ექიმი-დერმატოლოგის ხელით შექმნილი უნიკალური კოლექცია - გზაპრესი

ექიმი-დერმატოლოგის ხელით შექმნილი უნიკალური კოლექცია

სამუშაო მასალა - საქონლის ძვალი; მასზე კვეთის პერიოდი - პაციენტებისგან თავისუფალ დროს; ყოველთვის, როცა კი ამის საშუალებას გამონახავს. ფიგურების რაოდენობა თითქმის ორი ასეულია და ეს რიცხვი ეტაპობრივად იზრდება. პირველად გამოყენებულ იარაღს, ანუ ლანცეტს ნელ-ნელა ბორმანქანა ჩაენაცვლა, მას შემდეგ წლებია ადამიანსა და მის დამხმარე ხელსაწყოს შორის, სრული ურთიერთგაგებაა...

ძვლის კვეთაზე საქართველოში სულ რამდენიმე, თითზე ჩამოსათვლელი ადამიანი მუშაობდა და მუშაობს. მათ შორისაა ექიმი-დერმატოლოგი თამაზ შოთაშვილი. მისი ეს გატაცება, ანუ ძვალზე მხატვრული ჭრა, XX საუკუნის 70-იან წლებში დაიწყო და დღემდე 200-მდე სხვადასხვა ზომისა და თემატურად მრავალფეროვან ნამუშევარს მოუყარა თავი. პირველი პერსონალური გამოფენა 2018 წლის ზაფხულში, ქართული მედიცინის ისტორიის მუზეუმში ჰქონდა. ახლა მეორე გამოფენისთვის ემზადება, რომელიც დიდი ალბათობით, ისევ იმავე შენობაში, 2024 წელს გაიმართება. მანამდე კი ექიმი, პაციენტების მიღებისა და მისი ძირითადი საქმის პარალელურად, შინ, სპეციალურად მოწყობილ კუთხეში ჯდება, ნამუშევრებს თემატურად ახარისხებს, ხავერდის ქსოვილით გადაკრულ ზედაპირზე "სვამს", მინით დაფარულ, ხის ჩარჩოებში აქცევს და ამავდროულად ახალ-ახალ მინიატიურულ ფიგურებსაც ჭრის.

eqimi-2-1703259616.jpg

***

ერთ დღეს, შინ მყოფი სამედიცინო ინსტიტუტის მეორე კურსის სტუდენტი, თვალს ადევნებდა დედას, რომელიც სადილს ამზადებდა. ბიჭის ყურადღება ძვლის ნატეხმა მიიქცია, რომელიც თითქოს თეთრ დათვს ჰგავდა. ცხოველი შუშის ნატეხზე "დასვა" და სპონტანურად შექმნილი კომპოზიცია ჩრდილოეთ პოლუსის ყინულებზე მოსეირნე ფუმფულა ძუძუმწოვარს დაემსგავსა. მეორედ საქონლის ძვალზე ადამიანის სახე "დაინახა", ხელში ლანცეტი აიღო და ამ იარაღის დახმარებით კიდევ უფრო დეტალურად გამოკვეთა მამაკაცის პორტრეტი.

1976 წლიდან დღემდე, ძვლის კვეთის შედეგად შექმნილია სხვადასხვა ფიგურა: ადამიანები, ცხოველები, ანგელოზები, მხედრები, ჯამბაზები, ექიმები, აქვეა შეყვარებული წყვილები თუ ეროტიკული თემატიკა. თუმცა, თვალის ერთი გადავლებითაც ჩანს და თავადაც ამბობს, რომ მისი ხელით შექმნილ მინიატიურებს შორის ქალის ფიგურა ჭარბობს; თითქმის 90 პროცენტი მდედრობითი სქესია: ქალბატონები შლაპებით, ქოლგებით, ძაღლით, აივანზე თუ ცეკვის დროს. ყველა ეპოქისა და ეროვნების, სხვადასხვა ასაკისა თუ ფიზიკური მონაცემის.

