"ენთუზიაზმით სავსე ბიჭებს, რომლებსაც მეგობრები დაუხოცეს, ასე აგდებულად მოექცნენ" - გზაპრესი

"ენთუზიაზმით სავსე ბიჭებს, რომლებსაც მეგობრები დაუხოცეს, ასე აგდებულად მოექცნენ"

ორი წელია თითქმის, რაც უკრაინაში ომი მიმდინარეობს. ამ ხნის განმავლობაში, დასავლეთის მიერ გაწეული უამრავი დახმარების კვალდაკვალ, ქვეყანაში არაერთი პრობლემა გამოიკვეთა, მათ შორის, ყველაზე მწვავედ, კორუფცია, აზრთა სხვადასხვაობა, შიდა დაპირისპირება... სამხედროები, რომლებიც თვეებია ბრძოლის ხაზს ფაქტობრივად არ მოშორებიან, უამრავ დარღვევაზე საუბრობენ, რომელიც ზოგ შემთხვევაში, მათ თვალწინ ხდება...

ვიტალი ჩერნიში "გზასთან" საუბარში ამბობს, რომ უკრაინის ომში 27 თებერვლიდან მონაწილეობს:

- ყველაზე მთავარით დავიწყებ, რაც ჩემთვის, როგორც ამ ქვეყნის შვილისთვის ძალზე მნიშვნელოვანია. უკრაინის მოსახლეობა ზამთრის პერიოდისთვის მომზადებულია. მომარაგებული აქვთ საწვავი და საკვები, მაგრამ ეს არ გამორიცხავს ელექტროენერგიის დეფიციტით გამოწვეულ პრობლემებს. თუმცა, უკრაინა წელს ბევრად მომზადებულია... უკრაინის პროვინციები ნაკლებადაა დაცული, რადგან იქ ანტისარაკეტო სისტემები არ გვაქვს და ამიტომაც, რუსეთის მიერ იქ ნასროლი ირანული თუ ადგილობრივი წარმოების "შაჰიდის" დრონები, უპილოტი რაკეტები შედარებით ადვილად აღწევს და სამხედრო დანიშნულების ობიექტების გარდა, სამოქალაქო ინფრასტრუქტურასაც აზიანებს. მათი სამიზნეა ელექტროგადამცემი ხაზები, სადგურები და სხვა. ამიტომაც, ხალხი ცდილობს, აკუმულატორები და პოვერბანკები შეიძინოს, უშუქობასა და ექსტრემალურ სიტუაციებში, კონკრეტულად საჰაერო განგაშისას, უფრო კომფორტულად რომ იყვნენ.

- ბოლო დროს დასავლეთიდან სამხედრო და სხვა სახის დახმარებაზე არაერთგვაროვანი მოსაზრებები ისმის. ეს აზრთა სხვადასხვაობა ფრონტის ხაზზე იგრძნობა?..

- თუ ამუნიციის, საკვების, მედიკამენტების სიმცირეს გულისხმობთ, ჯერჯერობით ყველაფერი რიგზეა. ისევ და ისევ არ გვყოფნის ანტისარაკეტო, არტილერიის მხარდამჭერი შეიარაღება და სამხედრო ტექნიკა. ვიცით, რომ აშშ-ში, უკრაინის დახმარების გარშემო კამათია. "რესპუბლიკელები" ეწინააღმდეგებიან ჯო ბაიდენს, უკრაინისთვის შეპირებული დახმარების გამო, ტრამპი კი ხელისუფლებაში მოსვლისთანავე, თავის მოსახლეობას ომის დასრულებას ჰპირდება. თუმცა, მთლიანობაში, მაინც არ მჯერა, რომ თუნდაც ტრამპის გამარჯვების შემთხვევაში, უკრაინასთან დაკავშირებით აშშ-ის პოლიტიკა შეიცვლება.

- რატომ?

- წინასაარჩევნო ლოზუნგები სხვა არის და რეალური პოლიტიკა - სხვა. აშშ თავადაც არის დაინტერესებული, რომ რუსეთი და ჩინეთი შეაჩეროს. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია რუსეთის ჩარევები შეაჩეროს ისეთ რეგიონებში, როგორიც არის აფრიკა და ლათინური ამერიკა...

