სამყაროში არსებული ნაცრისფერი ბურუსიდან „გაქცევა“ - გზაპრესი

სამყაროში არსებული ნაცრისფერი ბურუსიდან „გაქცევა“

10-24 ნოემბერს „აბრეშუმის გალერეაში“ ახალი, ბოლო წლებში შექმნილი ფერწერული ტილოები გამოიფინა... აკრილის საღებავებით თუ ზეთით ან ერთ ტილოზე აკრილისა და ზეთის კომბინაციით შექმნილი ნახატების ექსპოზიციას „ყველაფრის მიღმა" უწოდა... საგამოფენო სივრცეში აღმოჩენილი დამთვალიერებელი, ნამუშევრების ხილვისას დროებით მაინც აღმოჩნდებოდა იმ სამყაროში, რომელიც ბოლო დროს ყველას დააკლდა და დეფიციტს განიცდის, ანუ იქ, სადაც სითბო, სიმშვიდე და სიყვარულია, ჰაერი კი გამჭვირვალე, ჯანგბადით გაჯერებული, სადაც თავისუფლად შეგიძლია სუნთქვა...

ლია სადაღაშვილი:

- ვფიქრობ, ჩემთვის და ალბათ ბევრი სხვისთვისაც, ბოლო დროს ირგვლივ ყველაფერი მოსაწყენი, ნაცრისფერი ბურუსით მოცული და უსიყვარულოა. სამყაროში უამრავი და სხვადასხვა სახის აგრესიაა, კონფლიქტი, როგორც ადამიანებს შორის, ისე საკუთარ თავთან. სურვილი გამიჩნდა, ამგვარ სამყაროს გავრიდებოდი და ყველაფერი სხვა თვალით დამენახა. მინდოდა ჩემი წარმოსახვითა და ფანტაზიით ყველა ნამუშევარში დადებითი მუხტი ჩამედო. ეს იყო გამოფენის მთავარი მესიჯი და შესაბამისად, სახელწოდებაც აქედან წამოვიდა.

- ისიც საინტერესოა, როცა ხატავთ, იმ დროსაც სწყდებით სამყაროს და ხართ ყოველდღიური, ყოფითი ცხოვრების მიღმა?

- დიახ, მართლაც ასეა. ხელის შემშლელი შეიძლება გამოდგეს პატარა რაღაც, მაგალითად, თუნდაც ტელეფონის ზარი, ასეთ დროს კონტაქტი მიწყდება და მიჭირს ხელახლა კონცენტრირება. ალბათ ყველა მხატვარი ასეა, ტილოსთან კონტაქტი ინტიმური მომენტია და როცა ხატავ, იმ დროს გგონია, რომ სამყაროში მხოლოდ შენ ხარ და სხვა არავინ...

- წარსულში დავბრუნდეთ. თითქმის ყველა ბავშვი ხატავს, მაგრამ თქვენ როდის გადაწყვიტეთ, მხატვარი გამოსულიყავით?

- ბიძაჩემი მხატვარი, ლითონმოქანდაკე გივი სადაღაშვილი იყო. ნახალოვკაში, ერთ სახლში ვცხოვრობდით დ მთელი ბავშვობა ვხედავდი, როგორ მუშაობდა და ჭედურობას აკეთებდა. 113-ე სკოლაში ვსწავლობდი, სადაც ხატვის მასწავლებელი ბიძაჩემის მეგობარი იყო. ერთხელაც, გივის უთხრა, ბავშვს ხატვის ნიჭი აქვს, ყველაფერს სხვაგვარად აღიქვამს და ყურადღება მიაქციეთო. ასე დაიწყო ყველაფერი. ჯერ "ნიკოლაძე“ დავამთავრე, მერე სამხატვრო აკადემია - ფერწერის ფაკულტეტი.

- არაერთი წელი ამერიკაში გაატარეთ. იქ სამუშაოდ გაემგზავრეთ თუ რა დატვირთვა ჰქონდა თქვენს ვიზიტს?

