ქართველი აქტივისტი საქართველოში  გაკეთებული საქმის გამო  თურქეთში დააჯილდოეს - გზაპრესი

ქართველი აქტივისტი საქართველოში  გაკეთებული საქმის გამო  თურქეთში დააჯილდოეს

თურქულმა ფონდმა „ჩვენი პლანეტა“ ქართველი აქტივისტი და ჟურნალისტი, ნინო ბურჭულაძე სამთო მოპოვების არეალში კულტურული რესურსების და გარემოს დაცვაში შეტანილი წვრილისთვის დააჯილდოვა. ნინო პირველი ქართველი და პირველი უცხოელია, რომელსაც „ჩვენმა პლანეტამ“ ჯილდო გადასცა.

„ვერც კი წარმოვიდგენდი, საქართველოში გაკეთებული საქმეების გამო უცხო ქვეყანაში თუ დამაჯილდოებდნენ. როცა ამის შესახებ შევიტყვე, სამწუხაროდ, უკვე გვიანი იყო, სტამბოლში ჩაფრენა ვერ შევძელი. თუმცა სტამბოლის უნივერსიტეტის ისტორიულ დარბაზში ჩემი სახელი და გვარი მაინც გაისმა და ჯილდო ჩემმა მეგობარმა, კოლეგამ აიღო (რომელსაც წინა ღამით დავურეკე და მისვლა ვთხოვე), მე მხოლოდ რამდენიმე დღის შემდეგ ჩავედი“, - ამბობს ნინო ბურჭულაძე.

- ფონდი „ჩვენი პლანეტა“ თურქეთში 2019 წელს შეიქმნა და ის კლიმატის ცვლილებებით დაინტერესებულ სხვადასხვა პროფესიის ადამიანებს აერთიანებს. მათ შორის დიპლომატებს, მხატვრებს, არქიტექტორებს, ექიმებს, სტუდენტებს, მეცნიერებს და ა.შ. დამფუძნებელთა სია მრავალფეროვანია გეოგრაფიული თვალსაზრისითაც. ფონდის დამფინანსებლები, შეძლებული ადამიანები პირადად არიან ხოლმე ჩართულები სხვადასხვა აქტივობაში. ამ ორგანიზაციის შესახებ პირველად 2021 წელს შევიტყვე, როდესაც მსოფლიო მეცნიერების ყურადღება მარმარილოს ზღვის კვდომის პროცესმა მიიპყრო. მაშინ სწორედ „ჩვენი პლანეტა“ იყო ჩართული ამ სახიფათო პროცესის კვლევაში. მეტიც, საერთაშორისო საზოგადოების ყურადღების მიპყრობის მიზნით, ფონდმა 2022 წლის ზაფხულში, მსოფლიოს წამყვანი მედიასაშუალებების ჟურნალისტებს სტამბოლში მოუყარა თავი და მათთვის ერთგვარი მედიატური მოაწყო მარმარილოს ზღვაში, რათა ჟურნალისტებს საშუალება ჰქონოდათ, სპეციალისტებთან ერთად დაჰკვირვებოდნენ ზღვის კვლევის პროცესს. ფონდი ასევე აქტიური იყო 2022 წელს თურქეთში ცნობილი ხანძრების შედეგად განადგურებული ტყის მასივების აღდგენაში. ჩემთვის საინტერესო იყო მათი გამოცდილება ყოფილი სამთო წარმოების ადგილების გამწვანებაში, რომელსაც ეს ორგანიზაცია სტამბოლის სატყეო დეპარტამენთთან ერთად ახორციელებს. სტამბოლის ირგვლივ რამდენიმე უზარმაზარ ქვის კარიერს წააწყდებით, რომლებიც მეგაპოლისს სამშენებლო ქვით ამარაგებს. შემაძრწუნებელი სანახავია. ხელისუფლებამ პირობა დადო, რომ სტამბოლის შემოგარენს გაამწვანებს (40% უკვე გამწვანებულია). 11 ნოემბერს ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური აქცია გაიმართა ყოფილი კარიერის ტერიტორიაზე, რომელიც ნაგავსაყრელად იყო ქცეული. ათეულობით ჰექტარი მიწა მოსწორდა და ხეების დასარგავად გამზადდა. აქციაში უამრავი ადამიანი მონაწილეობდა, მათ შორის, სტამბოლის რაიონის გუბერნატორიც იყო და რაც ძალიან მნიშვნელოვანია, სკოლები და საბავშვო ბაღებიც. ბოლო ასეთ აქციაზე მეც ვიყავი მიწვეული და სწორედ იქ შევიტყვე, რომ ჯილდოზე წარმადგინეს. ერთი გენახათ, რა რუდუნებით ასწავლიან სატყეო დეპარტამენტის თანამშრომლები პატარებს ხეების დარგვას და ზოგადად, ბუნების დაცვის მნიშვნელობას. ღონისძიების შემდეგ მიწვეული ვიყავი ათათურქის სახელობის ბოტანიკურ ბაღში, სადაც სატყეო დეპარტამენტის ოფისია განთავსებული, ხეების მუზეუმთან ერთად. იქ მათ ჩვენი გამოცდილება გავუზიარე სამთო კარიერების რეკულტივაციასთან დაკავშირებით.

