ქართველი მწვრთნელი, რომელიც 18 წელი ბრაზილიის ქალთა და მამაკაცთა ნაკრებს წვრთნიდა - გზაპრესი

ქართველი მწვრთნელი, რომელიც 18 წელი ბრაზილიის ქალთა და მამაკაცთა ნაკრებს წვრთნიდა

ფეხბურთი მისი ცხოვრების განმსაზღვრელად იქცა. სპორტის ამ სახეობას ბავშვობიდან მიუძღვნა თავი... გოჩა ალადაშვილს საბჭოთა წლებში შესაძლებლობა მიეცა, როგორც საქართველოს, ასევე მსოფლიოს ლეგენდები გაეცნო, მათთან ემეგობრა, შემდეგ კი მიღებული გამოცდილება სამშობლოში გამოეყენებინა...

- 1975 წლიდან ფეხბურთში ვარ. 12 წლის ვიყავი, თამაში რომ დავიწყე, "ნორჩი დინამოს საფეხბურთო სკოლა" დავამთავრე, ჩემი პირველი მწვრთნელი გრიგოლ გაგუა იყო, შემდეგ კი, იმ წლებში შექმნილ სპეცკლასში გავაგრძელე სწავლა. ჩემთან ერთად სწავლობდა გოჩა ტყებუჩავა და სხვა არაერთი წარმატებული ფეხბურთელი. მე-10 კლასში ვიყავი, როდესაც ნოდარ ახალკაცმა თბილისის "დინამოს" დუბლებში მიმიწვია. 1979-80 წლებში გუნდის მეკარე ვიყავი.

ასევე, ვმონაწილეობდი ყველა საკავშირო ჩემპიონატში. 1979 წელს ვყავი პოლონეთში, მომდევნო წელს იუგოსლავიაში, ჩემს თანატოლ და მეგობარ ფეხბურთელებთან ერთად და მათ შორის იყვნენ: გრიგოლ ცაავა, მიხეილ მესხი, რაფაელ ჩაჩუა, ვაჟა ჟვანია...

80-იანი წლების ბოლოს, ახალკაცმა რამდენიმე ფეხბურთელი თბილისის "ლოკომოტივში" გაგვიშვა, რომელიც მაშინ ახალი შექმნილი იყო. შემდეგი რამდენიმე წელი იქ გავატარე... ძალიან კარგი გუნდი გვყავდა, მაგრამ მერე დაიშალა, მე კი სწავლა ფიზკულტურის ინსტიტუტში გავაგრძელე, სადაც იმდენად კარგი გუნდი შეიკრიბა, რომ საქართველოს ჩემპიონებიც კი გავხდით.

- ქართული ფეხბურთის ლეგენდებთან გქონდათ ურთიერთობა...

- დიახ, არაერთთან. მანუჩარ მაჩაიძე ჩემი მწვრთნელი იყო. ნოდარ ახალკაცი კი კვირაში ორჯერ, ახალგაზრდა ბიჭებსა და ძირითად შემადგენლობას გვათამაშებდა. ის წლები ბევრს ნიშნავს ჩემთვის. ასე იმიტომ იქცეოდა, რომ ახალგაზრდა, 16-17 წლის ფეხბურთელს ეგრძნო, ვის გვერდით ვვარჯიშობდა და თავი მართლაც სიზმარში გვეგონა...

70-იანი წლების მიწურულს, როდესაც ამგვარი ვარჯიშები გვქონდა, მე და ბიჭები ერთმანეთს ვეუბნებოდით, - ყიფიანის დარტყმული ბურთი ავიღე ან გუცაევის ჩაწოდებული პასი ჩავჭერიო; გრიშა ცაავა იტყოდა, - შოთა ხინჩიგაშვილი მოვატყუე, ბოდიში უნდა მოვუხადო, ხომ არ ეწყინებოდაო?.. თან ძალიან მორიდებული ვიყავით, მაგრამ თამაშის ჟინი გვქონდა...

შემდეგ სავალდებულო სამხედრო სამსახურმა მომიწია და უკრაინაში გამიშვეს. იქაც ვთამაშობდი და ეს მსახურებად მეთვლებოდა.

- ამბობენ, რომ საბჭოთა წლებში ქართველი ფეხბურთელები გამორჩეული მოთამაშეები იყვნენ.

