...

- პროფესიით ვინ ბრძანდებით?

- დღეს პროდიუსერი, ისე კი საერთაშორისო ბიზნესკონსულტანტი ვარ, რასაც პერიოდულად ვითავსებ. მეუღლეს ვეხმარები რუსულენოვან კლიენტებთან ურთიერთობებში. დამთავრებული მაქვს საერთაშორისო ბიზნესადმინისტრაცია, საერთაშორისო ეკონომიკა... 2000 წელს ინგლისში წამოვედი და "ოქსფორდში" მაგისტრატურა დავამთავრე საერთაშორისო მარკეტინგისა და ტურიზმის განხრით, რადგან საქართველოში ვგეგმავდი დაბრუნებას... შემდეგ ისე მოხდა, რომ ვიზა ვეღარ გავაგრძელე და იძულებული გავხდი, ესპანეთში გადავსულიყავი, ისევ სტუდენტური ცხოვრება და ესპანურის სწავლა დამეწყო... ძალიან მალე მომავალ მეუღლეს შევხვდი: იმ კომპანიაში დავიწყე მუშაობა ბიზნესკონსულტანტად, სადაც ის ხელმძღვანელი გახლდათ...

- როდის შექმენით ესპანეთში ქართული კულტურის ცენტრი?

- პირველი ქართული კულტურის ცენტრი 2009 წელს შევქმენით ულამაზეს ქალაქ მარბელაში, ანდალუზიის რეგიონში... კულტურის სფეროში საქართველოშიც ბევრ პროექტს ვახორციელებდი და მეგობრების, იქაური კონტაქტების დახმარებით კულტურის ცენტრი EuroGeorgia დავაარსეთ...

სამხრეთ ესპანეთის ქალაქი მარბელა განსაკუთრებულია, სახელმწიფოში პატარა სახელმწიფოსავით, როგორც ლონდონი. აქ აუცილებელია კონტაქტები, სანდო ურთიერთობები ან უნდა იყო მილიონერი, ან უბრალოდ, კარგი ტიპი... საბედნიეროდ, მე და ჩემს მეუღლესაც ნდობა, კონტაქტები უკვე მოპოვებული გვქონდა, რაც ძალიან დაგვეხმარა. ჩვენი ყველაზე მთავარი მიღწევა და სიამაყეა ბათუმისა და მარბელას დამეგობრება 2010 წელს, რის შემდეგაც ჩემი ცხოვრება შეიცვალა და ჩემი მისია საქართველოს, კერძოდ კი აჭარის პოპულარიზაცია გახდა, ყველა პროექტი ბათუმში განვახორციელე. იმდენად დიდ "პრომოუშენს" ვუწევდი, რომ წელს, მარბელას საერთაშორისო დიასპორულ კინოფესტივალზე ამბობდნენ, საქართველო მარტო ბათუმი გვეგონა, ამჯერად მთელი საქართველო აქ ჩამოგვიტანეთო...

2010 წლიდან, ბათუმისა და მარბელას დამეგობრების შემდეგ ჩამოვაყალიბე საპროდიუსერო ცენტრი RealityStar, ინგლისელ პროდიუსერებთან ერთად. ამ ცენტრში შოუბიზნესის ცნობილი წარმომადგენლები არიან და მათთან ერთად დავაარსე საერთაშორისო ტალანტების კონკურსი ღეალიტყ შტარ, რომელსაც თავისი ჰიმნიც აქვს.

სხვათა შორის, მარბელაში ბევრი მსოფლიო დონის ვარსკვლავი ცხოვრობს. აქ გამორჩეული ამინდი და ლაქშერი ცხოვრების სტილია.

- მაგალითად, ვინ ცხოვრობს?

