შამბა: "ქართულ-აფხაზური კონფლიქტი შვილებსა და შვილიშვილებს არ უნდა გადაეცეთ..."
ოკუპირებულ აფხაზეთში გავრცელებულ ცნობას საპროტესტო აქცია მოჰყვა, რომლის თანახმადაც, ბჟანიას "ხელისუფლება" აპირებს კერძო ინვესტორს მიჰყიდოს ე.წ. სახელმწიფო აგარაკი "ახალი ათონი". ადგილობრივი მედიის ცნობით, პროტესტის ნიშნად, ქალაქ ახალი ათონის მცხოვრებთა ჯგუფმა ღობე გაარღვია და აგარაკის ტერიტორიაზე შეიჭრა, თუმცა შემდეგ, საქმეში "მილიცია", "სპეცრაზმი" ჩაერია და პროტესტის მოთავეები დააკავეს.
აგარაკი "ახალი ათონი" აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის ადმინისტრაციაში არსებული სახელმწიფო აგარაკების სამმართველოს დაქვემდებარებაშია. ბჟანიას ადმინისტრაციამ აგარაკის ტერიტორიაზე შეჭრის გამომწვევ ცნობებს ჭორი უწოდა და განაცხადა, რომ "ახალი ათონის" გაყიდვა არ იგეგმება. თუმცა, ბჟანიასა და მისი გუნდის არ სჯერათ პროტესტის მონაწილეებს. მათი თქმით, ასე ხდებოდა ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკების გარშემოც. პრეზიდენტი და მისი გუნდი თვეების განმავლობაში ამბობდნენ, თითქოს აგარაკს არავითარი საფრთხე არ ემუქრებოდა, თუმცა, მალევე გაირკვა, რომ რუსულ პროექტს მხარს უჭერდნენ ადგილობრივი "დეპუტატებიც" და გაპროტესტებასაც აზრი არ ჰქონდა, რადგან შესაბამისი შეთანხმება 2022 წლის იანვარში მოსკოვში უკვე გაფორმებული იყო და არაფერი შეიცვლებოდა...
შემდეგი ნაბიჯი "მთავრობის სახლის" გარშემო დამცავი ჯებირების შემოვლება გახლდათ, საპროტესტო აქციის მონაწილეებს შიგნით შევარდნა რომ არ მოენდომებინათ.
ადგილობრივი მედიის ცნობით, ამჯერად "სამართალდამცველებმა სახელმწიფო აგარაკის დაცვა გააძლიერეს". შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდნენ აფხაზეთის ე.წ. შინაგან საქმეთა მინისტრი რობერტ კიუტი, დაცვის სამსახურის უფროსი დიმიტრი დბარი და ვიცე-პრეზიდენტი ბადრა გუმბა. აფხაზურმა ოპოზიციამ "მინისტრთა კაბინეტის" გადადგომა მოითხოვა, მაგრამ "ხელმძღვანელობამ" ჩათვალა, რომ აქციაზე არასაკმარისი რაოდენობის ხალხი იყო, რაც მათ საფრთხეს ვერ შეუქმნიდა და შეეძლოთ, თავიანთი ჩანაფიქრის შესრულება თამამად გაეგრძელებინათ.
ადგილობრივი აქტივისტების თქმით, კიდევ ერთი აგარაკის რუსეთისთვის გადაცემის გადასაფარად, ე.წ. ხელმძღვანელობამ რუსეთის ფედერაციისა და ბელარუსის საკავშირო სახელმწიფოს თემა შემოაგდო, რომელსაც მოსახლეობაში არაერთგვაროვანი პოზიცია მოჰყვა. ოპოზიცია პროტესტს არ წყვეტს. მათი თქმით, "აფხაზეთს არ სჭირდება საკავშირო სახელმწიფო რუსეთთან, მას სჭირდება აღიარება".
"სამხრეთ კავკასიის ქვეყნებს თანამშრომლობის კარგი პერსპექტივები აქვთ..."
გაზეთ "ჩეგემსკაია პრავდის" რედაქტორის, ინალ ხაშიგის თქმით - "შეუძლებელია აფხაზეთი შეუერთდეს რუსეთის ფედერაციისა და ბელარუსის საკავშირო სახელმწიფოს, რადგან მას ეს არ სჭირდება. თავის მხრივ, არც რუსეთსა და არც ბელარუსს არ სურთ საქართველოსთან ურთიერთობის გაფუჭება...
"ახალი სსრკ" შეუძლებელია, მაგრამ სამხრეთ კავკასიის ქვეყნებს თანამშრომლობის კარგი პერსპექტივები აქვთ და აფხაზეთი მათი ნაწილი უნდა გახდეს", - აღნიშნა ხაშიგმა.
მისი თანამოაზრეების აზრით, ამ ეტაპზე ამისთვის არც ბჟანიას გუნდია მზად, რაც თავადაც კარგად იციან, მაგრამ თემა ხელოვნურად შემოაგდეს, რათა "ახალი ათონის" აგარაკების რუსეთისთვის გადაცემის თემა გადაეფარათ.
