"მადლობელიც კი ვარ, მხედველობა რომ დავკარგე..." - გზაპრესი

"მადლობელიც კი ვარ, მხედველობა რომ დავკარგე..."

ამბავი, რომელსაც ჩვენი რესპონდენტი ნიკა თხელიძე გვიამბობს, სხვა ქვეყანაში რომ მომხდარიყო, იქ, სადაც კინოინდუსტრია განვითარებულია, მასზე აუცილებლად ფილმს გადაიღებდნენ როგორც პიროვნებაზე, რომელმაც თავის თავზე, მძიმე ტრავმაზე გამარჯვება შეძლო და ცხოვრება გააგრძელა... ეს იქნებოდა მაგალითი, თუ როგორ უნდა შეინარჩუნო ოპტიმიზმი, იუმორი და მიუხედავად ყველაფრისა, წინ იარო, გქონდეს მიზანი და ცხოვრებას უთხრა, - ვიცი, რომ მცდი, მაგრამ არ დავეცემი.

90-იან წლებში, აფხაზეთში, გაგრაში დაწყებული ორმხრივი სროლისას, ზღვისპირა ქალაქში, ნათესავების გასამხნევებლად ჩასული 20 წლის ბიჭი აფეთქებაში მოჰყვა და ორივე თვალში მხედველობა დაკარგა. მძიმე პერიოდის გავლის შემდეგ კი გადაწყვიტა, არ დანებებულიყო და როგორც თავად ამბობს, "ცხოვრებას მისწოლოდა".

- ბავშვობაში ყოველ ზაფხულს გაგრაში ვატარებდი. იქ ბიძაჩემი და სხვა ნათესავებიც ცხოვრობდნენ. ამიტომაც, აფხაზეთის ხშირი სტუმარი ვიყავი... 90-იანი წლების პროცესები რომ დაიწყო, მაშინვე ჩავედი გაგრაში, ასე გამოვხატე ჩემი თანადგომა, სხვაგვარად არც შემეძლო.

- საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობამ მოგიწიათ?

- არა, არ მომიწია... ხალხი გაოცებული იყო - ამდენი წელი ერთად ვიცხოვრეთ, ამდენი რამ გამოვიარეთ, კარგსა და ცუდ საქმეში ერთმანეთის გვერდით ვიყავით და ასე როგორ გავიმეტეთ ერთმანეთიო? მაგრამ ამ ფონზე, დაპირისპირება, შეტაკებები გრძელდებოდა და მაინც ვერავინ იფიქრებდა, რომ ტრაგედია ასეთი მასშტაბური გახდებოდა, ამდენი ადამიანი დაიღუპებოდა, ომი ამდენ ხანს გაგრძელდებოდა. მე არ მყავდა აფხაზი მეგობრები, მაგრამ იქ მცხოვრებ ხალხს: ქართველებს, აფხაზებს, ბერძნებს, სომხებს ბავშვობა და ახალგაზრდობის წლები ერთად ჰქონდათ გატარებული. ჭირსა და ლხინს იყოფდნენ. სხვათა შორის, ომის დროსაც უამრავი შემთხვევა იყო, როცა ერთმანეთი დაიტირეს ან სიხარული გაიზიარეს, როცა ქართველმა აფხაზი გადაარჩინა და პირიქით.

ჩემი იქ ყოფნისას, მუდმივად დაძაბული სიტუაცია იყო, მაგრამ დევნილობაზე, იქაურობის დატოვებაზე, ამდენი ადამიანის უსახლკაროდ დარჩენაზე არავინ ფიქრობდა. ამიტომ დარჩა ბევრი აფხაზეთში ლამის ბოლო წუთამდე.

- რა ვითარებაში დაიჭერით?

- ქუჩაში მივდიოდი და უეცრად ჭურვი გასკდა. ჭრილობა იმდენად ძლიერი იყო, რომ გონება დავკარგე, ტვინის შერყევა მივიღე. როგორ გადავრჩი, დღემდე მიკვირს... გასახსენებლადაც ძალიან მიმძიმს. სასწრაფოდ თბილისში ჩამომიყვანეს. გზად გარკვეული სამედიცინო მანიპულაციები ჩამიტარეს, რისი საშუალებაც მანქანაში ჰქონდათ. მე ეს არ მახსოვს, გათიშული ვიყავი, მაგრამ ამბობენ, - ჯოჯოხეთური რამდენიმე საათი იყო, ლამის ხელში ჩაგვაკვდიო. ცალი თვალი იქვე ამომივარდა, მეორეში ჭურვის ნამსხვრევები მქონდა მოხვედრილი და ცოტა ხანს ვხედავდი, მერე საერთოდ დავკარგე მხედველობა.

