"ემიგრანტს, შინ დაბრუნების შემთხვევაში შეუძლია, ბევრი კარგი რამ გააკეთოს..."
ორგანიზაციის I will return ხელმძღვანელი გიორგი კენჭოშვილი, რომელიც აქამდე საქართველოში მყოფი ცდილობდა ემიგრანტების საქმიანობის წარმოჩენაზე ეზრუნა, ჩამოჰყავდა ახალგაზრდები და მათ მშობლიურ კულტურას, ისტორიას, ხალხს აცნობდა, რომელიც ერთი ემიგრანტის ფესვებთან დაბრუნებასაც საკუთარ გამარჯვებად მიიჩნევდა, თავადაც ამერიკაში წავიდა და როგორც ამბობს, ახლა რეალურად გაუგო გემო იმას, რაზეც ემიგრანტები საუბრობდნენ.
- მქონდა ბედნიერება, რომ წლების განმავლობაში მემუშავა დიასპორულ ორგანიზაციაში I წილლ რეტურნ, სადაც 2016-დან 2019 წლამდე ვხელმძღვანელობდი ახალგაზრდულ განყოფილებას, 2019 წლიდან დღემდე კი ვხელმძღვანელობ თავად ორგანიზაციას. ჩემს არაჩვეულებრივ გუნდთან ერთად განვახორციელე არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი, მათ შორის განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო "მე დავბრუნდები", რომლის ფარგლებში 12-17 წლის ქართველი ემიგრანტი მოზარდებისთვის გამოცხადდა საერთაშორისო კონკურსი და მასში გამარჯვებულ ახალგაზრდებს, ორგანიზაციის სახსრებით, ერთი თვე ვუმასპინძლეთ საქართველოში. შევეცადეთ გასცნობოდნენ ქვეყნის კულტურას, გეოგრაფიას, ხელოვნებასა და ისტორიას; იმოგზაურეს საქართველოს თითქმის ყველა კუთხეში; გაიცნეს ერთმანეთი და თავიანთი სამშობლოს ახლებური სახე. პროექტი დასრულდა 10-დღიანი ბანაკით ანაკლიაში, სადაც საქართველოში მცხოვრებ მოსწავლეებთან ერთად იყვნენ. შეიძინეს ახალი მეგობრები და მეტიც, გაუღვივდათ საქართველოში დაბრუნების სურვილი.
- სურვილი ერთია და მეორეა, ნამდვილად დაბრუნდებიან თუ არ ან ვერ მოახერხებენ ამას...
- უნდა გითხრათ, რომ ეს მხოლოდ სურვილი არ არის, ზოგიერთმა მართლაც დაუკავშირა საქართველოს თავისი მომავალი და დღემდე სამშობლოში ცხოვრობს.
- თუნდაც ერთი ახალგაზრდის დაბრუნება თუ მოახერხეთ, ჩემი აზრით, დიდ კომპლიმენტს და მადლობას ნამდვილად იმსახურებთ.
- გმადლობთ (იღიმის)... ორგანიზაციის კიდევ ერთი არანაკლებ მნიშვნელოვანი პროექტია ქართველი წარმატებული ემიგრანტების დაჯილდოება, რომელიც ამ წლების განმავლობაში ჩვენს ერთგვარ სავიზიტო ბარათადაც იქცა. კანდიდატების შერჩევა კომპლექსური და ხანგრძლივი პროცესია. იქმნება საკონკურსო ჯგუფი, რომლის მთავარი მიზანი მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან წარმატებული ქართველი ემიგრანტების აღმოჩენაა. პროექტი ხელს უწყობს პროცესს, რომ ეს ადამიანები ფართო საზოგადოებამ გაიცნოს, რაც მათთვისაც ერთგვარი მოტივაციაა საიმისოდ, რომ კიდევ უფრო მეტი გააკეთონ ჩვენი ქვეყნისა და თანამემულეებისთვის. აღნიშნული დაჯილდოების დახმარებით მრავალმა ქართველმა გაიცნო ერთმანეთი და შედეგად, ბევრ ახალ საინტერესო წამოწყებას ჩაეყარა საფუძველი.
- როგორც ვიცი, დიასპორულ ფორუმებსაც მართავთ....
- დიახ, წელიწადში ორჯერ ვატარებთ ქართულ დიასპორულ ფორუმს როგორც ევროპის სახელმწიფოებში, ისე ამერიკაში. წელს აღნიშნული ფორუმი გაიმართება 18 დეკემბერს, მიგრანტთა საერთაშორისო დღეს აშშ-ში, პენსილვანიის შტატში, ქალაქ ფილადელფიაში და მასში არაერთი ქართული დიასპორული ორგანიზაცია, ასევე ორგანიზაციები იტალიიდან და ესპანეთიდან მიიღებენ მონაწილეობას. ფორუმის დღის წესრიგი მოიცავს მრავალი მწვავე პრობლემის მოგვარების გზების ძიებას, რომელთა წინაშეც დღეს ქართული დიასპორა იმყოფება.
- საქართველოში მყოფი უამრავ კარგ საქმეს აკეთებდით ქართველი ემიგრანტებისთვის, მერე კი თავადაც ამერიკაში წასვლა გადაწყვიტეთ. რატომ?
- ემიგრანტებთან მუშაობის და მათთან თანამშრომლობის პერიოდში დაგროვილი გამოცდილების მიხედვით ვფიქრობდი, რომ ნამდვილად ვიცოდი, თუ რას ნიშნავს ემიგრაციაში ყოფნა, თუმცა მხოლოდ პირადმა გამოცდილებამ დამარწმუნა ამ ყოველივეს სირთულეში. რეალურად, მხოლოდ მას მერე, რაც საზღვრებს მიღმა დავიწყე ცხოვრება, გავიაზრე, თუ როგორი ძლიერი შეიძლება იყოს სამშობლოს მონატრება და მაინც, თუ ადამიანს სურვილი აქვს, რამდენი სიკეთე შეიძლება გააკეთოს საკუთარი ქვეყნისთვის, თუნდაც კილომეტრებით შორს, სხვა კონტინენტზე მყოფმა.
- რამდენი წელია, რაც ამერიკაში წახვედით და დღეს როგორ ფიქრობთ, იქიდან უფრო ადვილია ჩაფიქრებული მიზნების ასრულება?
- ერთი წელია, რაც აშშ ვცხოვრობ. ეს ჩემი ბავშვობის დროინდელი ოცნება იყო. ვთვლი, რომ მიგრაცია მომცემს მეტ გამოცდილებას და შესაძლებლობას განვითარებისთვის. მზად ვარ ახალ გამოწვევებისთვის. აქვე გეტყვით, რომ არც ისე ადვილი ყოფილა მსოფლიო მეგაპოლისში თავის დამკვიდრება, როგორც შორიდან ჩანს. ძალიან ბევრი დაბრკოლებაც გაქვს და საინტერესო გამოცდილებასაც იღებ. აქ შეძენილი გამოცდილებით, ახალი იდეებით, უნარებითა და ენერგიით ემიგრანტებს შეგვიძლია სასიკეთო წვლილი შევიტანოთ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკაში, ინოვაციებსა და კულტურაში.
რაც შემეხება მე, მერწმუნეთ, აუცილებლად დავბრუნდები - დავბრუნდები უფრო ძლიერი და ბევრი კარგი, სასარგებლო იდეით, რომელთა განხორციელებაშიც, ვიმედოვნებ, ხელი არ შემეშლება.
ლიკა ქაჯაია