- უკრაინის ჩემპიონატში ვთამაშობდით. სამხედრო, საფეხბურთო გუნდი აღარ იყო და სამოქალაქო ნაკრები ყალიბდებოდა. ხელფასსაც მიხდიდნენ - 300 მანეთს, რომელიც მაშინ დიდი ფული გახლდათ. ივანო-ფრანკოვსკის ოლქში ვმსახურობდი და იმ პერიოდისთვის ასეთი პირობები ნამდვილ ფუფუნებად ითვლებოდა. შემდეგ დამხმარე მწვრთნელი გავხდი და რამდენიმე მწვრთნელთან მომიხდა მუშაობა, მათ შორის, ოთარ გაბელიასთან.

1983 წელს, ნოდარ ახალკაცმა მოსკოვში გამგზავნა. იმ დროისთვის უკვე დოქტორანტურაში ვსწავლობდი, რაც ჩემზე მეტად უხაროდა, მამხნევებდა... არაერთხელ უთქვამს, - როდესაც სწავლას დაამთავრებ, ფედერაციაში უნდა მოხვიდეო. ისე ნაადრევად რომ არ გარდაცვლილიყო, ქართული ფეხბურთისთვის უამრავი კარგი საქმის გაკეთებას მოასწრებდა.

დოქტორანტურაზე სწავლისას, ბრაზილიელებთან - ედსონ ალვარესა და ანტონიო კარლოს გომესთან ძალიან ახლო, მეგობრული ურთიერთობა მქონდა. მათ ბრაზილიაში მიმიწვიეს და საფეხბურთო-სამწვრთნელო კარიერა იქ გავაგრძელე... მაშინ 90-იანი წლებში საქართველოში საკმაოდ მძიმე სიტუაცია იყო...

ექვსი თვე უნივერსიტეტში ენის შემსწავლელ კურსებზე ვიარე, შემდეგ კი, სან-პაულუში, გასაუბრებაზე გამომიძახეს.

gocha2-copy-1702805010.jpg

- რასთან დაკავშირებით?

- ცხოვრების უფლება რომ მოგცენ, მათი ენა უნდა იცოდე. იმის გასარკვევად დამიძახეს, ნამდვილად ვიყავი თუ არა ის სპეციალისტი, რომელიც მათ ქვეყანას სჭირდებოდა. ასევე გამოიკვლიეს, ჩემს ქვეყანაში ხომ არ ვიძებნებოდი, ხომ არ ვიყავი ნასამართლევი... კომისიაში ათამდე ადამიანი იყო, მათ შორის, ქალბატონები. ძალიან გაუკვირდათ და საბოლოოდ, დიდი მადლობა გადამიხადეს, ასე მოკლე პერიოდში პორტუგალიური ასე კარგად რომ გისწავლიათო... შემდეგ დაიწყო ჩემი საუნივერსიტეტო ცხოვრება, ფეხბურთის სპეციალიზაციით ლექციებს ვკითხულობდი, პარალელურად, სამწვრთნელო პროცესში ვიყავი ჩართული, მამაკაცებისა და ქალების გუნდს ვავარჯიშებდი.

- რამდენად ძლიერი იყო ქალების გუნდი?

- სპორტის თითქმის ყველა სახეობაში ძლიერები არიან... თავიდან რომ ვნახე, ქალები ფეხბურთს როგორ თამაშობდნენ, გავოცდი, რა ჟინი, როგორი ენერგია და მუხტი ჰქონდათ, - ესენი ვინ არიან-მეთქი?! შემდეგ ბრაზილიის საუნივერსიტეტო ქალთა ნაკრებში მიმიწვიეს, რომელიც მსოფლიო უნივერსიადაზე მონაწილეობდა. ძალიან საპასუხისმგებლო საქმე იყო, თუმცა, 2001 წელს, მსოფლიო უნივერსიადა მოვიგეთ.

gocha12-1702805023.jpg

- რა იყო ყველაზე დიდი სირთულე?

- ძალიან ჰგვანან ქართველებს, ისინიც ნიჭიერები და ზარმაცები არიან. არაერთი გოგონა ოლიმპიური ჩემპიონი გახდა, მაგრამ ქართველების არ იყოს, იმდენად თავისებურები იყვნენ, რომ მათთან ინდივიდუალური გასაუბრება გვიწევდა, - ძალიან ნიჭიერი გოგო ხარ, მაგრამ ნიჭისა და შესაძლებლობის რეალიზაციისთვის, დიდი ძალისხმევა გჭირდება, ბევრი უნდა იშრომო-მეთქი. ჩვენსავით ხმაურიანები და ხალისიანები არიან, მოლხენაც უყვართ.

ძალიან დიდი ქვეყანაა, 27 შტატია და არის ქვეყნები, რომელთა შიგნით კიდევ "ქვეყნებია". მე არგენტინის მხარეს, სან-პაულუს შტატში ვცხოვრობდი, რომელიც ასევე უზარმაზარი იყო.

