"თეატრი და თამაში სულიერი საზრდოა ჩვენთვის" - გზაპრესი

"თეატრი და თამაში სულიერი საზრდოა ჩვენთვის"

რეჟისორი გიორგი გამყრელიძე, რომელმაც მშობლიურ ონში „პატარა თეატრი“ დააარსა, ჩვენი ჟურნალის მკითხველებმა უკვე გაიცნეს. თავის კუთხესა და პროფესიაზე შეყვარებულმა რეჟისორმა რაჭველებს ყოველდღიურობა გაუხალისა - გეოლოგების შენობის მეორე სართულზე პატარა სცენა და პარტერი მოაწყო, სხვადასხვა პროფესიის ადამიანებისგან, ადგილობრივი მცხოვრებლებისგან დასი ჩამოაყალიბა და მაყურებელს რამდენიმე საინტერესო სპექტაკლი უკვე შესთავაზა. ოქტომბრის დასაწყისში 2 პრემიერა უკვე ჰქონდათ, შემდეგ იყო მზადება სამი საპრემიერო ჩვენებისთვის, საახალწლოდ კი ბავშვებს სპექტაკლს შესთავაზებენ. ამ შემოქმედებით პროცესებში რაჭველები აქტიურად და რაც მთავარია, სიყვარულით, მონდომებით არიან ჩართულნი. ერთ-ერთი მათგანია 77 წლის ქალბატონი მაყვალა ჩალაძე, რომელსაც არაერთი განსაცდელის მიუხედავად, თავისი მშობლიური ქალაქის მიტოვება არასდროს გაუვლია გულში. ძველი ამბების გახსენებისას ცრემლები ვერ შეიკავა და ატირდა. ის, რაც რაჭაში ბოლო ათეული წლების განმავლობაში ხდება, მისთვის ძალიან მტკივნეულია. საუბარიც ასეთ ნოსტალგიური განწყობით დაიწყო.

- გაზაფხულის ერთ წვიმიან დღეს მე და ჩემი ბავშვობის მეგობარი ქუჩაში მივდიოდით. ცუდ ხასიათზე ვიყავით, ვიხსენებდით ბავშვობას და ვამბობდით, როგორი კარგი წლები მოვიტოვეთ უკან. თითქოს ბევრი არაფერი, მაგრამ მაინც ყველაფერი გვქონდა მაშინ, რაც ადამიანის ბედნიერებისთვის საკმარისი იყო და რაც მთავარია, ხვალინდელი დღის იმედი გვქონდა. ჩემმა მეგობარმა მითხრა, - ეჰ, მაყვალა, რომ არა ეს მოგონებები, როგორი იქნებოდა ჩვენი სიცოცხლე და ყოველდღიურობაო? თურმე უკან მოგვყვებოდა ჩვენი საერთო მეგობრის შვილი, ეკა და ჩვენს საუბარს უგდებდა ყურს. გზაგასაყართან რომ მივედით, საიდანაც მე სახლში ვაპირებდი წასვლას, ჩემი მეგობარი კი მაღაზიაში, ვინატრე, ყველაფერს მოკლებულები რომ ვართ ონელები, ნეტავ, ახლა გიორგი ჩამოვიდოდეს ჩვენთან, ისევ დადგამდეს სპექტაკლს და ბუჩქის როლზეც კი თანახმა ვიქნებოდი-მეთქი. ამის გაგონებაზე ჩემმა მეგობარმა სიცილი დაიწყო. ეკას რომ მოუსმენია ჩვენი საუბარი, პატარა ჩანაწერი გამოუქვეყნებია სოცქსელში. მეორე დღეს ჩემმა შვილმა წამიკითხა ეკას სტატუსი.

ადრე 2 სპექტაკლში ვითამაშე გიორგისთან, მერე გარკვეული მიზეზების გამო, ვეღარ მოახერხა სპექტაკლების დადგმა. აღდგომას რაჭაში რომ ჩამოვიდა, ერთ საღამოს გვესტუმრა. ბევრი ვისაუბრეთ. ვთხოვე, იქნებ ჩამოხვიდე და კიდევ დავდგათ რამე, რომ მეც ვითამაშო-მეთქი. სპონსორი ჩვენ არ გვყავს, ფული ჩვენ არ გვაქვს და როგორო? სახლში დაბრუნებულმა შვილს ვუთხარი, - რაც არ უნდა იყოს, გიორგის სპონსორი უნდა მოვუძებნო-მეთქი. რა ვქნა, ძალიან მიყვარს და დიდ პატივს ვცემ ნიჭიერ ადამიანებს. გიორგიც ამიტომ მიყვარს და გადავწყვიტე, ონელებისთვის ამ მართლაც კარგ საქმეში მეც მეცადა რამე.