ახლა რაც შეეხება ტექნიკურ მხარეს: ძვალი ჯერ იხარშება და შემდეგ სასურველ ზომაზე იჭრება. ფიგურას რომ გამოჭრის, მერე უკვე ძვლის გათეთრებაზე ზრუნავს. უწინ სარეცხ ფხვნილში ხარშავდა, ახლა მის ფერს მაღალი კონცენტრაციის წყალბადის ზეჟანგით ათანაბრებს. დასასრულ, ფიგურის ზედაპირს ცვილით აპრიალებს, რომელიც ბზინვარების მინიჭებასთან ერთად, ნამუშევარს ერთგვარი დაცვის ფუნქციასაც ანიჭებს. თითქოს სათქმელად და მოსაყოლად მარტივი ამბავია, თუმცა, ნამუშევრებს თუ დეტალურად დააკვირდებით, ყველა მიხვდება, რაოდენ სკრუპულოზურია ეს საქმე.

***

40 წელზე მეტია, დერმატო-ვენეროლოგ თამაზ შოთაშვილისთვის პაციენტებზე ზრუნვა მისი ყოველდღიურობის შემადგენელი ნაწილია. თუმცა, სანამ მათ შეხვდება ან სატელეფონო ზარებს უპასუხებს, დრო ვარჯიშს ეთმობა. 66 წლის ექიმი, ყოველ დილას 40-45 წუთს დარბის და ტრენაჟორებზე ვარჯიშობს. 2012 წელს, მეგობრის რჩევით, ველოსიპედი შეიძინა. ორბორბლიანი ტრანსპორტით ჯერ კუს ტბა დაიპყრო და თავი გმირად მიიჩნია, მაგრამ მერე ამ მიღწევას აღარ დასჯერდა და ველოსიპედით თბილისის შემოგარენის მოვლა დაიწყო. წელიწადის ნებისმიერ დროს, სიცხესა თუ სიცივეში, არაერთხელ აქვს შემოვლილი წავკისი, კოჯორი, წყნეთი, ბევრეთი, მსხალდიდი და სხვა ადგილები. პერიოდულად ხაშურის რაიონში, სოფელ სავანისუბანში ჩადის. ეს მისი დედულეთი და ბავშვობის საუკეთესო მოგონებების ადგილია. ეზოში ჩადგმულია ხის სახლი, მის გარშემო კი ეზო, სადაც დღეს მის მეუღლეს ულამაზესი ვარდების ბაღი აქვს გაშენებული.

თამაზ შოთაშვილი და მანანა შეყილაძე ერთ ბაღში დადიოდნენ, შემდეგ ერთ სკოლაში სწავლობდნენ, თუმცა ერთმანეთს არ იცნობდნენ. მოგვიანებით ისინი უცხო ენათა ინსტიტუტში შეხვდნენ ერთმანეთს, სადაც სხვადასხვა პროფესიის უმაღლესდამთავრებულთათვის ინგლისურის სასწავლო კურსები იყო გახსნილი. ბაღისა და სკოლის პერიოდის გახსენება, სწორედ აქ მოხდა. მერე მალევე დაახლოვდნენ, გრძნობაც გაჩნდა და რამდენიმე თვეში დაქორწინდნენ. წყვილს 4 შვილი ჰყავს: ლევანი, ნათია და ტყუპი: რატი და ირინე.

eqimi-1703259664.jpg

***

პირადად მე, ექიმობას ყველაზე რთულ პროფესიად ვთვლი და მასპინძელს ამ აზრს ვუზიარებ. მეთანხმება და ამბობს, რომ მოზარდი სკოლას რომ ამთავრებს, ძალიან ცოტას აქვს პროფესიული არჩევანი ზუსტად გადაწყვეტილი და გააზრებული. ამ დროს დიდ როლს თამაშობენ მშობლები, ოჯახი და სოციალური გარემო. მისი შემთხვევაც არ იყო გამონაკლისი, ბებიამისი შვილიშვილის ფანატი იყო და როგორც "მე, ბებია, ილიკო და ილარიონში", ისიც ხშირად ამბობდა, "ჩემი შვილიშვილი დოხტური უნდა გამოვიდესო". ასეც მოხდა... სამედიცინო ინსტიტუტში კარგი პედაგოგების წყალობით, პროფესიისადმი ინტერესი გაღვივდა. შემდეგ დერმატო-ვენეროლოგიაში ორწლიანი კლინიკური ორდინატურის კურსი გაიარა, პედაგოგ კოტე ტაბატაძის ხელმძღვანელობით. ხუთი წელი დაეთმო ასპირანტურას ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტში, 18 წელი თბილისის მე-7 ვენ-დისპანსერში მუშაობდა და 2003 წლიდან კერძო პრაქტიკას ეწევა დერმატო-ვენეროლოგიაში.