სპეციალობით სამხედრო ისტორიკოსი და სტრატეგიების სპეციალისტი ვარ. ომამდე ამ საგნებში ლექციებს ვატარებდი და ამ ქვეყნებში მიმდინარე კვლევებში ვმონაწილეობდი. ახლა კი იარაღით ხელში, რუსეთის წინააღმდეგ ვიბრძვი და ჩემს ქვეყანას ვიცავ, რადგან ახლა ეს ყველაფერზე მნიშვნელოვანია.

- რა ხდება ახლა თქვენ გარშემო?

- გინახავთ ბავშვივით ატირებული ძლიერი ჯარისკაცი, ოღონდ ატირებული იმიტომ კი არა, რომ ომს, სიცივეს, უძილობასა და ამ კოშმარს ვერ უძლებს, რამდენიმე დაღუპული თანამებრძოლის ზურგით გამოყვანა რომ მოუხდა და რაღაც მომენტში ფსიქიკამ უღალატა, რადგან სულ რამდენიმე საათის წინ, მათთან ერთად მასხრობდა, ყავას სვამდა და კარგ ამბებს იხსენებდა... მეც მომიწია, რადგან ომში სამხედროები ერთ ორგანიზმად, ერთ ოჯახად ვიქცევით ხოლმე - რაც სხვამ გააკეთა, მეც უნდა გამეკეთებინა; როდესაც ვიღაცას მეგობრების ცხედრები გამოჰყავს, უსაქმურად ვერ ვიჯდებოდი. ამ დროს, რომ არ გავგიჟდეთ, მხოლოდ იმაზე ვფიქრობთ, რომ ამით მას, მის ოჯახს, საყვარელ ადამიანებს ვეხმარებით. სიკვდილი ტრაგედიაა და მეომრის დაკარგვა, ორჯერ მეტი უბედურებაა. ამიტომ, საკუთარი სიცოცხლის ფასად, არასდროს ვტოვებთ თანამებრძოლებს ბრძოლის ველზე და რომ არა ჩემი უახლოესი მეგობარი, მეც მათ შორის ვიქნებოდი, რადგან არის სიტუაციები, როდესაც თავს კარგავ...

მქონდა შემთხვევა, როდესაც ჩემი სკოლის მეგობარი მძიმედ დაიჭრა და ანგარიშმიუცემლად გავვარდი მისკენ. კიდევ კარგი, ასეთ დროს ჩვენ გვერდით არიან ბიჭები, რომლებიც სიტუაციას ცივი გონებით აანალიზებენ. ყველანი ადამიანები ვართ და ფსიქოლოგიურად როგორ კარგადაც უნდა ვიყოთ მომზადებული, ემოციები მაინც თავისას შვრება. მოკლედ, მეგობარს რომ არ დავეჭირე, ნაღმი ნაფლეთებად მაქცევდა. შეცდომას ომი თითქმის არასდროს გპატიობს. ყოველთვის ფრთხილად უნდა იყო, მხოლოდ შენს თავს კი არა, სხვასაც უნდა გაუფრთხილდე, მაგრამ როდესაც ომი რუტინად იქცევა, ყველაფრის კონტროლი შეუძლებელია.

- შვებულება არ გაქვთ?

- კი, გვაქვს და ზოგს ორი კვირით, ზოგსაც მეტი დროით უშვებენ. თუმცა, ომისგან ბოლომდე თავის დაღწევა ძნელია, გონებით მაინც იქ ხარ, შენს მეგობრებთან, თანამებრძოლებთან...

- ყველაფერთან ერთად, ალბათ საშინლად ცივა.