- საიმონ კაუელი, ევა ლონგორია, ლორდ ალან შუგარი, ჯოან კოლინსი, შონ კონერი, დოლფ ლუნდგრენი, ხულიო იგლესიასი, ცნობილი ფეხბურთის ვარსკვლავები: სერხიო რამოსი, ჯასპერ ოლსენი, ფაბიო კაპელო და სხვები; რობერტ დე ნირომ აქ რესტორანიც კი გახსნა; ასევე ანტონიო ბანდერასი მალაგადანაა და მარბელაში ცხოვრობს, მას უდიდესი და ყველაზე პრესტიჟული მუსიკალური ფესტივალი აქვს დაარსებული შტარლიტე, რომელიც ყოველ ზაფხულს იმართება, რომელშიც მსოფლიოს ვარსკვლავები მონაწილეობენ და 3 თვის მანძილზე ვარსკვლავთცვენაა მარბელაში...

მეამაყება, რომ ჩვენი საერთაშორისო ტალანტების კონკურსის ღეალიტყ შტარ საუკეთესო მონაწილეები ანტონიო ბანდერასის ფესტივალზეც გამოვიდნენ. რამდენიმე მათგანმა უკვე დიდ წარმატებას მიაღწია და კარიერის აწყობას ბრიტანეთში, ამერიკაში აგრძელებენ... ანტონიო ბანდერასის ფესტივალზე ვარსკვლავებისგან ინტერვიუს ვიღებდით მე და ჩემი ოპერატორი. გვინდა თუ არა, ცნობილ ადამიანებთან კონტაქტი გვიწევს.

- ახლა რა პროექტები ხორციელდება ორი ქალაქის დამეგობრების ფარგლებში?

- წელს ისე მოხდა, რომ ბათუმის ხელმძღვანელობა, მოწვევის მიუხედავად, მარბელაში ვერ ჩამოვიდა. სურვილი აქვთ, რომ მომავალ წელს ჩამოვიდნენ და ეს ურთიერთობები ისევ გაგრძელდეს.

- ახლახან უმნიშვნელოვანეს პროექტებს ჩაეყარა საფუძველი. გვიამბეთ ამის შესახებ...

- სიამოვნებით. მართლაც, ორივე უპრეცედენტო და უმნიშვნელოვანესი პროექტია ჩვენი ქვეყნისთვის.

5 ოქტომბერს მარბელაში დაარსდა საერთაშორისო დიასპორული კინოფესტივალი - ქართული ფილმი საზღვრებს გარეთ. ფესტივალი გახლავთ საგარეო საქმეთა სამინისტროს დიასპორული ინიციატივების პროგრამის ფარგლებში გამარჯვებული პროექტი, რომელსაც უდიდესი მხარდაჭერა გამოუცხადა ქალაქ მარბელას მერიამ, მუნიციპალიტეტის საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტმა და მერიის კულტურისა და ტურიზმის დეპარტამენტმა. ქალბატონმა რემე ბოკანეგრამ დაუფარავი აღფრთოვანებით, უდიდესი მადლობა გადაუხადა პროექტის ინიციატორებს, რადგან თვლის, რომ ეს პროექტი კიდევ უფრო გააერთიანებს ქალაქ მარბელაში მცხოვრებ სხვადასხვა ეროვნების მოსახლეობას... უდიდესი მადლობა ყველას და თითოეულ ორგანიზაციას თუ ადამიანს, ვინც მხარდაჭერა გამოგვიცხადა და დაგვეხმარა ერთობლივი ძალებით დაგვეარსებინა ეს მართლაც პირველი და უნიკალური პროექტი, რომელიც მომავალში არა მარტო ესპანეთის, არამედ მსოფლიოს დიასპორებს გააერთიანებს.

393086064-334897185814991-1803413797375928548-n-1701537922.jpg

ბედნიერი ვარ, რომ მსგავსი ფესტივალის ინიციატორი და დამაარსებელი არის ჩვენი ქვეყანა - საქართველო.

