ჟურნალისტის თვალით დანახული ქართული პოლიტიკური სპექტრი
"კარგია, როცა ადამიანებს შეუძლიათ პიროვნული წყენა დაივიწყონ იმ დროს, როდესაც საქმე ქვეყნის მომავალს ეხება", - გვითხრა ჟურნალისტმა ვახო სანაიამ, რომელიც დიდი ხანია აშუქებს საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებს.
- საუბარი აფხაზეთის თემით დავიწყოთ: ბევრ ადამიანს გაუჩინა იმედი სერგეი შამბას და ვახტანგ ყოლბაიას შორის გამართულმა დიალოგმა. როგორ ფიქრობთ, იქნებ მართლა ლღვება ყინული ქართველებსა და აფხაზებს შორის?
- ეს ჩემთვის ძალიან ახლობელი, მტკივნეული თემაა, მაგრამ მაინც ვცდილობ, ყველაფერი ცივი გონებით შევაფასო. დიალოგი კარგია, მაგრამ ამ შემთხვევაში სულ სხვა რამესთან გვაქვს საქმე: ჩნდება კითხვა - ვის ვესაუბრებით?! ჩვენ ხომ არ ვესაუბრებით დამოუკიდებელ ადამიანებს, რომლებიც დამოუკიდებელ პოლიტიკას ატარებენ? - რა თქმა უნდა, არა - ვესაუბრებით რუსეთის საოკუპაციო რეჟიმს და ვინ ესაუბრება? - საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენელი, რადგან ვახტანგ ყოლბაია სწორედ ამ ხელისუფლებას წარმოადგენს. ეს ძალიან სახიფათო მოვლენაა, რადგან მათი კომუნიკაცია დასავლელი პარტნიორების მხარდაჭერის გარეშე, ყველანაირი ფორმატის მიღმა შედგა. სოხუმის მარიონეტულმა რეჟიმმა წამოაყენა ინიციატივა, რომ გალის მოლაპარაკებების ფორმატი აღვადგინოთ, რომელიც წლების წინ არსებობდა, მერე კი გაუქმდა. ვფიქრობ, ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ, რადგან რუსეთი მარიონეტულ მთავრობებს ასეთი კომუნიკაციის უფლებას მხოლოდ მაშინ აძლევს, როცა ეს მის ინტერესებში შედის. მით უმეტეს, რომ რუსეთი, მის მიერ დაპყრობილ ტერიტორიაზე, ოჩამჩირეში აპირებს საზღვაო-სამხედრო ბაზის განლაგებას. არადა, რამდენიმე წლის წინ ივანიშვილმა ანაკლიის პორტის პროექტი ჩაშალა, რომელიც დასავლური და ქართული ინვესტიციებით უნდა აშენებულიყო, ახლა კი, საოკუპაციო ხაზთან მთელი ინფრასტრუქტურა შენდება! ამიტომ, ეს ონლაინდიალოგი მარიონეტული მთავრობის წარმომადგენელთან, კარგს არაფერს ნიშნავს.
- ყველაზე ცუდი ამ სიტუაციაში რა არის?
- ალბათ ის, რომ საქართველოს ხელისუფლება ყველა კითხვაზე ბუნდოვან პასუხს იძლევა. მოდის ძალიან მნიშვნელოვანი საპარლამენტო არჩევნები, რომელმაც საქართველოს საგარეო ორიენტაციის საკითხი უნდა გადაწყვიტოს. ცხადია, რუსეთის ხელისუფლებისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს მისი მოკავშირის ხელისუფლებაში დატოვებას და თუ ამ ყველაფერს საერთო კონტექსტში განვიხილავთ, შეიძლება ისეთი ხაფანგები დაგვიგონ, რაც ჩვენს ეროვნულ ინტერესებს სერიოზულად დააზიანებს. თუ ჩვენი ქვეყნის წინსვლა გვინდა, დასავლურ კურსს არ უნდა ვუღალატოთ და იმგვარი პოლიტიკა ვაწარმოოთ, რომელიც საქართველოს რუსეთზე მიბმას გამორიცხავს. ჩვენი სამშობლოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა მე მხოლოდ მშვიდობიანი გზით და დასავლეთის მხარდაჭერით წარმომიდგენია. რას მოგვიტანს რუსეთის ჩარევა, რომელსაც საქართველოს, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფოს ჩაყლაპვა სურს და ოკუპირებულ ტერიტორიებს ყოველთვის ჩვენს საწინააღმდეგოდ იყენებდა? რუსეთს ყველაზე მეტად არ მოსწონს, რომ საქართველო დასავლეთისკენ მიისწრაფვის. ამ სიტუაციაში, ერთადერთი პრაგმატული გზა გვრჩება - დასავლელი პარტნიორების მხარდაჭერით გავძლიერდეთ, წინააღმდეგ შემთხვევაში, ოკუპანტის წინაშე პირისპირ აღმოვჩნდებით და წინააღმდეგობასაც ვერ გავუწევთ.