- ვიცი, რომ მამუკა ხაზარაძე დაეხმარა „ონის პატარა თეატრს“, ასეა, ხომ?

- ჩვენი მეზობელი, ჩვენს ხელში გაზრდილი გოგო ახლოს იცნობს მამუკა ხაზარაძეს. გადავწყვიტე მისთვის დამერეკა და დახმარება მეთხოვა. 5 წუთში დამირეკა, - თანახმააო. ძალიან გამიხარდა, ამისთვის მისი უზომოდ მადლიერები ვართ. გვიქირავა გეოლოგების ძველი შენობა, რომელშიც მხოლოდ 40 კაცი ეტევა, მაგრამ საკმარისია. ოქტომბრის თვეში გიორგიმ 2 სპექტაკლი ერთდროულად დადგა, მონაწილეები ადგილობრივები ვიყავით. წარმოიდგინეთ, როგორი გახარებული ვიქნებოდი, 77 წლის ასაკში რეპეტიციები რომ მქონდა და სცენაზე ვიდექი. თეატრი და თამაში სულიერი საზრდოა ჩვენთვის, ასეთი მიყრუებული და დაცლილი ქალაქის მცხოვრებლებისთვის. ადრე გადაჭედილი იყო აქაურობა, უდიდესი ტრადიციების მქონე იყო ჩვენი ონი. ბოდიშს გიხდით, რომ ამ ყველაფრის გახსენებაზე ახლაც მეტირება.…

403604156-168814879649288-1282038950112252124-n-copy-1702204581.jpg

- მესმის. თქვენი საუბრიდანაც მიხვდება ადამიანი, როგორ გიყვართ თქვენი კუთხე, ქალაქი და როგორ გულშემატკივრობთ ახალგაზრდებს.

- ყოველ დილას ვლოცულობ, რომ ისევ აჟრიამულდეს ჩვენი ქალაქი. ადრე ყვაოდა ყველაფერი: სპორტი, ხელოვნება, მაგრამ ამ უკუღმართმა წუთისოფელმა ყველაფერი წაიღო. ავადსახსენებელი კომუნისტებიო, კი ვამბობთ ხოლმე, მაგრამ დიდ სიყვარულსა და ერთმანეთის ფერებაში ვიზრდებოდით. გიზო ჯაფარიძე იყო ჩვენი თეატრის რეჟისორი და სპექტაკლებით გვანებივრებდა. ახლა კი მე და ჩემი თანატოლები ერთმანეთს ვეფერებით და ვიხსენებთ ძველ დროს, ამითღა ვცოცხლობთ.

- ახლა თქვენ შესახებ მითხარით რამე - პროფესიით ვინ ხართ ან აქამდე თუ გქონდათ რამე შეხება თეატრთან?

- ონში დავიბადე და გავიზარდე, აქ დავბერდი და იმ ქვეყნადაც აქედან უნდა წავიდე, ვალმოხდილი. ბევრჯერ მქონდა აქედან წასვლის შესაძლებლობა, მაგრამ არასდროს დამიტოვებია. პირველად რომ მოხდა მიწისძვრა, 1991 წელს, ისე გაგვიჭირდა, პურის ფქვილიც არ გვქონდა. პირველად მაშინ მყავდა სახლში გერმანელი სტუმრები, იქიდან მოყოლებული საოჯახო სასტუმრო მაქვს. მეუღლე გარდამეცვალა, ახლა მხოლოდ მე და ჩემი ქალიშვილი ვცხოვრობთ აქ. სულ ვსაქმიანობ. დილით რომ ავდგები, როგორ განწყობაზეც ვარ, ისეთ სიმღერას ვმღერი ხოლმე.

- მსახიობობა იყო თქვენი ოცნება?

- არა, მინდოდა მხატვარი გამოსულიყავი. ვაბარებდი კიდეც სამხატვრო აკადემიაში. სტუდიაშიც ვსწავლობდი ერთი წელი, მაგრამ გავთხოვდი, სამხატვროს კი დაუსწრებელი სწავლება არ ჰქონდა და დავრჩი ასე. რადგან მუსიკალური შვიდწლედი მქონდა დამთავრებული, წლების განმავლობაში მუსიკის მასწავლებლად ვიმუშავე. დღესაც მიყვარს მუსიკა, კლასიკური იქნება, საესტრადო თუ ხალხური.