ფესტივალი მიეკუთვნება თემატურ, კამერულ ფესტივალთა კატეგორიას, რომელიც კინოს სახით სხვადასხვა გლობალურ თემას განიხილავს. ფესტივალის ძირითადი მიზანია იდენტობის ამაღლება და შენარჩუნება, ემიგრაციაში მყოფი ნიჭიერი ახალგაზრდების აღმოჩენა და ხელშეწყობა... ასევე მნიშვნელოვანი მესიჯები უნდა გაჟღერდეს ჩვენი ფესტივალის, ფილმების დახმარებით. მაგალითად, როგორიც არის ტოლერანტობა, ინტეგრაცია, მშვიდობა... ფილმების ჩვენების შემდეგ ამ თემებზე გაიმართა საინტერესო და ემოციური დისკუსიები სხვადასხვა ქვეყნის ემიგრანტებსა და ხელოვანებს შორის...

მეორე პროექტი ასევე უმნიშვნელოვანესი, დროული და საჭიროა ჩვენი ქვეყნის ტურისტული პოტენციალის პოპულარიზაციისთვის. ეს გახლავთ საქართველოს საერთაშორისო ტურისტული ფილმების ფესტივალი, რომელმაც წელს სტარტი აიღო წყალტუბოში, ქალაქის მუნიციპალიტეტის უპირობო მხარდაჭერით. მადლობა მათ და ასევე, პარლამენტის დიასპორულ და კავკასიის საკითხთა, რეგიონული განვითარების და კულტურის კომიტეტებს მხარდაჭერისთვის.

ჩემი სურვილია, უფრო ვრცლად ვისაუბროთ და გავზარდოთ ცნობადობა საზოგადოებაში ამ ინდუსტრიის შესახებ. განსაკუთრებით, ტურიზმის ბლოგერებს თუ ვიდეოგრაფებს გვინდა, სწორი გაიდლაინები მივცეთ, რომ მათი გადაღებული ვიდეოები მოკლე ფილმებად შეიფუთოს და წარდგეს ჩვენს თუ სხვა ფესტივალებზეც.

- ახსენეთ, რომ მარბელაში პუტინსაც აქვს ვილა. შემთხვევით, იქაც ხომ არ ყოფილხართ?

- არა და იქ ალბათ, მხოლოდ ჩიტი თუ იქნება ნამყოფი, იმდენად მიუწვდომელ ადგილზეა... სადღაც მთებშია გადასხვევი და შემდეგ არის მისი ვილა...

სხვათა შორის მაღალმთიან აჭარაში მთებში სახლები რომ მოჩანს, ზუსტად ასეა მარბელაშიც, ოღონდ იქ ძალიან მდიდრული შენობებია... ახლახან აქ მოდის კვირეული ჩატარდა. წელს დროში ვერ ჩავეტიეთ, მომავალში კი ძალიან მინდა, აქ ქართველი დიზაინერებიც წარვადგინოთ...

- არტ-ფესტივალზე გვიამბეთ.

- ყველაფრის პარალელურად, არტ-ფესტივალი ჩავატარეთ, რომელშიც ბევრი ქართველი მხატვარი მონაწილეობდა. საქვეყნოდ სახელი გაითქვეს, ძალიან ბევრი ნამუშევარი შეიძინეს... მარბელას საერთაშორისო არტ-ფესტივალი ყველაზე პრესტიჟულად ითვლებოდა წლების მანძილზე. იგი დააარსა ინგლისელმა ქალბატონმა კეროლაინ ბოულიმ, რომელიც ასევე გახლდათ მარბელას და ანდალუზიის ქალთა ბიზნესკლუბის დამფუძნებელი. მე, როგორც სავაჭრო პალატის წარმომადგენელი, ამ კლუბის წევრი გახლდით და აქედან დაიწყო ჩემი საფესტივალო ისტორიები უკვე ესპანეთში. ბოულიმ 2010 წელს შემომთავაზა ფესტივალის ორგანიზაციულ საქმეებში ჩართვა, როგორც საზოგადოებასთან ურთიერთობის კოორდინატორი საქართველოს, რუსეთსა და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში. არაერთხელ გვყავდა ქართველი მხატვრები მოწვეული და ყველა ვიზიტი მათთვის საკმაოდ წარმატებული იყო, ბევრი ნამუშევრების გაიყიდა. ფესტივალზე ასევე პოპულარიზაციას ვუწევდით ქართულ ბრენდებს...