- როგორ გააგრძელეთ ცხოვრება, იქ მიღებული ჭრილობა ომის მონაწილის სტატუსს გაძლევდათ?

- არა, მე არ ვარ ისეთი ადამიანი, რომელიც სიტუაციით ისარგებლებს; რაც არ მეკუთვნის კი არა, რაც მეკუთვნის, იმას არ ვიღებ... თან, რომ დავზარალდი, ეს არავისი ბრალი არ იყო. უბრალოდ, ქუჩაში მივდიოდი და ასე მოხდა...

დანარჩენი რა გითხრათ, ჩვეულებრივად გავაგრძელე ცხოვრება - უნდა მიაწვე და გაიტანო, სხვანაირად არ შეიძლება. ადვილი არაა, მაგრამ სხვა გამოსავალიც არ აქვს ადამიანს; თუ ასე არ მოიქცევი, მაშინ ის მოგაწვება და შეიძლება, გაგსრისოს.

- თქვენ როგორ "მიაწექით", ამაზე გვიამბეთ...

- თავიდან ვფიქრობდი, ასე რომ არ მომხდარიყო, იმ დროს იქ რომ არ ვყოფილიყავი, გადავრჩებოდი და ახლა ყველაფერი სხვაგვარად იქნებოდა-მეთქი... დეპრესია დამეწყო. მერე მეგონა, რომ გმირი ვიყავი, რადგან გადავრჩი და მუხლებზე არ დავეცი. იმ დროს სოციალური ფონიც მძიმე იყო - არ გვქონდა შუქი, წყალი, ტრანსპორტი. სიბნელესა და სიცივეს სამოქალაქო ომი, გაწევ-გამოწევაც ემატებოდა.

- ალბათ სამედიცინო პერსონალის ნაკლებობაც იყო, არა?

- დიახ და თან, მთავარი რამ, ფული გაქრა. ხალხი მოატყუეს, ეკონომიკა უკან-უკან მიდიოდა, დამოუკიდებელი საქართველო უმძიმესი მატერიალური პრობლემების წინაშე აღმოჩნდა. მაგრამ არასდროს მიწუწუნია, რადგან იმ უბედურ, ბნელ 90-იანებში კარგიც ბევრი იყო. მაგალითად, ადამიანური ურთიერთობები. ახლა ხომ ყველა თავისთვის არის ან სულაც, ადამიანის გამეტება ყველაფრისთვის შეუძლიათ, ასე არ იყო. ვიღაცები იარაღით დარბოდნენ და ერთმანეთს ესროდნენ, მაგრამ მაინც უფრო დიდი თანადგომა იგრძნობოდა.

ჩემი კლასელები და ბავშვობის მეგობრები სულ ერთად ვიყავით, დროსაც ერთად ვატარებდით, ერთმანეთის სიკეთესა და პრობლემებს ვიზიარებდით. იმ მძიმე წლებში ერთმანეთს სამაგალითო მხარდაჭერა ვაჩვენეთ და ეს ძალიან მაგარია. მას შემდეგ 30 წელი ან მეტიც გავიდა, მაგრამ მაშინდელი მეგობრები ახლაც ერთად ვართ, ჩვენთვის არაფერი შეცვლილა. გლობალიზაციამ ჩვენზე ვერ იმოქმედა.

- ბავშვობის მეგობრებიდან და კლასელებიდან ვინმე თუ იბრძოდა?

- დიახ, ერთს მოუწია. 90-იანი წლების ბოლო, ე.წ. გალის მოვლენები რომ იყო, იქ წავიდა. რამდენიმე თვე დარჩა... ერთმანეთის ამბავს ყველა განვიცდით. მეგობრები და მათი თანადგომა რომ არა, არ ვიცი, დღეს როგორ ვიქნებოდი. მეც და სხვებიც, ყველანი ერთმანეთისთვის ძვირფასი ვიყავით და დღემდე ასეა.