საერთოდ, ხელოვნების ყველა დარგი მომწონს. 1947 წელს რომ დავიბადე, ონში თეატრის აშენება მაშინ დაუსრულებიათ. ასე რომ, ჩემი ბავშვობიდან მახსოვს ეს შენობა. პატარაობიდან აქტიური ვიყავი. მიყვარდა ცეკვა, სიმღერა. მე-11 კლასში გახლდით, როდესაც შალვა ჯაფარიძემ, უნიჭიერესმა ადამიანმა და ლოტბარმა სკოლაში დრამწრე ჩამოაყალიბა და ჩვენს კლასში დადგა გოგებაშვილის „იავნანამ რა ჰქმნა“. დედის, მაგდანას როლი შევასრულე და იმდენად ემოციური იყო ეს ყველაფერი ჩემთვის, რომ დღემდე მახსოვს.

შემდეგ გავთხოვდი, შვილი მეყოლა და ჩამოვშორდი ამ ყველაფერს, თუმცა ერთი ღონისძიებაც არ ჩატარებულა თეატრში ისე, მე რომ არ დავსწრებოდი. სულ მინდოდა, რა ასაკშიც უნდა ვყოფილიყავი, ისევ დავმდგარიყავი სცენაზე და ასეც მოხდა.

გიორგიმ დადგა რამდენიმე არაჩვეულებრივი სპექტაკლი: „იდიოტების ადგილი ჩვენთან არ არის“, „იქ, მთებში სინაგოგაა“, ვაჟა-ფშაველას „მოკვეთილი“, რომელიც თბილისში, მოზარდ მაყურებელთა თეატრშიც ვაჩვენეთ და დიდი მოწონება ხვდა წილად. ასევე, „ჯამინოს სახლი“. ოდესმე თუ ნახავთ, დარწმუნებული ვარ, ძალიან მოგეწონებათ, პოლონელი დრამატურგის სპექტაკლი „ემიგრანტები“, რომელიც დღესაც ძალიან აქტუალურია. ახლა საახალწლო სპექტაკლისთვის გავდივართ რეპეტიციებს.

392946325-10229501636182095-3491678622513106459-n-1702204570.jpg

- ადგილობრივებს მოსწონთ „ონის პატარა თეატრსა“ და ქალაქში დატრიალებული ამბები?

- ძალიან მოსწონთ, განსაკუთრებით, ვისაც ხელოვნება უყვარს და მის არსს სწვდება. გვეკითხებიან, კიდევ როდის იქნება ახალი სპექტაკლიო? როგორ მინდა, ისევ ახმაურდეს ეს ქალაქი, გაივსოს ახალგაზრდებითა და ბავშვებით. ვნატრობ, გიორგი აქედან არ წავიდეს და აქაურებს არ მოგვაკლოს სპექტაკლების ყურებით განცდილი სიამოვნება და სიხარული. არადა, ახალგაზრდაა, მეტი გასაქანი და ადამიანური ანაზღაურება სჭირდება. როდემდე გაჩერდება აქ?

გარდა ამისა, გიორგი ნოემბრიდან, ყოველ საღამოს ეპატიჟება ახალგაზრდებს, პარტერში აანთონ ღუმელი, შემოდგან ჩაიდანი და ერთად უყურონ ფილმებს, გარკვეული დღეები დაუთმონ პიესების კითხვას, ისაუბრონ დრამატურგებზე და კიდევ ბევრ საინტერესო, აქტუალურ საკითხზე.

მინდა ჩემი ქვეყნის ახალგაზრდებს გათენება უხაროდეთ და იღიმოდნენ. როგორც გითხარით, ძალიან დიდი გულშემატკივარი ვარ ნიჭიერი ახალგაზრდების. ღმერთს შევთხოვ, ამრავლოს ჩვენს ქვეყანაში გიორგისთანა ადამიანები და სიძულვილით არ წამიყვანოს ამ ქვეყნიდან. დღეს ხომ ყველაზე მეტად სიყვარული გვაკლია ქართველებს. ადამიანმა მოთმინება და მომავლის იმედი არ უნდა დაკარგოს, არ უნდა დაეცეს სულით, ყოველდღე უნდა ილოცოს თავისი ქვეყნისთვის, ოჯახისთვის და ყველაფერი კარგად იქნება.

ნინო ჯავახიშვილი