მედეა ნემსიწვერიძე: "ნუკრის შემდეგ ცხოვრების გემო დავკარგე..." - გზაპრესი

მედეა ნემსიწვერიძე: "ნუკრის შემდეგ ცხოვრების გემო დავკარგე..."

თბილისში, კამოს 4 ნომერში ცნობილი ბოჰემური და კოლორიტული ოჯახი ცხოვრობდა. იქ იკრიბებოდა უამრავი ნიჭიერი ადამიანი: ბალეტის მოცეკვავეები თუ ოპერის მომღერლები, მუსიკოსები, მსახიობები და მხატვრები... ამ სახლში დღეს ნუკრი მაღალაშვილის, არაჩვეულებრივი მოცეკვავისა და ბალეტმაისტერის, საქართველოს დამსახურებული არტისტის მეუღლე, ასევე ბალერინა, ქალბატონი მედეა ნემსიწვერიძე ცხოვრობს.

- ნუკრი ძალიან მაკლია: დილა თენდება და მას ვესაუბრები; რამეს ვაკეთებ და, ისევ მას ველაპარაკები, გასახსენებელიც თუ რაიმე მაქვს, მხოლოდ მასთან ერთად. ნუკრის შემდეგ ცხოვრების გემო დავკარგე. ქუჩაში რომ მივდიოდით, სულ მეკარგებოდა და ვშფოთავდი, როცა ვერ ვხედავდი. არ მეგონა, მე თუ უფრო დიდხანს ვიცოცხლებდი. 44 წელი გავატარეთ ერთად. უამრავი პარტნიორი ჰყავდა და მათ შორის მეც ვიყავი. "კარმენი", "პორგი და ბესი", "ათას ერთი ღამე" და ასე შემდეგ... ნუკრი ძალიან ძლიერ და მამაკაცურ როლებს ცეკვავდა.

17 წლის გახლდით, როცა მამამისმა ფოტო გადამიღო და როცა ნუკრიმ ეს სურათი ნახა, მას მერე სულ გულის ჯიბით დაატარებდა. მთელი ცხოვრება მისი დიდი რიდი მქონდა... ჩემი მამამთილი რეზო მაღალაშვილი, საქართველოს სახალხო არტისტი, ცნობილი მოცეკვავე იყო. გამორჩეული გახლდათ სპექტაკლ "მთების გულსა" და "ოტელოში", რომელიც ვახტანგ ჭაბუკიანის გარდაცვალების მერე ბრწყინვალედ შეასრულა. ჩემი დედამთილი, სოფიო მაღალაშვილი ისეთი არისტოკრატული ქალი იყო, როცა ოთახში შემოდიოდა, სურვილი გიჩნდებოდა, ფეხზე წამომდგარიყავი. შეუძლებელია არ გავიხსენო ნუკრის საოცარი ძმაც, ცნობილი მუსიკოსი და ჯაზმენი ჯარჯი მაღალაშვილი, რომელიც მთელ ქალაქს უყვარდა.

- სანამ თურქეთში წახვიდოდით, თითქმის 20 წელი იმუშავა ჩვენი ოპერის თეატრში...

- ნუკრიმ პირველად გოგი ალექსიძესთან დაიწყო მუშაობა და ძალიან მალე წამყვანი მოცეკვავე გახდა. თითქმის ყველა სოლო პარტია იცეკვა. 20 წელი გაატარა ოპერის თეატრში. 1989 წელს ვატო კახიძის "ამორძალები" დადგა ალექსიძემ. ნუკრიმ 17 სექტემბერს, თავის დაბადების დღეზე იცეკვა პრემიერაზე, ხოლო 18-ში დილით მოსკოვში გავფრინდით.

- რატომ გადაწყვიტეთ წასვლა?

- იმხანად რამდენიმე ფილმშიც გადამიღეს და დაღლილობისაგან, სულიერი სტრესისგან ნევროზი დამემართა. 5 წელი ვკვდებოდი, თან ჩემი შვილი, რეზიკო 7-თვიანი დაიბადა. რთული მოსავლელი იყო. ნუკრი სულ გადარბენაზე გახლდათ. ამასობაში მოხდა 9 აპრილის მოვლენები, დაიწყო საშინელი არეულობა და მაშინ გადავწყვიტეთ აქაურობა დაგვეტოვებინა, ოღონდ მხოლოდ 3 წლით, მაგრამ 32 წელი დავრჩით უცხოეთში. წასვლა არ უნდოდა. თბილისი და ეს სახლი ყველაფერს ერჩივნა. საბოლოოდ, მაინც მე დავაძალე წასვლა.

ანკარიდან გადავედით მერსინში, სადაც სარეპეტიციო დარბაზში დღემდე კიდია ნუკრის სურათი. მერსინი ჩვენთვის მეორე სახლივით იყო. ნუკრი მთავარ ბალეტმაისტერად დაინიშნა და დაიწყო... არაერთი თაობა გაზარდა. დღეს თურქეთში 7 მოქმედი თეატრია, მათ შორის 3 ჩვენ გავხსენით. ძალიან მალე დიდი ავტორიტეტი მოიხვეჭა არა მარტო თურქეთში, არამედ ევროპის სხვა ქალაქებშიც. მიუხედავად იმისა, რომ თურქეთის საბალეტო სკოლის სახელით ვმოგზაურობდით, ყველამ იცოდა, რომ ქართველები ვიყავით. სულ ვცდილობდით, ჩვენი კულტურა უცხოელებისთვის გაგვეცნო.