ამბობს, რომ ერთi ცუდი თვისება აქვს, - იშვიათი გამონაკლისების გარდა, პაციენტების სახელებსა და გვარებს ვერ იმახსოვრებს, რასაც ვერ იტყვის თავის მეუღლეზე, ის პირიქითაა:

"ჩემი მეუღლე ისტორიკოსია და პირველ კლასში რომ შევიდა, როგორც მასწავლებელი, მას შემდეგ ყველა თავისი ყოფილი მოსწავლის სახელები და გვარები იცის. პათოლოგიური მახსოვრობა აქვს, მე კი პათოლოგიური გულმავიწყობა (იღიმის)".

- ბატონო თამაზ, კანის დაავადებებს შორის, ყველაზე რთული შემთხვევა რა გქონიათ და რამდენი ხნის განმავლობაში გაგრძელებულა მკურნალობის პროცესი?

- კანის დაავადებების ყველაზე დიდი პროცენტი ქრონიკულად მიმდინარეა. აქედან ზოგიერთს სასიკვდილო დიაგნოზი ჰქონდა და დღესაც ასეთად რჩება. გამიმართლა, რომ ასეთი მძიმე პაციენტები არ მყოლია, თუმცა, კონფერენციებზე და სხვა დროს, მსგავსი შემთხვევები მინახავს. არიან პაციენტები, რომელთა დაავადება საკმაოდ რთულად სამკურნალოა, თუმცა, ხანგრძლივობას ვერ გეტყვით. პაციენტების იმ კატეგორიას, რომლებსაც ქრონიკული დაავადება აქვთ, ჰგონიათ, რომ იპოვიან ექიმს, ვინც საბოლოოდ მოარჩენს, ერთიდან მეორესთან დადიან, მაგრამ უშედეგოდ. მაგალითად, ასეა ფსორიაზის შემთხვევაში, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და გავრცელებული დაავადებაა. ის ბოლომდე არ იკურნება, პერიოდულად აქვს გამწვავება-რემისია. თუ შენ მიაღწიე იმას, რომ პაციენტს აუხსნა, თავს როგორ მოუაროს, ანუ როგორ იყოს კომფორტულ მდგომარეობაში, ჩათვალე, ის შენი მადლიერი იქნება.

t9-shlapianebi-1702814550.jpg

- საქართველოში ყველაზე გავრცელებული კანის დაავადება რა გხვდებათ?

- ძირითადად ალერგოდერმატოზები. დღევანდელი ეკოლოგიისა და დაბინძურების, არაკონტროლირებადი საკვების შემოტანის პირობებში, ეს გასაკვირი არ არის. კი, ეს სამსახური არსებობს, მაგრამ ვინ არის პასუხისმგებელი იმაზე, თუ რას ვჭამთ და რას ვსვამთ?! წლების წინ ერთი პაციენტი მყავდა, რომელიც ფქვილის საკითხებში ექსპერტი იყო. ის ამბობდა, რომ საქართველოში შემოტანილი ფქვილის ექსპერტიზის ჩატარების შედეგად, არც ერთის ვარგისიანობა არ დასტურდებაო, მაგრამ ამას ყურადღებას არავინ აქცევდა და იმ ფქვილით გამომცხვარი პური რიხინ-რიხინით იყიდებოდა. აღარაფერს ვამბობ სხვა პროდუქციაზე. მაგალითად, როგორიცაა ძეხვეული, სოსისეული და კონსერვები. ამგვარი პროდუქტი ჩვენს ოჯახში აკრძალული მაქვს, არ მოვიხმართ. არ ვიცი, საზღვარგარეთიდან რა ხარისხის შემოდის, მაგრამ ჩვენთან ხომ იცით, როგორც ხდება, ექსპორტზე ის პროდუქცია შემოდის, რომელიც იაფია, რათა საქართველოში დიდი მოგებით გაყიდონ. ჩვენთან ბიზნესი სხვანაირად არ იწარმოება...

- კანის მოვლის თქვენეულ რუტინაზეც რომ მიამბოთ, თუ შეიძლება...