- სალომე ზურაბიშვილის გააქტიურებამ ევროპული კურსის მომხრეთა შორის გამოცოცხლება გამოიწვია. გჯერათ, რომ პრეზიდენტი ამ კურსს ბოლომდე გაიტანს?
- სალომე ზურაბიშვილზე საუბრისას, როგორც ყოველთვის, მე ფაქტებს ვეყრდნობი. ადრე მისი ბევრი ნაბიჯი და გამონათქვამი გამიკრიტიკებია, რადგან ზოგიერთ მათგანს ახსნა არა აქვს. მაგალითად, ვაკრიტიკებდი მისი განცხადების გამო, რომელიც 2008 წლის ომს შეეხებოდა. ჩემთვის მიუღებელი იყო გადაწყვეტილებები, რომელიც მოქმედმა პრეზიდენტმა მიიღო ეროვნული ბანკის ან სასამართლოს მიმართ. მისი ზოგიერთი გადაწყვეტილება კრიტიკას ვერ უძლებს, მაგრამ ჩვენ თვალწინ სხვა ფაქტებიც მოხდა - თუნდაც, პროცედურა, რომელიც მის გადაყენებას ითვალისწინებდა... სალომე ზურაბიშვილმა ხმამაღლა თქვა, რომ ყველანაირი ურთიერთობა გაწყვიტა ბიძინა ივანიშვილთან, რომ ივანიშვილი ერთადერთი ოლიგარქია, რომელიც ხელს უშლის საქართველოს ევროპულ ორიენტაციას. მან დაგვიანებით, მაგრამ მაინც შეიწყალა ნიკა გვარამია, თუმცა, ეს მისი პატიმრობის მეორე დღესვე უნდა გაეკეთებინა... მის მიმართ ბევრი პრეტენზია არსებობდა და არსებობს, მაგრამ ბოლო ხანებში სალომე ზურაბიშვილმა ყველაფერს თავისი სახელი დაარქვა და ეს კარგია. მან მოახერხა და პოლიტიკოსთა გარკვეული ნაწილი, რომელსაც მის მიმართ პრეტენზიები ჰქონდა, საერთო ჩარჩოში მოაქცია, მაგრამ გადამწყვეტი როლი ევროინტეგრაციის გზაზე მაინც ქართველმა ხალხმა შეასრულა.
- მარტის დღეებს გულისხმობთ?
- დიახ, სწორედ მარტის დღეებს, როცა ჩვენმა საზოგადოებამ საქართველოს ხელისუფლებას უკან გააწვევინა კანონი, რომელიც წერტილს დაუსვამდა საქართველოს ევროპულ მომავალს. როდესაც მთელი ევროკავშირი გვაფრთხილებდა, რომ ეს რუსული კანონი იყო და თუ მას მივიღებდით, ევროკავშირში ვეღარ მიგვიღებდნენ... კიდევ კარგი, მაშინ მმართველმა ძალამ იგრძნო, რომ სხვა არჩევანი აღარ ჰქონდა, რომ ხელისუფლებას კარგავდა და ქუჩაში გამოსული ხალხის ხმას მოუსმინა. ახლა უკვე იციან, რომ ევროინტეგრაციის გზიდან თუ გადაუხვევენ, საზოგადოება ცხვირში მოარტყამს. ცუდი ისაა, რომ "ქართული ოცნება" და ივანიშვილი თავის ბუნებას არ შეიცვლიან, რადგან ეს რუსული ძალაა. "ოცნების" მთავრობის ყველა ნაბიჯი, საბოლოო ჯამში, საქართველოს დასავლური კურსიდან მოწყვეტას და რუსულ ორბიტაზე გადასვლას ემსახურება.
- ალბათ, ამ ფონზე შეძლო სალომე ზურაბიშვილმა ჩვენი საზოგადოების დიდი ნაწილის გულის მოგება...
- დიახ, რადგან სალომე ზურაბიშვილის ბოლოდროინდელი განცხადებები სასარგებლოა საქართველოს ევროპული მომავლისთვის. მომავალში როგორ მოიქცევა, არ ვიცი, მაგრამ ვიდრე ის ჩვენი ევროინტეგრაციისთვის სასარგებლო განცხადებებს აკეთებს, მასთან პრეტენზიები ვეღარ გვექნება. ჩვენმა საზოგადოებამაც დაინახა, რომ ეს სივრცე გაჩნდა, რომ პრეზიდენტმა სწორად დაინახა მიმდინარე პროცესები და მის ინიციატივებს მხარი დაუჭირა. ზოგჯერ ვფიქრობ, ეს საზოგადოება არა იმდენად სალომე ზურაბიშვილს უჭერს მხარს, არამედ იმას, რასაც პრეზიდენტი ამბობს და ეს მნიშვნელოვანი დეტალია...
- როგორ აფასებთ ორბელიანების სასახლეში გამართულ შეხვედრებს ქართველ საზოგადოებასთან?