მთელი ევროპა შემოვიარეთ და ნუკრის სპექტაკლები ყველგან დიდი წარმატებით მიდიოდა. მინდა მისი თუნდაც ერთი სპექტაკლი, აქაც დაიდგას.

- მისი გამორჩეული დადგმები დაგვისახელეთ.

- "ამორძალები", "ათას ერთი ღამე", "ლაურენსია", "დრაკულა", "ბალმასკარადი", "მოცარტი" , "რომეო და ჯულიეტა", "ჰამლეტი" და ასე შემდეგ. სხვათა შორის, როცა ასპენდოსის 14-ათასიან დარბაზში "რომეო და ჯულიეტა" ვითამაშეთ, ნემსი ვერ ჩავარდებოდა, ისეთი ამბავი იყო. ნუკრიმ მითხრა, ამაზე მეტი რაღა უნდა გავაკეთო? წამო, სახლში წავიდეთო. ეს იყო 2004 წელი. ამას დაემატა ისიც, რომ შვილმა დაგვირეკა, - ჩვენი ოპერიდან დარეკეს, იქნებ ბატონი ნუკრი დაგვიკავშირდესო. ძალიან გაუხარდა. დარეკა და მაშინდელ სამხატვრო ხელმძღვანელ ნინო ანანიაშვილს უთხრა, თურქეთში ყველაფერი გავაკეთე, რაც შემეძლო, ახლა კი დიდი სიამოვნებით წამოვალ საქართველოშიო და წამოვედით კიდეც.

საქართველოში რომ მუშაობდა, პარალელურად სხვაგანაც დგამდა სპექტაკლებს. ზუსტად 18 დღეში ანკარაში "დრაკულა" დადგა, პარალელურად მუშაობდა "დონ კიხოტსა" და რამდენიმე წარმოდგენაზე. ამ გადარბენის დროს საშინელ ავარიაში მოვყევით, სადაც სასწაულებრივად გადავრჩით. ამის შემდგ ნუკრიმ საბოლოოდ გადაწყვიტა საქართველოში დარჩენა. იმ პერიოდში, რაც საქართველოში დავყავით, ნუკრიმ ვახტანგ ჭაბუკიანის "ლაურენსია" აღადგინა და ერთ დღესაც იმ სპექტაკლის აფიშა ნახა, სადაც დიდი ასოებით ეწერა სამხატვრო ხელმძღვანელის გვარი, შემდეგ ჭაბუკიანის, ბოლოს კი პატარა ასოებით - ნუკრის. ეს არ მოეწონა და სამხატვრო ხელმძღვანელს ჭაბუკიანი მთავარზე დიდი ასოებით გაატანინა, დანარჩენი კი ისე დატოვა, როგორც იყო. "ლაურენსია" დაიდგა და სამი წელი ანშლაგით მიდიოდა...

received-722924166418624-1702814731.jpg

- ისე მოხდა, რომ მაინც მოგიწიათ თურქეთში დაბრუნებამ...

- აგვისტოში ანკარაში "მოცარტის" პრემიერა ვითამაშეთ, შემდეგ ჩვენს ოჯახში უბედურება დატრიალდა, ჩემი შვილის მეუღლე გარდაიცვალა, რომელიც დიდხანს მძიმედ იყო ავად. 40 დღის შემდეგ ნუკრიმ მითხრა, სპექტაკლი, რომელიც მერსინში დასამთავრებელი გვაქვს ("ათას ერთ ღამე"), დავამთავროთ და თურქეთში დარჩენა აღარ მიხსენოო. საქართველოში უნდოდა ცხოვრებაც და მუშაობაც, ამიტომ კულტურის მინისტრ მიხეილ გიორგაძეს შეხვდა. მაშინ შეთანხმდნენ, რომ ნუკრი ოპერის თეატრში ქორეოგრაფად დარჩებოდა, მხოლოდ სამხატვრო ხელმძღვანელთან შეხვედრა იყო საჭირო. დაიბარეს კიდეც, ნუკრიც მივიდა, მაგრამ... სამხატვრო ხელმძღვანელმა შემოუთვალა, მას არ შევხვდებიო.

სხვა გზა არ გვქონდა, იმავე საღამოს მერსინში გავფრინდით. ამ ამბიდან დაახლოებით 10 დღე იყო გასული, რომ დამირეკეს, თქვენი მეუღლე დაეცა, თავი დაარტყაო. ორი თვე ჯოჯოხეთი გავიარე. რამდენჯერმე გათიშეს აპარატიდან, მაგრამ საბოლოოდ... ვერასოდეს გადავიხდი თურქი ხალხის პატივისცემას, რაც მათ იმ ორ თვეში გააკეთეს.

როცა ნუკრი გარდაიცვალა, 24 საათში გადმოვასვენეთ. თბილისის აეროპორტში უამრავი ხალხი დაგხვდა. ახლობლები, მეგობრები, მისი გაზრდილი მოწაფეები... დაკრძალვის დღეს კი იტალიიდან, მოსკოვიდან, ლენინგრადიდან, ბელგრადიდან და თურქეთიდან უამრავი ადამიანი ჩამოვიდა, მაგრამ ოპერის ხელმძღვანელობიდან არავინ იყო...

P.S. სითბო, დიდი სიყვარული და თავის შემოქმედება დატოვა. სრულიად განსხვავებული გახლდათ თავისი სტილით, სუნთქვით, გრძნობით, ფორმით. აი, ასეთი იყო გემოვნებიანი და ძლიერი სულის სხვაგან წასული და სამუდამოდ ჩვენთან დარჩენილი ნუკრი მაღალაშვილი.

რუსუდან შაიშმელაშვილი