"წერდნენ: ეს ბავშვი ბუბაზე კარგად მღერისო. ორივე ხელით ვეთანხმები!" - გზაპრესი

"წერდნენ: ეს ბავშვი ბუბაზე კარგად მღერისო. ორივე ხელით ვეთანხმები!"

მუსიკა ბუბა (ბიძინა) მურღულიას ცხოვრებაში სულ იყო და ახლაც არის. ბავშვობაში დედა ასწავლიდა სიმღერებს, მამაც მღერის. 1991 წელს სკოლის მოსწავლე იყო, როცა დავით მალაზონიამ გერმანიიდან, მის მიერ დაფუძნებული ანსამბლ „ადიოს“ აუდიოკასეტა გამოუგზავნა - ეს იყო ალბომი სახელწოდებით „შინ“. სწორედ მაშინ მოიხიბლა მუსიკის იმ მიმართულებით და სიმღერებით... პროფესიით იურისტი, საბოლოოდ მუსიკის გზას გაჰყვა. მომღერალი ბუბა მურღულია ანსამბლ „იბერის“ ხელმძღვანელია, რომელიც წლების წინ ჩამოაყალიბა და დღემდე წარმატებული ჯგუფია დატვირთული საგასტროლო გრაფიკით.

- მამაჩემი გია, დავით მალაზონია და ზაზა მიმინოშვილი კლასელები არიან. მამის მეგობრებს დაბადებიდან ვიცნობ და მათი მუსიკა ყოველთვის მიყვარდა. სახლშიც, ჩემი ოჯახის ყველა წევრი მღერის, მამას კარგი ბანი აქვს. ერთ მშვენიერ დღეს დათოს გამოგზავნილი ალბომი მოვისმინე, მანამდე ჯაზურ და ფიუჟენ მუსიკასთან შეხება არ მქონია, ჩემთვის ახალი მიმართულება იყო. ვუსმენდი ქართულ მუსიკას და „ბიტლზზე“, „აბბაზე“ ვიზრდებოდი. „შინის“ სიმღერები თან უცხო ჩანდა და თან, გულთან ახლოს მოვიდა, რადგან ქართული იყო. ამ ეთნო-ჯაზურმა მიმართულებამ ისე გამიტაცა, რომ იმ დღიდან დაწყებული, კასეტა ხელიდან არ გამიშვია, დღესაც ვუსმენ - სახლში, მანქანაში, სამსახურში (ციფრულზე გადატანილს). ალბომმა ჩემზე დიდი გავლენა მოახდინა. მანამდე არ ვიკლავდი თავს ხალხური მუსიკის შესწავლით, მაგრამ სახლში მუსიკოსი დედა მასწავლიდა ყველაფერს, მათ შორის, ხალხურ სიმღერებსაც.

- და პირველი ნაბიჯები გადადგით, როცა მიხვედით ანსამბლ „ფაზისში“.

- ეს მოხდა დედაჩემის დაჟინებული მოთხოვნით, ინტერესით არ ვიწვოდი. ბავშვობიდან უფრო სპორტი მიზიდავდა. მინდოდა მეთამაშა ყველაფერი, ბურთს რა სახეობაც უკავშირდება და გუნდურია. დედის თხოვნა წლების მანძილზე გრძელდებოდა და ერთხელაც დავყაბულდი. „ფაზისის“ ხელმძღვანელი, ცხონებული ჯუმბერ ყოლბაია საოცარი მომღერალი და ასეთივე საოცარი პედაგოგი იყო. შემიძლია ვთქვა, რომ ხალხური სიმღერა მან მასწავლა, რისთვისაც მისი და მისი ოჯახის მადლობელი ვიქნები მთელი ცხოვრება. მისი დამსახურებით მოხდა ქართულ ხალხურ მუსიკასთან ჩემი გადაკვეთა და მაშინ დაიბადა ის დიდი სიყვარულიც ხალხური სიმღერისადმი, რაც ჩემი ცხოვრების თანმდევი გახდა.

- გურული სამხმიანობა განსაკუთრებულად გიყვართ. ეს საიდან იღებს სათავეს, ვინ შეგაყვარათ?