- ამისთვის წინასწარ მოვემზადეთ... კი, ეს დიდი პრობლემაა, მაგრამ ომის სისასტიკესთან შედარებით, სიცივე არაფერია, გავუძლებთ... უკრაინაში, ჯარის გარდა, იბრძვის კიდევ ერთი ორგანიზაცია - მოხალისეები არიან, მაგრამ ჯარის, ანუ სახელმწიფოს კონტროლის ქვეშ გახლავან. თავიდან მათი ფუნქცია ქალაქებში თავდაცვა იყო, ახლა ოფიციალურ ჯართან ერთად იბრძვიან და ზოგჯერ არმიაზე არანაკლებ სასტიკ, მძიმე ბრძოლებთან გამკლავება უწევთ. კიევის ოლქში, ირპენის გათავისუფლებაში ტერიტორიული დაცვის ბიჭებმაც დიდი როლი ითამაშეს.

- რა არის ყველაზე რთული?

- ომის პირველი დღეებია მძიმე, შემდეგ თანდათან ეჩვევი. ახლა აღარც კი მახსოვს, რა გამიჭირდა, მაგრამ ვიცი, ახლა რა მიჭირს - ნორმალური, ადამიანური ძილი ხშირად გვენატრება, ამიტომ, როდესაც შვებულებას მაძლევენ, პირველი რამდენიმე დღე გადაბმულად მძინავს. ასევე, მაშინაც, როდესაც დავალებიდან ბაზაზე ვბრუნდებით და დასასვენებლად ერთ-ორ დღეს გვაძლევენ... ომში იუმორის გარეშე ვერ გავძლებთ. ჩვენი იუმორი, უმეტესად შავია, მაგრამ მაინც ვხუმრობთ... რამდენიმე დღის წინ, ჩემს ძველ მეგობარს, რომელიც თვეზე მეტია არ გამოჩენილა, მივწერე: - სად დაიკარგე, ცოცხალი ხართ-მეთქი? რამდენიმე საათის შემდეგ მომწერა, - ვერ მოესწრები ჩემს დამარხვას, ახლა აღდგენაზე ვარო.

- რას ნიშნავს ეს?

- როგორც ამიხსნა, მთელი ბატალიონი მძიმე მიმართულებაზე ვიყავით, სასწრაფოდ ყველას რეაბილიტაცია დაგვჭირდა, ჰოსპიტალში ვართ და ვიტამინებს ვიღებთო. პერიოდულად ეს საჭიროა, რადგან ომში ყოფნისას, ადამიანის ჯანმრთელობა მხოლოდ ჭრილობისგან არ ზიანდება, იქ არსებული პირობებიც ხშირად გამანადგურებლად მოქმედებს ადამიანზე. რაც უნდა კარგად აღჭურვილი იყოს ჯარისკაცი, ხშირი უძილობა, ინტენსიური აფეთქებები, სტრესი და ა.შ. იწვევს ორგანიზმის დაზიანებას, რასაც აღდგენა სჭირდება, სხვანაირად გამოიფიტება. ვიცი შემთხვევები, როდესაც მხოლოდ ავიტამინოზის და სტრესების შედეგად კაცს კბილები დასცვივდა... სამხედროები ვამბობთ ხოლმე, ომი ვერაგია. თუ ვინმეს ჯანმრთელობის პრობლემა ჰქონდა, მაგრამ მიყუჩებული იყო, ანუ ვერც კი გრძნობდა ან არც კი იცოდა ამის შესახებ, ამან ომში მაშინვე იჩინა თავი და ეს ეხება როგორც ფიზიკურ, ასევე ფსიქოლოგიურ პრობლემებს.

- ბოლო ხანებში ზალუჟნის მიმართ კითხვები გაჩნდა, ამაზე რას გვეტყვით?

- ჩემ გარშემო, ზალუჟნი უდიდესი პატივისცემითა და ნდობით სარგებლობს, განსხვავებით ზელენსკის მინისტრებისგან, რომელთა დიდ ნაწილს ომის არსი არც კი ესმის. ერთხელ ერთ-ერთი სამხედრო დანაყოფის წევრები უმძიმეს ოპერაციაზე წავიდნენ, იქიდან დაბრუნებულებს, ვინც იმ საშინელ დავალებას გადაურჩა (ასეთი ძალიან ცოტა იყვნენ), ზელენსკის მინისტრებმა და მისი ადმინისტრაციის წევრებმა უთხრეს, - თქვენ იქ არც ყოფილხართო... არადა, ბრიგადის ნახევარი ვერ დაბრუნდა ცოცხალი. მოტივირებულ, ენთუზიაზმით სავსე ბიჭებს, რომლებსაც მეგობრები დაუხოცეს, ასე აგდებულად მოექცნენ.