"მანამდე იყო სოხუმის აეროპორტის მშენებლობა, რომლის ავტორსაც დიდი ხნის განმავლობაში არ ამხელდნენ, რადგან იცოდნენ, პუტინის ახლო გარემოცვის წევრს მოსახლეობა დადებითად ვერ მიიღებდა. ამიტომ ვითომ ტენდერის პასუხებს ელოდებოდნენ... ოლეგ დერიპასკა, რომელიც, როგორც ჩანს, ხელშეკრულების პროექტზე იმდენ ხანს მუშაობდა, ჩვენს ხელისუფლებასთან ერთად, როგორღაც შეძლო და ყველაფერი ისე შეფუთა, თითქოს ამ აეროპორტით აფხაზეთი იხეირებს. ბოლო წუთამდე გასაიდუმლოებული იყო ხელშეკრულება და ჩვენთვის, უბრალო მოკვდავებისთვის უამრავი დეტალი ახლაც მიუწვდომელია...
ასე მოხდა ბიჭვინთის აგარაკების გასხვისებისას, ასე ხდება "ახალი ათონის" აგარაკებთან დაკავშირებითაც. ჩვენ არავინ არაფერს გვეკითხება. ვინც ხმას ამოიღებს, მოსყიდულს, დასავლეთის მიერ მართულს ეძახიან. არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც მართლაც უამრავ საქმეს აკეთებენ განსაკუთრებით მათთვის, ვისაც სოციალური და ჯანმრთელობის პრობლემები აქვს, პირდაპირ ომი გამოუცხადეს - დასავლეთიდან ფინანსდებით და ანტისახელმწიფოებრივ საქმეს ემსახურებითო...
რამდენიმე დღის წინ, აფხაზეთში უცხო ქვეყნებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების პროექტების განხორციელების მარეგულირებელი ცვლილებები, ჩვენს ენაზე რომ ვთქვათ, პირდაპირი კონტროლის უფლება მიიღეს. შესაბამის ბრძანებას პრეზიდენტმა ბჟანიამ მოაწერა ხელი. ეს ნიშნავს, რომ უცხოურმა არასამთავრობო ან საერთაშორისო ორგანიზაციამ, რომელიც აფხაზეთში არაკომერციული ორგანიზაციების მოზიდვას გეგმავს, სხვადასხვა სახის, მათ შორის ფინანსური დოკუმენტაცია უნდა წარადგინოს, რათა უშიშროების სამსახურს "არაფერი გამოეპაროს", ანუ სრული კონტროლის უფლება აქვთ, ინტერპრეტაციები კი მათი მოგონილია - როგორც სურთ, ისე შეუძლიათ ყველა ორგანიზაციის საქმიანობა შეცვალონ, რათა მოსახლეობას საშიშად წარმოუდგინონ. მაგალითად, საქართველოსთან ერთად აპირებს ამა და ამ პროექტის განხორციელებას - ეს უკვე ნიშნავს, რომ საფრთხე არსებობს..." - ამბობს ადგილობრივი რუდიკ ავიძბა.
რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ნამუშევარი ინალ არძინბა, აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრად დანიშვნის შემდეგ, პირდაპირ ებრძვის მათ და პარალელურად, ხშირად საუბრობს არასამთავრობოების ფინანსურ გაუმჭვირვალობაზე და აფხაზეთში დასავლეთის ქვეყნების, ასევე, საქართველოს რბილ ძალაზე, რასაც მისი თქმით, არასამთავრობოები ცდილობენ.
რამდენიმე დღის წინ არძინბამ განაცხადა, რომ აფხაზეთი აუკრძალავს შესვლას იმ საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც აფხაზეთს ოკუპირებულ ტერიტორიად განიხილავენ: "მათთვის, ვისაც აფხაზურ-რუსული ურთიერთობების გაფუჭება სურს და ვინც აფხაზეთის რესპუბლიკას ოკუპირებულ ტერიტორიად განიხილავს, ჩვენი კარი უახლოეს დროში დაიხურება".
რამდენიმე დღის წინ, წითელი სიგნალი აუნთეს აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID), რომელიც ოკუპირებულ რეგიონში, ხუთწლიანი პროგრამის ფარგლებში, 10 მლნ აშშ დოლარს ხარჯავს.
აფხაზეთი რუსეთის სტრატეგიულ ინტერესშია, მაგრამ რუსეთის სტრატეგიული ინტერესები ვერ განხორციელდება ვაკუუმში
კიდევ ერთი აქტივისტის, ომარ კიუტის თქმით, ახლა დამალვისა და დათმობის დრო არ არის, აფხაზეთმა რეგიონში უნდა გააძლიეროს საერთაშორისო ორგანიზაციების ყოფნა, რათა შეძლოს მონაწილეობა საერთაშორისო ეკონომიკურ პროექტებში:
"სხვა თუ არაფერი, სომხეთის მაგალითით უნდა ვიმსჯელოთ. ყველამ ვნახეთ რაც ყარაბაღის შემთხვევაში მოხდა - სომხეთი "ოდეკაბეს" ხელშეკრულებიდან გავიდა და სწორადაც მოიქცა. რუსეთსა და ევროპას შორის ურთიერთობები აუცილებლად გაუმჯობესდება, ჩვენ კი შეიძლება უბრალოდ, ჰაერში დავრჩეთ. ამიტომ მნიშვნელოვანია, აფხაზეთმა ფრთხილად იმოქმედოს, გლობალურ თამაშებს არ შეეწიროს, ცალკე ობიექტი იყოს, არსებობდეს, რათა ჩვენი სათქმელი ვთქვათ..."