- ვინ შემაყვარა, არ მახსოვს. ძველი აღმოსავლური გამონათქვამია, - „იარე რთული გზებით, თუ გინდა, რომ ნაკლები კონკურენტი შეგხვდეს“. ეტყობა, ეგ გზა ავირჩიე. გურული სიმღერა თავისი სტრუქტურით, ჰარმონიით, თუნდაც მელოდიით ყველაზე რთული მიმართულებაა ქართულ სიმღერაში კი არა, მგონი, მსოფლიოს ნებისმიერი ხალხის მიერ შექმნილ მუსიკალურ ნიმუშებს შორისაც. როცა საზღვარგარეთ ვმოგზაურობთ, ყველას განსაკუთრებული შეხედულება რჩება გურულ სიმღერაზე, რადგან იქ ბანიც იმპროვიზირებს. თავიდანვე ამით მოვიხიბლე. გურულ სიმღერაში იმდენი სივრცეა საიმპროვიზაციოდ, რომ ნებისმიერი ხმისთვის ხელ-ფეხი გახსნილია. იმაზე დიდი სიამოვნება არ არსებობს, როცა ანსამბლის წევრებთან ან მეგობრებთან ერთად ასრულებ გურულ სიმღერას და ატყობ, რომ ნებისმიერ „მოძრაობას“ შეგიძლია აჰყვე და პირიქით - შენს წამოწყებასაც პარტნიორი აუცილებლად აჰყვება. ქართველებს საუცხოო სიტყვა გვაქვს - „შეხმატკბილება“ და აი, ეს შეხმატკბილება გაძლევს ბედნიერების შეგრძნებას.

- ძველი თაობის ცნობილი მომღერლებიდან ვინმეს თუ იცნობდით ან ერთად გიმღერიათ?

- სამწუხაროდ, ვერ მოვასწარი... დაახლოებით ათი წელი მუსიკას ჩამოშორებული ვიყავი, რადგან რაგბიმ გამიტაცა. თუმცა, არ ვნანობ მაგ ნაბიჯს, ერთადერთი - მუსიკას რომ დავაკელი ის წლები, ხანდახან ამაზე მწყდება გული. იმ პერიოდში ჩემი ბავშვობის მეგობრები მუსიკის სფეროდან, ვინც ერთად მოვდიოდით („ფაზისი", გეპეის კაპელა, „ერისიონი“), ყველა საუკეთესო ლოტბარი და სხვადასხვა ანსამბლის ხელმძღვანელი გახდა. სწორედ იმ ათი წლის მანძილზე იყო შესაძლებელი ან ბატონ ანზორ ერქომაიშვილთან, ან სხვა კორიფეებთან ერთად "ლაივში" მღერა, გამორჩეული ოსტატების შესრულების მოსმენა, მაგრამ მაშინ არ მქონდა წვდომა ქართულ მუსიკასთან. თუმცა, სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს.

- ანსამბლ „იბერის“ შექმნისკენ რამ გიბიძგათ?

- ბიძგი ის იყო, რომ რაგბის თამაშს თავი დავანებე. გამახსენდა, რომ მუსიკა მიყვარდა და ერთ დროს სიმღერა კარგად გამომდიოდა. ბატონმა თამაზ გაბისონიამ ამიყვანა თავის ანსამბლში, ჩემი მეგობრის - პაატა მელაძის რჩევით (პაატა საბავშვო ანსამბლ „ბინულის“ ხელმძღვანელია), რომლისაც ასევე დიდად მადლიერი ვარ. მე და პაატა სტუდენტობიდან ვმეგობრობთ. დავურეკე და ვუთხარი: ისევ სიმღერა გადავწყვიტე და რას მირჩევ-მეთქი? ბატონ თამაზს ახალი შექმნილი ჰქონდა ანსამბლი „კერია“, მეც მათ შევუერთდი და ფერხულში ჩავები. დაახლოებით ერთი წელი ძალიან საინტერესო ადამიანების გვერდით ვიყავი. მერე გერმანიიდან დაბრუნდა დათო მალაზონია, რომელიც ჩემი და მამაჩემის ძმაკაცია ერთდროულად. სხვათა შორის უცხოელებს უკვირთ ხოლმე, როგორ შეიძლება ერთი კაცი, მამისა და შვილის ძმაკაცი იყოსო?!. დათო დაბრუნებისთანავე არ მოვასვენე, რაღაც „ადიოსნაირი" მინდა-მეთქი და ასე დავაფუძნეთ ანსამბლი „ირიაო“.

ansambli-iberi-copy-1702813146.jpg

- ჯერ "იბერი" არ იყო?