- რომელ ქალაქში იყავით?

- კურიტიბაში, რომელიც მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე მოწესრიგებულ ქალაქად მიიჩნევა. არგენტინის მხარეს, საზღვართან ახლოსაა. ბრაზილიის სამხრეთში, ივნის-ივლის-აგვისტოში სიცივეა, ზამთარია, ქვეყნის ჩრდილოეთში კი, რიო-დე-ჟანეიროდან ზემოთ, სულ ზაფხულია. იქ ფიზმომზადების მიმართულებით ვმუშაობდი. შემდეგ, "ატლეტიკო პარანაენსეში", ერთ-ერთ უდიდეს საფეხბურთო კლუბში გადავედი, რომლის სამწვრთნელო შტაბში სამი წელი გავატარე. მეცნიერული მიმართულება - თამაშის დაგეგმარება და აღმოსავლეთ ევროპაში მათი წარმომადგენლობა მებარა... სტრუქტურულად ის ერთ-ერთი უდიდესი და უძლიერესი გუნდია.

შემდეგ, ნახევარი წელი საქართველოში ვცხოვრობდი, მეორე ნახევარი - ბრაზილიაში. ერთობლივი პროექტიც გავაკეთეთ და რუსთავის "ოლიმპი" ჩემპიონი გახდა.

- ახლა შესაძლოა იციან, მაგრამ იმ წლებში ალბათ საქართველოზე არაფერი იცოდნენ, არა?

- არაფერი იცოდნენ. "რუსოო", - მეძახდნენ და ვბრაზდებოდი. უკვირდათ, - როგორ, თქვენი მშობლიური ენა რუსული არ არისო?.. მხოლოდ ზოგიერთებმა იცოდნენ, რომ საბჭოთა კავშირი დაიშალა და თავისუფალი ქვეყანა ვიყავით.

ხანდახან როგორც შიდა, ასევე, საერთაშორისო კონფერენციებში ვმონაწილეობდი, რომელსაც ხუთასი და მეტი ადამიანი ესწრებოდა. ერთხელაც ვთქვი, 1970 წლის შემდეგ, ყველაზე ძლიერ გუნდად, 1982 წლის ნაკრები ჰყავთ აღიარებული და იმ წელს საბჭოთა კავშირის ნაკრები ბრაზილიას რომ ეთამაშა და მოგებას ძალიან ცოტა დააკლდა, რადგან მსაჯი უსამართლოდ მოიქცა და მართლა ყველაფერი გააკეთა, საბჭოთა გუნდს რომ წაეგო, გამარჯვება აშკარად ჩვენი იყო, მაგრამ იცოდეთ, იმ საოცარ თამაშში, მოწინააღმდეგე გუნდში ოთხი კაცი ქართველი იყო-მეთქი... გაგიჟდნენ, - ოთხმილიონიანი ქვეყანა ხართ და ასეთი ძლიერი ფეხბურთელები როგორ გყავთო? - დიახ და კაპიტანიც ქართველი იყო-მეთქი, - ამაყად ვუთხარი. ისიც ვახსენე, 1970 წელს თქვენი ნაკრები მსოფლიოს საუკეთესოდ რომ აღიარეს, იმ ჩემპიონატში ხუთი ქართველი იყო-მეთქი და ჩამოვუთვალე: კახი ასათიანი, მურთაზ ხურცილავა, რევაზ ძოძუაშვილი, გივი ნოდია, ალექსანდრე მეტრეველი. მათთვის ხომ ყველანი რუსები ვიყავით. რუსული საბჭოთა პროპაგანდა ძალიან ძლიერი იყო და ყველას რუსებად გვასაღებდნენ. ასეთი რამეების პასუხად ვყვებოდი, რომ მაგალითად, გიორგი სიჭინავა ლეგენდარულ პელეს ეთამაშა და მისი თამაში იმდენად მოეწონა, რომ მაისური გაუცვალა.

gocha13-1702805034.jpg

- ახლა თუ გაქვთ იმ ბრაზილიელებთან ურთიერთობა?

- დიახ, ჩემს ხელში 10-15 ათასმა სტუდენტმა გაიარა და საქართველოზე, ქართულ ფეხბურთზე ყველასთან მისაუბრია. ბევრი მათგანი წარმატებული მწვრთნელი, მენეჯერია, ფეხბურთის ფედერაციაში მუშაობს, ანუ ამ სფეროში სიტყვა ეთქმით... ყველასთან მაქვს კომუნიკაცია.