- ამით დასრულდა ყველაფერი?..

- არა, მათ დამსახურებაზე ვიღაც დეპუტატის ნათესავს "გაუკეთეს სახელი", ანუ მადლობა უთხრეს მათ. შემდეგ, ამას დიდი ამბები მოჰყვა, რადგან ადმინისტრაციასა და გარემოცვაშიც არიან ღირსეული ადამიანები; მათი ძალისხმევით იმ ბრიგადის ბიჭებსაც დაუკავშირდნენ, მაგრამ მათთვის უკვე ამას მნიშვნელობა აღარ ჰქონდა. ის ბიჭები სახელისა და მედლისთვის არ იბრძვიან, მათ ომის სიმძიმე გააზრებული აქვთ, ამიტომ პირდაპირ უთხრეს, - თქვენი მადლობები არ გვჭირდება, ჩვენი ბიჭები ტყვეობაში არიან და მათ დახსნაზე იზრუნეთო. არის შემთხვევები, როდესაც ადმინისტრაციაში ვიღაცები ცდილობენ, ომის შედეგებს თავი აარიდონ - დასახიჩრებულ ბიჭებზე ზრუნვას გაურბიან, ასეთ დროს ხისტი მუშაობაა საჭირო და ამისთვის არსებობს მედია, ადამიანის უფლებადამცველი ორგანიზაციები.

უკრაინაში კორუფცია რომ ძალიან მაღალ დონეზეა, ამას ბევრი მტკიცება არ სჭირდება, ახლა კი, ომის პარალელურად, მასთან ბრძოლა მძიმე საქმეა.

ახლა ევროპაშიც ბევრმა გააკრიტიკა უკრაინის შეიარაღებული ძალები - კონტრშეტევამ დასახულ მიზნებს ვერ მიაღწიაო. დიახ, ვერ მიაღწევდა, რადგან ნაწილ-ნაწილ გვაძლევდნენ შეიარაღებას. დროულად და საკმარისი შეიარაღება რომ მოეცათ, ვიდრე რუსები გამაგრებას მოასწრებდნენ, ახლა სულ სხვა შედეგი გვექნებოდა, ბევრად ნაკლები მსხვერპლით... უნდა დაინახონ, რომ სულ თავს კი არ ვიცავთ, მტერს ვუტევთ კიდეც. ისიც აღსანიშნავია, რომ რუსეთს უდიდესი დანაკარგი აქვს - უკრაინის გენერალური შტაბი რომ წერდა, რუსებმა 300 000-ზე მეტი ჯარისკაცი დაკარგესო, თავიდან ვფიქრობდი, რომ ეს რიცხვი გადაჭარბებული იყო, შემდეგ, ამერიკის დაზვერვამ გახსნა თავისი მონაცემები რუსების დანაკარგების შესახებ და გაირკვა, რომ 312 ათასი ჯარისკაცი დაკარგეს, რასაც სამჯერ მეტი დასახიჩრებული, ჯანმრთელობადაკარგული ადამიანი ემატება, ვინც ომში ხელ-ფეხი დაკარგა. ეს მაშინ, როდესაც მთელმა საბჭოთა კავშირმა ავღანეთის ომში, 10 წლის განმავლობაში, 15 ათასი კაცი დაკარგა და მათ შორის ყველა რუსი კი არ იყო - უკრაინელი, ბელარუსი და ყაზახი, ასევე, ქართველები, სომხები, აზერბაიჯანელებიც ერივნენ. მაშინ გამოვიდნენ ჯარისკაცთა დედები და ავღანეთის ომის წინააღმდეგ წავიდნენ, მაგრამ ახლა, პუტინის პროპაგანდა საბჭოთა იდეოლოგიაზე ძლიერია და რუსეთის მოსახლეობა ჩუმად არის.

ლალი პაპასკირი