- კი, ერთი წელია განსხვავება, ჯერ "იბერი" და მერე "ირიაო". ჩემი ანსამბლი მინდოდა მყოლოდა, რადგან მთელი ცხოვრება სხვების ანსამბლში ვმღეროდი ისე, როგორც ამა თუ იმ ხელმძღვანელს უნდოდა, მის გემოვნებას უნდა მოვრგებოდი. მე კი სულ ვგრძნობდი (იმედია, ამბიციად არ ჩამითვლით), რომ როგორც მე ვფიქრობდი, ისე ნამღერიც კარგი იქნებოდა... მეგობრებთან ერთად ალგეთის ხეობაში გავისეირნეთ და იქვე გადავწყვიტეთ, რომ ბარემ ანსამბლი ვყოფილიყავით, - აგერ ვართ თითქმის ნახევარი შემადგენლობა-მეთქი. მომდევნო ორშაბათი იყო 2011 წლის 3 სექტემბერი, ამ დღეს დაიწყო და მერე და მერე კარგად წავიდა ყველაფერი. 6 წლის წინ „იბერის“ შემადგენლობის ჩანაცვლება მოხდა ახალგაზრდა ბიჭებით, რომლებიც კახა შაქიშვილის, ანსამბლ „ერქვანის“ ხელმძღვანელის გაზრდილები არიან. მას მინდა მადლობა ვუთხრა იმიტომ, რომ ამ ძალიან მაგარმა ბიჭებმა ყველაფერი იციან, უზომოდ კმაყოფილი ვარ. ხანდახან მგონია, ჩემზე მეტი იციან და ესეც ბედნიერებას მანიჭებს. რეპეტიციებზე იმ ვერსიებს და ვარიანტებს ვამუშავებთ, რაც ჩვენ გვჭირდება და იმაზე დრო არ მეხარჯება, რომ რომელიმე სიმღერა ნულიდან ვასწავლო.

- კონცერტის მერე ალბათ, დაღლაც არის და შინაგანი კმაყოფილებაც. ასეა?

- კონცერტი რომ მთავრდება, კმაყოფილი არასოდეს ვარ. როგორც კი კმაყოფილი იქნები, იქ დამთავრებულია შენი მუსიკოსობა. სულ უნდა იზრდებოდე, სულ რაღაც უნდა ისწავლო. კონცერტის მერე უკიდეგანოდ დაღლილი უნდა იყო, კულისებამდე უნდა მილასლასდე და თუ ასე არ არის, ე.ი. შენ ბოლომდე არ დაიხარჯე, არ გადმოეცი შენი სათქმელი. ეს არასდროს გამიკეთებია.

- "რანინას" ერთ-ერთ სეზონზე ზვიად ბოლქვაძესთან ერთად მონაწილეობდით, ამის შესახებ მიამბეთ.

- ჩემი მეგობრების, „ირიაოს“ წევრების - შაკო ღელეყვას და ლევან აბშილავას იდეა იყო, რომ ძველი სიმღერების გულთან ახლოს მიმსვლელი მუსიკა გაგვეთანამედროვებინა და ამისთვის საუკეთესო ადამიანი, ჩვენი მეგობარი და გადასარევი კაცი ზვიად ბოლქვაძე „შევაწუხეთ“. შაკოსა და ლევანის დახმარებით შეიკრა შემადგენლობა და განხორციელდა პროექტი „კაი ამბავი“. რამდენიმე კომპოზიცია ჩავწერეთ, კიდევ გვაქვს გეგმები. მერე გვთხოვეს, რომ "რანინას" ნახევარფინალი მთლიანად ჩვენ გაგვეკეთებინა. ბავშვებთან ურთიერთობა ერთი სიამოვნება იყო. სიმღერის დროს ხანდახან მავიწყდებოდა, სად უნდა მემღერა, როდის დამეკრა... საოცარი ნაკადი იყო. ისე მენანებოდა, ვიღაც რომ ვერ გაიმარჯვებდა, ცუდად ვხდებოდი. როცა მარიამ ბიგვავამ „აფხაზური ფანქი“ იმღერა, სოციალურ ქსელში კომენტარებში წერდნენ: ეს ბავშვი ბუბაზე კარგად მღერისო. ორივე ხელით ვეთანხმები, პრობლემა არა მაქვს, ჩვენ უნდა გვაჯობონ. ძალიან ბედნიერი ვიყავი მარიამის გამარჯვებით. სხვათა შორის, რატომღაც გული თავიდანვე ამას მიგრძნობდა. ყველა ბავშვი ერთმანეთზე უკეთესი იყო, თუმცა მარიამი მაინც რაღაცნაირად გამორჩეულია.