მას შემდეგ, რაც ცოტა გონს მოვეგე და გავაცნობიერე, რომ მხედველობა დავკარგე და ვეღარაფერს შევცვლიდი, უკვე იმაზე დავფიქრდი, რომ ცხოვრება ასე უნდა გამეგრძელებინა. მოსკოვში, მაშინ ალბათ მთელ ყოფილ საბჭოთა სივრცეში ერთ-ერთ წამყვან კლინიკაში მივედი - ბროლის გადანერგვა მჭირდებოდა, რაც მაშინ იქაც ძალიან მაღალი კლასის ოპერაციად ითვლებოდა. ახლა ისე განვითარდა მედიცინა, ეს მანიპულაცია 10-15 წუთში კეთდება, მაგრამ მაშინ მხოლოდ ერთგან კეთდებოდა, თვალის ქირურგი ფიოდოროვი იყო. თავისი კერძო თვითმფრინავი და გემი ემსახურებოდა, სამედიცინო ბრიგადასთან ერთად დადიოდა. მგონი, რუსეთში მან დანერგა ეს მიმართულება.

საქართველოში მაშინ არც დენი გვქონდა და არც გაზი, იქ კი მაღალი დონის სამედიცინო კლინიკაში აღმოვჩნდი - ახლა ასეთები აქაც ბლომად გვაქვს, მაშინ "ნოუ ჰაუ" იყო.

- დაგეხმარათ მხედველობის კუთხით?

- არა, ვეღარ დამეხმარებოდა. მეორე თვალში ნამსხვრევი მქონდა ჩარჩენილი, რომელიც მაშინვე ვერ ამოიღეს, შემდეგ ინფექცია გამოიწვია და ვეღარ გადაარჩინეს. ამას თავიდან მართლა ტრაგედიად მივიჩნევდი, შემდეგ გავაცნობიერე - ყველაფერი არ იყო დაკარგული.

aaaaa-1702203979.jpg

- ახლა თქვენი საქმე გაქვთ.

- დიახ, აბა, რატომ გითხარით, ამ ცხოვრებას უნდა მიაწვე-მეთქი?! როგორც შემიძლია, ისე ვაწვები. მხედველობა დავკარგე, მაგრამ აზროვნება და ხელები არ დამიკარგავს, მადლობა ღმერთს, შემრჩა და მეც ვმუშაობ მუხლჩაუხრელად. შრომა ყოველთვის ფასდება.

- ოჯახი გყავთ, ხომ?

- დიახ, ერთი ქალიშვილი მყავს. ტრავმის მერე, ნახევრად ხუმრობით რომ გითხრათ, ცოტა ტვინი გამეხსნა. ეს რომ არ დამმართოდა, არც ვიცი, ჩემს ცხოვრებას როგორ წარვმართავდი, რადგან სრულიად შესაძლებელი იყო, ცხოვრებას სხვაგვარად ავყოლოდი, ამიტომ ასე ვამბობ, - ამ ტრავმით მხედველობის მეტი არაფერი დამიკარგავს. ცხოვრება, მისი ხალისი და ჟინი შევინარჩუნე, ამიტომ, მადლობელიც კი ვარ, ასე რომ მომივიდა. ამის შემდეგ გავაცნობიერე, ვინ ვარ, რა ვარ და რა მინდოდა ამ ქვეყანაზე - ეს ბევრ რამეში დამეხმარა.

- მაინც, რაში?

- თუნდაც იმაში, რომ ამ გზით წავიდა ჩემი ცხოვრება. ისეთი წლები გამოვიარეთ, ისეთი ინერცია გვქონდა აღებული, შესაძლოა, მკვლელი ან ბოროტმოქმედი გავმხდარიყავი. ბავშვობაში სწავლა დიდად არ მიყვარდა, მაგრამ მას შემდეგ, რაც მხედველობა დავკარგე, იძულებული გავხდი, სხვა უნარების განვითარებაზე მეზრუნა. მაშინ დავფიქრდი, ვიზუალის გარდა, ცხოვრების სხვანაირად შეცნობა დავიწყე, რადგან მასში ბევრი საინტერესო რამ ხდება. ეს რომ არ დამმართოდა, გამომრჩებოდა. შესაძლოა, ჩემს გონებაში იყო კიდეც რაღაცების ნიჭი, მაგრამ მიძინებული. მონადირე ძაღლს სანამ დაგეშავენ, ბევრი რამის აზრზე არ არის, შემდეგ იმ უნარებს რომ განუვითარებენ, ნადირობის მეტი არაფერი აინტერესებს. ეს ხუმრობით, მაგრამ მე ცხოვრებამ დამგეშა და სამყარო ამომიტრიალა. მთავარია, ცოცხალი ვარ და დანარჩენს ყველაფერს მოევლება. ტრავმა რომ მივიღე, 20 წლის ვიყავი, მალე 50 წლის უნდა გავხდე. იმ საბედისწერო დღის შემდეგ 30 წელი გავიდა. ამ დროის განმავლობაში ცხოვრება მცდიდა და მგონი, ბოლოს თავადაც დარწმუნდა, რომ ზურგზე არასდროს დავეცემოდი.