ადგილობრივ მედიასთან საუბარში ისტორიკოსი ასტამურ ტანია ამბობს, რომ ახალი სსრკ-ის მსგავსის შექმნა შეუძლებელია: "მე ვერ ვხედავ რაიმე პერსპექტივას სსრკ-ის მსგავსი გაერთიანებების შექმნისთვის. მე ვერ ვხედავ რაიმე საფუძველს - არც იდეოლოგიურ, არც ეკონომიკურ და არც პოლიტიკურს. პირიქით, ვხედავთ საპირისპირო პროცესებს პოსტსაბჭოთა სივრცეში, ახალ კონფლიქტებს. მაგალითად, ცენტრალურ აზიაში რთული პროცესები მიმდინარეობს სახელმწიფოებს შორის. ამიტომაც, აქ ფართომასშტაბიანი ინტეგრაციის პერსპექტივა არ დგას. თუმცა, შესაძლოა, სამხრეთ კავკასიაში განვითარდეს საკომუნიკაციო თანამშრომლობა. ცოტა ხნის წინ თბილისში სამხრეთ კავკასიის სამი ქვეყნის პრემიერ-მინისტრების შეხვედრა გაიმართა.
პრემიერ-მინისტრმა ღარიბაშვილმა შუა აზიიდან აზერბაიჯანისა და საქართველოს მხარეებს შორის "აბრეშუმის გზის" იდეა გააჟღერა. უფრო ადრე ამაზე შევარდნაძე საუბრობდა. აზერბაიჯანს, თურქეთსა და სომხეთს შორის ზანგეზურის დერეფნის გავლით თანამშრომლობის დამყარების პერსპექტივის გათვალისწინებით - ამ შემთხვევაში საქართველოს, როგორც საკომუნიკაციო კვანძის მნიშვნელობა შეიძლება შემცირდეს. აფხაზეთიც სამხრეთ კავკასიის ნაწილია. ჩვენ უნდა ვიფიქროთ საკუთარ როლზე ამ პროცესებში. რა ნაბიჯები უნდა გადავდგათ, რომ გავხდეთ ამ პროცესის მონაწილე? ეს პროცესი უკვე ჩვენ თვალწინ იწყება.
ამბობენ, რომ აფხაზეთი რუსეთის სტრატეგიულ ინტერესშია, მაგრამ რუსეთის სტრატეგიული ინტერესები ვერ განხორციელდება ვაკუუმში. ახლა ის ცდილობს ახლო აღმოსავლეთის პროცესებში ჩაერიოს. ეს არის სახელმწიფო, რომელიც ჩართულია საერთაშორისო პოლიტიკაში. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო ორი წლის განმავლობაში რუსეთის შესაძლებლობები საგრძნობლად შეიზღუდა, ის მაინც საერთაშორისო პოლიტიკაში აქტიური მოთამაშეა...", - ამბობს ტანია.
რამდენიმე დღის წინ, აფხაზეთის ე.წ. უშიშროების საბჭოს მდივნის, ყოფილი "საგარეო საქმეთა მინისტრის" სერგეი შამბასა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრის (დევნილობაში), ვახტანგ ყოლბაიას ონლაინსაუბარმა აფხაზეთის მოსახლეობის ნაწილში "საქართველოს ინტერესები და მისგან მომავალი საფრთხე კიდევ ერთხელ წარმოაჩინა". შთაბეჭდილება შეიქმნა, რომ ეს საუბარი ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრ ინალ არძინბას გვერდის ავლით დაიგეგმა, რადგან სწორედ მისი ფრთა ხმაურობს და ცდილობს "საქართველოდან მომავალი ფარული ინტერესები გამჭვირვალე გახადოს". მათი მხარდამჭერების თქმით, გაუგებარია, რას ემსახურებოდა ამ საუბრის დაგეგმვა მაინცდამაინც ახლა...
შამბას თქმით, "ქართულ-აფხაზური კონფლიქტი შვილებსა და შვილიშვილებს არ უნდა გადაეცეთ... აუცილებელია მშვიდობიანი თანაცხოვრების შესაძლებლობების მოძიება".
აფხაზი პოლიტიკოსის პოზიციას დაეთანხმა ვახტანგ ყოლბაია. მისი თქმით, ასეთივე განცხადებები ასლან ბჟანიას "პრეზიდენტობის" დასაწყისშიც ისმოდა.
"მესმის, საუბარი იყო ეკონომიკურ ურთიერთთანამშრომლობაზე, რომელიც შესაძლოა, კონკრეტულ საქმეში გადაზრდილიყო, მაგრამ როგორც იტყვიან, ჯერ ყველაფერი დაკარგული არ არის..." - დასძინა ყოლბაიამ.
ლალი პაპასკირი