xuluti-copy-1703489893.jpg

- ასეთ მნიშვნელოვან ღონისძიებებზე მიგიწვიეს, ჯილდოზეც წარგადგინეს და დაჯილდოება მაინც მოულოდნელი იყო?

- ნომინაციაზე წარდგენა გამარჯვებას არ ნიშნავს, ამას ორი კაცი ან თუნდაც, ხუთი არ წყვეტს. ღონისძიებაზე დასასწრები მოწვევა 26 ნოემბერს მივიღე, მაგრამ წასვლა არც მიფიქრია. იქიდან გამომდინარე, რომ ფონდს უცხოელები არასდროს დაუჯილდოებია და მე თურქეთის გარემოს დაცვის საქმეში არაფერი მქონდა გაკეთებული, არანაირ ჯილდოს არ ველოდი.

- როგორც ვიცი, თქვენი აქტივისტობა საყდრისით დაიწყო...

- დიახ, 2014 წელს საყდრისით დაიწყო, მაგრამ ამით არ დამთავრებულა. იმხანად „უბრალო მოქალაქეების“ ჯგუფმა, „საყდრისის კომიტეტს“ ვგულისხმობ, დღემდე უპრეცედენტო წინააღმდეგობის მოძრაობა შექმნა, რომელიც 4 წელი გრძელდებოდა.

burchulaze2-copy-1703489883.jpg

- „საყდრისის კომიტეტის“ სახელი მერეც არაერთ ძეგლს დაუკავშირდა.

- გეთანხმებით, საყდრისმა არნახული გამოცდილება შეგვძინა. მართალია, მრავალთვიანი ბრძოლის მიუხედავად, ძეგლის გადარჩენა ვერ შევძელით, მაგრამ პრინციპული გადაწყვეტილება მივიღეთ, რომ საქართველოში ძეგლის დანგრევას აღარ დავუშვებდით. არათუ არ დავიშალეთ, სახელიც კი არ შევიცვალეთ, რომ საზოგადოებას კიდევ დიდხანს ხსომებოდა აფეთქებული ძეგლის სახელი. მოგვიანებით, ჩვენი აქტიურობით, ბოლნისის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი აშენდა, სადაც საყდრისის ექსპოზიცია მისთვის შესაფერისად არის წარმოდგენილი. 2020 წელს, მუზეუმის გახსნის შემდეგ, „საყდრისის კომიტეტი“ მეორე - საერთაშორისო სახელით „მოძრაობა კულტურული მემკვიდრეობისთვის“ გამოვიდა. ბოლო რამდენიმე მნიშვნელოვანი აქტივობა სწორედ ამ სახელით გვაქვს გაკეთებული.

- რამდენად შეეფერება სიმართლეს, რომ ბოლნისის რაიონში ერთ-ერთი საინტერესო ძეგლი, რომელიც რთულ გეოლოგიურ არეალში იყო, დაუშლელად გადაიტანეთ სხვა ტერიტორიაზე ?

