სიყვარულის გზა აყვავებული ატმის ტოტიდან - გაყვითლებულ ფოთლამდე - გზაპრესი

სიყვარულის გზა აყვავებული ატმის ტოტიდან - გაყვითლებულ ფოთლამდე

საზოგადოების დიდი ნაწილისთვის ქართულ საესტრადო ხელოვნებაში მოღვაწე სახელებიდან, ინოლა გურგულია და მისი შემოქმედება ყოველთვის ყურადღების ცენტრშია. მის ყველა სიმღერას ნატიფი ლირიზმი, განცდის უშუალობა ახლავს და ალბათ, სწორედ ამგვარი გულწრფელობის წყალობით, ის სხვადასხვა თაობის შემსრულებლისა თუ მსმენელისთვის გამორჩეულად ძვირფას კომპოზიტორად ითვლება.

„ოცნება თუ სინამდვილე“ კომპოზიტორის, მომღერლისა და პოეტის - ინოლა გურგულიას ამავე სახელწოდების კინოსცენარისა და ჩანაწერების მიხედვით შექმნილი წარმოდგენაა, რომელიც სცენაზე პირველად დაიდგა. მოზარდ მაყურებელთა თეატრის წარმოდგენა აგებულია ინოლა გურგულიას სიმღერებსა და ჩანაწერებზე, რომელსაც ამავე თეატრის სხვადასხვა თაობის მსახიობები, თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის სტუდენტები და ბავშვები დიდ სცენაზე ასრულებენ.

დიმიტრი ხვთისიაშვილი:

- ინოლა გურგულიას ოჯახთან დიდი ხნის ნაცნობობა და მეგობრობა მაკავშირებს. რა თქმა უნდა, მის ჩანაწერებს ვიცნობდი. 5 წლის წინ, როდესაც მოზარდ მაყურებელთა თეატრში ინოლა გურგულიას 90 წლისთავი აღინიშნა, მაშინ აქვე მოხდა ბავშვებისა და პროფესიონალი მომღერლების დუეტების ჩაწერა, გამოიცა დისკიც... ჯერ კიდევ იმ პერიოდში გამიჩნდა იდეა, რომ შეიძლებოდა ქართველი კომპოზიტორის შემოქმედების გაცოცხლება საბავშვო თეატრში პატარებთან ერთად მომხდარიყო... ბავშვებთან ვიმუშავეთ, რამდენიმე სიმღერა დავამუშავეთ, თუმცა როცა სპექტაკლზე მუშაობა დავიწყეთ, წარმოდგენაში მოხვდა მხოლოდ 2. მაგრამ მთავარი ალბათ ისაა, რომ 6 ბავშვი ეზიარა ამ ადამიანის შემოქმედებას, რომელმაც 16 საბავშვო სიმღერა დატოვა. საერთო ჯამში კი, სპექტაკლში ინოლა გურგულიას 28 სიმღერა სრულდება. ჩანაწერების მთავარი თემა სიყვარულია და ამავე გრძნობაზეა სპექტაკლიც. სიყვარული ბავშვობის პერიოდიდან, იმ დრომდე, როცა უკვე ცალად რჩება რომელიმე მეუღლე. ნინო ჩიტაიშვილის დეკორაციაშიც სწორედ ეს გზაა - აყვავებული ატმის ტოტიდან გაყვითლებულ ფოთლებამდე...

4-1703487543.jpg

ია შუღლიაშვილი:

- ინოლას უბის წიგნაკი 1972 წლით თარიღდება. მაშინ მე 5 წლის ვიყავი და შესაბამისად, არ მახსოვს, როგორ და რისთვის წერდა. თუმცა, ვფიქრობ სატელევიზიოდ გადასაღები, მოკლემეტრაჟიანი ფილმის ან სპექტაკლის სცენარია. აგებულების მიხედვით, სცენებს შორის სიმღერები, ლექსები ან სხვადასხვა ამბებია. სამწუხაროდ, წიგნაკში ისეთი სიმღერებიცაა, რომელიც არ არის შემორჩენილი, ანუ სათაური და ტექსტი წერია, მაგრამ მელოდია არ ვიცით. სპექტაკლის განსახორციელებლად წიგნაკიდან სიმღერების გარკვეული ნაწილი ამოვკრიფეთ, მათზე ვიმუშავეთ და პრემიერამდე 10 დღით ადრე უკვე სცენაზე, ინტენსიურ რეჟიმში გადავინაცვლეთ.