გარდა ამისა, მოსახლეობაში ზოგადი ინფორმაციაც მეტია. ახლა უკვე ბევრი რამ იციან საქართველოზე... ქართველ ფეხბურთელებს თავადაც ყურადღებით ადევნებენ თვალს. კვარას, გიორგი მიქაუტაძესაც ძალიან გულშემატკივრობენ. სხვებზეც იციან და ხედავენ, რომ ბევრმა სპორტსმენმა თავი წარმატებით დაიმკვიდრა.

კარგი ფეხბურთელები არ უკვირთ, ბრაზილიის ნაკრების მწვრთნელს იმხელა არჩევანი აქვს, რომ ყოველი თამაშის წინ თავსატეხად აქვს ქცეული, ვინ ჩასვას და ვინ დატოვოს სათადარიგოზე. შესაძლებლობა რომ მისცენ, მსოფლიოს ჩემპიონატისთვის რამდენიმე ნაკრებს დააკომპლექტებდნენ.

- ალბათ თავადაც გქონდათ ცოცხალ ლეგენდებთან ურთიერთობის შესაძლებლობა.

- დიახ, არაერთთან. მაგალითად, ზიკოსთან, რონალდინიოსთან... ზიკო საოცრად თავმდაბალი ადამიანია... იაპონიაში ცუნამი უკვე მომხდარი იყო, ბრაზილიის ლეგენდები, ვეტერანები ჩემს გუნდს რომ შეხვდნენ, სამახსოვრო ფოტოებიც გადაიღეს. ზიკოს ვთხოვე, თქვენთან ფოტო შეიძლება-მეთქი?.. გადამეხვია, ძალიან თბილად მომექცა... გამიკვირდა, რა უბრალო ადამიანი ყოფილხართ-მეთქი. - სხვანაირად რატომ გეგონათო? - და პორტუგალიურად მითხრა: - ცხოვრების რაც უფრო მაღალ საფეხურზე ადიხარ, მეტი თავმდაბლობა გმართებსო. ასეთივე იყო სოკრატესი, რომელიც სამწუხაროდ, რამდენიმე წლის წინ გარდაიცვალა. ასევე გავიცანი და დავუმეგობრდი ლეგენდარულ ვალდირ პერესს, წარმატებულ ბრაზილიელ ფეხბურთელსა და მწვრთნელს. ჩვენი გუნდები შეხვდნენ ერთმანეთს, თამაშის შემდეგ დავსხედით და ვისაუბრეთ. ძალიან უშუალო, თბილი ერია. ბევრი ვარსკვლავი ჰყავთ, მაგრამ მათთან ურთიერთობისას ეს არც იგრძნობა.

- საქართველოში რომელ წელს დაბრუნდით?

- 2017 წელს და მას შემდეგ ვკითხულობ ლექციებს სპორტის უნივერსიტეტში, პარალელურად, პედაგოგი ვარ 61-ე საჯარო სკოლაში... წარსულში გავლილი საფეხურები ჩემთვის ძალიან კარგი გამოცდილებაა. როგორც მოსწავლეებს, ასევე სტუდენტებსა და მაგისტრანტებს ინდივიდუალური მიდგომა სჭირდებათ. ჩემი აღზრდილები საქართველოშიც წარმატებული ადამიანები არიან: მწვრთნელები, მენეჯერები და პედაგოგები. ჩემი საქმე ძალიან მიყვარს... ბევრს გაუკვირდა, როდესაც სამშობლოში დავბრუნდი, მაგრამ ემიგრაციაში 23 წელი გავატარე: 5 წელი მოსკოვში, 23 კი ბრაზილიაში, მაგრამ ჩემი ქვეყანა სულ მიხმობდა. სამშობლოს ნოსტალგიას ვებრძოდი და ვოცნებობდი, ჩემი ცოდნა და გამოცდილება სამშობლოში გამომეყენებინა. ბედნიერი ვარ, რომ ამის შესაძლებლობა მომეცა.

ძალიან კარგი ფეხბურთელები გვყავს. სანდრო კალანდაძე ჩემი სტუდენტი იყო, რითაც ამაყი ვარ... ბევრთან მქონია ურთიერთობა და ეს თაობა ძალიან მეიმედება, საოცრად ნიჭიერი ახალგაზრდული ნაკრები გვყავს, მაგრამ ამ ბიჭებს სახელმწიფოსგან ხელშეწყობა სჭირდებათ... ფეხბურთში ყველაფერი ხდება, მაგრამ მსოფლიოს უნდა დავუმტკიცოთ, რომ ცალ-ცალკე და კლუბურ თამაშებში კი არა, სანაკრებოშიც ძალიან ძლიერები ვართ და მაღალ დონეზე თამაშს ვიმსახურებთ.

ლალი პაპასკირი