- სრული სიმართლეა. საქართველოში ძეგლის გადატანა დაშლა-აწყობით ახალი არ არის, თუმცა, ძეგლის დაუშლელად გადატანა ნამდვილად უპრეცედენტო ამბავია. საქმე ეხება აბულმუგის მე-17 საუკუნის აბანოს, რომელიც ერთ-ერთი კომპანიის საწარმოო ტერიტორიაზე მდებარეობდა. ჩვენი აქტიურობის შედეგად ძეგლს სარეაბილიტაციო და გამაგრებითი სამუშაოები ჩაუტარდა, მაგრამ რთული გეოლოგიური პროცესების გამო, მისი შენარჩუნება მაინც სათუო იყო. გადავწყვიტეთ, უსაფრთხო ადგილზე გადაგვეტანა, მაგრამ იყო საფრთხე, რომ დაშლა-აწყობის პროცესში აბანო ავთენტურობას დაკარგავდა. ერთ დღესაც თავში ძალიან თამამი აზრი მომივიდა, ძეგლი დაუშლელად გადაგვეტანა. ამ იდეის ინსპირაცია ეგვიპტური საოცრება აბუ სიმბელის ტაძარი იყო, რომელიც „იუნესკომ“ გადაიტანა დამბის მშენებლობის გამო. საქმე მარტივი არ იყო, დაიწყო მრავალთვიანი კონსულტაციები, ძეგლის კვლევები, პროექტის შეთანხმება სამეცნიერო საბჭოსთან და საბოლოოდ, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ შესაბამისი ნებართვები გასცა. შედეგად, დღეს აბანოს ავთენტურობაც შენარჩუნებული აქვს და უსაფრთხო ადგილზეც არის. ვამაყობ იმითაც, რომ აბანოს გენერალური გამაგრება და შემდეგ გადატანა მხოლოდ ქართველმა სპეციალისტებმა შეასრულეს და დღეს აბულმუგის აბანოს მონახულება ყველა მსურველს შეუძლია. ზაფხულში ის ინგლისის ელჩმაც მოინახულა. როდესაც ძეგლის გადატანის ისტორია მოვუყევი, აღფრთოვანდა... საზოგადოებამ უკვე იცის, რომ წელს დასრულდა მე-18 საუკუნის, ხულუტის ციხე-დარბაზის სარეაბილიტაციო სამუშაოები. ხულუტის გადარჩენისთვის 4 წელი ვიბრძოლეთ, 3 წელი სარეაბილიტაციო პროცესს დასჭირდა, დღეს კი ძალიან ღირსეულად გამოიყურება და ვფიქრობ, არ გადავაჭარბებ, თუ ვიტყვი, რომ ერთ-ერთი საუკეთესოა საფორტიფიკაციო ძეგლებს შორის.

abano-copy-1703489860.jpg

- ვნახე თქვენ მიერ მაისის თვეში, აფხაზეთში გადაღებული ქართული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების მდგომარეობის ამსახველი კადრები. ჯერ ძალიან შევძრწუნდი, შემდეგ გამიჩნდა კითხვა - როგორ მოახერხეთ?

- პირველად 2019 წელს, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ფორუმზე გვქონდა მცდელობა, რომ საზოგადოების ყურადღება ოკუპირებულ ტერიტორიებზე ქართული კულტურული მემკვიდრეობის მდგომარეობისთვის მიგვეპყრო. მას შემდეგ ცდა არ დაგვიკლია, მაგრამ გასაგები მიზეზების გამო, ვერ ვახერხებდით. წელს, როცა ამის საშუალება მოგვეცა, შანსი ხელიდან არ გავუშვით. გაგვიმართლა და მოვახერხეთ არა მარტო გალის და ოჩამჩირის, არამედ სოხუმის, ბიჭვინთისა და გუდაუთის ძეგლების გადაღებაც. დეტალებს ასევე გასაგები მიზეზების გამო ვერ მოვყვები, თუმცა მინდა გითხრათ, რომ ვართ ძალიან ამაყები. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს, ვინც ამ ძალიან მნიშვნელოვან საქმეში გვერდით დაგვიდგა.

- ამ შემთხვევაში, თქვენი მიზანი რა იყო?

- გვინდოდა საზოგადოების ყურადღება მიგვეპყრო იმ უმნიშვნელოვანესი პრობლემისთვის, რომელსაც ოკუპირებულ აფხაზეთში ქართული კვალის, ქართული იდენტობის წაშლა ჰქვია. ჩვენ არა მარტო გადავიღეთ, არამედ ჩვენს ხელთ არსებული ყველა მასალა, შესაბამისი განცხადებებით გადავუგზავნეთ საერთაშორისო ორგანიზაციებს შემდეგი რეაგირებისთვის. ძალიან გაგვიხარდა, რომ ჩვენი მასალების გამოქვეყნების შემდეგ ეუთოს ანსამბლეაზე ქართული მხარის მიერ სპეციალურად მოთხოვნილ იქნა ოკუპირებულ აფხაზეთში ქართული კულტურული მემკვიდრეობის მდგომარეობის საკითხის შესწავლა.

ხათუნა ბახტურიძე