- დედას სიმღერებს თქვენც და სხვებიც წლებია მღერიან, მაგრამ ამ სპექტაკლში სანამ სცენაზე გახვალთ, რა განცდები გეუფლებათ კულისებში მყოფს, როცა ახალგაზრდების ნამღერს უსმენთ?

- რა თქმა უნდა, ახალგაზრდებს ძალიან ვგულშემატკივრობ, ვაკვირდები, განვიცდი და შემდეგ ვფიქრობ, თუ რამდენად ხარისხიანად აკეთებენ იმას, რაზეც ვიმუშავეთ. არ ვიცი ამ თანაგრძნობის თუ გულშემატკივრობის გამო მრჩება ეს შთაბეჭდილება, მაგრამ მგონია, ისინი თავიანთ მაქსიმუმს აკეთებენ. მთელ გულსა და სულს დებენ ნამღერსა თუ მოქმედებაში, რომელიც იმ კონკრეტულ ნოველებსა და მონაკვეთშია.

- სპექტაკლის ფინალი გამორჩეულად შთამბეჭდავია, როცა თქვენ და ნუგზარ ყურაშვილი დუეტს ასრულებთ. თეატრის დასიდან მასზე არჩევანი თქვენ შეაჩერეთ თუ ეს დიმიტრი ხვთისიაშვილის გადაწყვეტილებაა?

- ეს დიმიტრი ხვთისიაშვილის პრეროგატივაა. თან, მან ჩემზე უკეთ იცის თავისი მსახიობების შესაძლებლობები. როგორც კი სპექტაკლზე საუბარი დავიწყეთ, მაშინვე დავურეკეთ ბატონ ნუგზარს, რომელიც სიამოვნებით დაგვთანხმდა. ის ასრულებს სიმღერას „უშენოდ“, მისამღერში მე მეორე ხმას „ვეუბნები“ და ასე იქცა ეს სიმღერა დუეტად.

- სპექტაკლში ინოლას შთამომავლებიც მონაწილეობენ...

- დიახ, ინოლას შვილთაშვილები, ანუ ჩემი შვილიშვილები - კატო და ირაკლი თავაძეები. ისინი ამ ფაქტით ძალიან ბედნიერები იყვნენ. მეგონა, ბავშვებს რეპეტიციები ცოტათი დაღლიდა, მაგრამ ასე არ აღმოჩნდა. მეტიც, პრემიერის შემდეგ, შინ გამოაცხადეს, მსახიობობა გვინდაო (იღიმის).

P.S. სპექტაკლის პრემიერა 2023 წლის 13 და 16 დეკემბერს, მოზარდ მაყურებელთა თეატრში გაიმართა. ერთმოქმედებიანი მუსიკალური წარმოდგენა თეატრის რეპერტუარშია და ვისაც სურს, ერთი თბილი და ნოსტალგიური საღამო გაატაროს, ამ სპექტაკლს უნდა დაესწროს.

5-1703487525.jpg

სპექტაკლის კომპოზიტორია - ინოლა გურგულია, ინსცენირების ავტორი და დამდგმელი რეჟისორი - დიმიტრი ხვთისიაშვილი, მუსიკალური ხელმძღვანელი - ია შუღლიაშვილი, რომელიც ამავდროულად სპექტაკლის მონაწილე მსახიობია და სცენაზე დედის სიმღერებსაც ასრულებს, მხატვარი - ნინო ჩიტაიშვილი, ქორეოგრაფი - გია მარღანია, არანჟირება თემურ მაისაშვილის ეკუთვნის, ანიმაცია - ანდრია მაისაშვილის, ხოლო რეჟისორის თანაშემწე ინგა კაჭახიძეა.

მონაწილეობენ მსახიობები:

ნინო ანდრიაძე, ანა ზამბახიძე, ნათია კუპატაძე, ხატია მელქაძე, ეკატერინე შარიქაძე, ია შუღლიაშვილი, მარიამ ჩუხრუკიძე, იაკო ჭილაია, რატი გოგუაძე, ვანო დუგლაძე, ალექსანდრე კვეზერელი, გიორგი კაჭახიძე, გიორგი ოქრუაშვილი, დავით როსტომაშვილი, ნუგზარ ყურაშვილი, ვახტანგ ჩაჩანიძე. თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის სტუდენტები:

ანა თოგოშვილი, ნანა მეტრეველი, მია მიქელაძე. ბავშვები: ირაკლი და კატო თავაძეები, მარიამ დუგლაძე, ტასო როსტომაშვილი, სესილი ჯიქურიძე, ლუკა ჩაჩხიანი.

ფოტოების ავტორი: ბექა ცირეკიძე.

ანა კალანდაძე