403611514-293375037014948-4899359440530311465-n-1701537911.jpg

- თქვენი ორგანიზებით გაიმართა ერთ-ერთი პირველი - „მის თბილისი“...

- დიახ, "მის თბილისი 1999". თბილისში მხოლოდ რამდენიმე ივენთ ჰოლი იყო ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული "ბერიკონის" დარბაზი გახლდათ, სადაც ჩემს მეგობრებთან, კლასელ ნინო გოშთელიანთან და კიდევ სხვებთან ერთად ჩავატარე სილამაზის კონკურსი "მის თბილისი", რომლის მთავარი მხარდამჭერი იყო ქალთა საქველმოქმედო ფონდი "ვიქტორია" და მისი დამფუძნებელი ვიქტორია მიქავა - დედაჩემი, ვეტერანი ქველმოქმედი... კონკურსი თბილისის მერიის მხარდაჭერით ჩატარდა და მახსოვს. მონაწილეების უმეტესობა იმდროინდელი სამოდელო სააგენტოს მოდელები იყვნენ, ხოლო მათ ჩაცმულობაზე იმ დროს ცნობილი დიზაინერები ზრუნავდნენ: გიორგი ამირეჯიბი, გიორგი მასხულია, ზალიკო ბერგერი, ნატა რაზმაძე და ა.შ. "მის თბილისი" გახდა ულამაზესი ნინო ჩქარეული, "ვიცე მისი", თუ არ ვცდები, ირინა ონაშვილი...

ამ კონკურსს "მის საქართველოც" მოჰყვა, რომელსაც ხათუნა ჟორდანია ატარებდა და მის საორგანიზაციო ჯგუფში ჩავერთე, როგორც კოორდინატორი ბათუმში. მგონი, ბათუმი იმ დროიდან დამებედა (იცინის). მახსოვს, ზამთარში ზღვაში ჩავვარდი და "საპატიო ბათუმელობა" მომანიჭეს, - ჩვენ ბათუმელები ზაფხულში არ დავდივართ ზღვაზე და შენ, თბილისელი ზამთარში გრილდებიო... ჩავატარეთ კასტინგი ბათუმში და ჩემი პირველი სატელევიზიო ინტერვიუც ბათუმის ტელევიზიასთან შედგა... მომღერლებიდან კახუჩელასთან ვმეგობრობდით, სტეფანეც გვყავდა მგონი მოწვეული... ერთ მომღერალს დავურეკე და ვუთხარი, თქვენი მოწვევა გვინდა-მეთქი, ოღონდ ვერ მოვასწარი მეთქვა, სად ვიწვევდი, პირდაპირ მითხრა: ჩემი ფასი იციო? ვუპასუხე: არა, არ ვიცი და აღარც არის საჭირო, მადლობა-მეთქი.

ვიქტორია პლეშაკოვა ყველაზე პატარა კონკურსანტი იყო მაშინ, რომელსაც გადაეცა სპეციალური პრიზი ფონდ "ვიქტორიასგან". ეს გოგონა დიდ ვიქტორიას, დედაჩემს ძალიან შეუყვარდა. ჩვენ დღესაც ერთი ოჯახივით ვართ. ვიქტორია ახლა ამერიკაშია, სადაც წარმატებული სამოდელო კარიერა დაასრულა და არაჩვეულებრივი ოჯახი შექმნა. მისი მეუღლეა სუხიშვილების ცნობილი მოცეკვავე გუგა თოიძე. შეეძინათ პატარა ოქროსთმიანი ბიჭუნა გაბრიელი, რომლის ნათლიობის პატივიც მე მერგო წილად. მიხარია, რომ ერთმანეთისგან შორს მყოფები, მაინც ერთად ვართ. ნამდვილი ურთიერთობები არასდროს იკარგება და ეს მხოლოდ ნამდვილ, გულწრფელ ადამიანებს შეუძლიათ.

მანანა გაბრიჭიძე