- ეს მართლა კარგი, უშუალო შეხვედრებია, მაგრამ ჩემი აზრით, ადამიანებს, რომლებიც ამ შეხვედრებზე მიდიან, უნდა შეეძლოთ მათთვის საინტერესო საკითხებზე ისაუბრონ და კრიტიკული შეკითხვებიც დასვან. რასაკვირველია, ისინი მხოლოდ სალომე ზურაბიშვილთან კი არ მიდიან, უპირველესად, ევროპული კურსის მხარდასაჭერად. აბა, გაეკეთებინა ზურაბიშვილს პრორუსული განცხადებები - ორბელიანების სასახლეში არავინ მივიდოდა.
- ბოლო ხანებში, მთავრობის მომხრეებისგან ხშირად ისმის ბრალდება, რომ ვინც ამ შეხვედრებზე მიდის, ყველა "ნაცია". რატომ ხედავენ ნებისმიერ ადამიანში "ნაციონალს"?
- იმიტომ, რომ საქართველოს ხელისუფლება უკვე მეთორმეტე წელია ამ მეთოდს იყენებს - მარტივ არჩევანს სთავაზობს საზოგადოებას: ან მე უნდა ვიყო, ან "ნაციონალური მოძრაობა"... მმართველი ძალისთვის ყველა ფარული "ნაცი" ან "ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერია, ან - "გლობალური ომის პარტიის" წევრი. ეს მაშინ, როცა ყველა კვლევა აჩვენებს, რომ ჩვენი საზოგადოების დიდ ნაწილს არც "ქართული ოცნება" მოსწონს და არც "ნაციონალური მოძრაობა". ის რაღაც ახალს ეძებს, ამიტომ, ალტერნატიული ცენტრების გაჩენა ამ ხელისუფლებისთვის ნამდვილი კოშმარია - ასე ხომ მთელი პროპაგანდა ინგრევა?! საქართველოში ამდენი განსხვავებული პარტიაა, რომელიც დასანახავად ვერ იტანს "ნაციონალურ მოძრაობას", მაგრამ "ქართული ოცნება" ცდილობს, ყველა "ნაციონალად" მონათლოს. ახლა უკვე სალომე ზურაბიშვილსაც "ნაციონალს" ეძახიან, რადგან თუ ქვეყანაში ალტერნატიული ცენტრი გაჩნდება, "ოცნება" მწარედ დამარცხდება. "ქართული ოცნება" ცდილობს, არ გაიმარჯვოს კოალიციური მთავრობის იდეამ, რადგან ეს მის დამარცხებას ნიშნავს. ამავდროულად, კოალიციური მთავრობა უზრუნველყოფს, რომ "ნაციონალური მოძრაობა" ხელისუფლებაში ვეღარ მობრუნდება, მით უმეტეს, ერთპარტიულად. თუ "ქართული ოცნება" არჩევნების გზით შეიცვლება, სხვა პარტიებისთვის ყველას ანგარიშის გაწევა მოუწევს. კოალიციური მთავრობა მნიშვნელოვანია, რათა სხვადასხვა პოლიტიკურმა ძალამ ერთმანეთი დააბალანსოს. მთავარია, არჩევნების სამართლიანად ჩატარებისთვის გარანტიები შევქმნათ და საზოგადოება თავად აირჩევს, ვინც მოსწონს. იმედი მაქვს, რომ ოპოზიცია გონს მოეგება, დალაგდება და სერიოზულად იმუშავებს, რათა ეს ხელისუფლება არჩევნების გზით შეცვალოს.
- დაბოლოს, 15 დეკემბრამდე ცოტა დრო დარჩა. შეძლებს ეს ხელისუფლება, რომ კანდიდატის სტატუსი ჩვენი ქვეყნის სასიკეთოდ გამოიყენოს?
- ორი ფაქტორია, რის გამოც, იმედი მაქვს, რომ სტატუსს მივიღებთ; პირველი - ეს არის ქართველი საზოგადოების ხანგრძლივი ბრძოლა. თუკი საზოგადოებას რაღაც არ სურს, არაფერი შეიცვლება. საქართველოში კი კვლევების მიხედვით, 90%-ს ევროკავშირი უნდა. ამ საზოგადოებამ იბრძოლა, რომ მარტში ევროპული არჩევანი დაეცვა... მეორე ფაქტორი გეოპოლიტიკური მდგომარეობაა, რომლის გამოც, ევროკავშირი გვეუბნება, რომ ხელს არ გაგვიშვებს, რომ ის ჩვენ გვერდითაა, რომ რუსეთი სამხრეთ კავკასიაში უნდა დამარცხდეს... ეს ჩვენი ხალხის დამსახურებაა, თორემ არც ერთი პირობა, რომელიც უნდა შეგვესრულებინა, "ოცნებამ" არ შეასრულა. ახლა კანდიდატის სტატუსს ველოდებით და "ქართულ ოცნებას" სხვა რაღა დარჩენია? - ეცდება, რომ ეს მიღწევა საკუთარ თავზე მოირგოს და თვითონ მიიწეროს. მას ხშირად უწევს ლავირება ძალაუფლების შესანარჩუნებლად, მაგრამ ჩვენი ხალხი სულელი არ არის - ყველაფერი დღესავით ნათელია.
ხათუნა ჩიგოგიძე