- 2003 წლის გაზაფხულზე თბილისში პირველი პერსონალური გამოფენა მქონდა და იმავე წლის შემოდგომაზე მე და ჩემი მეუღლე გიორგი ირემაშვილი ამერიკაში გავემგზავრეთ. ის ძალიან კარგი მხატვარ-მოქანდაკეა. ტეხასში, ქალაქ ჰიუსტონში ჩემი მეუღლის ძმა ცხოვრობდა და ჩვენც იქ ჩავედით. პატარა გამოფენა გავაკეთეთ. გალერისტმა გვითხრა, იქნებ ამ დღისთვის რამე ქართული კერძი მოამზადოთო. ა-ლა-ფურშეტისთვის ნიგვზიანი ბადრიჯანი გავაკეთე, რომელმაც ისეთი რეაქცია გამოიწვია, ჩვენი ნახატები და ჩემი მეუღლის ქანდაკებები აღარავის ახსოვდა (იღიმის). გამოფენამ კარგად ჩაიარა, ნამუშევრების ნაწილი გაიყიდა კიდეც, მაგრამ ტეხასში ცხოვრებასა და იქაურ ცხელ კლიმატს ვერ შევეგუე. იქ გატარებული 6 თვე ჩემთვის ძალიან რთული აღმოჩნდა. თან, მე მიყვარს მოძრაობა, ხალხი, იქ კი ქვეითად არავინ გადაადგილდებოდა. ძალიან დავითრგუნე. ჩემი მეუღლის ძმა საინტერესო ტიპაჟი იყო, გოგენს ვამსგავსებდი, როგორც ფიზიკურად, ისე თავისი ცხოვრების წესით. მას თავისი პატარა ბიზნესი ჰქონდა და ერთ დღესაც ყველაფერი გაყიდა, იახტა იყიდა და გადაწყვიტა ამერიკიდან ავსტრალიაში მარტო წასულიყო. მახსოვს, მის მარშრუტს თვალს ვადევნებდით და რუკაზე დროშებს გადავაადგილებდით ხოლმე. პანამის სრუტე რომ გაიარა, იქიდან პირველად დარეკა და მას შემდეგ ცურვა რომ განაგრძო, თურმე 1 თვის განმავლობაში წყალში არავინ შემხვედრია და მის იახტას მხოლოდ ზვიგენების „არმია“ აცილებდა. 3 თვე მგზავრობდა, გზადაგზა ჩერდებოდა. ბოლოს ავსტრალიაში რომ ჩავიდა, იქ დასახლდა, მაგრამ იქაურობა არ მოეწონა. მოგზაურობა კიდევ გააგრძელა და ახლა ბალტიისპირეთში მეუღლესთან ერთად ცხოვრობს. როცა ჩემი მაზლი ჰიუსტონიდან წავიდა, მე და ჩემმა მეუღლემ მაშინ გადავწყვიტეთ ნიუ-იორკში გადავსულიყავით. უზარმაზარი ქალაქია, სადაც უამრავი საინტერესო რამ ხდება, მთავარია მოახერხო და ამ ქალაქის სწრაფ ტემპს აჰყვე. იქ ხშირად დავდიოდით ქართულ ეკლესიაში, სადაც ერთმა ქართველმა ქალბატონმა მითხრა, შენ ის ლია ხარ, რომელიც წლებია ამერიკაში ხარ და ჯერ არ გიმუშავიაო? თავიდან ვერ მივხვდი, რას მეუბნებოდა, მერე გავიაზრე, რომ ამერიკაში ოჯახებში არ ვმუშაობდი, როგორც ეს ძირითადად ხდება. მხატვრობა კი მისთვის საქმე არ იყო და გართობად ჩამითვალეს.

ისე გამოვიდა, რომ ამერიკაში რამდენიმე თვით წასული, იქ 2014 წლამდე დავრჩით და შემდეგ საქართველოში დავბრუნდით.

- რა იყო ამერიკაში თქვენი შემოქმედების მთავარი თემა და შთაგონების წყარო?

- ამერიკაში ინტენსიურად ვხატავდი. პირველად იქ დავიწყე აკრილში მუშაობა, რომელთანაც მანამდე შეხება არ მქონია. გალერეაში ვმუშაობდი, სადაც იხატებოდა ნამუშევრები როგორც კერძო კოლექციებისთვის, ისე სასტუმროს ინტერიერისთვის. ასევე, რამდენიმე გალერეასთან ვთანამშრომლობდით. წელიწადში ერთხელ, ნიუ-იორკში უზარმაზარ არტ-ექსპო იმართებოდა და მასში ყოველწლიურად წარმატებით ვმონაწილეობდი. სხვადასხვა კონკურსიც ტარდებოდა, სადაც ჩემს ნამუშევრებს წარვადგენდი ხოლმე. მორიგ ასეთ კონკურსში წარმატებით მონაწილეობის შემდეგ, ნიუ-იორკის ქალ მხატვართა კავშირის წევრი გავხდი. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში ყოველ ზაფხულს ჩამოვდიოდით, აქაურობა ძალიან მენატრებოდა. სულ ნოსტალგიურ განწყობაზე ვიყავი. ალბათ როცა საზღვარგარეთ 16-17 წლის ასაკში მიდიხარ, ყველაფერი გაცილებით მარტივია, მაგრამ უკვე ზრდასრულს, ძალიან გამიჭირდა მეგობრების, ჩემი წრის გარეშე ყოფნა, რაღაცების მიღება და ა.შ. ერთხელ ასეთი შემთხვევა მქონდა: გალერეაში, სადაც ვმუშაობდი, იყვნენ პროფესორები ლენინგრადიდან, მოსკოვიდან, 2 ჩინეთიდან და 3 მექსიკიდან. რადიოს ვუსმენდი ხოლმე და ერთხელაც, საინფორმაციო რომ დამთავრდა, უცებ ზურგს უკან „ჩემო ციცინათელა“ შემომესმა. ემოციებს დავაბრალე და ვიფიქრე, ეტყობა უკვე მოჩვენებები დამეწყო-მეთქი. ცოტა ხანში ფილმიდან „ჭრიჭინა“ მესმის სიმღერა. გავხედე და ჩინელი კაცი მღერის. მაშინვე ვკითხე, ეს სიმღერები საიდან იცი-მეთქი? აღმოჩნდა, მუსიკალური განათლება ჰქონდა. ეს სიმღერები იმ დროს ჩინეთში ძალიან პოპულარული ყოფილა, მაგრამ რუსული ეგონა და საქართველოზე წარმოდგენაც არ ჰქონდა. იცოდა მხოლოდ სტალინი და ედუარდ შევარდნაძე. მაშინ კი ავუხსენი და ჩვენს ქვეყანაზე ვესაუბრე. ძალიან შემიყვარდა ის ჩინელი მხატვარი კაცი, მაგრამ როგორი ემოციური ფაქტია, როცა სადღაც ნიუ-იორკში გალერეაში ზიხარ და ჩინელი პროფესორი შენს მშობლიურ ენაზე მღერის?! ეს შემთხვევა სულ მახსოვს, არ მავიწყდება.