- ძალიან ოპტიმისტი ხართ.

- პესიმიზმი ვერაფერს მოგვიტანს... მე მჯერა, რომ გაგრაში ისევ ჩავალთ, ჯერ არაფერია დაკარგული. მგონია, რომ რაღაცები ადამიანმა თავად უნდა შეცვალოს - უსინათლოთა საზოგადოების წევრი ვარ და ბევრი მათგანი სახლიდან არ გამოდის. არავისი ბრალი არ არის და ვერ დავიჯერებ, რომ ქართველი საზოგადოება მზად არ არის მათ მისაღებად. ვიდრე თქვენ დამირეკავდით, ქუჩაში ძაღლს ვასეირნებდი. ხშირად დავდივარ შეხვედრაზე და არასდროს მიგრძნია სხვაგვარი დამოკიდებულება. უსინათლო ადამიანმა თუ ორიენტაცია დაკარგა და უცხო ადგილას ვიღაცამ უთხრა, არასწორად მიდიხარ, ეს გზა სახლამდე ვერ მიგიყვანსო, კი არ უნდა ეწყინოს უსინათლოს, პირიქით, უნდა გაუხარდეს... არ მჯერა იმის, რომ თურმე უსინათლო ადამიანმა თავად უნდა გაიკვლიოს გზა, ჩარევა ბულინგად ითვლება - ჩემი მაგალითით ეს შეუძლებელია.

საქართველოში ჯერჯერობით ყველა ქალაქი, ქუჩა და უბანი ადაპტირებული ვერ იქნება. მე ზღაპარში ცხოვრების არ მჯერა... კარგია, თუ ასე იქნება, მაგრამ ამას კიდევ რამდენიმე წელი დასჭირდება. იმ შავბნელ 90-იანებში, როდესაც საკანალიზაციო ჭებს თავსახური არ ჰქონდა, სულ ქუჩაში დავდიოდი და შიგნით არასდროს ჩავვარდნილვარ. ვიცოდი, ჩემს უბანში სად რა ხდებოდა, ქვაფენილი სად იყო ამოვარდნილი და ვფრთხილობდი, მეხსიერება მქონდა და თვალით თუ არა, გონებით ვხედავდი. სადაც გავიზარდე, ის ადგილები სულ ზეპირად ვიცოდი, მაგრამ დროთა განმავლობაში ხომ ბევრი რამ იცვლება, ამიტომ რაიმე რომ არ გამომრჩენოდა, ღამე ვდგებოდი, გვიან ქუჩები ცარიელი იყო, გავდიოდი და ვამოწმებდი ყველაფერს.

- ეს საშიში არ იყო?

- არა, იმ წლებში არავინ მერჩოდა, მაგრამ სააკაშვილის ხელისუფლების დროს, ღამის 2 საათზე პატრულმა გამაჩერა, - ამ დროს, შავი სათვალით რატომ ხართ, ჯოხით ხელში სად მიდიხართო?.. კითხვები დამაყარეს, - ჯიბეში რა გიდევსო? არადა, ჩემთვის მივდიოდი, უსინათლოს ჯოხით, ძაღლს ვასეირნებდი. ვუთხარი, - ვერ ვხედავ-მეთქი. - როგორ თუ ვერ ხედავ? აბა, როგორ დადიხარ, სათვალე მოიხსენი და დაგვენახეთო... კიდევ ერთ შემთხვევაზე მოგიყვებით: 2006 წელს რუსეთმა გაზი რომ გადაგვიკეტა, ბავშვი პატარა მყავდა და ვიყინებოდით. შინ რა გამაჩერებდა, ე.წ. ხელის ბალონი ავიღე და დასატენად წავიღე, რიგები შუაღამემდე გრძელდებოდა. შინ რომ მოვდიოდი, მაშინაც პატრულმა გამაჩერა, - საიდან მოდიხარ, აბა, სათვალეები მოიხსენიო. არ მოვიხსენი, ვუთხარი, რომ უსინათლო ვიყავი და არ დამიჯერეს, გაზის ბალონით შუაღამე მოსიარულე უსინათლო არ გაგვიგიაო და მიჭერდნენ, მაგრამ გადავრჩი.

რას ვიზამთ, ასეთია ჩვენი ბედი - ფრთხილად უნდა ვიყოთ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ქუჩაში არ უნდა გახვიდე.

ლალი პაპასკირი