- ოჯახის წევრები როცა ერთად მოიყრით ხოლმე თავს, მუსიკალურ საღამოებს არ აწყობთ?

- ეგ ჩვენი ცხოვრების სტილია. მე, მშობლები, ჩემი და ნინო ცალ-ცალკე ვცხოვრობთ, მაგრამ როცა ერთად ვიკრიბებით, არა აქვს მნიშვნელობა ვისთან, ის დღე სიმღერის გარეშე არ ჩაივლის. ჩემს სახლში, ყველა ოთახში ინსტრუმენტი მაქვს. ბავშვობაში დედაჩემი ძირითადად, მაცაცო სებისკვერაძის სიმღერებს გვამღერებდა, ის რეპერტუარი ახლაც გვაქვს. რა თქმა უნდა, სხვა სიმღერებსაც ვმღერით. მამაჩემს ძალიან უყვარს „თუ ასე ტურფა იყავი“. 22 ოქტომბერს მისი დაბადების დღე იყო და კარგად მოვულხინეთ. მამას მეგობარია მიშა ჩიკვილაძე, „ფაზისის“ ძველი და გადასარევი მომღერალი. მამაჩემის ძმებიც კარგად მღერიან და ისეთი საღამო გვქონდა, სიმღერა და "ჩქარი ტაში" არ მოგვკლებია.

- მამა ცნობილი ფილოლოგი და პედაგოგია. ბავშვობაში შენიშვნებს გაძლევდათ?

- ასე კონკრეტულად ვერ გავიხსენებ, მოსულიყო და შეესწორებინა, რომ ვთქვათ, „მითქვია“ კი არა, „მითქვამს“. მამას მოსწავლეები ჰყავდა ხოლმე. დილიდან საღამომდე ლექციაზე ვიჯექი ფაქტობრივად, ვუსმენდი და მინდოდა თუ არა, რაღაცებს ვსწავლობდი.

iriao-copy-1702813133.jpg

- თქვენ როცა ისმენთ დამახინჯებულ გამონათქვამს, სურვილი გიჩნდებათ, შეუსწოროთ იმ ადამიანს?

- არ მერიდება. როგორც კი შეცდომას მოვისმენ, ვისთანაც ხელი მიმიწვდება, ყველას ვეუბნები. ჩემს გარემოცვაში იშვიათი შემთხვევაა, რომელიმემ გაუმართავი ქართულით იმეტყველოს, მაგრამ ხანდახან შეიძლება ვინმეს წამოსცდეს ან ვიცი, რომ მექანიკური შეცდომა დაუშვა, მაინც ვუსწორებ. ჩემი ძმაკაცები სულ მეჩხუბებიან, - აკაკი შანიძე ხარ? თავი დაგვანებეო (იცინის).

- რა გეგმები აქვს ანსამბლ „იბერს“?

- ჩვენი მენეჯერია ესტონელი ქალბატონი იულიანა ვოლოჟი, რომელიც ჩვენ გარდა, სხვა ანსამბლებთანაც მუშაობს. მომავალი წლის აპრილში მან დაგეგმა დიდი ტური და უკვე დაანონსებულია ჩვენი ანსამბლის ერთობლივი კონცერტი ესტონურ ტრიოსთან - თრად. Aტტაცკ ერთად. ტური გაიმართება ესტონეთის თითქმის ყველა ქალაქში. ტრიოს წევრები ჩვენი მეგობრები არიან, მათ ალბომში ჩვენი ერთი ნამღერი შევიდა, ესტონურ სიმღერას შევუხამეთ კახური ხმები და დუდუკი, ძალიან ლამაზი კომპოზიცია გამოვიდა. მარტში ტრიო თბილისში ჩამოდის და ვგეგმავთ მათ კონცერტს, რომელიც დარწმუნებული ვარ, ქართველ მსმენელს ძალიან მოეწონება, რადგან მათი მუსიკა არის ხალისიანი, საცეკვაო, პოლიფონიური, ენერგიული და ძარღვიანი.

ნანული ზოტიკიშვილი