- სამხატვრო აკადემიის ლექტორი ხართ და ახალ თაობასთან გაქვთ ხშირი ურთიერთობა...

- ამერიკიდან დაბრუნების შემდეგ, სამხატვრო აკადემიაში დავიწყე მუშაობა. დაზგურ ფერწერაზე, ფერწერის მიწვეული პედაგოგი ვარ და ფანტასტიკური სტუდენტები მყავს. გამიხარდა, ჩემს გამოფენაზე რომ მოვიდნენ. ახალგაზრდების აღქმა, ხედვა და შეფასება ჩემთვის განსაკუთრებით საინტერესოა. მყავს 16 წლის ქალიშვილი ანი, რომელიც ბავშვობაში კარგად ხატავდა, მაგრამ ახლა ამბობს, შენ იმდენს ხატავ, მე ამის სურვილი აღარ მაქვსო. გული დამწყდა, მაგრამ მას იმდენად საინტერესო ხედვა აქვს, ვფიქრობ, ოდესმე აუცილებლად დახატავს.

- ბავშვობის წლები, ამერიკაში გატარებული დრო, დღევანდელობა და ცხოვრების სხვადასხვა ეტაპი, ფერების მიხედვით თუ დაგიყვიათ?

- ახლა რომ დავფიქრდი, ასე გამოდის, დიახ. ბავშვობის პერიოდი, (აკადემიაში ჩაბარებამდე) ჩემთვის მწვანეა. ეს ფერი შემოქმედებაშიც იმდენად ჭარბობდა, ვამბობდი, პალიტრაზე მწვანეს აღარ დავასხამ-მეთქი, მაგრამ გული მაინც იქით მიმიწევდა, მერე გადამიარა. ამერიკის პერიოდში შექმნილ ნამუშევრებს რომ გადავხედე, წითლისა და ყვითლის უზარმაზარი ენერგია წამოვიდა. ვფიქრობ, ამერიკის ნახევარი ემოციისგან არის დაცლილი და სულ რაღაცაში ეძებენ „ხელჩასაჭიდს“. ამ შემთხვევაში, ჩემს შემოქმედებაში ამ ფერების სიმრავლე შეიძლება ამანაც განაპირობა, რომ მძაფრ შეგრძნებებსა და ემოციებს ვეძებდი. ვგიჟდები ცისფერზე, ლურჯზე. პიკასოობის ამბიციები ნამდვილად არ მაქვს, მაგრამ ამ ეტაპზე ჩემი შემოქმედება ამ ტონალობისკენ „წავიდა“.

- მხატვარი რომ არა, ვინ იქნებოდით?

- ბავშვობაში ძალიან მინდოდა მებაღე ვყოფილიყავი, მომწონდა ყვავილების მოვლა, გახარება, დასუფთავება. მერე ფოსტალიონობაზე ვგიჟდებოდი, ყველა ოჯახში რომ შედიხარ, ესაუბრები და უცხო ადამიანი ახლობელი ხდება, მაგრამ ახლა ჩემს პროფესიაზე რომ ვფიქრობ, არ ვიცი, რა შეიძლებოდა სხვა მეკეთებინა. ბავშვობიდან ხატვის დიდი სურვილი მქონდა და შეიძლება ჩემს გადაწყვეტილებაზე გავლენა ქვეცნობიერად ბიძაჩემმა იქონია. ფაქტია, რასაც ვაკეთებ, მომწონს.

ანა კალანდაძე