- პირველ რიგში, გეტყვით იმას, რაც ჩემს პაციენტებსაც ძალიან უკვირთ - საპონს საერთოდ არ ვიყენებ. შხაპს ყოველდღიურად რომ ვიღებ, სხვა დასაბანი საშუალების ხმარება, კანის გამოშრობის თავიდან ასაცილებლად, სასურველი არ არის. ასაკის მატებასთან ერთად, კანი ისედაც შრება და საპონი კანის დამცავი ბარიერული შრის მოსპობას იწვევს. საპნის ათასში ერთხელ მოხმარება არაფერია, მაგრამ რეგულარულად - არასასურველი გახლავთ. ხშირად მყავს პაციენტები კანის გამოშრობის ჩივილით, რასაც დილა-საღამოს შხაპის მიღებისას დუშგელის გამოყენება იწვევს. როგორც გითხარით, ასაკობრივად კანი მაინც შრება, ზამთარში კიდევ უფრო უარესად, ამიტომ სხეულზე დამატენიანებელ კოსმეტიკას ვხმარობ, კვირაში ერთხელ ან ორჯერ, ხოლო სახეზე ყოველდღიურად დამატენიანებელს ვიყენებ, დღეს ამის გარეშე წარმოუდგენელია. საერთოდ, რაც უფრო ადრე დაიწყებ კანის მოვლას და რაც უფრო ხანგრძლივად გამოიყენებ დამატენიანებელ საშუალებებს, მით უკეთესი. და თან, მაშინ, როცა დღევანდელ დღეს ეკოლოგია კი არ უმჯობესდება, არამედ უარესდება.

- ალბათ კანის არგამოშრობის მიზნით, სითხესაც საკმაო რაოდენობით იღებთ...

- დილას, ვარჯიშამდე და მის შემდეგ, ჯამში ლიტრს ვსვამ. დღის განმავლობაშიც, რა თქმა უნდა, წყალს ვიღებ. სხვათა შორის, დღეს არც სახლში დამზადებული კოსმეტიკური საშუალებები განიხილება პანაცეად. ადრე რომ იცოდნენ, ბებიაჩემის ან რომელიმე ჩემი წინაპრის რეცეპტია და კარგიაო... ასეთ შემთხვევაში, ეს კოსმეტიკური საშუალება უნდა იყოს დაპატენტებული და ქარხნულად დამზადებული.

- და როგორც ვიცი, არც შინ დამზადებული ხილისა და სხვადასხვა ბოსტნეულის ნიღბებია რეკომენდებული, რადგან შეიძლება ალერგია გამოიწვიოს...

- რა თქმა უნდა. დღეს ასეთ საშუალებებს პრაქტიკულად არავინ მიმართავს, თუმცა, ზოგჯერ პაციენტები ისეთ რაღაცებს ჰყვებიან, გაკვირვებული დარჩები. ფიქრობ, ვის და რატომ გაუჩნდა მსგავსი იდეა და შემდეგ სხვამ რატომ გაიმეორა?!

***

თანამედროვე მედიცინა ყოველდღიურად ვითარდება, შესაბამისად, მოქმედი ექიმი ვალდებულია სიახლეებს მუდმივად ეცნობოდეს. მკურნალობის ბევრი მეთოდი, ისევე როგორც მედიკამენტი, გადაფასდა და გასულ საუკუნეში პოპულარული არაერთი პრეპარატი, დღეს საერთოდ ხმარებიდანაა ამოღებული. შესაბამისად, საკუთარი თავის განვითარებისა და პაციენტებთან მუშაობის პასუხისმგებლობიდან გამომდინარე, თამაზ შოთაშვილი დიდ დროს უთმობს მსოფლიო სამედიცინო სიახლეებისა და ინოვაციური პროცესების გაცნობას.

"თუ სიახლეები არ შეისწავლე და ყოველდღიურ რეჟიმში არ მიჰყევი, ჩათვალე, დღეს ექიმი არ ხარ", - ამბობს ის და ჩვენი სტატიისთვის ფოტოების გადასაღებად, მასპინძელთან ერთად, ძვლის კვეთის შედეგად შექმნილი ნივთების შერჩევას ვიწყებთ...

ანა კალანდაძე